Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1306(2კ-23) 16 სექტემბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ქ. ბ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ბ-ემ 2022 წლის 16 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და ამავე სამსახურის 2022 წლის 23 თებერვლის №5819321 გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 20 აპრილის №345 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე II კლასის მახასიათებლების მქონე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 თებერვლის №5819321 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 20 აპრილის №345 ბრძანება; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება ქ. ბ-ეის განცხადება №AR1880100 და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მოხდება II კლასის მახასიათებლების მქონე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, „სამსახურის ფუნქციებია: ა) არქიტექტურული პროცესების მართვა დადგენილი წესით სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მიწის ნაკვეთის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა; ნ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზება.“ ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, სამსახურს კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და მიწის ნაკვეთის კონკრეტული ფორმით განვითარების მიზანშეწონილობის საკითხი არსებული განაშენიანების, ჩამოყალიბებული ურბანული გარემოს, მოქმედი ფუნქციური ზონისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების მოქმედ კანონმდებლობასთან კომპლექსური ანალიზის საფუძველზე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებასთან მიმართებაში, სამსახური იკვლევს და აფასებს ფაქტობრივად, რა ტიპის განაშენიანებაა ჩამოყალიბებული მიმდებარე ტერიტორიაზე, განაშენიანებიდან და ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, რამდენად არსებობს მიწის ნაკვეთის საპროექტო სამუშაოებით გათვალისწინებული ფორმით სამშენებლოდ განვითარების რესურსი, ხომ არ გამოიწვევს დაგეგმილი მშენებლობა მიმდებარე განაშენიანებაში არსებითი ხასიათის ცვლილებას ან მიმდებარე განაშენიანების გაუარესებას და სხვა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, როგორც, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარებაზე უფლებამოსილი ორგანო, ვალდებულია, შეაფასოს და გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას საფრთხე არ შეუქმნას ტერიტორიის რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებასა დედაქალაქის სამომავლო განვითარებას. აღნიშნულის გათვალისწინება კი, იმ პირობებში როდესაც მიწის ნაკვეთზე ერთდროულად უნდა მოხდეს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით სამშენებლო პირობების დადგენა შეუძლებელია.

კასატორები დამატებით აღნიშნავენ, რომ ერთი მხრივ, სახეზეა კონკრეტული დაინტერესებული მხარის, ინტერესი No... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მოხდეს II კლასის მახასიათებლების მქონე 6 (ექვსი) ინდივიდუალური ერთ ბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, ხოლო მეორე მხრივ საჯარო ინტერესს წარმოადგენს ტერიტორიის რაციონალურად, სწორად და ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა. ასევე, სრულიად გაურკვეველია სასამართლოს მსჯელობა - რატომ არის კერძო ინტერესი დაცვის მეტი ღირსი სიკეთე და რატომ ჩათვალა სასამართლომ რომ მესაკუთრეს შეეზღუდა თავისი საკუთრებით სარგებლობის უფლება, რადგან მოცემულ შემთხვევაში ხდება არა მიწის ნაკვეთის ზოგადად სამშენებლო განვითარების აკრძალვა, არამედ განაშენიანების მისადაგება საჯარო ინტერესთან, რაც აუცილებელია საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსებისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული აქტები კანონიერია, რადგან ისინი მიღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებისა და სამართლიანი ბალანსის დაცვით მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქ. ბ-ეისთვის თბილისში, ...ს ქუჩა №32-ის/ ქ. თბილისი, ქუჩა ... №...-ის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ. ბ-ეის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ის/ ქ. თბილისი, ქუჩა ... №...-ის მიმდებარედ 1314.00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი №1, N2, №3, საკადასტრო კოდი: .... 2022 წლის 23 თებერვლის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №5819321 გადაწყვეტილებით ქ. ბ-ეს №AR1880100 განცხადებაზე ეთქვა უარი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №.../ ქ. თბილისი, ქუჩა ... №...-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: ..., 1314.00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე, კერძოდ, II კლასის საცხოვრებელი ობიექტის ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსებაზე.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. სამსახურმა მისი უფლებამოსილების გათვალისწინებით მიზანშეწონილად არ მიიჩნია ნაკვეთის ერთობლივად განვითარება 6 (ექვსი) ცალკე მდგომი მეორე კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსებით და ჩათვალა, რომ საჭირო იყო გამიჯნულიყო მიწის ნაკვეთები და თითოეული სახლისათვის ცალ-ცალკე ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განხორციელებულიყო კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გამიჯნული ნაკვეთების შემდგომ მიემართა სამსახურისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის კუთხით.

2022 წლის 2 მარტს ქ. ბ-ეის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 თებერვლის №5819321 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 20 აპრილის №345 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ქ. ბ-ეის წარმომადგენელის 2022 წლის 2 მარტის №19/01220613837- 10 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 თებერვლის №5819321 გადაწყვეტილება.

,,მწვანე ნარგავების (მერქნიანი მცენარეების) სახეობრივი მდგომარეობისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ’’ 2021 წლის 21 სექტემბრის N123 დასკვნის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N...-ის და ...ს ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, (საკადასტრო კოდი: ...) ფართობით 1314.00 მ2, მესაკუთრე ქ. ბ-ე, შემოწმდა მწვანე ნარგავების სახეობრივი მდგომარეობა და გაკეთდა მათი ხარისხობრივი შეფასება. სულ ტერიტორიაზე განლაგებულია 85 ძირი ფოთლოვანი მწვანე ნარგავი, მათ შორის, 66 ძირი ხილ-კენკროვანი.

საკასაციო სასამართლო მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სამსახურის ფუნქციაა არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა. ასევე, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს: კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, გასცეს ნებართვები.

სამშენებლო სამუშაოების ნებართვის გაცემისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოხდეს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე, საჯარო და კერძო პირთა ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. პალატა მიუთითებს, რომ მშენებლობის განხორციელება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქალაქის იერსახეზე, არამედ გავლენას ახდენს უსაფრთხო გარემოს არსებობაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ‘’ა’’, ‘’ბ’’, ‘’თ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, ამ კოდექსის ამოცანებია საქართველოს მთელი ტერიტორიისა და მისი ნაწილების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგება საჯარო ინტერესებისა და კერძო ინტერესების შეჯერების საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების მეშვეობით; ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის ღირსეული გარემოს შექმნა, სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოს, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების გამარტივებითა და მშენებლობის ზედამხედველობის ეფექტიანობის ამაღლებით სტაბილური საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 თებერვლის №5819321 გადაწყვეტილებით №AR1880100 განცხადება არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ სამსახურმა მისი უფლებამოსილების გათვალისწინებით მიზანშეწონილად არ მიიჩნია ნაკვეთის ერთობლივად განვითარება 6 (ექვსი) ცალკე მდგომი მეორე კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსებით და ჩათვალა, რომ საჭირო იყო გამიჯნულიყო მიწის ნაკვეთები და თითოეული სახლისათვის ცალ-ცალკე ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განხორციელებულიყო კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გამიჯნული ნაკვეთების შემდგომ მიემართა სამსახურისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის კუთხით.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისი ...ს ქუჩა N...-ის მიმდებარედ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის შეზღუდვა. ამასთან, გასაჩივრებულ აქტებში არ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებები და არგუმენტები უდევს საფუძვლად სამსახურის მოსაზრებას ტერიტორიის გამიჯვნასთან დაკავშირებით. ''ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ'' (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).

საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადასტურებული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და დასაბუთებული ის გარემოება, რატომ არის შეუძლებელი მოსარჩელე მხარემ საპროექტო წინადადების შესაბამისად მოახდინოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება, მით უფრო იმ პირობებში როდესაც აქტი არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას რაიმე შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება;

3. კასატორს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) დაუბრუნდეს 2023 წლის 15 დეკემბერს №02146 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე