Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-176(კ-23) 24 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გენადი მაკარიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროფესიული განვითარების საბჭო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ.ე-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ.ე-მა 2019 წლის 13 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოპასუხის 2019 წლის 06 მარტის N3 საოქმო გადაწყვეტილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც ნ.ე-ის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის სახედ გამოყენებული იქნა „წერილობითი გაფრთხილება“.

სარჩელის მიხედვით, ნ.ე-ი შპს „...ში“ მომსახურების გამწევ პირად (ექიმ კონსულტანტ ...ად) მუშაობდა გამოძახებით. 2015 წლიდან ნ.ე-ი სასწავლებლად გაემგზავრა გერმანიაში და აღარ ახორციელებდა სამედიცინო მომსახურებას საქართველოში. მიუხედავად მითითებული გარემოებისა, მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2017 წელს. 2017 წლის 13 ნოემბერს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი N02/70841, რაც ადასტურებდა, რომ მოსარჩელე ფლობდა ექიმი ...სა და ...ის სერტიფიკატებს და, რომ მის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობა არ დასმულა. მიუხედავად მითითებული გარემოებებისა, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭომ, 2019 წლის 06 მარტის N3 სხდომაზე მიიღო ნ.ე-ის „წერილობითი გაფრთხილების“ შესახებ გადაწყვეტილება მისი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის გარეშე, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, ადასტურებდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 6 მარტის N3 სხდომის ოქმი ნ.ე-ის მიმართ გამოყენებული წერილობითი გაფრთხილების ნაწილში.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 6 მარტს გამართულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა შპს „...ში“ 2014 წლის 5 მაისს პაციენტ ნ.დ-სთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის ფარგლებში, ამავე საავადმყოფოს ექიმის ნ.ე-ის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი (საკითხი 8, დანართი 19). აღნიშნული სხდომის ოქმის დანართი 19-ის თანახმად, ექიმი ნ.ე-ის მიერ, რომელიც სერტიფიცირებულია საექიმო სპეციალობაში „...“, ჩატარებულია ..., თუმცა არ გააჩნდა სერტიფიკატი „...“-ში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, დაისვა შპს „...ოს“ ექიმის ნ.ე-ის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნულის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ექიმი ნ.ე-ის მიერ, რომელიც სერტიფიცირებულია საექიმო სპეციალობაში ,,...“, ჩატარებულია ..., თუმცა მოსარჩელე მხარის პოზიციით, აღნიშნული კვლევის ჩატარების დროს (2014 წლის 5 მაისს), ნ.ე-ს კონკრეტულად „...ში“ სერტიფიკატის ქონა არ ევალებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის N01-8/ნ ბრძანებაზე, რომლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საექიმო სპეციალობის კომპეტენციით დადგენილი გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრულ სპეციალიზაციის კურსს დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, აკრედიტაციას ანიჭებს საბჭო, ხოლო 51 პუნქტის შესაბამისად, სპეციალიზაციის პროგრამისა და საექიმო სპეციალობის კომპეტენციით დადგენილი გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსის გავლა შესაძლებელია აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში (მ.შ. აფილირებულ/ქვეკონტრაქტორ დაწესებულებაში), რომელშიც მიმდინარეობს მზადება შესაბამისი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში. ამასთან, აღნიშნული ბრძანების მე-10 პუნქტით დადგინდა, რომ ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. მითითებული ნორმების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სწორედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის N01-8/ნ ბრძანებით (ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე - 2015 წლის 31 მარტს) განსაზღვრა კანონმდებელმა მათ შორის „...“ საქმიანობის უფლების მოპოვების საფუძვლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული მზადების სათანადო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტი. ამასთან, აღნიშნული ბრძანებით დადგინდა, რომ სპეციალიზაციის კურსს დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, აკრედიტაციას ანიჭებს საბჭო. სპეციალიზაციის პროგრამისა და საექიმო სპეციალობის კომპეტენციით დადგენილი გარდამავალი ეტაპის რეგულირებით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსის გავლა კი შესაძლებელია აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში (მ.შ. აფილირებულ/ქვეკონტრაქტორ დაწესებულებაში), რომელშიც მიმდინარეობს მზადება შესაბამისი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში.

სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოპასუხე მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ „...სთან“ დაკავშირებით მსგავსი რეგულაცია კანონმდებლობით 2015 წლამდეც იყო განსაზღვრული, ზემოაღნიშნულმა ბრძანებამ კი უკვე არსებული რეგულაციები უფრო დააკონკრეტა და დააზუსტა. მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის N01-8/ნ ბრძანებაში არ იყო მითითებული, რომ ამ ბრძანებით ძალადაკარგულად ჩაითვალა სხვა, მისი წინამორბედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტ(ებ)ი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მითითებული საკითხი ზემოაღნიშნული ბრძანების მიღებამდე სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დარეგულირებული არ ყოფილა. სასამართლოს შეფასებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული რეგულაციის დაწესებისა და შესაბამისი პროგრამებისთვის აკრედიტაციის მინიჭების შემდგომ, ნ.ე-მა გაიარა მომზადება „...“. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილია ...ის დიპლომის შემდგომი ...ის ინსტიტუტის მიერ 2016 წელს გაცემული მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ ექიმი ნ.ე-ი მომზადდა (15.06-10.10.2015წ.) გადამზადების პროგრამით „...“. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო ბრძანების კანონიერად მიჩნევის საფუძველი.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ ...ის ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელის მიერ 2019 წლის 9 ოქტომბერს გაცემულ დადასტურებაზე, რომლის თანახმად, ნ.ე-ი 2015 წლის ოქტომბრიდან დღემდე, უწყვეტად მუშაობდა ...ის ცენტრში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ნ.ე-მა მისი საქმიანობა დაიწყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის 10 თვიანი სტიპენდიის ფარგლებში, 2015 წლის ოქტომბრიდან. 2016 წლის აგვისტოდან დღემდე მუშაობს მეცნიერ-მუშაკად ...ის ცენტრში. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლისა და ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მოთხოვნები, რომელთა შინაარსის გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღებისას მხარეებს აქვთ დასწრებისა საქმის განხილვაში დაინტერესებული პირის სტატუსით მონაწილეობის უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროფესიული განვითარების საბჭომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები და 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა; შესაბამისად ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, ექიმ ნ.ე-ისათვის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის - გაფრთხილების დაკისრების საფუძველი გახდა მის მიერ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევა - უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელება, რაც დადასტურებულია საქმის მასალებით. კონკრეტულად კი, მის მიერ ჩატარდა ..., მიუხედავად იმისა, რომ ის იყო სერტიფიცირებული საექიმო სპეციალობაში „...“ და აღნიშნული სამედიცინო მომსახურების გაწევის დროს, არ გააჩნდა სახელმწიფო სერტიფიკატი - „ ... ...ის“ მიმართულებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 6 მარტის N3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ექიმ ნ.ე-ის მიმართ საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვის მოტივით, გამოყენებულ იქნა პროფესიული პასუხისმგებლობის სახე - „წერილობითი გაფრთხილება“. ამრიგად, დავის მართებულად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, მოსარჩელის მიმართ არსებობდა თუ არა პროფესიული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საკმარისი საფუძვლები.

საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს ასეთი საქმიანობის სუბიექტის მხრიდან საჭირო უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობის აუცილებლობას, რაც პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი წინაპირობაა, ხოლო ასეთი საქმიანობის არასწორად წარმართვის შემთხვევაში დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

მითითებული კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პროფესიული განვითარების საბჭოს მეშვეობით, ხოლო ამავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, საბჭო იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს N01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განვითარების საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული განვითარების საბჭო თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში განიხილავს სამედიცინო პერსონალის (მათ შორის, პარამედიკოსის) საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. ამრიგად, დარღვევის შინაარსისა და შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით ექიმის პასუხისმგებლობა შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სახით, მათ შორის, შესაბამისი ორგანოს - პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ ადმინისტრაციული წესით მიღებული გადაწყვეტილება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის რომელიმე სახის გამოყენების შესახებ.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის პროფესიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება (,,ა“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წერილობითი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ექიმი ნ.ე-ი, რომელიც სერტიფიცირებულია საექიმო სპეციალობაში „...“, დასაქმებული იყო შპს „...ში“ 2011 წლიდან, ხოლო მის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ პაციენტ ნ.დ-სთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმების შედეგები, რომლის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლისა პირველი პუნქტითა და „პროფესიული განვითარების საბჭოს“ დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლა საკითხი და შედეგად, 2019 წლის 6 მარტის N3 სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება ნ.ე-ის მიმართ „წერილობითი გაფრთხილების“ გამოყენების თაობაზე. ოქმის შინაარსის მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილება ძირითად დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ პაციენტის მიმართ სამედიცინო მომსახურების - ...ის ჩატარებისას (2014 წლის 5 მაისი) ნ.ე-ს არ გააჩნდა სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით „...“.

ამრიგად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია საკითხი იმის თაობაზე, გააჩნდა თუ არა ნ.ე-ს 2014 წლის 5 მაისის მდგომარეობით სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების ვალდებულება სპეციალობით „...“. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შესაბამისი პროფესიული პასუხიმგებლობის დაკისრების დროისთვის, ნ.ე-ს უკვე გავლილი ჰქონდა მომზადება ,,...“. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილია ...ის დიპლომისშემდგომი ...ის ინსტიტუტის მიერ 2016 წელს გაცემული მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ ექიმი ნ.ე-ი მომზადდა (15.06-10.10.2015წ.) გადამზადების პროგრამით „...“.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ნებისმიერ საექიმო სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო სერტიფიკატი სხვა საექიმო სპეციალობითაც (სპეციალობებითაც), ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ არჩეული ახალი საექიმო სპეციალობა არ არის იმ საექიმო სპეციალობის მომიჯნავე, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის საექიმო სპეციალობაში უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ არჩეული ახალი საექიმო სპეციალობა იმ სპეციალობის მომიჯნავეა, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის საექიმო სპეციალობაში უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსის ნაწილი. მის მოცულობასა და ხანგრძლივობას ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს საბჭო.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის N136/ნ ბრძანების პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, განისაზღვრა საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების თანდართული ნუსხა (დანართი 1). აღნიშნული ბრძანების დანართი N1-ის (საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხა) მე-5 პუნქტის მიხედვით, ,,..“ არია სპეციალობა, ,,...“ კი მისი მომიჯნავე სპეციალობა.

მითითებული ბრძანების 51 პუნქტის თანახმად, საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხით (დანართი №1) განსაზღვრულ დარგებში, რომლებშიც დიფერენცირებულია ... და მოზრდილთა სპეციალობები, მომიჯნავე სპეციალობები და სუბსპეციალობები, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ასევე, განახორციელონ 15-დან 18 წლამდე ასაკის კონტინგენტის სამედიცინო მომსახურება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექიმ ნ.ე-ის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრება განხორციელდა მის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ, იმ პირობებში, როდესაც 2015 წლის ოქტომბრიდან უწყვეტად მუშაობდა ...ის ცენტრში და აღარ მუშაობდა შპს „ ..ში“. მეტიც, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის N02/70841 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის მონაცემების თანახმად, ნ.ე-ი სერტიფიცირებული იყო სპეციალობებში: ,,ზ/პე ექიმი ...“ (1 ა 01.7 N031715 09/08/2002) და „...“ (1 ა 12 N001339 08/07/2008) და მის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების ან საჩივრის მიღების შემთხვევაში საბჭო მის ასლს ერთი კვირის ვადაში უგზავნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი. აღნიშნული კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა განცხადებაში ან საჩივარში მითითებულ გარემოებებზე წერილობით უნდა გასცეს პასუხი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბჭო გადაწყვეტს, რომ საკმარისია ზეპირი პასუხი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, პასუხში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა გარკვევით უნდა აღნიშნოს, ეთანხმება თუ უარყოფს განცხადებაში ან საჩივარში მითითებულ გარემოებებს, აგრეთვე დაასაბუთოს თავისი შეხედულება და წარადგინოს გამამართლებელი გარემოებები. ამასთან, მითითებული კანონის 87-ე მუხლი ადგენს, რომ საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეებს აქვთ დასწრების უფლება.

სასამართლო სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა თავად დაადასტურა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ნ.ე-ის მიწვევა ვერ განხორციელდა, ვინაიდან იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია მის მიმართ არც სატელეფონო ან არც სხვა ფორმით კომუნიკაციის დამყარების მცდელობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე მითითებული კანონის სპეციალური ნორმებით დადგენილია ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის, მოცემულ შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ჩართვის, წარმოების შესახებ მისი ინფორმირებისა და მოწვევის ვალდებულება, რაც განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ დარღვეულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის საექიმო საქმიანობის განხორციელებიდან სახდელის დადებამდე გასული პერიოდისა და ადმინისტრაციული წარმოების არსებითად არასწორად ჩატარების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროფესიული განვითარების საბჭოს (ს/ნ 205035120) დაუბრუნდეს 09.02.2022წ. N00705 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე

ბ. სტურუა