Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე ბს-N927(კ-23) 24 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ა...“

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „ა...მა“ 2021 წლის 26 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის მიმართ და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2020 წლის 9 ნოემბრის N... და 8 დეკემბრის N... გადაწყვეტილებები, ამავე ორგანოს 2020 წლის 10 დეკემბრის N... გადაწყვეტილება, შპს „ა...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 იანვრის N... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელის კუთვნილ 7800კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე შპს „ა...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მოსარჩელის მიერ წარდგენილ განაცხადზე თანდართული საკადასტრო ნახაზის შესაბამისად.

სარჩელის მიხედვით, 1996 წელს სახელმწიფო საწარმოს ბაზაზე დაფუძნებულ სს „მ...ს“ 2004 წლის 7 მაისს, ცალკე გამოეყო ...ს საამქრო შპს „ა...ს“ საფირმო სახელწოდებით, რომელიც მდებარეობს ხაშურში, სოფელ ...ში. მითითებული საამქროს N1, N2, N3, N4, N5, N6 შენობა-ნაგებობანი 2796,5 კვ.მ საერთო ფართით, განთავსებულია 7800 (დაზუსტებული) კვ.მ ფართობის ბეტონის ღობით შემოსაზღვრულ მიწაზე და 1996 წლიდან იმყოფება მოსარჩელე საწარმოს მართლზომიერ მფლობელობაში. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის 2 ივლისს შპს „ა...ს“ საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრს და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, საჯარო რეესტრმა მოსარჩელე გადაამისამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაკენ, რის გამოც გაჭიანურდა შპს „ა...ს“ კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება. 2020 წლის 30 სექტემბრის კვლავ იქნა წარდგენილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ N... განცხადება საჯარო რეესტრში, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურის 2020 წლის 8 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ შპს „ა...“ სარეგისტრაციო მიწას ფლობს მართლზომიერი სარგებლობის უფლებით, მაგრამ 2012 წლის 1 იანვრიდან მასზე საკუთრების უფლება მოპოვებულ უნდა იქნეს მისი პრივატიზებით, შესაბამისად მოითხოვა ასეთი დოკუმენტის წარდგენა, რისი წარუდგენლობის შემდეგაც 2020 წლის 9 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

მოსარჩელის განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურმა მხედველობაში არ მიღო ის გარემოება, რომ შპს „ა...ს“ აღნიშნული მიწის ფართობის რეგისტრაციისათვის მიმართული აქვს 2012 წლამდე, კერძოდ, 2011 წლის 2 ივლისს და სარეგისტრაციო სამსახურის კანონშეუსაბამო მოქმედებების გამო არ განხორციელდა საკუთრების უფლებით მისი რეგისტრაცია. ამის გარდა, საკუთრების უფლებით აუცილებელ რეგისტრაციას ექვემდებარება მიწის ის ფართობები, რომელთა არსებით შემადგენელ ნაწილებსაც წარმოადგენენ საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურმა რეაგირების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ფლობს მოსარჩელე და რეაგირების მიღმა დარჩა ნაგებობათა ქვეშ არსებული მიწის ფართობების რეგისტრაციის საკითხი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 მარტის განჩინებით შპს „ა...ს“ სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოში მოსარჩელის მიერ დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისთან ერთად, ხოლო 2022 წლის 19 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ა...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან შპს „ა...ს“ მიერ არ იყო წარდგენილი 7800კვ.მ მიწაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აუცილებელი იყო გადაწყვეტილების მისაღებად (ამასთან, განმცხადებელი არ ითხოვდა შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას და არც შესაბამისი ნახაზები ჰქონდა წარდგენილი), სარეგისტრაციო სამსახურმა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სწორად შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება. მოთხოვნილი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო კი იმავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა შპს „ა...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელ ორგანოში 2011 წელს წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებულ განაცხადზე 2011 წლის 27 დეკემბერს შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რაც ძალაში დარჩა როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე, ხაშურის რაიონული (30.04.2012 გადაწყვეტილება N3-32-2012), თბილისის სააპელაციო (19.09.2012 განჩინება N3ბ/1110-12) და საქართველოს უზენაესი (18.04.2013 განჩინება Nბს- 872-854(კ-12) სასამართლოების მიერ.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „ა...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა და დაეთანხმა ხაშურის რაიონულ სასამართლოს შეფასებებს იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომ მან პრივატიზებულ შენობა-ნაგებობებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის თაობაზე მიმართა ქონების მმართველს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. შპს „ა...ს“ ინტერესი იყო მთლიან ფართზე (7800 კვ.მ) მომხდარიყო მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რის თაობაზედაც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, ხოლო მხოლოდ განაშენიანების ფართობის შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განმცხადებლისათვის არ იყო მისაღები და არც შესაბამისი ნახაზები წარუდგენია, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით ადასტურებდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა...მა“ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შპს „ა...“ 1996 წელს გამოეყო სახელმწიფო საწარმოს პრივატიზების შედეგად დაფუძნებულ სს „მ...ს“ და პრეიუდიციის მნიშვნელობის მქონე ხაშურის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2006 წლის 6 თებერვლის No3-24/2 გადაწყვეტილებით დადგენილია და დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ „მ...ს“ შემადგენლობაში არსებული ხაშურის ...ს საამქროს შენობა-ნაგებობათა აშენებისათვის საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრის 1984 წლის 18 სექტემბრის N407 ბრძანებით გამოეყო 7565 კვ.მ (დაზუსტებული 7800 კვ.მ) მიწა, რაც შემოსაზღვრულია ბეტონის მაღალი მყარი ღობით. შპს „ა...“ აღნიშნულ ფართობის კეთილსინდისიერ მფლობელს წარმოადგენს, რადგან ამ უძრავ ნივთს მართლზომიერად ფლობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს მიწის ნაკვეთი განაშენიანებულია მის მიერ პრივატიზებული შენობა-ნაგებობებით. ამასთან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ფართობზე ერიცხებოდა გადასახადი.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მსჯელობაზე, რომ საპრივატიზაციო მასალებში დაცული გენ.გეგმისა და ექსპლიკაციის ანალიზით საწარმოს ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე მოსარჩელეს წარმოშობილი აქვს საკუთრების უფლება, თუმცა საპრივატიზაციო მასალებში არ არის საუბარი მიწის ნაკვეთების, მათ შორის, ...ში, ...ში არსებულ 7800 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის საწარმოსათვის საკუთრებაში გადაცემაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნულით დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც შპს „ა...“ ითხოვს პრივატიზებული შენობა-ნაგებობებით განაშენიანებული მიწის ფართობის მესაკუთრედ აღიარებას და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

რაც შეეხება, სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს, რომ შპს „ა...“ წარმოადგენს სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მოსარგებლეს და არა მესაკუთრეს, რის გამოც ვერ განხორციელდება საჯარო რეესტრში ამ მიწის ნაკვეთის მისი საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, კასატორი არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საკითხი ეხება არა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებული მიწის ფართობზე საკუთრების უფლების აღიარებას, არამედ, უკვე პრივატიზებულ უძრავ ქონებაზე (შენობა ნაგებობებზე) საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ხოლო, საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მიწის ფართობზე მოთხოვნილ იქნა მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართობის შესაბამისად. კასატორი არ უარყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შენობა-ნაგებობებთან ერთად არ მომხდარა განაშენიანებული 7800 კვ.მ მიწის ფართობის პრივატიზაცია და არც შემდგომში გამოუსყიდია იგი კასატორს, თუმცა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს ახალი 2016 წელის 3 ივნისის კანონის მე-12 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით სამართლებრივად სასარგებლოდ შეიცვალა შპს „ა...ს“ მდგომარეობა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან მიმართებით, შესაბამისად, პრივატიზებული შენობა-ნაგებობებით განაშენიანებული მიწის ფართობთან დაკავშირებული შპს „ა...ს“ სამართლებრივ-უფლებრივი ინტერესი მოწესრიგებულ უნდა იქნეს მითითებული კანონის საფუძველზე.

კასატორს ასევე მიაჩნია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1 პრიმა პუნქტი თავისი არსით არ ეწინააღმდეგება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა და სპორადული რეგისტრაციის საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მისი გამოყენება არარელევანტურია. კასატორის მოსაზრებით, პრივატიზებულ შენობა-ნაგებობებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრა მაშინ ხდება, როდესაც დოკუმენტურად ამ შენობა-ნაგებობებით განაშენიანებული ფართობი არ არის განსაზღვრული და მისი ფართობის ოდენობა დაუდგენელია. მოცემულ შემთხვევაში კი პრივატიზებული შენობა-ნაგებობებით განაშენიანებული ფართობის ოდენობა დადგენილია საქმის მასალებში არსებული მთელი რიგი დოკუმენტებით და მათ შორის საკადასტრო აზომვითი ნახაზით და მყარად შემოსაზღვრული ბეტონის ღობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო, საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის ...ში, სოფელ ...ში მდებარე 7800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „ა...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შემდგომში მისი შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება, მოსარჩელის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით. აქედან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისობა სარეგისტრაციო წარმოებისათვის დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შემთხვევათა იმ ჩამონათვალს, რა დროსაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება, კერძოდ, „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დგინდება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას არ უნდა არსებობდეს რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება ან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მისი აღმოფხვრის დამადასტურებელი საბუთი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ა...ს“ სარჩელი და იგი აღიარებულ იქნა მის მიერ ფაქტობრივად დაუფლებული 7565 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ შპს „ა...ს“ ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დარეგისტრირების საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ დარიცხული დავალიანებების გადახდისა და მისი სრულად გამოსყიდვის შემდეგ (ტ. 2. ს.ფ. 41-43). მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული ქონება არ არის გამოსყიდული. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ა...მა“ 2020 წლის 30 სექტემბერს მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ...ში, სოფელ ...ში მდებარე 7800კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 6 ერთეული შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრის და წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებებით სარეგისტრაციო სამსახურმა შპს „ა...ს“ აცნობა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მოძიებული ინფორმაციით, არ დადასტურდა საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი. ამასთან, ვინაიდან, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება და აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად, ამიტომ წარმოსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შეჩერების ვადაში განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო სამსახურმა 2020 წლის 10 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. სარეგისტრაციო სამსახურის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2021 წლის 29 იანვრის N... გადაწყვეტილებით, იმავე საფუძვლებზე დაყრდნობით, საჩივარი არ დააკმაყოფილა (ტ.2. ს.ფ. 308-336).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა...“ აღიარებულ იქნა არა მესაკუთრედ, არამედ მის მიერ ფაქტობრივად დაუფლებული 7565 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ, ხოლო შემდგომში მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დარეგისტრირების საკითხის გადაწყვეტა უკავშირდებოდა დარიცხული დავალიანებების გადახდასა და მის სრულად გამოსყიდვას, რა გარემოებაც დადასტურებული არ არის. ამასთან საგულისხმოა, რომ საპრივატიზაციო მასალებში დაცული გენ-გეგმისა და ექსპლიკაციის ანალიზის მიხედვით მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს არ შეუძენია საკუთრება, მოსარჩელის მიერ ასევე ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პრივატიზებულ შენობა-ნაგებობებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის თაობაზე მიმართა ქონების მმართველს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარგებლედ ცნობის შესახებ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება ვერ მიიჩნევა შპს „ა...ს“ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მთლიან 7800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მოსარგებლედ ცნობის დადასტურებისა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ვინაიდან, შპს „ა...მა“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიმართა 2020 წლის 30 სექტემბერს, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ არსებობდა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შპს „ა...სათვის“ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის დავალების საფუძველი, რადგან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ იქნებოდა საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა თავის მხრივ, გამორიცხავს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან შპს „ა...ს“ განცხადებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არსებობდა როგორც შეჩერების, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რაც ადასტურებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა და მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის წახალისება.

ამდენად, მითითებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის (მოცემულ შემთხვევაში ხაშურის მუნიციპალიტეტის ...ში, სოფელ ...ში მდებარე 7800 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის) ასევე აუცილებელია დაინტერესებული პირის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რაც შპს „ა...ს“ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ასეთი დოკუმენტის არარსებობის გამო.

საკასაციო პალატა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. გასათვალისწინებელია, რომ მართალია, როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას შენობა-ნაგებობებსა და ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე და წარმოადგენს ისეთ სპეციფიკურ დაცულ სფეროს, როგორიც არის საკუთრების შეძენის ლეგიტიმური მოლოდინი, თუმცა მოსარჩელე არ ითხოვდა შენობა-ნაგებობების განაშენიანების ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას და არც სათანადო საკადასტრო-აზომვითი ნახაზები ჰქონდა წარდგენილი, შესაბამისად, მითითებული ნორმის საფუძველზე მოსარჩელის უფლების რეალიზება ვერ განხორციელდებოდა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივარზე 10.10.2023 წ. N7895 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება;

3. კასატორს - შპს „ა...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 10.10.2023წ. N7895 საგადასახადო დავალებით მ. უ-ას (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა