Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე ბს-N892(კ-23) 24 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სს „ს...“

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „ს...მა“ 2017 წლის 21 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 ივლისის N... გადაწყვეტილების, მის საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემებისა და საკადასტრო გეგმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელის მითითებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ 2016 წლის 25 ივლისს მიღებული სადავო გადაწყვეტილებით ისე დაარეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ში მდებარე 873 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგარ შენობა-ნაგებობებზე, რომ არ გაითვალისწინა ამავე უძრავ ქონებაზე სს „ს...ს“ სახელზე 2010 წლის 17 მარტს განხორციელებული რეგისტრაცია, რომლის შესაბამისად, ქ. თბილისში, კერძოდ, ...ში 1126.5 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ 369.30 კვ.მ შენობა-ნაგებობებზე, საკადასტრო კოდით ..., საკუთრების უფლება აღრიცხული იყო მოსარჩელის სახელზე, რაც მოსარჩელის განმარტებით არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაბა ...ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1126,5 კვ.მ ფართის მქონე, დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი თანასაკუთრების, ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ფართით 369,3 კვ.მ საკუთრების უფლებით 2010 წლის 22 მარტიდან აღირიცხა სს „ს...ს“ სახელზე. ამასთან, სს „ს...მა“ 2017 წლის 1 ივნისის N... განცხადებით მოითხოვა საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. აზომვითი ნახაზის მიხედვით, სს „ს...ს“ დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება წარმოადგენდა 1567 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს (N1, N2). მარეგისტრირებელმა ორგანომ, N... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, 2017 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაავალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა, თუმცა აღნიშნულის მოთხოვნის საფუძველი გახდა არა N... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდება, არამედ ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი კვეთდა გზას. დაინტერესებულმა მხარემ დამატებით წარადგინა აზომვითი ნახაზის შემსრულებელი კომპანიის განმარტებითი ბარათი. ადმინისტრაციულმა ორგანომ 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით განმცხადებელს მოსთხოვა შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა და სწორედ ამ უკანასკნელის წარუდგენლობა გახდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ამდენად, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია არა მიწის ნაკვეთის ზედდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, არამედ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობა.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ მოსარჩელის განცხადებით მოთხოვნილ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, შეაფასა რა წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროდ მიიჩნია კონკრეტული უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სადავო იყო მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობა და ამ კუთხით რეგისტრაციის შესაძლებლობა, მოსარჩელის აპელირება სახელმწიფოს სახელზე მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ იყო საფუძველს მოკლებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს...ს“ წარმომადგენელმა მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით სს „ს...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა და დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დამატებით ყურადღება გაამახვილა საქმეზე წარმოდგენილ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლითაც ირკვევა, რომ სს „ს...ს“ მიერ წარმოებული ადმინისტრაციულ დავა მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით შესული იყო კანონიერ ძალაში. აღნიშნული განჩინებით საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასება, რომ მოსარჩელე მხარეს საკუთრების უფლება უდგინდებოდა 369,30 კვ.მ ფართზე (სართული 1-2. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ...ი; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო. დაუზუსტებელი ფართობი: 1126.50. საკადასტრო კოდი: ....), ხოლო საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნიდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადებისა და აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ცვლილების განხორციელების საფუძვლებს. ამრიგად, სააპელაციო პალატამ საქმის გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე არ გაიზიარა სს „ს...ს“ მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით მითითებული არგუმენტაცია და აღნიშნა, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია არა მიწის ნაკვეთის ზედდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, არამედ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესახებ წინააღმდეგობაში მოდის ამავე საქმეში არსებულ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არასრულყოფილად არის გამოკვლეული საქმეში არსებული მტკიცებულებები და შესაბამისად, არასწორად არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიხედვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი) სს „ს...ს“ მიერ არ არის წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის მიერ უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: ..., 18.02.2010 წელს გაცემული ამონაწერი, რომლის შესაბამისად, სს „გ...ს“ სასარგებლოდ, მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა თანასაკუთრება შპს „სა...ასთან“ ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ სს „გ...ს“ და შპს „სა...ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილები (1126.5 კვ. მ და 635 კვ.მ) არ იყო გამიჯნული 1126.5 კვ.მ დაუზუსტებელ ფართზე, საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა საკუთრება სს „გ...ს“ სასარგებლოდ, ხოლო 635 კვ.მ დაუზუსტებელ ფართზე საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა საკუთრება შპს „სა...ის“ სასარგებლოდ.

კომპანიის (ს...ა) ერთ-ერთ საბუთში (ჩანაწერში), კერძოდ: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებათა რეესტრში დაცულ დოკუმენტაციაში (15.06.2006 წლის საინვენტარიზაციო გეგმა) აღნიშნულია ...ში, ...ს ქუჩაზე მდებარე სს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 1778.2 კვ.მ მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, რომელიც წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს, შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე მიიჩნევს სასამართლო, რომ სს „ს...ს“ და შპს „სა...ას“ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე უფლება არ უდგინდებათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო, საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ქ. თბილისში, დაბა ...ში მდებარე 873 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ N1 შენობა-ნაგებობაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 ივლისის N... გადაწყვეტილების კანონიერება.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.

ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამრიგად, მარეგისტრირებელ ორგანო მართალია, არ ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობას, თუმცა მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი.

ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებში კონკრეტულად არის მითითებული ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, მართალია, ზოგადად ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრია ვალდებულება თავისი ქმედებით კონკრეტული პირის მიერ უფლების რეალიზებისას სხვა პირის უფლებები და ინტერესები არ შელახოს, თუმცა მოგვიანებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს იმპერატიულად დაეკისრა ვალდებულება მიღებული გადაწყვეტილებით არ დაუშვას მესამე პირის ინტერესის შეზღუდვა, ხოლო ასეთის არსებობის პირობებში, სათანადოდ დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია წარმოშობს თუ არა მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას და არსებობს თუ არა ზედდება უკვე რეგისტრირებულ მონაცემებთან, რაც წარმოადგენს რეგისტრაციის შემაფერხებელ გარემოებას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ 2016 წლის 21 ივლისს N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 ივლისის N1/1-2420 ბრძანებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საფუძველზე, მოითხოვა ქ. თბილისში, დაბა ...ში მდებარე 873 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ N1 შენობა-ნაგებობაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 ივლისის N... გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ივლისს N... განცხადება დაკმაყოფილდა; სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. თბილისში, დაბა ...ში მდებარე 873 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდით: ...). აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა ამონაწერი და საკადასტრო გეგმა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 1 ივნისის N... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ში მდებარე უძრავ ნივთზე, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით. შპს „ნ...ს“ მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, სარეგისტრაციო ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, დაბა ...ში მდებარე 1567 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: N1 (საცხოვრებელი, ორსართულიანი) და N2 (საცხოვრებელი, ერთსართულიანი), თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს სადავო უძრავ ქონებაზე 2010 წლის მდგომარეობით დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებული ჰქონდა 1126.5 კვ.მ მიწის ნაკვეთი და N1/2 შენობა-ნაგებობა, წილობრივი მონაცემებით - 369.3 (სარეგისტრაციო ნომერი N...), შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნისას, მოთხოვნა არ დააკმაყოფილა არა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების, არამედ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით, რაც გასაჩივრდა სასამართლოში და აღნიშნული დავა დასრულებულია მარეგისტრირებელი ორგანოს სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დავა, რომელსაც აწარმოებდა სს „ს...“, თავისი არსით მოცემული დავის ანალოგიურია, რადგანაც დავა შეეხება ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთის კუთვნილების საკითხს. საკასაციო სასამართლომ დასრულებულ დავაზე (იხ. სუსგ Nბს-900(კ-20), 16.06.2022 წ.) უკვე შეაფასა მოცემულ საქმეში არსებული იგივე დოკუმენტაცია და აღნიშნა, რომ ,,N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საფუძვლებში დაცული სართულის გეგმებზე მითითებულია სს „ს...ისა“ და შპს „სა...ის“ ფართობების განლაგება, თუმცა ... საკადასტრო კოდით შპს „სა...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის გეგმებისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საფუძვლებში დაცული სართულის გეგმების შედარების შედეგად დადგინდა, რომ შენობა-ნაგებობაში დარჩენილი იყო სხვა ფართობებიც, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული არც სს „ს...ს“ და არც შპს „სა...ის“ საკუთრებად“. საბოლოოდ საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ ,,განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელე მხარეს საკუთრების უფლება უდგინდება 369,30 კვ.მ ფართზე (სართული 1-2. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ...ი. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო. დაუზუსტებელი ფართობი: 1126.50. საკადასტრო კოდი: ....), ხოლო, საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნიდა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადებისა და აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ცვლილების განხორციელების საფუძვლებს“.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არსებობდა სარეგისტრაციო განაცხადის დაკმაყოფილების საფუძველი, რაც ადასტურებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარზე 14.08.2023წ. N737463673 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 03 აპრილის განჩინება;

3. კასატორს - სს „ს...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 14.08.2023წ. N737463673 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა