Facebook Twitter

№ბს-359(კ-24) 25 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „გ...მა“ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „ახალი კორონავირუსული დაავადების ...-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კ. ა-ისათვის, რ. კ-ისათვის, ქ. გ-ეისა და ვ. ტ-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2021 წლის 16 ოქტომბრის №10-08/1681 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 31 მარტის №NHA 1 23 00347447 გადაწყვეტილება.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „გ...ს“ სარჩელი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „ახალი კორონავირუსული დაავადების ...-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვ. ტ-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2021 წლის 16 ოქტომბრის №10-08/1681 გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 31 მარტის №NHA 1 23 00347447 გადაწყვეტილება ვ. ტ-ეის ნაწილში. შპს „გ...ს“ სარჩელი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 2021 წლის 16 ოქტომბრის №10-08/1681 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ქ. გ-ეის, რ. კ-ისა და კ. ა-ის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შპს „გ...ს“ სარჩელი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 31 მარტის №NHA 1 23 00347447 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ქ. გ-ეის, რ. კ-ისა და კ. ა-ის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ძირითად სამართლებრივ აქტს, რომლითაც სარგებლობენ მხარეები, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ხოლო მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ამასთან, ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე, სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან. ამავე პროგრამის მე-15 მუხლის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

მოცემულ შემთხვევაში პაციენტი ვ. ტ-ე შპს „გ...ში“ შევიდა 2021 წლის 10 თებერვალს. პროტოკოლის მიხედვით ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, რომლის პასუხი იყო დადებითი, განესაზღვრა დიაგნოზი - ... ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება და დაეწყო შესაბამისი მკურნალობა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებული №20 დანართის მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ...-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობას. დადასტურებული შემთხვევა განიმარტება როგორც პირი, ...-ით ლაბორატორიულად დადასტურებული ...ით, კლინიკური გამოვლინებებისა და სიმპტომებისგან დამოუკიდებლად. მოცემულ შემთხვევაში ...-ის ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია ან ინსპექტირების ეტაპზე ვერ იქნა მიწოდებული პაციენტისთვის ჩატარებული ...-ის ლაბორატორიული კვლევის დადებითი შედეგის ამსახველი დოკუმენტაცია მკურნალობის დაწყებისას, თუმცა კლინიკაში მოთავსების პირველივე დღიდან გაწეული ხარჯის მოთხოვნა განხორციელდა პროგრამული კოდით ...-ის დადასტურებული შემთხვევის სტაციონარული მკურნალობა, დიაგნოზი - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (...), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია ... .... შესაბამისად, ინსპექტირებისას დადგენილი ფაქტები შეუსაბამოა დადასტურებული შემთხვევის კრიტერიუმებთან და წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას ან/და არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას. შესაბამისად, პაციენტის სამედიცინო შემთხვევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ იქნა ანაზღაურებული.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრებულა შპს „გ...ს“ მიერ. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანსა და მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი, კერძოდ, პაციენტ ვ. ტ-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ვ. ტ-ე კლინიკაში შეყვანილ იქნა 2021 წლის 10 თებერვალს, რომელსაც იმავე დღეს ჩაუტარდა ტესტირება და დაუდგინდა ...-ის დიაგნოზი. მისი მკურნალობა მოხდა „ახალი კორონავირუსული დაავადების ...-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ს.ფ 18-21, 35); ბ) შპს „გ...ს“ მიერ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა ინფორმაცია და შესაბამისი პროგრამული კოდი ვ. ტ-ეის კლინიკაში შესვლის დღიდან მკურნალობის დასრულებამდე ...-ის დიაგნოზით მკურნალობისა და ხარჯების შესახებ ისე, რომ ტესტირების შედეგის დამადასტურებელი აქტი ელექტრონულ პორტალზე ატვირთული არ ყოფილა (ს.ფ 22-26, 18-21); გ) შპს „გ...ს“ ვ. ტ-ეის მკურნალობის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მისი დიაგნოზი კორონავირუსული ინფექციით დაავადების შესახებ (ს.ფ 16-17, 18-21).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“ (დანართი №1), რომლის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 2​1-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის (1-ლი მუხლი).

ზემოაღნიშნული პროგრამის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

მითითებული პროგრამის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებით დამტკიცებულ №20 დანართზე (ახალი კორონავირუსული დაავადების ...-ის მართვა). აღნიშნული პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით (...) გამოწვეული ინფექციისაგან (...) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით (1-ლი მუხლი). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მე-4 და მე-5 მუხლებით დეტალურად განსაზღვრულია დაფინანსების მეთოდოლოგია, ანაზღაურების წესი და პროგრამის განხორციელების მექანიზმები, სადაც გაწერილია შესაბამისი ასანაზღაურებელი ტარიფები და ანაზღაურების წესი. ამავდროულად, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების ზოგადი ნაწილი დეტალურად განსაზღვრავს პროგრამის მიმწოდებელსა (სამედიცინო დაწესებულება) და განმახორციელებელს (სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) შორის ანგარიშგების, ზედამხედველობისა და ინსპექტირების წესებს, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების და ანაზღაურების მოცულობის თაობაზე. ამ პროცესში ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, ხარჯთაღრიცხვის, ფინანსური მონაცემების სისწორის შემოწმება და ა.შ. რაც კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.

აღნიშნული პროგრამის მე-4 მუხლის „დ.დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დაწესებულების ბაზაზე მყოფი პაციენტის ძირითად დიაგნოზად ფიქსირდება ... ან ხდება სამედიცინო პერსონალის ...-ით ინფიცირება, ასეთ შემთხვევებში ანაზღაურება ხდება ახალი კორონავირუსული დაავადების ...-ის მართვის პროგრამის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მხრიდან ვ. ტ-ეის სამედიცინო შემთხვევა არ დაექვემდებარა ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ ჩატარებული ტესტირების შედეგი იყო ნეგატიური, რაც ასახული იყო NCDC პორტალზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ვ. ტ-ე კლინიკაში შეყვანილ იქნა 2021 წლის 10 თებერვალს, რომელსაც იმავე დღეს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი და დაუდგინდა ...-ის დიაგნოზი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ჩატარებული ტესტის შედეგის ამსახველი დოკუმენტი თან ერთვოდა პაციენტ ვ. ტ-ეის სამედიცინო დოკუმენტაციას და შესაბამისად, ხელმისაწვდომი იყო მოპასუხისათვის, რომელსაც ინსპექტირების შედეგად უნდა მოეხდინა ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა, რაც არ განხორციელებულა. ამდენად, პაციენტ ვ. ტ-ეის ნაწილში გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დაუსაბუთებელია და არ არის გამოცემული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე.

შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა ვ. ტ-ეის ნაწილში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.04.2024წ. №11760 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 960.45 ლარის 70 პროცენტი - 672.30 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე