Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1297(კ-23) 16 სექტემბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. ხ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ხ-ამ 2018 წლის 13 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი კ. ხ-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 ოქტომბრის N4716 ბრძანება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს კ. ხ-ა აღიაროს ზუგდიდი, სოფელი ..., ...-ე ქუჩა, N..., კორპუსი N2, 1- ლი სართული, მე-2 სადარბაზო, ბინა N...-ში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ და 56.84 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გადაეცეს საკუთრებაში.

სარჩელში მითითებულია, რომ კ. ხ-ა 2000 წლიდან ცხოვრობს ზუგდიდში, სოფელი ..., ...-ე ქუჩა, N..., კორპუსი N..., .. სართული, მე-... სადარბაზო, ბინა N...-ში მდებარე საცხოვრებელ (იზოლირებულ) ფართობში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ არ იქნა წარდგენილი არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი. მოსარჩელის აღნიშვნით, არ ეთანხმება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას, რადგან არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით კ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კ. ხ-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 ოქტომბრის N4716 ბრძანება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ. ხ-ას 2018 წლის 5 ოქტომბრის N14342/02 განცხადებასთან დაკავშირებით; აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე სამართლებრივად დაუსაბუთებელია, ვინაიდან: კ. ხ-ას მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების მოთხოვნებს, კერძოდ: დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

კასატორმა განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციები არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N6189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" და "ვ" ქვეპუნქტების თანახმად, მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი. დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობის გამო, ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით, რომლის თანახმად "თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ" და სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 ოქტომბრის N4716 ბრძანების კანონიერების შემოწმება, რომლის თანახმადაც კ. ხ-ას უარი ეთქვა არაპრივატიზებული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

კ. ხ-ამ 2018 წლის 05 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, რომელშიც მიუთითა, რომ 2002 წლიდან დღემდე (05.10.2018წ.) თვითნებურად ფლობს და სარგებლობს საცხოვრებელ ბინას, მდებარე: ზუგდიდი, სოფელი ..., ...-ე ქუჩა, N..., კორპუსი N..., .. სართული, მე-... სადარბაზო, ბინა N..., საცხოვრებელი ფართი 56.84 კვ.მ. განმცხადებელმა მოითხოვა მითითებული საცხოვრებელი ბინის დარეგისტრირება. განცხადებას დაურთო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შიდა აზომვითი ნახაზი, ცნობა-დახასიათება, უძრავი ნივთის საკუთრების უფლება, ნოტარიულად დამოწმებული განცხადება. განცხადებაზე დართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ..ში მცხოვრებ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების თანახმად კ. ხ-ა 2002 წლიდან თვითნებურად ფლობს და სარგებლობს საცხოვრებელ ბინას მდებარე: ზუგდიდი, სოფელი .., ..ს ქუჩა, სახლი N.., .. სართული, მე-.. სადარბაზო, ბინა N..., საცხოვრებელი ფართი 56.84 კვ.მ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 აგვისტოს N.. მიმართვით, უძრავ ნივთზე, მდებარე: ზუგდიდი, სოფელი ..., ...-ე ქუჩა, N..., კორპუსი N1 და N2 (მიწის საკადასტრო კოდი:...) ბინა N..-ზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 ოქტომბრის N4716 ბრძანებით, კ. ხ-ას უარი ეთქვა ზუგდიდში, სოფელი ..., ...-ე ქუჩა, N..., კორპუსი N2, .. სართული, მე-.. სადარბაზო, ბინა N...-ში არსებული 56.84 კვ.მ. საცხოვრებელი (იზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე.

საკასაციო სასამართლო მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ 1.1. მუხლით, რომლის შესაბამისად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 02 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. იმავე დადგენილების მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულაციურად არსებობა, კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის მითითებული სრულად მთავრობის დადგენილებაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელია აღნიშნული სახის დოკუმენტების ამომწურავი ჩამონათვალის განსაზღვრა, შესაბამისად, უფლებამოსილმა ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერი სარგებლობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არა მარტო ისეთი კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტით, როგორიცაა საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ - სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც, რომლებიც ადასტურებს საცხოვრებელი ფართის მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემას.

ზემოთ მოყვანილი საკანონმდებლო დანაწესი და კანონმდებლის მიერ არასრული ჩამონათვალის მითითება განპირობებულია სწორედ მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკით, კერძოდ, გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ უშუალოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სიძველის გამო, შესაძლოა, არ იყოს შემონახული საარქივო დოკუმენტაციაში, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი შეეხება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლების - საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს, ნორმატიული მოწესრიგება შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს, საკუთრებაში გადაცემა განახორციელოს არა მხოლოდ ორდერის, არამედ სხვა დოკუმენტების საფუძველზეც, რაც ადასტურებს კანონიერ სარგებლობაში საცხოვრებელი ფართის გადაცემას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში და უნდა დადგინდეს, ქმნის თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძვლებს საკუთრებაში გადაცემისთვის. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებასთან ერთად გამოკვლეული უნდა იქნეს თავად საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ფაქტი.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ Nბს-1896- 1849(კ-10) და Nბს-1227-1213(კ-11) გადაწყვეტილებებში განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე. ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუპოვებია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც სადავო აქტის კანონიერებას დაასაბუთებდა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მნიშვნელოვანია სწორედ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და მათი შეფასება, რაც საკითხის გადაწყვეტის საფუძველი უნდა გახდეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებამ არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულოობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. ამასთან, დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენისა და აქტის გაუქმების საფუძველს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა არაპრივატიზებულ არასაცხოვრებელ ფართობზე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, თუმცა კონკრეტულად დამატებით რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს მხარემ, რაც შესაძლოა მიჩნეული იქნეს საცხოვრებელი ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად, აღნიშნულზე გასაჩივრებულ აქტში მითითებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მითითებით მან სადავო უძრავი ქონება მიიღო ფაბრიკიდან, საიდანაც მას მიეწოდებოდა ელექტროენერგია და წყალი, ხოლო შესაბამისი ხარჯი ხელფასიდან ექვითებოდა. მოსარჩელის განმარტებით, მას ბინა გადასცეს დაახლოებით 1981-82 წლებში, ხოლო დოკუმენტები არ აქვს იმ მიზეზით, რომ არქივი დაიწვა.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ არის გამოკვლეული/დასაბუთებული სადავო აქტის გამოცემის საფუძველი და მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია, აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას და შეფასებას კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის. ამრიგად, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. სწორედ ამიტომ, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და შეფასებას, რაც სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე საკითხის არსებითად გადაწყვეტას გამორიცხავდა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე