Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1312(კ-23) 19 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - რ. შ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

რ. შ-ამ 2018 წლის 14 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. 1996 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში თვითნებურად შემოღობა მიწის ნაკვეთი, რომელიც გაწმინდა საკუთარი სახსრებით, დარგო ხე-მცენარეები და მის საკუთრებაში რეგისტრირებულ სამ ნაკვეთთან (ს.კ. ..., ს.კ. ..., ს.კ. ...) ერთიან მიჯნაში მოაქცია. მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე 9 380 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში აღმოჩნდა სახელმწიფო საკუთრებისა და ლ. ღ-ას, ხ. ღ-ას, ჰ. ღ-ასა და მ. ო-ას უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებთან. მოსარჩელემ სადავოდ გახადა ფიზიკური პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციები და მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული რეგისტრაციების გაუქმებით, იგი შეძლებდა მის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

მოსარჩელემ, ქ. ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე 2 230 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით ლ. ღ-ას, ხ. ღ-ას და ჰ. ღ-ას თანასაკუთრებად (ს/კ:...) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 ივნისის №... და ქ. ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე 2 191 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით მ. ო-ას საკუთრებად (ს/კ:...) რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ 2018 წლის 22 მარტის №... და „საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2018 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მარეგისტრირებელ ორგანოსათვის ქ. ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე 9 380 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2023 წლის 31 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. ღ-ა, ხ. ღ-ა, ჰ. ღ-ა, მ. ო-ა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის პირველი თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. შ-ამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით რ. შ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის პირველი თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. შ-ამ.

კასატორი - რ. შ-ა მიიჩნევს, რომ ისევე როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ასევე სასამართლოების მიერ, არ მომხდარა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ლ. ღ-ას, ხ. ღ-ას, ჰ. ღ-ას და მ. ო-ას არ გააჩნდათ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც ქმნიდა მათ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების გაუქმების საფუძველს.

კასატორი მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მ. ო-ას კომლის არსებობა, მაშინ როცა, მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი სწორედ კომლის ჩანაწერები გახდა. საქმეში წარმოდგენილია 02.08.2022 წლის №... ცნობა, რომლის თანახმად 1986-1990; 1996-2000 და 2001-2005 წლების საკომლო წინებში მ. ჟ.-ს ძე ო-ას კომლი არ ფიქსირდება. ამასთან კასატორი მითითებით, მ. ო-ასათვის მიწის ნაკვეთი არ არის გამოყოფილი რ. შ-ას მეზობლად, რასაც ადასტურებს 28.12.1998 წლის №89 და 90 მიღება-ჩაბარების აქტები და მასში მოცემულ ნახაზი.

ამასთანავე, სასამართლო არ დაინტერესებულა და არ გამოუკვლევია რა დოკუმენტი გახდა 2001 წელს ლ. ღ-ას კომლის საკუთრების უფლების წარმოშობის და შემდგომში სააღრიცხვო ბარათისა და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფუძველი, იმ პირობებში, როცა სააღრიცხვო ბარათისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საკომლო სია №..., თუმცა საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის მიერ გაცემული №... ცნობის შესაბამისად, საჯარო რეესტრში საკომლო სია №... არ ინახება. აქედან გამომდინარე, არ არსებობს დოკუმენტი რომელიც ლ. ღ-ას კომლის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი გახდა. ამასთან, სააღრიცხვო ბარათის თანახმად ლ. ღ-ას ოჯახს მიწა სოფელ ...ში გამოეყო, 2011 წლის რეგისტრაციის დროს კი მიწის ნაკვეთი სოფ. ...ში დაირეგისტრირა.

ამასთან, კასატორის შეფასებით, მესამე პირებზე განხორციელებული 2011 წლის დაზუსტებული რეგისტრაციის კანონიერების შემოწმების დროს სასამართლო ვალდებული იყო შეემოწმებინა მათ სახელზე განხორციელებული პირველადი - 2001 წლის რეგისტრაციის კანონიერებაც.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოითხოვა საქმის განმხილველი მოსამართლის აცილება, რაც სრულიად უსამართლოდ არ დაკმაყოფილდა, ამასთანავე, სასამართლომ მხარეს არ მისცა საშუალება მოწმეთა დაკითხვის გზით დაედასტურებინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-105 მუხლებით გათვალისწინებული დანაწესი და დისპოზიციურობის პრინციპი. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ შეუფასებია აღნიშნული დარღვევები, ამდენად კასატორი ითხოვს, გაუქმდეს საოქმო განჩინებები აცილებაზე და მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ და მოწმის სახით დაიკითხონ მის მიერ მითითებული პირები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. შ-ას საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივი შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს 1999 წლის 24 დეკემბრის N21 გადაწყვეტილებით, გაუვარგისებული და გამეჩხერებული ყოფილი ...ს ტერიტორიაზე ...ის მიმდებარედ, სხვა პირებთან ერთად, რ. შ-ას და რ. შ-ას გამოეყოთ 0,25-0,25 ჰა, ხოლო მ. ო-ას 0,2 ჰა მიწის ნაკვეთები. მიწის რეფორმის კომისიას დაევალა მიწის ფართობების მიზომვა.

1998 წლის 28 დეკემბერს გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N89 აქტი, რომლის შესაბამისად, ქ. სოხუმში მცხოვრებ რ. შ-ას ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, ...ს საკრებულოს 1999 წლის 24 დეკემბრის N21 დადგენილების საფუძველზე, ერთ ნაკვეთად გამოეყო 0,33 ჰა მიწის ნაკვეთი. მოსაზღვრეებად მითითებულია: ჩრდილოეთით - თავისი ნაკვეთი, სამხრეთით - თავისი ნაკვეთი, აღმოსავლეთით - რ. შ-ა, დასავლეთით - ასფალტის გზა.

2011 წლის 10 თებერვალს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, 3 149 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დარეგისტრირდა რ. და რა. შ-აების საკუთრებად, ს/კ: ... (წინა კოდი: ...). საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საკომლო სია N565, 2009 წლის 25 მარტის N219 საარქივო ცნობა. მითითებული უძრავი ქონება 2011 წლის 04 მაისს სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე, დარეგისტრირდა რ. შ-ას საკუთრებად, ს/კ: ... (წინა კოდი: ...).

2011 წლის 10 თებერვალს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, 3 311 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დარეგისტრირდა რ. შ-ას საკუთრებად, ს/კ: ... (წინა კოდი: ...). საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საკომლო სია N....

2012 წლის 10 იანვარს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, 3 077 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დარეგისტრირდა რ. შ-ას საკუთრებად, ს/კ: .... საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის N676 საკუთრების უფლების მოწმობა.

ამდენად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, რ. შ-ას საკუთრებად საერთო ჯამში რეგისტრირებულია 9 537 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათებში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციისას მიწის ნაკვეთების მდებარეობად მითითებულია ზუგდიდი, სოფელი ... (სექტორი), ხოლო დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციისას, მითითებული უძრავი ნივთები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის სარეგისტრაციო სექტორში მოექცა.

2017 წლის 30 ოქტომბერს რ. შ-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე 9 380 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი. განმცხადებელმა თანხმობა განაცხადა დოკუმენტების აღიარების კომისიაში გადაგზავნაზე, ასევე, მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნაზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 09 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით რ. შ-ას ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი, 2016 წლის 20 სექტემბერს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის ციფრული ვერსია არ შეესაბამებოდა ქაღალდის ვერსიას.

2017 წლის 06 დეკემბერს, დაინტერესებულმა პირმა წარადგინა საკადასტრო- აზომვითი ნახაზის კორექტირებული ელ. ვერსია.

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და სახელმწიფოს (ს/კ:...), ასევე, მ. ო-ას (ს/კ:...), ლ. ღ-ას, ჰ. ღ-ას ხ. ღ-ას (ს/კ:...) საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო იყო კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისმა და 2018 წლის 12 იანვარს და 2018 წლის 5 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილეები სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებებით მხარეებს ეცნობათ, რომ დავის მოგვარების მიზნით სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი, ნოტარიუსი ლ. ა-ა და დაინიშნა მედიაციის შეხვედრა.

2018 წლის 19 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ნოტარიუს ლ. ა-ას 19.02.2018 წლის ოქმის თანახმად, მხარეთა შორის მედიაცია შეწყდა. „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 30 კალენდარული დღე. მხარეს ასევე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის ვადაში მედიაციის პროცესის შეწყვეტისა და წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის (ინფორმაციის) წარუდგენლობის საფუძვლით.

მოსარჩელემ 2018 წლის 20 აპრილის №230778/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (22.03.2018) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია.

2018 წლის 29 იანვარს და 19 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, დაინიშნა შეხვედრები მედიატორ ნოტარიუს ლ. ა-ასთან. მედიაცია შეწყდა დანიშნულ შეხვედრებზე მხარეთა/მხარის გამოუცხადებლობის გამო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის N2... გადაწყვეტილებით, რ. შ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

„საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის მათ შორის, უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის მიზნით, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირი ვალდებულია რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, მათ შორის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის მიზნით სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინოს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტი. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე მუხლის ,,ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მოცემული დავის ფარგლებში ითხოვს დაზუსტებული მონაცემებით მ. ო-ას საკუთრების უფლების, ასევე, ლ. ღ-ას, ხ. ღ-ასა და ჰ. ღ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. მოსარჩელის მითითებით, მესამე პირებს სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ, შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთები მათ არ ეკუთვნით. მოსარჩელის განმარტებით, იგი ჯერ კიდევ 1996 წლიდან ფლობს სადავო მიწის ნაკვეთებს მის საკუთრებაში რეგისტრირებულ სამ ნაკვეთთან - ს.კ...., ს.კ...., ს.კ. ... ერთად და ზემოაღნიშნული რეგისტრაციების გაუქმებით, იგი შეძლებს თვინთებურად დაკავებული-მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა საკუთრების უფლების განსაზღვრისთვის, აუცილებელია მხარეთა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და სადავო რეგისტრაციების განხორციელების საფუძვლების შესწავლა და ურთიერთშედარება.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 17 ივნისს, ლ. ღ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, ზუგდიდში, სოფელ ...ში (ზონა - ზუგდიდი, სექტორი - ...) მდებარე 2 230 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, პირადობის, მომსახურების საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტები, უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საკომლო წიგნიდან ამონაწერი. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეებად მითითებულია მ. ო-ა და სახელმწიფო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2011 წლის 17 ივნისის №157 ცნობით ირკვევა, რომ ლ. ღ-ა ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში და მისი ოჯახი შედგება თავად ლ. ღ-ას, მამის - ხ. ღ-ასა და ძმის ჰ. ღ-ასაგან.

მარეგისტრირებელი ორგანოს 2011 წლის 23 ივნისის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე 2 230 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა ლ. ღ-ას, ხ. ღ-ას და ჰ. ღ-ას თანასაკუთრების უფლება - ს/კ: ....

2011 წლის 22 ივნისს მ. ო-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, ზუგდიდში, სოფელ ...ში (ზონა - ზუგდიდი, სექტორი - ...) მდებარე 2 190 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომსახურების საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი, უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეებად მითითებულია ლ.ღ-ა და სახელმწიფო. რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილებით,დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე 2 191 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა მ. ო-ას საკუთრების უფლება - ს/კ:... (ნაკვეთის წინა კოდი:...).

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ ლ. ღ-ასა და მ. ო-ას საკუთრების პირველადი რეგისტრაციის მონაცემებით (მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებით) მიწის ნაკვეთები: 023 (მ.ო-ას), 024 (ლ.ღ-ას), 025 (რ. შ-ას) და 026 (რ. შ-ა, რა. შ-ა) ერთმანეთის გვერდით მდებარეობს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ს/კ: ... და ს/კ: ... რეგისტრირებული უძრავი ნივთები, რ. შ-ას საკუთრების უფლებით უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარეობს, როგორც ეს მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებშია აღნიშნული და მესამე პირთა სახელზე განხორციელებული დაზუსტებული სახით განხორციელებული რეგისტრაციები არ იწვევს რ. შ-ას საკუთრების უფლების შელახვას. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსარჩელეს დაზუსტებული მონაცემებით ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, საერთო ჯამში რეგისტრირებული აქვს 9 537 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კერძოდ, 3 311 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკომლო სია № ...-ის, 3 149 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რ. და რა. შ-აების სამკვიდრო მოწმობების და 3 077 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №676 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, ხოლო საკადასტრო მონაცემებს შორის არსებული ზედდება დაფიქსირდა მას შემდეგ, როცა მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა ქ.ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე 9 380 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

ამდენად, საფუძვლიანია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ შესაძლოა რ. შ-ას შემოღობილი ჰქონდა და უვლიდა სადავო ნაკვეთებს, თუმცა აღნიშნული მიწის ნაკვეთები ირიცხებოდა მესამე პირთა საკუთრებაში, რაც იმთავითვე გამორიცხავდა რ. შ-ას საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას ამ ქონებებზე. მესამე პირთა წარმომადგენლის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გაკეთებული განმარტების თანახმად, რ. შ-ამ შემოღობა მესამე პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, იგი არ აძლევდა მათ საშუალებას გამოეყენებინათ ისინი თავიანთი საჭიროებებისთვის.

ამასთან აღსანიშნავია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სადავოდ არაა გამხდარი ქ.ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე დაუზუსტებელი ფართობით 0,223 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს/კ: ..., ლ. ღ-ას ოჯახის სახელზე რეგისტრაციისა და აღნიშნული რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონიერება, ანალოგიურად, ქ. ზუგდიდში, სოფელ ...ში მდებარე დაუზუსტებელი ფართობით 0,219 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს/კ: ..., არც მ. ო-ას ოჯახის სახელზე რეგისტრაციისა და აღნიშნული რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონიერება, რაც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული დოკუმენტების/რეგისტრაციების კანონიერებაზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება... რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურებს იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას (სუსგ Nბს-585-572(4კ-14), 30.04.2015 წ.)

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. ამავე კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ მოსარჩელემ (კასატორმა) ვერ უზრუნველყო სადავო საკუთრების უფლების რეგისტრაციების უკანონობის დასაბუთება. შესაბამისად, არსებობდა, საკადასტრო მონაცემების ზედდების საფუძვლით, კასატორის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოების შეჩერების, ხოლო შეჩერების საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის წინაპირობები. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის და სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას მოწმეთა დაკითხვისა და აცილების შესახებ შუამდგომლობების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა აცილების საფუძვლების არსებობა, რაზედაც არსებითად იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ. ამასთანავე, არ არსებობდა მოსარჩელის მიერ დასახელებული პირების მოწმედ მოწვევის აუცილებლობა, ვინაიდან, სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც იძლეოდა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად დადგენისა და სადავო საკითხის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე უსაფუძვლოა კასატორის შუამდგომლობა საქმის საკასაციო წესით განხილვის პირობებში, მოწმეთა დაკითხვის თაობაზე და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დაადგინა:

1. რ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინება.

3. ლ. ბ-ეს (...) დაუბრუნდეს რ. შ-ას საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 20 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ.გოგიაშვილი

ქ.ცინცაძე

ნ.სხირტლაძე