საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-696(2კ-23) 24 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები)- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქონების მართვის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - სს „ ... “
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 23 ოქტომბერს სს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 5 დეკემბრის №646 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სს „...ის“ №... განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ №... ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ...ის მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, წარმოსადგენი იყო დაზუსტებული პროექტი, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნებოდა ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა და სამუშაოს მოცულობა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იყო „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის (ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები) პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში. ამდენად, გათხრითი სამუშაოების წარმოებისას ტროტუარი აღდგენილი უნდა იქნას თხრილის ფარგლებში, ხოლო იმისათვის, რომ პირს დაეკისროს კანონით განსაზღვრულზე განსხვავებული სამუშაოს შესრულების პირობა (ტროტუარის მთლიან ფართზე მოეწყოს ახალი ასფალტის საფარი), კანონის თანახმად, დასაბუთებული უნდა იყოს აღნიშნული პირობის დაწესების აუცილებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მითითებით, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და დასაბუთების გარეშე მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად ლახავს სს „...ის“ ინტერესს და ზიანს აყენებს მას. ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობით გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რასაც გასწევდა კომპანია იმ შემთხვევაში, თუკი ...ის მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ტროტუარი აღდგებოდა თხრილის ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 5 დეკემბრის №646 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება და სააგენტოს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მოსარჩელეს ხაზობრივი ნაგებობის განთავსებისათვის საჭირო მიწის გათხრითი სამუშოების წარმოებისათვის დაუდგინა კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი პირობა - დაავალა საპროექტო ტროტუარის მთლიან ფართზე და არა თხრილის ფარგლებში ასფალტის საფარის აღდგენა, თუმცა საამისო საჭიროება დასაბუთებული არ ყოფილა. სააგენტოს არ მიუთითებია რაიმე სახის გარემოებასა თუ მტკიცებულებაზე, რაც დაადასტურებდა, რომ ტროტუარის აღდგენა მხოლოდ ხაზობრივი ნაგებობის თხრილის ფარგლებში, საპროექტო ტერიტორიის მახასიათებლებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. კოლეგიის მითითებით, ტროტუარის საფარის მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენის მიზანშეუწონლობის მტკიცება ეწინააღმდეგება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესით“ განსაზღვრულ ნორმებს, რამეთუ, აღნიშნული ნორმები, როგორც წესი, შესაძლებლად მიიჩნევს ასფალტის საფარის აღდგენას თხრილის ფარგლებში. იმ პირობებში, როცა ნორმატიული აქტი განსაზღვრავს ცალკეული შემთხვევისათვის განკუთვნილ ნორმას, მისი მიზანია, შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგებაზე კომპეტენტურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამის შემთხვევაში კონკრეტული ნორმით იხელმძღვანელოს და უზრუნველყოფილ იქნეს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების სიცხადე. ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, სადავო აქტის გამოცემისას და მოსარჩელისათვის ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მიცემისას მისთვის დაედგინა მხოლოდ ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესით“ გათვალისწინებული პირობები, თუ მისი მხრიდან არ იქნებოდა დასაბუთებული, რომ ადგილი ჰქონდა მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შემთხვევისაგან განსხვავებულ, არასტანდარტულ, განსაკუთრებულ შემთხვევას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები სადავო საკითხთან დაკავშირებით და 2022 წლის 16 სექტემბერს მიღებული განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა; შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად გააჩნია შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, შეაფასოს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი, რა მიზნითაც მან ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები.
კასატორები მიუთითებენ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავენ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება თანხმობის შესახებ აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს რაიმე შეზღუდვა ან/და პირობა. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ კანონმდებლობის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების გზით უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. შესაბამისად, №... (შუალედური) გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის დროსაც მაქსიმალურად გაითვალისწინა საჯარო და კერძო ინტერესები, კერძოდ: 1. ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას; 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, საიდანაც ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად ყოველწლიურად გამოიყოფა შესაბამისი თანხები და რომლის რაციონალურ ხარჯვაზე პასუხისმგებელნი არიან მუნიციპალიტეტის ორგანოები, შესაბამისად, მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები დაიხარჯოს რაციონალურად და არ გახდეს საჭიროება ახალმოწყობილი/დაუზიანებელი ასფალტის ხელოვნურად დაზიანების შედეგად ხელმეორედ მოწყობა და თანხები მოხმარდეს ქალაქში არსებულ უკვე დაზიანებული/განადგურებული ასპალტის საფარის კეთილმოწყობას. 3. მოქალაქეებს შეექმნათ გადაადგილების ნორმალური პირობები, არ მივიღოთ ქალაქში ხელოვნურად დაზიანებული ტროტუარები, სადაც შესაძლებელია მოქალაქეებმა (მათ შორის ბავშვებმა) მიიღონ ჯანმრთელობის დაზიანებები. მეორეს მხრივ, სახეზეა კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც წარმოეშობა შედარებით მეტი ფინანსური დანახარჯები ტროტუარის იმ მდგომარეობაში/პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად, რომელიც არსებობს მის მიერ მოთხოვნილი სამუშაოების წარმოებამდე, შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად განაცხადის შემდგომი განხილვისათვის სს „...ის“ წარმომადგენლებს მოეთხოვათ დაზუსტებული პროექტის წარდგენა, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნებოდა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე კარგ მდგომარეობაში/ახალმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარის მთლიან ფართზე ასფალტის აღდგენის პირობა. რეალობას არ შეესაბამება სასამართლოს შეფასება, რომ სააგენტოს მიერ სრულად/სათანადოდ არ იქნა შესწავლილი მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი განცხადება და მასში მითითებული გარემოებები.
კასატორთა მითითებით, სააგენტოში ყოველდღიურად შედის უამრავი განცხადება და მათზე დართული დოკუმენტაცია ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს დაინტერესებულ პირთა მიერ გაუაზრებლად/არაპროფესიონალურად შედგენილ დოკუმენტაციას, ამავდროულად განმცხადებლები ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით მიაღწიონ კონკრეტულ შედეგებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ განცხადების/დოკუმენტაციის სრულყოფილად შესწავლა/დამუშავება საჭიროებს მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამებოდეს როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ წესს, ასევე მოქმედ კანონმდებლობას. მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ სრულად შეისწავლა განცხადება/დოკუმენტაცია და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული მიმართული იყო იმ მიზნისთვის, რომ ახალმოწყობილი ან/და დაუზიანებელი ტროტუარი არ დაზიანდეს ხელოვნურად, ვინაიდან ჭრილის/თხრილის ფარგლებში ასფალტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არამარტო შეუძლებელია (იწვევს ადგილების ჩავარდნას, დაწებებული ასფალტის შედარებით სწრაფად დაშლას, ვიწრო ტროტუარის შემთხვევაში, სადაც რჩება თავდაპირველი ასფალტის საფარი, სივიწროვისა და მთლიანობის დარღვევის გამო იწვევს მის ავარდნას/სწრაფ დაშლას), აღნიშნული ასევე იწვევს ასფალტის საფარის ექსპლუატაციის ვადის მნიშვნელოვან შემცირებას და ამის შეფასება/გადამოწმება არ საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. სწორედ აღნიშნული განაპირობებს სააგენტოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ქალაქის და საზოგადოების ინტერესების დაცვას ემსახურება და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა განმტკიცებულია კანონმდებლობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს სს ,,...მა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №... ელექტრონული განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...სა და ...ის ქუჩებზე ...ის მონტაჟის მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემა მოითხოვა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით სს ,,...ის“ განემარტა, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით უნდა ყოფილიყო წარდგენილი დაზუსტებული პროექტი, რომლის განმარტებითი ბარათით და სქემატური ნახაზით განსაზღვრული იქნებოდა ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენის პირობა/შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა. დასახელებული გადაწყვეტილების მიხედვით, დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე კარგ მდგომარეობაში/ახლადმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარის დაზიანებით ქსელის მოწყობა არ იყო მიზანშეწონილი მთლიან ფართზე აღდგენის პირობის გაუთვალისწინებლად. ამავე გადაწყვეტილებით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს 20 (ოცი) დღის ვადა მიეცა და განემარტა, რომ ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობაზე თანხმობა შესაძლოა გაცემულ იქნეს კონკრეტული შეზღუდვით/პირობით - „ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით“. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმის შესახებ, რომ მართალია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი“ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებდა განსხვავებული შეზღუდვის/პირობის დადგენის უფლებამოსილებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამგვარი უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა გამოეყენებინა. ამდენად, გასაზიარებელია მოსაზრება, რომ მოპასუხეებს სათანადოდ უნდა დაესაბუთებინათ მიღებული გადაწყვეტილება ამ მიმართებით. მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული ორგანოს თითოეული გადაწყვეტილება შეიცავდეს იმგვარ არგუმენტაციას, რომელიც დაასაბუთებს განსხვავებული პირობის დაწესების მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში, სს „...ის“ განცხადებაზე ხარვეზი დადგინდა იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული ქუჩის საფარი კარგ მდგომარეობაში/ახლადმოწყობილო იყო, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით აღნიშნული გარემოება საკმარისად არ დგინდება. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაუდგენელია ქუჩის გარემონტების ზუსტი თარიღი და ამ სახის გარემოება არც საქმეში არსებული მასალებით დასტურდება. ამასთან, მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე დოკუმენტი, რომელიც ქუჩის კეთილმოწყობის თარიღს ან მისის ექსპლუატაციის ვადას დაადასტურებდა. ამდენად, არ დგინდება, რომ საპროექტო არეალი დაუზიანებელია და, შესაბამისად, დაუსაბუთებელია დაინტერესებაში არსებული ტერიტორიის მთლიან ფართზე საფარის აღდგენის აუცილებლობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინება;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს 23.05.2023წ. №01283 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა