Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1261(კ-23) 16 სექტემბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ა...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ა...მ“ 2021 წლის 12 მარტს სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2020 წლის 25 სექტემბრის №10-09/104 (ნაწილობრივ), 2020 წლის 30 ნოემბრის №10-09/397, 2020 წლის 22 სექტემბრის №10-09/66 (ნაწილობრივ), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის (უფლებამონაცვლე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახური) 2020 წლის 31 ივლისის №04-14/2925 (ნაწილობრივ) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მათზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №10/986, 2021 წლის 17 თებერვლის №10/1233, 2021 წლის 24 თებერვლის №10/1528 და 2021 წლის 22 თებერვლის №10/1372 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ამასთანავე, მოპასუხისთვის კლინიკის მიერ პაციენტებისათვის გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, სადავო სამედიცინო შემთხვევებში პაციენტების მკურნალობა კლინიკის მიერ ჩატარებულია სრულფასოვნად, დიაგნოზების შესაბამისად, არსებული გაიდლაინებისა/პროტოკოლების დაცვით. სამედიცინო დაწესებულების მიერ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, როგორც, სამედიცინო მომსახურების გაწევის, ასევე, ზუსტი ინფორმაციის მიწოდება/ასახვის კუთხით. შესაბამისად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უკანონოა ადმინისტრაციული ორგანოს უარი პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად პაციენტების - ჯ. ა-ისა და ი. რ-ეის სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2020 წლის 25 სექტემბრის №10-09/104 გადაწყვეტილება, ასევე, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 11 თებერვლის №10/986 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2020 წლის 30 ნოემბრის №10-09/397 გადაწყვეტილება, ასევე, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 17 თებერვლის №10/1233 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, პაციენტ ნ. ს-ას სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2020 წლის 22 სექტემბრის №10-09/66 გადაწყვეტილება, ასევე, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის №10/1528 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, პაციენტების: ნ. ა-ის, რ. ბ-ისა და ი. ს-ის სამედიცინო შემთხვევებთან მიმართებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 31 ივლისის №04-14/2925 გადაწყვეტილება, ასევე, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 თებერვლის №10/1372 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე; ამასთან, მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, არ არსებობს დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტის საფუძველი, ვინაიდან გასაჩივრებული აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები.

კასატორის მითითებით, პაციენტები: ჯ. ა-ი, ი. რ-ე, ა. დ-ე, ა. ქ-ა, ნ. ს-ა, ნ. ა-ი, რ. ბ-ი და ი. ს-ი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დანართი 1.1-ითა და 1.3-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეებს. დასახელებული დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ინსპექტირების ეტაპზე, ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრათ სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. მითითებული ნორმის შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „ა...ს“ ანაზღაურებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ რამდენიმე პაციენტის შემთხვევაში კლინიკაში ხელმეორედ რეჰოსპიტალიზაცია გამოწვეული იყო არასწორი მკურნალობით, ხოლო რამდენიმე პაციენტის შემთხვევაში, სამედიცინო შემთხვევა უნდა მიწოდებულიყო ალკოჰოლური ინტოქსიკაციის (...) და არა ეთანოლის სპირტის ეფექტის კოდით (...).

კასატორის აღნიშვნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ თითოეულ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით, ზემოაღნიშნული №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, სრულად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელის მიერ პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების, ნაკლოვანებების გამოვლენის გამო, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ კლინიკისთვის ასანაზღაურებელ თანხაზე უარის თქმის კანონიერება. ამასთან, სადავო საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მართალია, ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის ქცეული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯ. ა-ის, ი. რ-ეის ა. დ-ეის, ა. ქ-ას, ნ. ს-ას, ნ. ა-ის, რ. ბ-ისა და ი. ს-ის მიმართ მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უარის თქმის კანონიერება. დადგენილია, რომ აღნიშნული პაციენტები წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.1 და 1.3 პუნქტებით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობით მოსარგებლეებს. აღსანიშნავია, რომ ჯ. ა-ისათვის, ი. რ-ეისათვის, ა. დ-ეისათვის, ა. ქ-ასათვის, ნ. ს-ასათვის, ნ. ა-ისათვის, რ. ბ-ისა და ი. ს-ისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასახელა 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ 1. პაციენტი ჯ. ა-ი კლინიკაში მკურნალობდა 2020 წლის 21 მარტის 16:25 საათიდან 2020 წლის 30 მარტის 14:00-მდე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით. დიაგნოზი: ... დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, ... ..., დაუზუსტებელი, ..., დაუზუსტებელი. კლინიკიდან პაციენტი გაეწერა „სტაბილიზაციით“. 2020 წლის 6 აპრილს 17:25 საათზე პაციენტი განმეორებით მოხვდა ალტერნატიულ კლინიკაში ახალი კორონავირუსული დაავადების მართვის კომპონენტით (covid-19), დიაგნოზით: ... - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება. 2020 წლის 8 აპრილის 15:00 საათზე განხორციელდა პაციენტის რეფერალი სსიპ „თ...ში“, სადაც ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობის კურსი (...-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობა); 2. პაციენტ ნ. ს-ას კი 2020 წლის 16 მაისის 13:00-დან 2020 წლის 18 მაისის 12:00-მდე ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ... დიაგნოზით: ... დაუზუსტებელი. სამედიცინო დოკუმენტების ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ 2020 წლის 27 მაისს, 11:22 საათზე განხორციელდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია შპს „გ...ში“, დიაგნოზით ...; 3. პაციენტ ი. ს-ის (1 თვის და 3 კვირის) 2020 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 3 იანვრამდე ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ... დიაგნოზით ... უკმარისობა. კლინიკიდან გაეწერა „სტაბილიზაციით“. 2020 წლის 17 იანვარს, 14 დღის შემდეგ, პაციენტმა კვლავ მიმართა იმავე კლინიკას, იმავე დიაგნოზით. სადავო აქტებით მკურნალობის მითითებული ეპიზოდები ჩაითვალა ერთ უწყვეტ პროგრამულ შემთხვევად. შესაბამისად, მათ, №36 დადგენილების დანართი №1-ის 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განესაზღვრათ სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

საკასაციო სასამართლო, დასახელებული სამედიცინო შემთხვევების შეფასების თვალსაზრისით, მიუთითებს №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ამასთან, ა) არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის მეორე დაწესებულებაში გადაყვანისას დამდგარი მკურნალობის ეპიზოდის ან მეორე დაწესებულებაში იმავე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე დადგენილების შესაბამისად, ხოლო მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება; ბ) არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის იმავე დაწესებულებაში იმავე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ასევე მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომელმაც არ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია სამედიცინო მომსახურების ორი ეპიზოდის ერთ უწყვეტ შემთხვევად განხილვასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ პაციენტების რეჰოსპიტალიზაცია გამოწვეული იყო არასწორად ჩატარებული მკურნალობით. მით უფრო მაშინ, როდესაც პაციენტები: ჯ. ა-ი, ნ. ს-ა და ი. ს-ი სტაციონარიდან გაეწერნენ „სტაბილიზაციით“, ხოლო მათი სხვა კლინიკაში მოთავსება განხორციელდა გარკვეული პერიოდის შემდეგ, სულ სხვა დიაგნოზით. დამატებით აღსანიშნავია, რომ პაციენტების - ჯ. ა-ისა და ნ. ს-ასთვის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული მომსახურების პროგრამული კოდი (დიაგნოზი) არ არის შპს „ა...ს“ მიერ წარდგენილი პროგრამული კოდის იდენტური, ხოლო ი. ს-ის შემთხვევაში - მხოლოდ განმეორებითი მიმართვიანობის ფაქტის არსებობა უპირობოდ არ წარმოადგენს უკვე გაწეული მომსახურების არაჯეროვნად/არასრულად მიჩნევისა და ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.

რაც შეეხება პაციენტებს: 4. ი. რ-ეს, 5. ა. დ-ეს, 6. ა. ქ-ას, 7. ნ. ა-ისა და 8. რ. ბ-ის, მათ კლინიკაში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ფარგლებში ჩაუტარდათ მკურნალობა, შემდეგი პროგრამული კოდით: ... კოდი ... - ... ეფექტი, ... ეფექტი (არ იგულისხმება ... ან ...ის მდგომარეობა, ..., ... ინტოქსიკაცია). პროგრამის განმახორციელებლის მიერ დაკორექტირდა ზემოაღნიშნული სამედიცინო შემთხვევები, ვინაიდან I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა მომსახურების ფარგლებში ... კოდით ... (არ იგულისხმება ... ან ...ის მდგომარეობა, ..., ... ინტოქსიკაცია) განიხილება არაპროგრამულად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ №36 დადგენილების დანართი №1.2-ის I დონის ინტენსიური მკურნალობა / მოვლის დაზუსტების ცხრილის 65-ე გრაფის თანახმად (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), ანაზღაურებას ექვემდებარება პროგრამული კოდი ... (T37-T64, W57, W59). ჯანდაცვის სამედიცინო კლასიფიკატორების მოდულის მიხედვით (https://classifications.moh.gov.ge/ Classifications/Pages/ViewICD10.aspx), ... კოდი განმარტებულია როგორც, ეთანოლის ტოქსიური ეფექტი, ... ეფექტი. ასევე, განმარტება შეიცავს შენიშვნას, რომლის მიხედვითაც, ... კოდის ქვეშ არ იგულისხმება ... ან ...ის მდგომარეობა (...), ... (...), ... ინტოქსიკაცია (...).

აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით კასატორი მიუთითებს ... კოდზე და მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ...ს ან ...ის მდგომარეობას/ ...ს/... ინტოქსიკაციას, თუმცა, საკასაციო პალატის შეფასებით, სადავო აქტები არ შეიცავს მითითებას, თუ რა გარემოებების, მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია მოპასუხემ, რომ ადგილი ჰქონდა ... კოდით გამონაკლისებს (...). ამასთან, სადავო გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები სააგენტოს მიერ არ არის წარმოდგენილი. გასათვალისწინებელია, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის - ექიმი ხ. ე-ეის განმარტებით, ალკოჰოლური სასმელი, მათ შორის, არაყი, შეიცავს ეთანოლს. შესაბამისად, სადავო აქტებში დასკვნები მითითებულია დაუსაბუთებლად, შესაბამისი არგუმენტირებული მსჯელობის, მტკიცებულებების გარეშე, რაც ასევე ადასტურებს მითითებულ სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათ მომწესრიგებელი სამართლებრივი დანაწესების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები არ არის საკმარისად დასაბუთებული და მათში არ არის ნათლად განმარტებული უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. სადავო გადაწყვეტილებებში ზოგადად არის აღნიშნული, რომ შემთხვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს, თუმცა გაურკვეველია, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ის გარემოებების, რომ ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში კლინიკაში ხელმეორედ რეჰოსპიტალიზაცია გამოწვეული იყო არასწორი მკურნალობით, ხოლო ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, სამედიცინო შემთხვევა უნდა მიწოდებულიყო ალკოჰოლური ინტოქსიკაციის კოდით (...) და არა ეთანოლის სპირტის ეფექტის კოდით (...). საკასაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ამ მიმართებით საქმის გარემოებების დადგენა და მათი შეფასება არ მომხდარა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილშიც გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება. სადავო აქტების გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლით მიმდინარეობის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტების გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული კი წარმოადგენს გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოს მიერ განხორციელება, ადმინისტრაციული წარმოების სრული ჩანაცვლება. ამდენად, სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

რაც შეეხება სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.11.2021წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2023 წლის 26 დეკემბერს №36646 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე