საქმე #ბს-446(კ-24) 19 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრატთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. კ-ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვარი განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 5 აგვისტოს მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრატთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იძულებით გადაადგილებული პირი, რომელსაც სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღია. სახელმწიფო მას ბინის გადაცემაზე უარს ეუბნება იმ მოტივით, რომ თითქოს მისი ოჯახის გაყოფა მოხდა ხელოვნურად, თუმცა მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2016 წელს მასსა და მის მეუღლეს შორის მოხდა ოფიციალური განქორწინება და ხელოვნურ გაყოფას მათ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.
2022 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით, რომლითაც მან სსიპ დევნილთა, ეკომიგრატთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის #IDP9 22 00000930 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელე მ. კ-ეის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრატთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის #IDP9 22 00000930 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. კ-ეის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მ. კ-ე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, შშმ პირის სტატუსით, უვადოდ. ამასთან, პალატის მითითებით, მ. კ-ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით - 170 960. სასამართლომ დაადგინა, რომ განქორწინების მოწმობით მ. კ-ესა და მა. კ-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2016 წლის 15 ივლისს, ხოლო განქორწინების რეგისტრაციის შემდგომ მა. კ-ეისათვის მიკუთვნებული გვარია ბ-ა.
2021 წლის 25 ნოემბერს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს #75111 განაცხადით მიმართა მ. კ-ემ და მოითხოვა, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად განმცხადებელმა მიუთითა - ქალაქი თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპ. #..., ბინა #1. კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმით, 2021 წლის ... ივლისის მდგომარეობით მ. კ-ეის ოჯახი შეფასდა 5 ქულით, რომელთაგან 1.50 ქულა - 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი; 1.50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები 1.50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგენა ხანდაზმული წევრებისაგან - 1.00 ქულა, მ. კ-ე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - ზომიერად გამოხატული - 1.00 ქულა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის თანახმად, განმცხადებელი არის 70 წლის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, განქორწინებული, ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია ..., ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, არ არის სოციალურ პროგრამაში, ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მოსარჩელის მიერ მითითებულია - ქალაქი თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპ. #..., ბინა #1. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტებით, მ. ბ-ას, მ. კ-ეისა და ვ. კ-ეის ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია ...; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმით, 2022 წლის 23 ივნისის მდგომარეობით, განაცხადი ასევე გაკეთებული აქვს მ. ბ-ას, რომლის სარეგისტრაციო ნომერზეც არიან მეუღლე, სამი შვილი, ხუთი შვილიშვილი (განაცხადი გაკეთებულია შვილთან ერთად). ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2022 წლის 13 მაისის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპ. #..., ბინა #1-ში. მისამართზე იმყოფებოდა განმცხადებელი - მ. კ-ე, რომელმაც განმარტა, რომ დევნილობიდან ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართზე. აღნიშნულ მისამართზე კი ცხოვრობს 2015 წლიდან, ქირით ყოფილ მეუღლესთან და დასაოჯახებელ ვაჟთან - ვ. კ-ესთან ერთად. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 1 ივლისის #58 სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 28 ოქტომბრის #IDP 9 22 00000930 ბრძანებით მ. კ-ეის ოჯახს, ხელოვნური გაყოფის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელე მ. კ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველად მითითებული ჰქონდა ოჯახის ხელოვნური დაყოფა. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარსა და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული შეფასებები, ასევე, დასკვნა „ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო“ დევნილი ოჯახის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარის თქმის თაობაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული მოსაზრება ეწინააღმდეგებოდა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ როგორც ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებიდან გაირკვა, მოსარჩელე ცხოვრობს მეუღლესთან - მ. ბ-ასთან და შვილთან - ვ. კ-ესთან ერთად. ამდენად, სააგენტოს შეფასებით, მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად ეწევა საოჯახო მეურნეობას. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ მ. კ-ე, მ. ბ-ა და ვ. კ-ე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ერთ ოჯახად არიან რეგისტრირებულნი და დევნილის ანკეტის მიხედვით, მინიჭებული აქვთ ერთი სარეგისტრაციო ნომერი. სააგენტოს მოსაზრებით, მ. კ-ეის მიზანია სახელმწიფოს თავი ცალკე ოჯახად წარმოუდგინოს და მიიღოს შესაბამისი სარგებელი. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, მან სათანადოდ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონთან შესაბამისობაში. სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის #IDP 9 22 00000930 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის მ. კ-ეის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებლობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. კ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის: აფხაზეთი, სოხუმი, ...ს ქ. #..., ჩიხი #8; დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი): თბილისი, ...ს ქ. #1, ჩიხი #11; სარეგისტრაციო #...; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის (....07.2022წ. მდგომარეობით) მიხედვით, მ. კ-ეის ოჯახი შეფასებულია 5.00 ქულით, კერძოდ: 1.50 ქულა - 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები 1 წევრი; 1.50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები 1.50 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1.00 ქულა, მ. კ-ე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“ - ზომიერად გამოხატული - 1.00 ქულა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #58) მ. კ-ეის დევნილ ოჯახს ეთქვა „უარი - ოჯახის ხელოვნურად გაყოფის გამო“. თუმცა საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს განქორწინების #01162008594 მოწმობაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე მ. კ-ეისა და მა. კ-ეის შორის შეწყდა ქორწინება 2016 წლის 15 ივლისს (აქტის ჩანაწერის: #01164002844; მოწმობის გაცემის თარიღი - 22 აგვისტო 2018 წელი; მოწმობის გამცემი ორგანო - სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური). საქმის მასალებით, ასევე, დასტურდება, რომ მ. კ-ე არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შეზღუდვის სტატუსი - ზომიერი, შეზღუდვის მიზეზი - საერთო დაავადება, სტატუსის დადგენა - უვადო).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცხოვრების ადეკვატური პირობების შექმნას, რაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, მოიცავს სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის #1888 დადგენილებით, ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან) 28.1. მუხლზე, რომლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული შეფასება და დასკვნა „ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო“ დევნილი ოჯახის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარის თქმის თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული მოსაზრება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ დასტურდება და მოპასუხის მიერ ვერც საქმის განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. კ-ეის ოჯახის ხელოვნურ გაყოფას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა