Facebook Twitter

საქმე №ბს-496(2კ-24) 19 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) – მ.კ-ი, შ.კ-ე

კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოსარჩელეები – მ.ხ-ი, ნ.ჭ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 13 სექტემბერს ვ.პ-მა, ნ.ჭ-მა, შ.კ-ემ და მ.ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ვ.პ-ის მშობლებს (მამა ნ.პ-ი) 1948 წლიდან ეკუთვნოდათ ქ. თბილისში, ...ას ქ. №20-ში ( ... №80) მდებარე 775 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული კაპიტალური შენობით. ნ.პ-ის გარდაცვალების შემდეგ, 2003 წლიდან მიწის ნაკვეთს ერთობლივად ფლობენ და უვლიან მოსარჩელეები, რომლებმაც 2020 წელს მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ხსენებულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საბუთები გადაუგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა სრულად შეესაბამებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კომისიამ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მათი განცხადება.

ამდენად, მოსარჩელეებმა მიწის ნაკვეთზე ვ.პ-ის, ნ.ჭ-ის, შ.კ-ის და მ.ხ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქ. თბილისში, ...ას ქუჩის №20-ის მიმდებარედ ( ... №80) არსებულ 775 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ვ.პ-ის, ნ.ჭ-ის, შ.კ-ისა და მ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე ვ.პ-ის, ნ.ჭ-ის, შ.კ-ის და მ.ხ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 8 აგვისტოს №960 განკარგულება და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2023 წლის 27 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მ.კ-ის (აწ გარდაცვლილი ვ.პ-ის მეუღლე), ნ.ჭ-ის, შ.კ-ის და მ.ხ-ის მიერ წარდგენილ იქნა შეგებებული სააპელაციო საჩივარი. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით ვ.პ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა მ.კ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ.კ-ის (ვ.პ-ის უფლებამონაცვლის), ნ.ჭ-ის, შ.კ-ის და მ.ხ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.კ-ის (ვ.პ-ის უფლებამონაცვლის) და მ.ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 8 აგვისტოს №960 განკარგულება მიწის ნაკვეთზე ვ.პ-ისა და მ.ხ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ქ. თბილისში, ...ას ქუჩის №20-ის მიმდებარედ (... №80) არსებულ 775 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეების - მ.კ-ის (ვ.პ-ის უფლებამონაცვლის) და მ.ხ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ნ.ჭ-ის და შ.კ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული ძველ კაპიტალურ შენობაში და შედარებით მომცრო ნანგრევში, ცხოვრობდა პ-ების ოჯახი, ხოლო მეორე - უფრო დიდი ნანგრევი წარმოადგენდა ხ-ების სახლის ნანგრევს, რომელშიც ცხოვრობდნენ 1973 წლამდე. ეზო იყო შემოღობილი, რომელსაც დღევანდელი მდგომარეობითაც ეტყობა ძველი შემოღობვა. ხეხილის ბაღს, ხეივანს, რომელიც მათი წინაპრების მიერ იქნა გაშენებული, მოსარჩელეები უვლიან დღემდე. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ვ.პ-ის და მ.ხ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. სააპელაციო პალატამ ნ.ჭ-ის და შ.კ-ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის გამორიცხვასთან დაკავშირებით მიუთითა საქმეში დაცულ დათვალიერების ოქმებსა და ფოტოილუსტრაციებზე. პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ.ჭ-ი და შ.კ-ე არიან სადავო მიწის ნაკვეთთან ახლოს, ...ას ქ. №20-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლები, მეზობლობდნენ და მეგობრობდნენ დანარჩენ მოსარჩელეებთან, ეხმარებოდნენ მათ ხეხილის ბაღის მოვლა-მოყვანაში, ხშირად იყვნენ ამ ეზოში, შენობაში ინახავდნენ ნივთებს, არ ნიშნავდა, რომ მათ ამ ქონების მიმართ წარმოეშვათ საკუთრების უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, ასევე, საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ.კ-ემ და მ.კ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვეს, რომლითაც მ.ხ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო შ.კ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

კასატორების - შ.კ-ის და მ.კ-ის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ შ.კ-ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ პირობებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ. კასატორების განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდნენ შ.კ-ის მიერ ქალაქ თბილისში, ...ას ქ. №20-ში მდებარე 775 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დააკმაყოფილა მ.ხ-ის მოთხოვნა, რომ მის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის თაობაზე არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდა, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ზეპირსიტყვიერ ინფორმაციას, რომ მ.ხ-ის ოჯახი ოდესღაც (1973 წლამდე) ცხოვრობდა იმ ტერიტორიაზე.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის წარდგენისას განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ფლობა-სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელთა ერთობლივად წარდგენილი განცხადების ფარგლებში მათი მტკიცების საგანში შემავალი იყო იმ გარემოების დადასტურება, რომ ისინი ერთობლივად ფლობდნენ და სარგებლობდენ სადავო მიწის ნაკვეთით მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად, რაც მხარეების მიერ ვერც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და ვერც სასამართლო სხდომებზე ვერ იქნა დადასტურებული. კომისია არ ეთანხმება სასამართლოს მიერ ამ გარემოების მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადასტურებულად მიჩნევას. კომისიის განმარტებით, მართალია, სადავო საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობით მოწმის ჩვენება ერთ-ერთ მტკიცებულებად არის მიჩნეული და სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტია, თუმცა აღნიშნული უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თუ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით არ დადასტურდა მოწმეთა მიერ მითითებული გარემოება, აღნიშნული გარემოება არ იქნება მიჩნეული ცალსახად დადასტურებულად. შესაბამისად, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ.კ-ის, მ.კ-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, შ.კ-ისა და მ.კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

განსახილველ შემთხვევაში, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო განკარგულებით ვ.პ-ის (უფლებამონაცვლე მ.კ-ი), ნ.ჭ-ის, შ.კ-ესა და მ.ხ-ის უარი ეთქვათ ქალაქ თბილისში, ...ას ქ. №20-ის მიმდებარედ 775 კვ.მ საერთო ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციითა და მიწის ნაკვეთის დათვალიერებით არ დგინდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განმცხადებლების მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 22 მაისს ვ.პ-მა, ნ.ჭ-მა და შ.კ-ემ განცხადებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, ...ას ქუჩის №20-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვეს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.06.2020წ. წერილობითი მიმართვით განცხადება განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. 2020 წლის 4 აგვისტოს მ.ხ-მა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ვ.პ-ის საკითხის განხილვისას, საქმეში დაინტერესებულ პირად მიწვევა ითხოვა, რადგან მითითებული მიწის ნაკვეთი (200 კვ.მ) 1962 წლიდან იყო მისი ოჯახის მფლობელობაში. 2020 წლის 24 აგვისტოს მ.ხ-მა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ყველანი სადავო მიწის ნაკვეთზე თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის №... წერილით საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, კონკრეტული მისამართით: ქ. თბილისი, ... №80, არ იძებნება. ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხულია უძრავი ნივთები მისამართით: ქ. თბილისი, ... №27 (27/1) (საქმის №027519), ქ. თბილისი, ... №27 (საქმის №027520), ქ. თბილისი, ...ის №27 (საქმის №027521).

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 5 მარტის №... წერილით საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ საინვენტარიზაციო გეგმების მიხედვით, არ დგინდებოდა შესაბამისობა №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ...ას ქუჩა №20-ის მიმდებარედ, ხოლო საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებული მისამართების მიხედვით, ერთი ნაკვეთი მდებარეობდა ... №27-ში, ხოლო მეორე ...ის ქუჩა №27-ში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენდა საკუთრების უფლების აღიარების ორ განსხვავებულ რეჟიმს - მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწასა და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას.

სადავო პერიოდში მოქმედი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. ხოლო მოქმედი რედაქციით თვითნებურად დაკავებული მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ცნებას განსაზღვრავდა ამავე კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია დაინტერესებული პირის ცნება. დაინტერესებული პირია ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არაასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ისეთ შემთხვევებს, როდესაც ასაღიარებელი ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) ესაზღვრება დაინტერესებული პირის საკუთრებასა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს და ისეთ შემთხვევას, როდესაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელია კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) არსებობის დადასტურება.

ზემოაღნიშნული კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და სასამართლოში წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საქმეში დაცული ლ.ა-ის, ც.ღ-ის, პ.ქ-ას განცხადების თანახმად, ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ...ას ქ. №20-ის მიმდებარედ არსებულ 775 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის ვ.პ-ის, აქვე ცხოვრობდა ხ-ების ოჯახი. წლების განმავლობაში ნაკვეთით სარგებლობდნენ ნ.ჭ-ი, შ.კ-ე, მ.ხ-ი და ვ.პ-ი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მ.ხ-მა და მ.კ-მა (ვ.პ-ის უფლებამონაცვლე) განმარტეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა და შედარებით მომცრო ნანგრევი, აშენებული იყო ვ.პ-ის მამის მიერ, რომელშიც ცხოვრობდა პ-ების ოჯახი, ხოლო მეორე - უფრო დიდი ნანგრევი წარმოადგენს ხ-ების სახლის ნანგრევს, რომელშიც ცხოვრობდნენ 1973 წლამდე, ვიდრე ...ას ქუჩის №20-ში არ დაიწყო კორპუსის მშენებლობა, რომელმაც მათი სახლის ნგრევა გამოიწვია. ეზო იყო შემოღობილი, რომელსაც ახლაც ეტყობა შემოღობვის კვალი. როგორც მ.ხ-ი, ისე ვ.პ-ი (მ.კ-ი) ცხოვრობენ ...ას ქუჩის №20-ში მდებარე კორპუსში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ისინი უვლიდნენ ხეხილის ბაღს, რომელიც მათი მშობლების დარგულია, აქვთ ხეივანი, ყვავილები, მწვანილი. ეზოში აქვთ მანქანის დასაყენებელი, შესაკეთებელი ორმოთი. შ.კ-ე და ნ.ჭ-ი 1973 წლიდან ცხოვრობენ ...ას ქ. №20-ში მდებარე კორპუსში. ისინი ვ.პ-სთან მეგობრობდნენ და ხშირად იყვნენ მათ ბაღში. შ.კ-ე არის ამ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე და როცა დახმარებისთვის მიმართავდნენ, ისიც და ნ.ჭ-იც ყოველთვის ეხმარებოდნენ მათ.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას შ.კ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებიდან ასევე დგინდება, რომ ის და ნ.ჭ-ი ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, ...ას ქ. №20-ში, კორპუსის ბინაში. 90-იან წლებში, მან და ნ.ჭ-მა ქონება არ წაართმევინეს და ფიზიკურად შეანარჩუნებინეს ვ.პ-ის და მ.ხ-ის. ნ.ჭ-მა, რომელიც მშენებელია, მუშები მოიყვანა და ვ.პ-ის შენობის სახურავი შეაკეთებინა. იგი ინახავდა ამ შენობაში სამშენებლო იარაღებს. ის და ნ.ჭ-ი ეხმარებოდნენ ბაღის მოვლაში ვ.პ-ის, რომელიც იყო მათი მეგობარი, ხშირად იყვნენ ამ ეზოში, სადაც თვითონ მანქანასაც აჩერებდა. ნ.ჭ-ი პერიოდულად ცხოვრობს საზღვარგარეთ, იგი ახლაც საზღვარგარეთაა.

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №22 და №28 ადგილზე დათვალიერების ოქმებით დადგენილია, რომ მოთხოვილი მიწის ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადით და ხის მასალით, მიწის ნაკვეთზე დგას კაპიტალური შენობა და კაპიტალური ნანგრევი. არის ერთი კაპიტალური შენობა და ორი დანგრეული კაპიტალური შენობის ფრაგმენტი. შენობები საკმაოდ ძველია. გამოიკითხნენ მეზობლებიც და ნაწილობრივ დადასტურდა მ.ხ-ის შემხებლობა მიწის ნაკვეთთან.

სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული ც.ღ-ის განმარტებით, მეექვსე კლასში იყო, როდესაც იგი ...ას ქუჩის №20-ში გადავიდა საცხოვრებლად. იგი მეგობრობდა მ.ხ-სთან, რომელიც ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. იგი ასევე იცნობს ვ.პ-ის და შ.კ-ეს, რომლებიც ამავე მისამართზე ცხოვრობდნენ. დაახლოებით 1973 წლიდან უვლიან ბაღს ვ.პ-ი, შ.კ-ე და მ.ხ-ი. ლ.ა-ის განმარტებით დადგენილია, რომ იგი 12 წლიდან ცხოვრობდა ქალაქ თბილისი, ...ას ქუჩის №20-ში მშობლების სახლში. მის მეზობლად ცხოვრობდნენ მ.ხ-ის და ვ.პ-ის ოჯახი, შემდეგ სახლი დაინგრა და დღეის მდგომარეობით ამავე მისამართზე არსებულ ბაღს უვლიან მ.ხ-ი და ვ.პ-ი.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებზე და ადგილზე დათვალიერების ოქმებზე დაყრდნობით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ რამდენადაც მ.ხ-ისა და მ.კ-ის (ვ.პ-ის უფლებამონაცვლე) ოჯახებს/წინაპრებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გააჩნდათ საცხოვრებელი შენობები სადავო მიწის ნაკვეთზე, სასარჩელო მოთხოვნა მათ ნაწილში საფუძვლიანია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი მოწმე - გ.გ-ი მიუთითებს ნ.ჭ-ისა და შ.კ-ის სადავო მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობასთან შემხებლობაზე, აღნიშნული არ დასტურდება საქმეში დაცული სხვა არც ერთი მტკიცებულებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ მოწმის ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობად. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51.3 მუხლისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ ის დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სადავო ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი ვერ დადგინდება მხოლოდ ფიზიკურ პირთა განცხადებებით. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მეზობლების განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, სამი პირის წერილობითი განმარტება არ ცვლის საქმის გარემოებას (სუსგ 23.03.2020წ. საქმე №ბს-1338(კ-18)).

საგულისხმოა, რომ მოწმეთა ჩვენებებით, მართალია, დგინდება, რომ ნ.ჭ-ი და შ.კ-ე სადავო მიწის ნაკვეთს მასზე არსებულ შენობასთან ერთად უვლიდნენ და პატრონობდნენ, თუმცა აღნიშნული გარემოება საკუთრების უფლების მოპოვების კუთხით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არარელევანტურია. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის განმსაზღვრელია სხსენებული კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, რომელზედაც 1. განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან 2. მიწის ნაკვეთი უნდა წარმოადგენდეს საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავეს. არც ერთი ზემოაღნიშნული გარემოება ნ.ჭ-ისა და შ.კ-ესთან მიმართებით სახეზე არა გვაქვს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს - შ.კ-ესა (მოსარჩელეს) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმეზე არ წარმოუდგენიათ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი განსახილველ საქმეზე ასევე არის მ.კ-ი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ.კ-ის (ვ.პ-ის უფლებამონაცვლის) და მ.ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 8 აგვისტოს №960 განკარგულება, მიწის ნაკვეთზე ვ.პ-ისა და მ.ხ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა 775 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნაკვეთზე მოსარჩელეების - მ.კ-ისა (ვ.პ-ის უფლებამონაცვლის) და მ.ხ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, მდებარე: ქ. თბილისი, ...ას ქუჩა №20-ის მიმდებარედ (... №80), ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ნ.ჭ-ის და შ.კ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე წარმოებისას თავდაპირველად მ.ხ-ი პრეტენზიას აცხადებდა 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მხარეები შეთანხმდნენ და მოცემულ ნაკვეთზე თანამოსარგებლეებს წარმოადგენენ. საგულისხმოა ასევე, რომ განსახილველი დავის ფარგლებში ოთხმა პირმა - ვ.პ-მა, ნ.ჭ-მა, შ.კ-ემ და მ.ხ-მა ერთობლივად აღძრეს სარჩელი და მათ ინტერესს წარმოადგენდა სადავო უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრეებად აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. მოსარჩელეებს სადავო ქონებასთან მიმართებით საკუთარი წილები ინდივიდუალურად არ განუსაზღვრავთ. შესაბამისად, დავის საგნის გათვალისწინებით, მ.კ-ის და სხვა მოსარჩელეებს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში შეხვდებოდათ 1/4-1/4 წილი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი მხოლოდ ორ მოსარჩელეს - მ.კ-ის (ვ.პ-ის უფლებამონაცვლე) და მ.ხ-ის თანასაკუთრებად უღიარდათ სადავო მიწის ნაკვეთი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შ.კ-ეს საკასაციო საჩივარზე 25.03.2024წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შ.კ-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.კ-ის, მ.კ-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. შ.კ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.03.2024წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა