Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-51(კ-24) 20 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე ((მოსარჩელე) - ნ.ბ-ი, (მესამე პირები) - მ.გ-ა, ნ.ლ-ი);

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 26 ივლისს მოსარჩელე ნ.ბ-მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

მცხეთის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივლისის განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ.ლ-ი და მ.გ-ა. ამავე სასამართლოს 2019 წლის 27 ივლისის განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე აეკრძალა ...ში, სოფელ ...ში, ...ში მდებარე მ.გ-ას საკუთრებაში არსებულ N... და N... საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის N... გადაწყვეტილება, 2019 წლის 14 მაისის N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 ივლისის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 2019 წლის 11 ივლისის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 24 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება ნ.ლ-ის სახელზე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების ნ.ლ-ის და მ.გ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და განმარტა, რომ რამდენადაც უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციის დაშვების შესაძლებლობას, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა უფლებამოსილება ზედდების აღმოჩენისას განესაზღვრა დამატებითი დრო კორექტირებული ნახაზის წარმოსადგენად და შესაბამისად, დოკუმენტის წარმოსადგენად განსაზღვრულ ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის მოტივით შეეწყვიტა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადსაღებად მიიჩნია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის N003528019 დასკვნა და ვერ გაიზიარა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ის განმარტება, რომ დასახელებული დოკუმენტებით ცალსახად არ დგინდება სადავო მიწის ნაკვეთთა ზუსტი მდებარეობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ მიღება - ჩაბარების აქტებზე კოორდინატები განსაზღვრულია ხელით, ციფრული პროგრამის გარეშე. პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა მოსარჩელისა და მესამე პირის ნაკვეთებთან დაკავშირებით სადავო აქტების გამოცემამდე. მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც სადავო საკითხისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ამავე სააგენტოს N... გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილი, 178-ე, 182-ე მუხლები და განმარტა, რომ იმ პირობებში როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მარეგისტრირებელი ორგანოს 2013 წლის 24 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება, რომლითაც დაზუსტდა ...ის რაიონში, სოფელ ...ში (...) მდებარე სადავო სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მქონე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობი და საზღვრები, მართებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის N..., 2019 წლის 14 მაისის N..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 ივლისის N... და 2019 წლის 11 ივლისის N... გადაწყვეტილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა.

პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივლისის N... გადაწყვეტილების ნაწილშიც და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არ არის მიჩნეული ზემოთდასახელებული აქტები, უკანონოა ასევე იმავე საკითხზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილებაც, რომელიც თავის მხრივ მანამდე არსებულ ადმინისტრაციულ წარმოებას კანონიერად მიიჩნევს. ასევე არ იქნა გაზიარებული აპელანტების - მ.გ-ას და ნ.ლ-ის ის განმარტება, რომ გ.ვ-ის სახელზე გაცემული 28.04.1996 წლის მიღება - ჩაბარების აქტი არ არის ნამდვილი. სასამართლოს მსჯელობით, დასახელებული დოკუმენტის სიყალბე არ არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით და მხოლოდ მხარის ახსნა - განმარტება, რომ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არის ნამდვილი, არ შეიძლება გახდეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

წარმომადგენელმა დეტალურად მიუთითა ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არ გაითვალისწინა როგორც რეგისტრირებულ მონაცემთა რიგითობა, ასევე მათი სამართლებრივი საფუძვლების გაცემის თარიღები რაც კასატორის მოსაზრებით, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებით გარემოებას წარმოადგენდა. კასატორი მიიჩნევს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, ...ის რაიონის სოფელ ...ში (...) მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მქონე 1 500 კვ.მ (დაუზუსტებელი ფართობი) მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) 1996 წლის 9 თებერვალს გაცემული N158 მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე განხორციელდა ვ,ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია (რეგისტრაციის ნომერი: ...; თარიღი 16/01/2007წ.), ხოლო აღნიშნული მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მესაკუთრეა მ.გ-ა. რაც შეეხება მოსარჩელის მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის თარიღსა და საფუძველს, წარმომადგენლის განმარტებით დადგენილია, რომ ამჟამად ნ.ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ დაუზუსტებელ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) 1996 წლის 28 აპრილს გაცემული მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე თავდაპირველად რეგისტრირებული იყო გ.ვ-ის საკუთრების უფლება (რეგისტრაციის ნომერი: ...; თარიღი 10/08/2007წ.) კასატორი საყურადღებოდ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ვ,ლ-ის სახელზე პირველადი რეგისტრაციის საფუძველი - მიღება - ჩაბარების აქტი გაიცა 1996 წლის 9 თებერვალს, ხოლო გ.ვ-ის პირველადი რეგისტრაციის საფუძველი - მიღება - ჩაბარების აქტი გაცემულია 1996 წლის 28 აპრილს. ამასთან, სააგენტო ყურადღებას ამახვილებს პირველადი რეგისტრაციების განხორციელების თარიღებზეც, კერძოდ, ვ,ლ-ის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის (ს/კ ...) პირველადი რეგისტრაციის განხორციელების თარიღია 16.01.2007წ, ხოლო გ.ვ-ის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თარიღია - 10.08.2007წ.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნის რელევანტურ მტკიცებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. აღნიშნული დასკვნით, ასევე შეუძლებლად მიიჩნევს იმის განსაზღვრას, რომ ნ.ბ-ის მიწის ნაკვეთი მდებარეობს მ.გ-ას საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე. მისივე მსჯელობით, მოსარჩელის მიერ, სააგენტოში წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგინდა ზედდება მ.გ-ას სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, თუმცა, მხოლოდ ზედდების ფაქტის დადგენა ცალსახად არ ნიშნავს, იმ გარემოების დადასტურებას, რომ წარდგენილი ნახაზი სწორი საზღვრების მითითებით არის აზომილი. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი, ხოლო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია _ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი.

საკასაციო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სასამართლოს პოზიციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ სასამართლოსთვის ცნობილი იყო ყველა გარემოების შესახებ. განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება. მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები მიღებულია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ...ის რაიონის სოფ. ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ, 1996 წლის 28 აპრილის მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე, ... სოფ. ... (...) 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი გაცემული იქნა გ.ვ-ის სახელზე. აღნიშნული მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად, მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ვ.ლ-ი, სამხრეთით ქ.ს-ი, აღმოსავლეთით ს.პ-ი, დასავლეთით გზა.

დადგენილია, რომ 2007 წლის 10 აგვისტოს, გ.ვ-მა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა 0.15 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც დაკმაყოფილდა და ..., სოფ. ...ში 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი აღირიცხა გ.ვ-ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ...ის რაიონის სოფ. ...ის მიწის რეფორმის კომისიის 1996 წლის 28 აპრილის მიღება - ჩაბარების აქტი.

2007 წლის 16 აგვისტოს გ.ვ-სა და ნ.ბ-ის შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება 0,15 ჰა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ..., სოფ. ... ,,..“. (ნაკვეთის მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა: ..., კოდი:..., სექტორი: ... კოდი ..., კვარტალი: N.., ნაკვეთი N...).

2007 წლის 16 აგვისტოს ნ.ბ-მა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა 0.15 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რაც დაკმაყოფილდა და ... სოფ. ...ში 0.15 ჰა მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) აღირიცხა ნ.ბ-ის საკუთრება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება.

...ის რაიონის სოფ. ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ, 1996 წლის 09 თებერვლის N158 მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე, ... სოფ. ... 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი გამოეყო ვ,ლ-ის, სამ ნაკვეთად, საიდანაც "...ში" გამოეყო 0,15 ჰა. აღნიშნული მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად, ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა გზა, სამხრეთით გ.დ-ი, აღმოსავლეთით ტყე, დასავლეთით გზა.

2007 წლის 16 იანვარს, ...ის რაიონში, სოფელ ...ში (...) მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მქონე 1500 კვ.მ. (დაუზუსტებელი ფართობი) მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), განხორციელდა ვ,ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ჩუქების ხელშეკრულების (გაფორმების თარიღი: 05/06/2007წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საფუძველზე, 2007 წლის 05 ივლისს, განხორციელდა ნ.ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

2013 წლის 18 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ნ.ლ-მა და მოითხოვა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება და სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ.ლ-ის მოთხოვნა და დაზუსტდა ...ის რაიონში, სოფელ ...ში (...) მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მქონე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობი და საზღვრები და მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: ....

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ივნისის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) ნასყიდობის ხელშეკრულების (გაფორმების თარიღი: 05/06/2018, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საფუძველზე, განხორციელდა მ.გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის №... გადაწყვეტილებით, ...ის რაიონში, სოფელ ...ში (...) მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მქონე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...) დაიყო ორ ნაკვეთად: 700 კვ. მ - ს/კ ... და 800 კვ.მ - ს/კ ....

ნ.ბ-მა 2019 წლის 11 მარტს №... სარეგისტრაციო განცხადებით, მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია ...ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე. განაცხადს დაურთო შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, შედგენილი 2019 წლის 09 მარტს. ნ.ბ-ის პირადი მონაცემების ამსახველი ინფორმაციის ასლი და 11.03.2019 წლით დათარიღებული პირადი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით არის დავა და ზედდების დადგენის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს მედიაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 20 მარტის №... - გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი ზედდებაშია ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ (მესაკუთრე: მ.გ-ა (პირადი ნომერი ...)) უძრავ ნივთებთან, რის გამოც, დაინიშნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება - მედიაცია და მედიატორ ნოტარიუსად არჩეულ იქნა ნ.დ-ი. მედიატორ ნოტარიუსთან/მედიატორთან შეხვედრა დაინიშნა 2019-03-29 12:00-12:30 საათზე, ნ.დ-ის სანოტარო ბიუროში, (მის.: ქ. მცხეთა, ...ის ქუჩა №...).

სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, 2019 წლის 29 მარტს მიღებულ იქნა №... - გადაწყვეტილების ანალოგიური, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... -გადაწყვეტილება.

აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებაზე, 2019 წლის 30 მარტს წარდგენილი იქნა ნოტარიუს ნ.დ-ის ინფორმაცია სანოტარო მედიაციის შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმად, მედიაციაზე გამოცხადდა მხოლოდ ნ.ბ-ი, რის გამოც მედიაცია შეწყდა. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, 2019 წლის 01 აპრილს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება მედიაციის განმეორებით, 2019 წლის 12 აპრილს დანიშვნის თაობაზე.

აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებაზე, 2019 წლის 12 აპრილს წარდგენილი იქნა ნოტარიუს ნ.დ-ის ინფორმაცია სანოტარო მედიაციის შეწყვეტის შესახებ, ნ.ბ-სა, ნ.ლ-სა და მ.გ-ას შორის მორიგების შეუძლებლობის გამო.

სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, 2019 წლის 12 აპრილს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის ვერ შედგა მედიაცია და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაშია ... და ... საკადასტრო კოდებით მ.გ-ას საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, განმცხადებელს განესაზღვრა კანონით დადგენილი ვადა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარსადგენად.

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ, 2019 წლის 14 მაისს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის "ბ" პუნქტის საფუძველზე.

2019 წლის 10 ივნისს, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 14 მაისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ნ.ბ-ის წარმომადგენლის მიერ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 ივლისის №... გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა ნ.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 12 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილებით, საჩივრის ავტორს საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის N003528019 დასკვნის თანახმად, სოფელ ...ში "...ის" ტერიტორიაზე საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდით N... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (მესაკუთრე ნ.ბ-ი) წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დღეის მდგომარეობით მდებარეობს საკადასტრო კოდებით N... და N... რეგისტრირებულ მ.გ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ტერიტორიაზე (წინა მესაკუთრე ვ.ლ-ი). ამავე დასკვნის თანახმად, იმის გამო, რომ 1996 წლის 28 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტის თანდართული ნახაზი გაცემული გ.ვ-ის სახელზე და 1996 წლის 9 თებერვალს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების N158 აქტის თანდართული ნახაზი გაცემული ვ.ლ-ის სახელზე არ არის შესრულებული კოორდინატთა სისტემაში, ნ.ბ-ის მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრების დადგენა შეუძლებელია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის N... და ამავე სააგენტოს 2019 წლის 14 მაისის N... გადაწყვეტილებები, რომლებითაც ნ.ბ-ს განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი საკადასტრო ნახაზის მიხედვით დადგენილი ზედდების გამო მიწის ნაკვეთებთან ... და ... მან უნდა წარადგინოს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ასევე დასახელებული დოკუმენტის წარუდგენლობის გამო შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. სადავოს წარმოადგენს ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ამავე სააგენტოს N... გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. ასევე შეფასების საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 24 ოქტომბრის N... (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც დაზუსტდა მიწის ნაკვთის საზღვრები და ფართობი.

აქვე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის N... გადაწყვეტილება, რომლითაც მიწის ნაკვეთის გაყოფის შედეგად წარმოშობილ ორ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა მ.გ-ას საკუთრება, იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის საფუძვლის, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ძალაში არსებობის პირობებში, სადავო 2018 წლის 22 ივნისის №... გადაწყვეტილების გაბათილება დაუშვებლად იქნა მიჩნეული. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სააპელაციო წესით და შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციის დაშვების შესაძლებლობას, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს, რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გამოკვეთილია ორი პირის ინტერესი ამ დროისათვის ზედდებაში მყოფ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში, პირველადი რეგისტრაციები განხორციელებულია ...ის რაიონის სოფ. ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება - ჩაბარების აქტების საფუძველზე. კერძოდ, ...ის რაიონის სოფ. ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ, 1996 წლის 28 აპრილის მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე, ... სოფ. ... (...) 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი გაცემული იქნა გ.ვ-ის სახელზე. აღნიშნული მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად, მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ვ.ლ-ი, სამხრეთით ქ.ს-ი, აღმოსავლეთით ს.პ-ი, დასავლეთით გზა. ამავე ორგანოს მიერ, 1996 წლის 09 თებერვლის N 158 მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე, ... სოფ. ... 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი გამოეყო ვ,ლ-ის, სამ ნაკვეთად. საიდანაც ,,...ში“ გამოეყო 0,15 ჰა. აღნიშნული მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად, ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა გზა, სამხრეთით გ.დ-ი, აღმოსავლეთით ტყე, დასავლეთით გზა.

დასახელებულ მიღება - ჩაბარების აქტებში აღწერილი კოორდინატების მიხედვით ზუსტად ვერ დგინდება მიწის ნაკვეთთა მდებარეობა, ამასთან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის N003528019 დასკვნის თანახმად, სოფელ ...ში "...ის" ტერიტორიაზე საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდით N... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (მესაკუთრე ნ.ბ-ი) წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დღეის მდგომარეობით მდებარეობს საკადასტრო კოდებით N... და N... რეგისტრირებულ მ.გ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ტერიტორიაზე (წინა მესაკუთრე ვ.ლ-ი). ამავე დასკვნის თანახმად, იმის გამო, რომ 1996 წლის 28 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტის თანდართული ნახაზი გაცემული გ.ვ-ის სახელზე და 1996 წლის 9 თებერვალს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების N158 აქტის თანდართული ნახაზი გაცემული ვ.ლ-ის სახელზე არ არის შესრულებული კოორდინატთა სისტემაში, ნ.ბ-ის მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრების დადგენა შეუძლებელია.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

პალატა ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა მოსარჩელისა და მესამე პირის ნაკვეთებთან დაკავშირებით სადავო აქტების გამოცემამდე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც სადავო საკითხისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის განმარტება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, იმ პირობებში როცა ორ პირს შორის წარმოიშვა კონკურენცია ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, მარეგისტრირებელ ორგანოს ჰქონდა ვალდებულება სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა მასთან დაცულ მონაცემებთან, სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, ასევე დაედგინა მის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები (რის შესაძლებლობასაც იძლევა, როგორც მოსარჩელის, ასევე მე-3 პირების უფლებადამდგენი დოკუმენტები, მიღება - ჩაბარების აქტები), კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები. ამ მხრივ ასევე საყურადღებოა, რომ 2013 წლის 24 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების მიღებამდე, 2007 წელს საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებული აქვთ გ.ვ-ის (და შემდგომში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ.ბ-ის) და ვ.ლ-ის.

გასაჩივრებულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N... გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) და ამავე სააგენტოს N... გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი) მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე, 182-ე, 201-ე მუხლებზე და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. იმ პირობებში როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მარეგისტრირებელი ორგანოს 2013 წლის 24 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება, რომლითაც დაზუსტდა ...ის რაიონში, სოფელ ...ში (...) მდებარე სადავო სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მქონე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობი და საზღვრები, მართებულია ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 აპრილის N..., 2019 წლის 14 მაისის N..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 ივლისის N... და 2019 წლის 11 ივლისის N... გადაწყვეტილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მოსაზრებას, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არ არის მიჩნეული ზემოხსენებული აქტები, შესაბამისად უკანონოა იმავე საკითხზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივლისის N... გადაწყვეტილებაც, რომელიც თავის მხრივ მანამდე არსებულ ადმინისტრაციულ წარმოებას კანონიერად მიიჩნევს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 9 იანვარს N... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 9 იანვარს N... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე