საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1204(კ-23) 16 სექტემბერი, 2024 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.მ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ი.მ-ემ 2019 წლის 17 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ამავე სააგენტოს 2018 წლის 6 დეკემბრის №... გადაწყვეტილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის მოსარჩელე ი.მ-ის განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის - საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, ი.მ-ემ 2018 წლის 16 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ში, ... ის ქ. №13-ის მიმდებარედ არსებულ 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მოსარჩელემ განცხადებას თან დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზები, სამკვიდრო მოწმობა (რომლის მიხედვით, 1994 წლის 26 დეკემბერს გარდაცვლილი ნ.ბ-ის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ - ი.მ-ემ ნ.ბ-ის სამკვიდრო ქონება მიიღო სრულად სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით), საარქივო ცნობები, ცნობა-დახასიათება და სხვა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავდაპირველად შეაჩერა სარეგისტრაციო საქმის წარმოება, საბოლოოდ კი შეწყვიტა იმ საფუძვლით, რომ შეჩერების ვადაში მოსარჩელემ ვერ წარადგინა შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, არ დაკმაყოფილდა სადავო გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი.
მოსარჩელის მოსაზრებით, მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი აქტები ექვემდებარება ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ი.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №... და 2018 წლის 6 დეკემბრის №... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის №... გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში ი.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ი.მ-ეს, გარდა №... სარეგისტრაციო განცხადებისა (სადავო წარმოება), რომლითაც ითხოვდა 300 კვ.მ-ზე უფლების რეგისტრაციას, წარდგენილი ჰქონდა №... სარეგისტრაციო განცხადებაც, რომლითაც ცალკე ითხოვდა 257 კვ.მ ფართობის მქონე შენობა-ნაგებობიან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. მართალია, აღნიშნულ განცხადებაზე 2019 წლის 20 მარტს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, თუმცა ამავე უძრავ ნივთზე - 950 კვ.მ-ზე (გაზრდილი ფართობით) 2022 წლის 20 ივლისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ი.მ-ის საკუთრების უფლება (საკადასტრო (ს/კ …, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ცნობა-დახასიათება ... (15.01.2019), საკუთრების უფლების მოწმობა №463 (11.07.2022)). ამდენად, ი.მ-ის სახელზე, სხვადასხვა დროს, შემდეგი თანმიმდევრობით დარეგისტრირდა უძრავი ნივთები: 1) ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული (600 კვ.მ) უძრავი ნივთი (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სამკვიდრო მოწმობა №... (23.02.2011), მიღება-ჩაბარების აქტი №69 (23.04.1993)); 2) ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული (950 კვ.მ) უძრავი ნივთი №1 შენობა-ნაგებობით (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ცნობა-დახასიათება ... (15.01.2019), საკუთრების უფლების მოწმობა №463 (11.07.2022)). კასატორის მითითებით, პირველი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტით გაცემულ, საარქივო ცნობაში მითითებულ და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებულ მიწის ნაკვეთს, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი არის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული და ამავე დროს საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთი (ინვენტარიზაციით ფართობი - 0.03) შენობა-ნაგებობით, იგივე აგარაკი №45.
კასატორის მოსაზრებით, სადავო სარეგისტრაციო წარმოება (№... ) კავშირში არ არის არც ერთ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთსა თუ წარდგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტთან. ერთადერთი კავშირი არსებობს მხოლოდ იმ კუთხით, რომ სადავო წარმოებით მოთხოვნილი უძრავი ნივთი მდებარეობს ... საკადასტრო კოდით უკვე რეგისტრირებული 950 კვ.მ უძრავი ნივთის გადასწვრივ (გზის მეორე მხარეს) და სამივე უძრავი ნივთი მდებარეობს ...ში. ამდენად, მესამე ნაკვეთი, რომელზეც რეგისტრაციის მიზანს ისახავდა მხარე, იყო უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული უძრავი ნივთი, რომელთან დაკავშირებით, აღიარების კომისიაში საკითხის გადაგზავნის თაობაზე თანხმობაც არ ჰქონდა გაცხადებული. მეტიც, როგორც არაერთხელ აღინიშნა, სააგენტომ სარეგისტრაციო კანონმდებლობის ცვლილების კვალობაზე, საკითხის ხელახალი განხილვის (საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობა) მიზნით მიმართა კიდეც შესაბამის მუნიციპალიტეტს, თუმცა აღნიშნული დადებითად არ იქნა გადაწყვეტილი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მიღებულია საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის/საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასებისა და ინტერპრეტაციის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, უფლების დამდგენი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- საქმეში დაცული საარქივო ცნობების თანახმად, ი.მ-ის მამკვიდრებელს - ნ.ბ-ს ...ის სადაბო საკრებულოს ...ის უბნის 1993 წლის აპრილის თვეში კენჭისყრით განაწილებული სამოსახლო ნაკვეთების მფლობელთა სიის მიხედვით, ერიცხებოდა: „მიწის ნაკვეთი ინვენტარიზაციით - 0.03 ჰა, მიეცა მიწის რეფორმის ფონდიდან - 0.06 ჰა, სულ ერთად - 0.09 ჰა, ნაკვეთი №..., აქტი №69“.
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 მარტის № ... გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ...ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ... ) დარეგისტრირდა ი.მ-ის საკუთრების უფლება, რომელზეც საკუთრების უფლების დამდასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა სამკვიდრო მოწმობა №... (დამოწმების თარიღი 23.02.2011), მიღება-ჩაბარების აქტი №69 (დამოწმების თარიღი 23.04.1993წ., დაბა ...ის მიწის რეფორმის კომისია). №... სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, 1994 წლის 26 დეკემბერს გარდაცვლილი ნ.ბ-ის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ - ი.მ-ემ ნ.ბ-ის სამკვიდრო ქონება მიიღო სრულად სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად კი, ნ.ბ-ს გადაეცა ...ში, ...ის უბანში მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი ...ის საკრებულოს 1992 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების, 1992 წლის 30 აპრილის ოქმის, ...ის რაიონის გამგეობის 1992 წლის 25 სექტემბრის №9 სხდომის ოქმის, №165 გადაწყვეტილებისა და დაბა ...ის მოსახლეობის 1993 წლის 10 მარტის №2 ოქმის საფუძველზე;
- 2019 წლის 15 იანვრის ცნობა-დახასიათების თანახმად, ...ში, ...ის ...ის №19-ში მდებარე №... აგარაკის მესაკუთრეს/მოსარგებლეს წარმოადგენს ი.მ-ე (ანდერძისმიერი მემკვიდრეობა, №1-მ-54, 24/12/1996წ.); ტექნიკური პასპორტი, თარიღი არ არის. სააღრიცხვო მასალა, 1974 წელი (შენიშვნა: სააღრიცხვო მასალაში არ ინახება საინვენტარიზაციო გეგმა და ჩანაწერები მიწის ნაკვეთის ფართზე ანდერძისმიერი მემკვიდრის მოწმობაში მიწის ნაკვეთის ფართი დაფიქსირებული არ არის). ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის (მისამართი: ..., ...ის ... №19, აგარაკი №...) მონაცემების თანახმად, 1994 წლის 12 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული №1-პ-208 ხელშეკრულების საფუძველზე სახლის მფლობელს წარმოადგენდა ნ.ბ-ი ვ.ის ასული, ხოლო ანდერძისმიერი მემკვირდეობის საფუძველზე სახლის მფლობელად მითითებულია ი.მ-ე. დასახელებული №1-პ-208 ხელშეკრულების თანახმად, ქალაქის საკურორტო სამმართველოს წარმომადგენელმა ნ.ბ-ს გადასცა აგარაკი №... პირად საკუთრებაში, ხოლო ნ.ბ-მა მიიღო საკურორტო სამმართველოს აგარაკი №...;
- საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ 1994 წლის 14 დეკემბერს ნ.ბ-მა (მცხ. ..., ... ის ქ. №19, აგარაკი №...) განცხადებით (დაკვეთა) მიმართა ... ის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსს და მოითხოვა სახლის აღრიცხვაზე აყვანა, ნოტარიული ხელშეკრულების რეგისტრაციაში გატარება და ცნობის გაცემა საბინაო წიგნაკის მისაღებად. საქ. სსრ. სახ. დეპ. ...ის რაიონული საბჭოს აღმასკომის გაერთიანებული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1996 წლის 19 დეკემბრის №463 ცნობა-დახასიათების თანახმად, ...ში, ...ის ...ის №19 სახლთმფლობელობა რეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებში პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქეზე - ნ.ბ-ზე; საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი - ნოტ. ხელშეკრულება გაც. 12.12.94წ. №1-პ-208;
- საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს ი.მ-ის წარმომადგენელმა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებულ რეგისტრაციის სამსახურს, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე, ...ის ქუჩა №13-ის მიმდებარე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ი.მ-ის მიერ ანდერძით მიღებული ქონება და შემოსავლების სამსახურში ი.მ-ის სახელზე რიცხული ქონება წარმოადგენდა ერთსა და იმავეს, ამასთან, მიღებული 900 კვ.მ მიწის ფართიდან უკვე რეგისტრირებული იყო 600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და სარეგისტრაციოდ დარჩენილი იყო 300 კვ.მ, თუმცა ტექბიუროში დაცული მონაცემებით, აღნიშნულ 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა აგარაკი №... შესაბამისად, დაინტერესებულ პირს ეთხოვა, დაეზუსტებინა მოთხოვნა და წარედგინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნივთზე ან წარედგინა განცხადება საკითხის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ ყოფილა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №... გადაწყვეტილებაზე წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის №... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ 2023 წლის 24 მაისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქ. №19-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ი.მ-ის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ცნობა-დახასიათება №... (დამოწმების თარიღი 15.01.2019წ., ტექნიკური ბიუროს არქივი), საკუთრების მოწმობა №463 (დამოწმების თარიღი 11.07.2022წ., ქალაქ თბილისის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამრიგად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ყველა საჭირო დოკუმენტისა და ინფორმაციის წარდგენა კი წარმოშობს მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას, დაარეგისტრიროს პირის საკუთრების უფლება. ამასთანავე, შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდეს, შეწყდეს, ან პირს უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, დეტალურადაა მოწესრიგებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებაზე, რომლითაც საქართველოში დაიწყო მიწის რეფორმა. დასახელებული დადგენილების მე-10 და მე-11 პუნქტების თანახმად, მიწის რესურსების სრულყოფილად გამოყენებისა და მიწის რეფორმის განხორციელებისათვის შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტი, ხოლო მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილებით, №48 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ, ამ დადგენილების მე-4 პუნქტით დადგინდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების სხვადასხვა ფორმის გავრცელების გათვალისწინებით, იყოფოდა საკუთრივ სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად, რომელიც იქმნებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხარჯზე. ამასთან, 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად მიწები გადაეცემათ სოფლად მუდმივად მცხოვრებ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც დასაქმებული არ არიან სოფლის მეურნეობაში.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე- 3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის თაობაზე ი.მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იქცა ის გარემოება, რომ საარქივო ცნობით გათვალისწინებული 900 კვ.მ ფართი მოიცავს ცნობა-დახასიათებაში მითითებულ №... აგარაკს, კერძოდ, ცნობა-დახასიათებაში არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის ფართი, თუმცა ის ფიქსირდება საარქივო ცნობაში, რომლის თანახმად, ნ.ვ.ის ბ-ს 300 კვ.მ ფართობი ერიცხება ინვენტარიზაციით. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ამომწურავ ჩამონათვალს, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა, საქმის მასალებში დაცული დოკუმენტების საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, საარქივო ცნობების თანახმად, 1993 წლის მდგომარეობით ნ.ბ-ს სადავო 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა ინვენტარიზაციით (...ის სადაბო საკრებულოს ...ის უბნის 1993 წლის აპრილის თვეში კენჭისყრით განაწილებული სამოსახლო ნაკვეთების მფლობელთა სიის მიხედვით), ხოლო უძრავი ქონება, მდებარე: ..., ...ის ... №19, აგარაკი №..., ნ.ბ-ს გადაეცა 1994 წლის 12 დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული №1-პ-208 ხელშეკრულების საფუძველზე, ქალაქის საკურორტო სამმართველოს წარმომადგენლის მიერ. ამასთან, საგულისხმოა, რომ 1996 წლის 19 დეკემბრის №463 ცნობა-დახასიათების თანახმად, ...ში, ...ის ...ის №19 სახლთმფლობელობა რეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებში პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქეზე - ნ.ბ-ზე და საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს მხოლოდ 1994 წლის 12 დეკემბრის №1-პ-208 ხელშეკრულება (სანოტარო წესით დამოწმებული). საკასაციო სასამართლოს მითითებით, მარეგისტრირებელი ორგანო საკითხის კვლევისას ვალდებული იყო სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაესაბუთებინა ...ში, ... ის ...ის №19-ში მდებარე აგარაკი №..-ისა და მოსარჩელის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა №13-ის მიმდებარედ არსებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი) იდენტურობა, რაც წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება. შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა იმსჯელოს სადავო საკითხზე და სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გამოსცეს დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით. საკითხის ხელახალი განხილვისას კი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურების ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი შეფასება. აქედან გამომდინარე, რადგან სადავო საკითხი საჭიროებს ჩამოთვლილი გარემოებების სრულყოფილად შესწავლასა და გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დაადგინა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 3 ნოემბერს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე