საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1044(კ-23) 16 სექტემბერი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ.ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები: ზ.ჩ-ი, შპს „თ...“, მ.გ-ი, აწ გარდაცვლილი მ.უ-ის უფლებამონაცვლეები - ნ.თ-ე და ი.თ-ე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, მ.ჯ-ი, ლ.ჟ-ე, შპს „ი...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ზ.ა-ემ 2019 წლის 25 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანებისა და რეგისტრაციების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, ზ.ა-ემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება - ორი მშენებარე ბინა, რომლებიც ამავე ბიუროს 2018 წლის 31 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის განკარგულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად. თუმცა, დასახელებული განკარგულებები მესამე პირების - მ.გ-ისა და მ.უ-ის მიერ გასაჩივრდა როგორც სასამართლოში, ასევე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში ადმინისტრაციული საჩივრით. განკარგულებები გაუქმდა სადავო - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანებით და უძრავი ნივთების მესაკუთრედ აღირიცხნენ თავდაპირველი მესაკუთრეები. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანება უკანონოა, მიღებულია კანონის უხეში დარღვევით და ექვემდებარება გაუქმებას. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა ამ ბრძანების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციები.
მოსარჩელემ ამავე სარჩელით იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკრძალვოდა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №8-ში, მე-… სართულზე მდებარე №… ბინისა (ს/კ ...) და მე-… სართულზე მდებარე №… ბინის (ს/კ ...) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვის შესახებ რეგისტრაციის განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ შპს „...“, მ.გ-ი, მ.უ-ე, მ.ჯ-ი, ზ.ჩ-ი, ლ.ჟ-ე, ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული - მერია, შპს „თ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით ზ.ა-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სადავო უძრავ ქონებაზე - ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №8-ში, მე-… სართულზე მდებარე №… ბინისა (ს/კ ...) და მე-… სართულზე მდებარე №… ბინის (ს/კ ... ) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვის შესახებ რეგისტრაციის განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება საჩივრებით გაასაჩივრეს მ.უ-ემ და მ.გ-მა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით მათი საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ისინი განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით მ.უ-ისა და მ.გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანება, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილებები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე მესამე პირის - აწ გარდაცვლილი მ.უ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ნ.თ-ე და ი.თ-ე და შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო პალატაში გაგრძელდა მათი მონაწილეობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება სსიპ აღსრულების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა 2019 წლის 22 თებერვლის სადავო №811 ბრძანების შინაარსი და სამართლებრივი ბუნება, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული შინაარსი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი გამოიცა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ფარგლებში, რაც იმთავითვე არასწორია. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაირკვეს საკითხი - აღსრულების ეროვნული ბიურო წარმოადგენს თუ არა აღმასრულებლის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
კასატორი მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო, ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
ამდენად, ერთმნიშვნელოვანია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არ წარმოადგენს აღმასრულებლის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო განკარგულებას, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით გამოსცემს აღმასრულებელი.
სადავო 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანებაშიც მითითებულია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემულია განკარგულება ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ, დაინტერესებული პირის მიერ მისი გასაჩივრება უნდა განხორციელდეს პირდაპირ სასამართლოში. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა არ ზღუდავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, იმსჯელოს მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საკუთარი ინიციატივით (და არა აღმასრულებლის ქმედებაზე წარდგენილი საჩივრის ფარგლებში) შეამოწმა განკარგულებების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, შეამოწმა აგრეთვე განხორციელებული სააღსრულებო ქმედებების კანონშესაბამისობა და დაასკვნა, რომ არსებობდა განკარგულებების ბათილად ცნობის საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სასამართლოების მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანებისა და მის საფუძველზე მიღებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება, იმ მოტივით, რომ სადავო ბრძანების მიღებისას გასული იყო აღმასრულებლის ქმედებების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 15-დღიანი ვადა, რაც ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა და რომ შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების მინიჭების თაობაზე გამოცემული განკარგულებები პირდაპირ სასამართლოში უნდა გასაჩივრებულიყო.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „...ის“ მოსარჩელე ზ.ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 61132 აშშ დოლარის, ასევე, პირგასამტეხლოს სახით - 70000 აშშ დოლარის გადახდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსასრულებლად 2017 წლის 12 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსასრულებლად წარედგინა კერძო აღმასრულებელს დ.ლ-ას;
- კერძო აღმასრულებელმა დ.ლ-ამ 2018 წლის 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსრულებისათვის სააუქციონო განაცხადით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს;
- დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაგზავნილი 2018 წლის 22 აგვისტოს და 2018 წლის 3 სექტემბრის წერილებით მ.გ-სა და მ.უ-ეს, როგორც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მომავალ მესაკუთრეებს, ეცნობათ შპს „ი...ს“ სახელზე რიცხული უძრავი ქონების (ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №8, სართული …, ბინა … (მშენებარე) (ს/კ ...) და ბინა … (მშენებარე), (ს/კ ...)) მიმართ მიმდინარე იძულებითი აუქციონის თაობაზე. ამავე წერილებით მათვე ეცნობათ, რომ უფლება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ აუქციონში. ასევე ეცნობათ აუცილებელი აუქციონის ჩატარების წესის თაობაზე. აღნიშნული წერილები თითოეულ მათგანთან გაიგზავნა ერთ მისამართზე, რომელიც მითითებული იყო სააღსრულებო საქმეში, თუმცა ვერ ჩაჰბარდათ იმის გამო, რომ კურიერს მისამართებზე არავინ დახვდა;
- ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 11 სექტემბრის №A18012740-014/002 განკარგულებით გავრცელდა საჯარო შეტყობინება, რომლითაც მომავალ მესაკუთრეებს, მათ შორის, მ.უ-ესა და მ.გ-ს ეცნობათ სააღსრულებო წარმოების შესახებ („გარდამავალი უფლებებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებების მფლობელი პირების ინფორმირება აუქციონის შესახებ“). აღნიშნული განკარგულება გამოქვეყნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე;
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 31 ოქტომბრის №A18012740-019/001 განკარგულებით, შპს „ი...ს“ სახელზე რიცხული უძრავი ქონების (ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №8, სართული …, ბინა …, მეხუთე საცხოვრებელი სართული, ნიშნული +19,80 (მშენებარე) ბინის ფართით 120.32 კვ.მ, ს/კ ...) შემძენი 2018 წლის 22 ოქტომბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ზ.ა-ე. მან უძრავი ქონება შეიძინა 140600.00 ლარად. ამასთანავე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 1 ნოემბრის №A18012740-019/002 განკარგულებით, შპს „ი...ს“ სახელზე რიცხული უძრავი ქონების (ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №8, სართული ..., ბინა … (მშენებარე), 93.38 კვ.მ, ს/კ ... ) შემძენი 2018 წლის 22 ოქტომბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ზ.ა-ე. მან უძრავი ქონება შეიძინა 113240.00 ლარად;
- დადგენილია, რომ მ.უ-ემ და მ.გ-მა 2018 წლის 5 დეკემბრის, 12 დეკემბრის, 2019 წლის 14 იანვრის განცხადებებით მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღნიშნული განცხადებებით მოთხოვნილი იყო აღსრულების შედეგად ამოღებული თანხების კრედიტორისათვის გადარიცხვის შეჩერება, ასევე, წარდგენილი იყო სასამართლოს განჩინება იძულებით აღსრულების შედეგად გასხვისებული უძრავი ქონების შემძენისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გამოცემული 2018 წლის 31 ოქტომბრის განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე. აღნიშნულ წერილებზე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის წერილობითი პასუხი გასცა და მიიჩნია, რომ იძულებით აღსრულების პროცესში რაიმე დარღვევა არ არსებობდა;
- ასევე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 1 თებერვალს წარედგინა მ.გ-ისა და მ.უ-ის საჩივარი (იმ მოტივით, რომ მათ კანონით დადგენილი წესით არ ეცნობათ სააღსრულებო წარმოების თაობაზე) და მოითხოვეს როგორც აუქციონის შედეგების, ისე განკარგულებების ბათილად ცნობა. საჩივრის განხილვის შედეგად გამოიცა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა საჩივარი და გაუქმდა მოსარჩელის მიმართ იძულებით აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ გამოცემული განკარგულებები. მითითებული განკარგულებების მოქმედება შეწყდა მათი გამოცემის დღიდან (2018 წლის 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი). გაუქმდა ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ სააღსრულებო საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის (მიმაგრებული თბილისის სააღსრულებო ბიუროში) მ.მ-ის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება - 2018 წლის 11 სექტემბერს №A18012740-014/002 განკარგულება, აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯაროდ შეტყობინების თაობაზე;
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანების საფუძველზე უძრავ ქონებაზე (ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №8, სართული ..., ბინა … (მშენებარე) (ს/კ...) ზ.ა-ის რეგისტრირებული უფლება გაუქმდა. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანების საფუძველზე უძრავ ქონებაზე (ქალაქი თბილისი, ...ის ქ. №8, სართული 2, ბინა … (მშენებარე), ს/კ ...) ზ.ა-ის რეგისტრირებული უფლება გაუქმდა;
საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, იძულებითი აღსრულების პროცესის წარმოების ფარგლებში, განასხვავებს სააღსრულებო წარმოების მხარეთა და დაინტერესებულ პირთა სტატუსს, თუმცა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, როგორც ზემდგომი ორგანოსადმი აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრების წესი ერთიანია და ეს საკითხი მოწესრიგებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლით. დასახელებული ნორმა, გარდა იმისა, რომ ადგენს აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრების შესაძლებლობას სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთათვის, ასევე განსაზღვრავს საჩივრის განხილვის პროცედურულ წესს და საჩივრის განმხილველი პირის უფლებამოსილების ფარგლებს. კერძოდ, 183 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლი ანიჭებს უფლებამოსილებას როგორც საჩივრის, ისე საკუთარი ინიციატივით ბათილად ცნოს აღმასრულებლის მოქმედება, თუმცა აღნიშნული ნორმის სისტემური ანალიზი იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უფლებამოსილება - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების გამოყენებით ჩაერიოს იძულებითი აღსრულების პროცედურაში და შეამოწმოს აღმასრულებლის მოქმედების კანონიერება, საჩივრის ფარგლებში ან საკუთარი ინიციატივით, გააუქმოს აღმასრულებლის მოქმედება, ვრცელდება იძულებითი აღსრულების პროცესის დასრულებამდე და აუქციონზე ქონების გასხვისების შემდეგ იძულებითი აღსრულების პროცესის კონტროლი სცდება აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებს. აქვე მნიშვნელოვანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტი,რომელიც აწესებს ზღვარს და განსაზღვრავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს. კერძოდ, დასახელებული ნორმის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემულია განკარგულება ქონების შემძენისთვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ, დაინტერესებული პირის მიერ მისი გასაჩივრება უნდა განხორციელდეს პირდაპირ სასამართლოში.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად ვერ გაიზიარეს ადმინისტრაციული ორგანოს მითითება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაზე, სასამართლოში დავის მიმდინარეობისას თავად ბათილად ცნოს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში. ამ უკანასკნელ ნორმაში საჩივრისა და სარჩელის შესაძლებლობა, და მათ შესაბამისად, აქტის ბათილად ცნობაზე უფლებამოსილი ორგანოები - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო, ერთმანეთთან დაკავშირებულია ან კავშირით, რაც ქმნის აქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზიის განხილვის ალტერნატიულ შესაძლებლობას და გამორიცხავს სარჩელის პარალელურად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის საჩივრის განხილვისას გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 183 მუხლის მე-5 და მე-10 პუნქტების დანაწესები. აღნიშნული ნორმები გამორიცხავს ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი პირის უფლებამოსილებას ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს გასაჩივრების ვადის გასვლის, სასამართლოში იმავე დავის არსებობის, ან იძულებითი აუქციონის შედეგად განკარგულების გამოცემის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანების გამოცემამდე მ.გ-ისა და მ.უ-ის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის (მიმაგრებული თბილისის სააღსრულებო ბიუროში) 2018 წლის 31 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის №A18012740-019/001 და №A18012740-019/002 განკარგულებებით იძულებითი აღსრულების პროცესი უკვე დასრულებული იყო, ამასთან, განკარგულება მ.გ-ის მიერ გასაჩივრებული იყო სასამართლოში. აღნიშნული გარემოება ასევე ცნობილი იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის, ვინაიდან 2018 წლის 12 დეკემბრის შემდეგ, მოდავე პირებს წარდგენილი აქვთ არაერთი წერილობითი პრეტენზია, ასევე წარმოდგენილი აქვთ სასამართლოში წარდგენილი სარჩელისა და სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ასლები. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესზე, რომელიც გასაჩივრების ვადით ზღუდავს აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრების შესაძლებლობას. კერძოდ, აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრება დასაშვებია მისი განხორციელებიდან 15 დღის ვადაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვადის ათვლისათვის მნიშვნელოვანია მხარის (დაინტერესებული პირის) ინფორმირება განხორციელებული მოქმედების თაობაზე, თუმცა ქმედების თაობაზე ინფორმაციის ფაქტის დადგენით გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისი მომენტი სახეზეა. უდავოდ დგინდება ის ფაქტი, რომ საჩივრის ავტორთათვის - მ.გ-ისა და მ.უ-ისათვის 2018 წლის 12 დეკემბერს უკვე ცნობილი იყო მათ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთების იძულებითი აუქციონის წესით გასხვისებისა და აღმასრულებლის იმ მოქმედებათა შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო განკარგულებების გამოცემას. შესაბამისად, 2019 წლის 1 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილია 15-დღიანი ვადის დარღვევით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიურო ვალდებული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის დანაწესების გათვალისწინებით, განუხილველად დაეტოვებინა 2019 წლის 1 თებერვალს წარდგენილი საჩივარი.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის №ბს-681(კ-19) განჩინებაზე, რომლითაც დადგინდა: „საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მ.ჯ-ასათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო აღმასრულებლის მიერ 2011 წლის ივნის-ივლისის თვეში განხორციელებული ქმედებების თაობაზე, შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადავო 2015 წლის 16 დეკემბრის №5452 ბრძანება, აღმასრულებლის ქმედებების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გასვლის გამო, მ.ჯ-ას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კანონიერია. ამასთანავე, აღნიშნული ბრძანება კანონიერია მ.ჯ-ასათვის #A... განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ნაწილშიც, ვინაიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში“.
რაც შეეხება დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების - რეგისტრაციების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ვინაიდან ზ.ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებები გაუქმდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 თებერვლის №811 ბრძანების საფუძველზე, ხოლო მოცემული დავის ფარგლებში ეს უკანასკნელი ბათილად იქნა ცნობილი მისი კანონშეუსაბამობის გამო, ასევე მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 მარტის №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ვინაიდან, მათი გამოცემის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს 2023 წლის 20 სექტემბრის №17689 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე