Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1192(კ-23) 16 სექტემბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ლ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (სამსახურში აღდგენა) და განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. გ-ამ 2022 წლის 08 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 12 იანვრის MIA 0 22 00077854 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა ლ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ; ასევე მოპასუხისათვის მოსარჩელის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სახელფასო განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ლ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ლ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება ლ. გ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები ერთნაირ პოზიციას აფიქსირებდნენ და მათ რეალურად არ იციან რა დაედო საფუძვლად მის მიერ პატაკის შედგენას, ისინი ამ პროცესს არ შესწრებიან და უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერილია თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში.

კასატორმა მიუთითა, რომ მის მის მიმართ სისტემატურად ხორციელდებოდა ზეწოლა ზემდგომი თანამდებობის პირების მიერ და მან დაასახელა ის პირები, ვინც მასზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ წნეხს და აიძულებდა დაეწერა განცხადება განთავისუფლებაზე. კასატორი აღწერს იმ შემთხვევებს, როდესაც მას გამოეცხადა შენიშვნები და აღნიშნავს, რომ მოწმე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მოქალაქესთან უხეში საუბრის გამო მიიღო შენიშვნა. საკასაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ მასზე ხორციელდებოდა თვალთვალი, ის ასევე არ გამოცხადებულა სამსახურში ნასვამი და ალკოტესტზე გადამოწმებისას მაჩვენებელი ოდნავ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს სხვადასხვა გარემოებებზე, რომელიც მისი მოსაზრებით, ადასტურებს მის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას სამსახურში, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ხელისუფლების შესახებ მისი უარყოფითი აზრის გამო. მას მოასმენინეს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც ის ნათლად აფიქსირებს მის განწყობას სამინისტროს შესახებ.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მას სთხოვეს დახმარება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, რაზედაც უარი განაცხადა და სწორედ ეს გახდა მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი. კასატორმა აღნიშნა, რომ მას აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ასევე მიუთითა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ უმუშევრობის პირობებში ოჯახი ვერ გაუმკლავდება ფინანსურ ვალდებულებებს და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ლ. გ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირადი პატაკის საფუძველზე ლ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ მიღებული აქტის კანონიერების შემოწმება, მოსარჩელის ნების საკითხის შეფასების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ. გ.-ს ძე გ-ას სამსახურის გავლის ნუსხის თანახმად, ლ. გ-ას 2008 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის, 2019 წლის 07 მარტიდან იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ფოთის საქალაქო განყოფილების ...ად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ფოთის საქალაქო განყოფილების ...მა, ...მა ლ. გ-ამ 2022 წლის 06 იანვარს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ...ს და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნა მოითხოვა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის 2022 წლის 06 იანვრის MIA 2 22 00034574 წერილით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ს, ... ვ. ს-ეს გაეგზავნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს, ქ. ფოთის საქალაქო ... განყოფილების ...ის, პოლიციის ... ლ. გ.-ს ძე გ-ას პატაკი, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასა და შს სამინისტროდან დათხოვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 12 იანვრის MIA 0 22 00077854 ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 36-ე მუხლის (დათხოვნა პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ფოთის საქალაქო განყოფილების ..., პოლიციის ... ლ. გ.-ს ძე გ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2022 წლის 06 იანვრიდან.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა ა. ხ-ამ განმარტა, რომ იგი 2020 წლის 22 აპრილიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელია და ლ. გ-ა იყო მის დაქვემდებარებაში მყოფი .... ლ. გ-ას მისი ხელმძღვანელობის განმავლობაში 2020 წლიდან 2022 წლამდე ჰქონდა ოთხი შენიშვნა და ერთი საყვედური მიღებული. სამჯერ მიიღო შენიშვნა მოქალაქეებთან უხეშად საუბრის გამო, ხოლო ერთხელ გამოეცხადა საყვედური, რადგანაც მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა, დააზიანა სახელმწიფო ქონება - საპატრულო პოლიციის ავტომანქანა. ამასთან, ა. ხ-ას განმარტებით, ლ. გ-ა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოცხადდა სამსახურში, რის გამოც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო ოთახში მასსა და ლ. გ-ას შორის 2021 წლის დეკემბერში პირადი საუბარი არ შემდგარა. როგორც მოწმემ განმარტა, ლ. გ-ას პოლიტიკური შეხედულებებით არავინ დაინტერესებულა და მისი მხრიდან რაიმე სახის ზემოქმედებასა და დევნას, დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ა. ხ-ას განმარტებით, მას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და როგორ აიძულებდა ლ. გ-ას სამსახურიდან გათავისუფლების განცხადების დაწერას. მოწმის განმარტებით, თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში მოხდა ლ. გ-ას მხრიდან სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა, შესაბამისად, მისი მითითებები სამსახურიდან წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით, უსაფუძვლოდ მიაჩნია.

ლ. გ-ას მიერ წარმოდგენილი და სარჩელზე დართული ვიდეოჩანაწერის თანახმად, იგი ე.წ. სამხრე კამერით აფიქსირებს იმ გარემოებას, რომ სამსახურში 2021 წლის 31 დეკემბერს, 09:00 საათზე გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხელმძღვანელის მიერ გაფრთხილებული იყო სამსახურში არ გამოცხადებულიყო.

სადავო საკითხის შეფასების მიზნით, საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ყოველი მოქალაქის საჯარო თანამდებობაზე წვდომის უფლებას. ეს კონსტიტუციური დანაწესი იცავს სახელმწიფო სამსახურზე მოქალაქის თავისუფალი წვდომის უფლებას, აღნიშნული გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტები, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტია. საჯარო მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული, საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი პირები, დამოუკიდებლად იმისგან, წარმოადგენენ თუ არა ისინი კანონით განსაზღვრულ საჯარო მოხელეებს ან სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საჯარო ფუნქციის ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელებისათვის უნდა სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური გარანტიებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დ. კანდელაკი, ნ. დვალი, ზ. დავითაშვილი, ე. გოგუაძე, გ. მელაძე და მ. ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5-6). შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს, ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული (სუსგ 23.04.2019წ. საქმე №ბს-954(2კ-18)).

საკასაციო სასამართლო მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "გ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა. მითითებული მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი ადგენს, რომ თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე. ამავე „წესის“ 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე პირადი განცხადებით (პატაკი) თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. უარი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე დასაშვებია, თუ მოსამსახურის გათავისუფლებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს. იმავე შინაარსის მატარებელია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კანონმდებლობით გარანტირებულია ყოველი პირის უფლება თავისი თავისუფალი და ნამდვილი ნების საფუძველზე გააგრძელოს დაკავებულ თანამდებობაზე სამსახური ან დატოვოს კონკრეტული თანამდებობა. დასაქმებულის, მოცემულ შემთხვევაში კი საჯარო მოსამსახურის სურვილი, შეწყვიტოს დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნა, გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, რაც მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით უარი თქვას შრომაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო, ისევე როგორც დასაქმებულის დანიშვნა/გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ვალდებულია პატივი სცეს საჯარო მოსამსახურის ამ უფლებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ პირის მიერ გამოხატული სურვილი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უნდა ეფუძნებოდეს მის ნამდვილ ნებას, რომელიც თავისუფალია რაიმე სახის გარე ზემოქმედებისაგან. ბუნებრივია, რომ დასაქმებულის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ყველა შემთხვევაში არ არის ვალდებული დაადგინოს დასაქმებულის ნამდვილი ნება, რასაც ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ პირადი განცხადებით სამსახურის დატოვების შემთხვევაში სავალდებულო არ არის განცხადებაში აისახოს სამსახურიდან წასვლის მიზეზი. ამგვარი საჭიროება, ანუ დასაქმებულის ნების ნამდვილობის დადგენის საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი მოცემულობა იძლევა ეჭვის წარმოშობის საფუძველს განმცხადებლის ნების გამოვლენის ნამდვილობაზე. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-775(კ-23)).

მოცემულ საქმეზე კასატორი სადავოდ ხდის მისი ნების ნამდვილობას და აღნიშნავს, რომ განცხადება დაწერილია იძულებით და ის არ ასახავს მის ნამდვილ სურვილს. ნების ნამდვილობის შეფასების თაობაზე, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა კი „ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-663-659(კ-17)). ამრიგად, მხოლოდ ნამდვილი და თავისუფალი ნების გამოხატვამ უნდა გამოიწვიოს პირის სამსახურიდან დათხოვნა.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან მოსარჩელის მიმართ უარყოფითი განწყობის დასადასტურებლად მხარე უთითებს მხოლოდ ვიდეო ჩანაწერზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ გამოცხადდა სამსახურში და ელოდება ხელმძღვანელობის რეაქციას და მათ მოქმედებას. კასატორის მხრიდან რაიმე სხვა მტკიცებულება, მის მიერ აღწერილი ფაქტების დასადასტურებლად წარმოდგენილი არ არის. კასატორი ასევე მიუთითებს, მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, თუმცა მას შესაბამისი უწყებებისათვის არ მიუმართავს და საქმეში არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღნიშნულ გარემოებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება მის მიმართ გამოვლენილი იძულებისა და ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა დასახელებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ არც ადმინისტრაციული წარმოებისას და არც სასამართლო წესით საქმის განხილვისას არ ყოფილა წარდგენილი, შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რაც მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის უარყოფას. აღნიშნულის საპირისპიროდ კი ადმინისტრაციულმა ორგანომ, საქმეზე დადგენილად გარემოებების გათვალისწინებით, დაადასტურა სადავო ბრძანებების კანონიერება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ლ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე