საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1257(კ-23) 16 სექტემბერი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თ.გ-ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 28 იანვარს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - თ.გ-ას მიმართ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მოპასუხისთვის 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ.გ-ას შორის 2020 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. აღნიშნული კონტრაქტის 1.1 თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კეთილსინდისიერად ემსახურა თავდაცვის სამინისტროში, ხოლო, თავის მხრივ, სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა, მოსამსახურის ხელფასით უზრუნველყოფა. სამხედრო სამსახურის ვადა კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 4 წლით და სრულდებოდა 2024 წლის 12 ნოემბერს, თუმცა, თ.გ-ამ პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №1702 ბრძანების თანახმად, თ.გ-ა გათავისუფლდა თანამდებობიდან. კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად კი, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხის მიერ გადახდილი არ არის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე თ.გ-ას მოსარჩელის (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამასთან, კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, კერძოდ: ა) მხარის ქონებრივ მდგომარეობას და ბ) დაზარალებულის ინტერესებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოებს ეს კრიტერიუმები არ შეუფასებიათ. მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე და სადავო არაა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტიც.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის პირობები პირველადი რედაქციით ითვალისწინებდა ჯარიმის 14000 და 10000 ლარის ანაზღაურების ვალდებულებას. თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ჯარიმა მიიჩნია რა მაღალ ოდენობად, თვითონვე მოაწესრიგა აღნიშნული საკითხი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და 2014 წლის 22 ნოემბრის №1633 თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ცვლილება განახორციელა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებულ კონტრაქტში, რომლის თანახმად, ჯარიმა შემცირდა და განისაზღვრა 3000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანი და ექვემდებარება სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ თ.გ-ასათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირების კანონიერება წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა. აღნიშნული კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2020 წლის 12 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ.გ-ას შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის 7.3 პუნქტი კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის ითვალისწინებდა ჯარიმას - 3000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტი შეწყდა თ.გ-ას პირადი პატაკის საფუძველზე, რაც ამავე კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს თ.გ-ას მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის, მისთვის ჯარიმის სახით თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობის, აგრეთვე, კონტრაქტის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსაბამობასთან და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს პირგასამტეხლო, თუკი არის შეუსაბამოდ მაღალი. აღნიშნულის შეფასებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს არა მარტო პირის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლოს შეფასების საგანია, როგორია შესრულების ღირებულების და მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ამდენად, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება უპირობოდ არ ნიშნავს მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა თ.გ-ას პირადი პატაკის საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს. ამდენად, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, თ.გ-ას მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს (3000 ლარი) თანხა უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში - 1 000 ლარამდე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-230(კ-19); 2020 წლის 5 მარტის განჩინება საქმეზე №ბს-936(კ-19); 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-570(კ-19)).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე