Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-477(კ-24) 17 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები - ზ. გ-ა (ტ. გ-ას უფლებამონაცვლე), ე. გ-ი

მოპასუხეები - საქართველოს მთავრობა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 7 ივნისს ტ. გ-ამ და ე. გ-იმ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა განმარტეს რომ ისინი წარმოადგენდნენ სოციალურად დაუცველ პირებს, ე. გ-ის კი დამატებით მინიჭებული ჰქონდა შშმ პირის სტატუსი და სასამართლოს მიერ მის მხარდამჭერად დანიშნული იყო დედამისი - ტ. გ-ა. 2016 წლის 8 ივნისს, მოსარჩელეებსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 11 მარტის №1551 ბრძანების საფუძველზე დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მათ საკუთრებად აღერიცხათ 13 კვ.მ ოთახი, დამხმარე სათავსოების გარეშე, მდებარე: ქ. თბილისი, ... მე-... მ/რ, ..., კორპუსი №..., ბინაა №....

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათთვის გადაცემული ბინის ზომა სრულიად შეუსაბამო იყო იმ პირობებთან, რომელსაც საჭიროებდა ორი ადამიანი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2 სულ მოსახლეზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით გათვალისწინებული იყო 25 კვ.მ-დან 40 კვ.მ-მდე ფართი, ხოლო ე. გ-ი საჭიროებდა განსაკუთრებულ მოვლას. გარდა ამისა, მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ტ. გ-ა არ ფლობდა ქართულ ენას და მან ისე მოაწერა გარიგებას ხელი, რომ სათანადოდ არ იცოდა მისი შინაარსი.

2019 წლის 18 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა, რომ სარჩელზე მოპასუხეებს წარმოადგენენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით ტ. გ-ას სარჩელზე შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის ვადით, ხოლო ამავე სასამართლოს 2022 წლის 14 იანვრის განჩინებით საქმეში მოსარჩელე ტ. გ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ზ. გ-ა და ე. გ-ი და განახლდა საქმის წარმოება.

2022 წლის 29 მარტს, ზ. გ-ამ და ე. გ-იმ დაზუსტებული სარჩელი წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. საქმეზე საბოლოო მოპასუხე პირებად განისაზღვრნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და საქართველოს მთავრობა, ხოლო საბოლოო სასარჩელო მოთხოვნებად განისაზღვრა ტ. გ-ასა და ე. გ-ის ნაწილში საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №658 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისში, ...ზე, მე-... მ/რ-ში №... ნაკვეთზე მდებარე შენობის მე-... სართულზე არსებული №... ბინის (ფართობი 13,01 კვ.მ, ს/კ ...) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელსა და ტ. გ-ასა და ე. გ-ის (ტ. გ-ას წარმომადგენლობით) შორის 2016 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ზ. გ-ასა (ტ. გ-ას უფლებამონაცვლე) და ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ტ. გ-ასა და ე. გ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №658 განკარგულება. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელსა და ტ. გ-ასა და ე. გ-ის (ტ. გ-ას წარმომადგენლობით) შორის 2016 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება ქალაქ თბილისში, ...ზე, მე-... მ/რ-ში №... ნაკვეთზე მდებარე შენობის მე-... სართულზე არსებული №... ბინის (ფართობი 13,01 კვ.მ, ს/კ ...) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავრობამ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს მთავრობის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. გ-ა და ე. გ-ი იყვნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ დევნილის სტატუსი. შესაბამისად, მათზე ვრცელდებოდა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას განსაზღვრავდა. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ტ. გ-ას შვილი ე. გ-ი წარმოადგენდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული იყვნენ, გაეთვალისწინებინათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განსაკუთრებული საჭიროებები, რაც მათ არ განუხორციელებიათ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთათვის 13 კვ.მ ფართის ბინის საკუთრებაში გადაცემა, სველი წერტილისა და სამზარეულოს გარეშე, სრულად შეუსაბამო იყო იმ პირობებთან, რომელსაც საჭიროებდა განსაკუთრებულ მოვლას დაქვემდებარებული შშმ პირი. შესაბამისად, ამგვარი ფართის გადაცემა დევნილი ოჯახისთვის არ შეიძლება განხილულიყო, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ 2016 წლის 22 მარტის 001-01/07/8770 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის გაწევის თაობაზე, რათა მომხდარიყო დანართის შესაბამისად სახელმწიფო ქონების დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართების, დევნილთა ოჯახებისათვის კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა. აღნიშნულს წინ უძღოდა წარმოება საკითხის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ადგილზე ვიზიტი და შეივსო საინფორმაციო ფორმა პრივატიზებისთვის განკუთვნილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართებში მაცხოვრებელ დევნილ ოჯახთა შესახებ. დადგინდა ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახის წევრთა შემადგენლობა და დაფიქსირდა თანხმობა მითითებული ფართის პრივატიზებასთან დაკავშირებით. შედეგად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა საქართველოს მთავრობას, რომელმაც გამოსცა 2016 წლის 18 აპრილის განკარგულება. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე 2016 წლის 8 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ტ. გ-ას და ე. გ-ის შორის, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.

კასატორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები ვერ უთითებენ თუ რაში გამოიხატება სადავო ხელშეკრულების კანონთან ან/და საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობა, ამასთან, დაკანონების პროცედურა იყო ნებაყოფლობითი და ხელშეკრულებაზე ხელმოწერისათვის რაიმე სახის იძულების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად არ იკვეთებოდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელეების მოტყუებას და აღნიშნული გზით გარიგების დადებას, თუმცა თავად მოსარჩელეები სარჩელში უთითებდნენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლზე და ითხოვდნენ გარიგების ბათილად ცნობას, ამგვარი სარჩელის წარსადგენად კი სსკ-ის 84-ე მუხლი ითვალისწინებდა 1 წლიან ვადას. ამდენად განსახილველ შემთხვევაში კასატორის მოსაზრებით, სარჩელი იყო ხანდაზმული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს ტ. გ-ასა და ე. გ-ის ნაწილში საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №658 განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ტ. გ-ასა და ე. გ-ის შორის 2016 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის V თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის (თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარშესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს.

დამატებით აღსანიშნავია, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“, რომლის 2.1.1. მუხლის თანახმად, დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას და სახელმწიფო სთავაზობს ფაქტიური ჩასახლების ადგილებს, მათ აღნიშნული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ ფაქტიური ფლობის მიხედვით; მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში მაცხოვრებელი დევნილებისთვის, სამოქმედო გეგმით შეთავაზებული ალტერნატივები ეყრდნობა ორ შემთხვევას: ა) დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის; ბ) დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით (არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, ან შეუძლებელია საცხოვრებლად მოეწყოს, ან მისი საცხოვრებელ ბინებად გარდაქმნა განსახლების სხვა ალტერნატივებთან შედარებით საგრძნობლად ძვირია, ან წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ან აქვს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მნიშვნელობა, ან შენობები ავარიულია, ან სახელმწიფო ინტერესის შემცველი და სტრატეგიული მნიშვნელობისაა) შეუძლებელია გამოყენებული იყოს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-63 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების მმართველსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტ. გ-ა და მისი შვილი ე. გ-ი, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, თბილისში, ...ზე, მე-... მ/რ-ში მდებარე, ...ის დევნილთა განსახლების ობიექტში დასახლდნენ 2006 წელს, ტ. გ-ას მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე. დადგენილია, რომ ე. გ-ი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და პირობებს.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 18 აპრილს გამოსცა №658 განკარგულება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის დანართის მიხედვით, ტ. გ-ასა და ე. გ-ის საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ მათ მიერ დაკავებული, სახელმწიფოს კუთვნილი, ქალაქ თბილისში, ...ის მე-... მ/რ-ში №... ნაკვეთზე მდებარე შენობის მე-... სართულზე არსებული ბინა №..., რომლის ფართობიც შეადგენდა 13,01 კვ.მ-ს. დასახელებული განკარგულების საფუძველზე კი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს და ტ. გ-ასა და ე. გ-ის (ტ. გ-ას წარმომადგენლობით) შორის 2016 წლის 8 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება ქალაქ თბილისში, ...ზე, მე-... მ/რ-ში №... ნაკვეთზე მდებარე შენობის მე-... სართულზე არსებული №... ბინის (ფართობი 13,01 კვ.მ, ს/კ ...) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ამდენად, მხარეთა შორის აღნიშნული ხელშეკრულების დადებამ განაპირობა მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირებად მიჩნევა, რის შემდგომაც აღარ ჰქონდათ უფლება, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან მიეღოთ რაიმე სახის კომპენსაცია ან მოეთხოვათ სხვა უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. ამასთან, სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ დანართ №8-ზე, რომლითაც 1-2 დევნილისგან შემდგარი ოჯახისთვის განსაზღვრულ მინიმალურ საორიენტაციო სტანდარტად განსაზღვრულ იქნა 25-40 კვ.მ საცხოვრებელი ფართი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ არსებული ვალდებულებებისა და მათი ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობისა, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებს გადაწყვეტილების მიღებისას არ უმსჯელიათ ტ. გ-ას და მისი შვილის მკვეთრად გამოხატული შშმ პირის - ე. გ-ის ინტერესზე მათთვის გადაცემული ფართის საცხოვრებლად ვარგისიანობის თაობაზე. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადოდ არ შეისწავლეს დასახელებული პირების მდგომარეობა, საჭიროებები და მხედველობაში არ მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების დანართი №8-ით გათვალისწინებული, ზემოაღნიშნული დანაწესები, აღნიშნული კი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ჯეროვნად არ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ტ. გ-ა არ ფლობდა სახელმწიფო ენას, ცალსახად არ დგინდებოდა, რამდენად იყო იგი ინფორმირებული მისი და მისი შვილის უფლებების შესახებ, რომ მათ სამომავლოდ აღარ რჩებოდათ უფლება, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან მიეღოთ კომპენსაცია ან მოეთხოვათ უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლზე მითითებით, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთებოდა როგორც ტ. გ-ასა და ე. გ-ის ნაწილში საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №658 განკარგულების, ასევე მის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ტ. გ-ასა და ე. გ-ის შორის 2016 წლის 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები.

რაც შეეხება კასატორების მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 1-წლიან ვადაზე. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო ხელშეკრულება ხელმოწერილია ტ. გ-ას მიერ, როგორც საკუთარი, ასევე ე. გ-ის სახელით, ხანდმულობის 3-წლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სწორედ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, კერძოდ, 2016 წლის 8 ივნისიდან. სასამართლოში სარჩელი წარდგენილია 2019 წლის 7 ივნისს, შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დაცვით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე