საქმე №ბს-524 (გ-24) 18 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ნ. გ-ეის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 14.06.2023წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ნ. გ-ეის მესაკუთრედ დარეგისტრირების თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მამამისი წლების მანძილზე ფლობდა ...ში (სოფ. ...) მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. მოსარჩელის მითითებით მიწის ნაკვეთზე მესაკუთრეთა სიები ინახებოდა არქივში, თუმცა საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ამონაწერით არ იყო დადასტურებული. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სისტემური და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიმართა საჯარო რეესტრს მამის კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე, თუმცა საჯარო რეესტრში განუცხადეს, რომ დალოდებოდა ზარს რეესტრის წარმომადგენლისგან. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოგვიანებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 14.06.2023წ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა სხვა პიროვნებაზე, კერძოდ ც. ო-იზე, რომელსაც არც სათანადო დოკუმენტაცია წარუდგენია სარეგისტრაციოდ, არ განხორციელებულა მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა. მოსარჩელის მოსაზრებით მარეგისტრირებელმა ორგანომ უკანონოდ დაარეგისტრირა მამამისის ქონება სხვა პირზე, რეგისტრაციის დროს სრულყოფილად არ მომხდარა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა. მოსარჩელე თვლის, რომ მამამისის ნაკვეთის თაობაზე არსებობს საარქივო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა ნაკვეთის ადგილმდებარეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.04.2024წ. განჩინებით ნ. გ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სსკ-ის 18.1 მუხლის მიხედვით, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შესაძლოა სარჩელის შეტანა სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. განსახილველ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს გარდაბნის რაიონში (სოფელი ...). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა უნდა გადაწყვიტოს განსჯადმა სასამართლომ უძრავი ნივთის მდებარეობის მიხედვით, რომელსაც წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო. სასამართლოს მოსაზრებით, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ასევე მეორეს მხრივ, დაცული იქნება სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი. ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს უშუალოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, რამეთუ აღნიშნულს შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული საქმეების კონცენტრაცია მხოლოდ ქ. თბილისში. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს მოსაზრებით მნიშვნელოვანია სადავო უძრავი ქონების ადგილმდებარეობა. ამდენად, სსკ-ის მე-18 მუხლის საფუძველზე, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს სწორედ იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 30.04.2024წ. განჩინებით ნ. გ-ეის სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 15.1 მუხლის თანახმად სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამავე თავის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.06.2023წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრილი აქტის გამოცემის დავალება. უძრავი ქონება, რომლის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ სადაოდაა გამხდარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის შინაარსიდან გამომდინარე მდებარეობს მისამართზე: გარდაბანი, სოფელი ..., თუმცა სასამართლოს მითითებით სოფელი ... მდებარეობს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (დიდგორის რ-ნი), ...ს ქედი ზ.დ. 1150 მ., ამასთან, უძრავი ნივთის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარეობა დასტურდება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზით, სიტუაციური ნახაზით და https://maps.gov.ge-ის მონაცემებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესია მიიღოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, უძრავი ქონება კი მდებარეობს თბილისში. შესაბამისად, სადავო უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა მდებარეობს ქალაქ თბილისში, ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით დავა უნდა გადაწყვიტოს განსჯადმა სასამართლომ უძრავი ნივთის ადგილმდებარების მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების, რეალაქტის განხორციელების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 14.06.2023წ. N... გადაწყვეტილებას და ითხოვს საკუთრების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, დგინდება, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობით მოსარჩელეს სურს მიეცეს თავის სახელზე მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში აღრიცხვის შესაძლებლობა. სარჩელის მიზანს შეადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემა. მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ორგანო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ.), სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია რეგიონული ოფისი და ფილიალი (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 6.2 მუხ.), რომლებიც თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ნორმატიულად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებენ სააგენტოს ფუნქციებს (დებულების 30.1, 31.1 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის შიდა ორგანიზაცია ხასიათდება მის სტრუქტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირით, რომელიც ქმნის სტრუქტურის ერთიანობას. საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებად დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობისა და სხვა მოსაზრებებით. ამდენად, წარდგენილ განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების ჩატარებას და შემდგომში აქტის გამოცემას ახდენს არა უშუალოდ სააგენტო, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, სწორედ ტერიტორიულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, მეზობელთა გამოკითხვა და სხვ.. ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, დავის განსჯადობის საკითხი არ წყდება სააგენტოს ადგილმდებარეობის მიხედვით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გამომცემ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისში მდებარე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ მოქმედებს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, სააგენტო ქ. თბილისის ტერიტორიაზე თავად ახორციელებს თავის ფუნქციებს, რეგიონული ოფისების და ფილიალების ჩარევის გარეშე, აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 6.2 მუხლი, რომელიც სააგნეტოს ტერიტორიულ სამხასახურებს შორის არ ასახელებს ქ. თბილისში სააგენტოს უფლებამოსილებების განმახორციელებელ სპეციალურ ტერიტორიულ ორგანოს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამ პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება ნივთობრივი განსჯადობის წესები, სსსკ-ის 18.1 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 26.12.2006წ. №4173 დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც გარდაბნის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა ამავე დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ამჟამად მოქცეულია ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საქმეში დაცულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიტუაციური ნახაზი (ს.ფ. 49)., ასევე https://maps.gov.ge-ის მონაცემები (ს.ფ. 61) , რომლებიც სადავო უძრავი ქონების თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობას ადასტურებს.
„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. №1/150-2007 გადაწყვეტილების 20.2 მუხლის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით. ამდენად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ როგორც უძრავი ნივთის, ასევე მოპასუხის ადგილმდებარეობა მოცულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიით, რის გამოც, დავა ტერიტორიულად სწორედ მისი ქვემდებარეა. კერძოდ, სადავო უძრავი ნივთი მდებარეობს ქ. თბილისში და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს წარმოადგენს არა სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, არამედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში და ამ ტერიტორიაზე თავად ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს, რეგიონული ოფისების და ფილიალების დახმარების გარეშე (იხ. სუსგ 08.02.2018წ. Nბს-716-712(გ-17), 20.12.2019წ. Nბს-1(გ-19)). შესაბამისად, მოპასუხეთა და სადავო უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით დავა განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. გ-ეის სარჩელი არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი