Facebook Twitter

№ბს-855(კ-24) 25 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. კ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 15 ნოემბრის სხდომის ოქმი, ი. კ-ეის საშიშროების რისკის სახედ მომეტებული კატეგორიის განსაზღვრის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 ნოემბრის №24911 ბრძანება; გ) დაევალოს მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ი. კ-ეს განესაზღვრება საშიშროების საშუალო რისკი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 15 ნოემბრის სხდომის ოქმი, ი. კ-ეის საშიშროების რისკის სახედ მომეტებული კატეგორიის განსაზღვრის შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 ნოემბრის №24911 ბრძანება. დაევალა მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ი. კ-ესთან დაკავშირებით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საკითხი ეხება პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნებას, მსჯავრდებულთა უსაფრთხოების საკითხებს, რაც განაპირობებს პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისიწინა მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის, სპეციალური კანონი, კერძოდ, „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის №3/4810-21 გადაწყვეტილების თანახმად, ი. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ი. კ-ეის მიმართ საშიშროების რისკის შეფასების პროცედურის წარმართვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემდგომ ინსტანციებში, თუმცა შედეგი უცვლელი დარჩა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა ძალაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღასრულა აღნიშნული გადაწყვეტილება და შესაბამისი პროცედურების გავლით მიიღო მსჯავრდებული ი. კ-ეისათვის საშიშროების მომეტებული რისკის განსაზღვრის გადაწყვეტილება. რისკების შეფასების გუნდი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით.

მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ მსჯავრდებული ი. კ-ეის მიმართ საშიშროების რისკის დადგენისას სრულად იქნა შესწავლილი ყველა ფაქტობრივი გარემოება, მათ შორის, დანართი №1 და დანართი №2-ში მითითებული ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანი იყო საქმის ობიექტური გამოკვლევისა და შეფასებისათვის. სხდომის ოქმის თანახმად, მსჯავრდებულ ი. კ-ეის მიმართ სასჯელის მოხდის მთელი პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება, წახალისების ფორმა კი გამოყენებულ იქნა 3-ჯერ, კერძოდ, 2018-2019 წლებში. მსჯავრდებული მიდრეკილი არ არის თვითდაზიანებისაკენ. ი. კ-ე არ არის კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი. პატივისცემას იჩენს დაწესებულების მოსამსახურეების მიმართ, მოტივირებულია ცვლილებებისკენ, არის მშვიდი, გაწონასწორებული და თავაზიანი. რისკების შეფასების გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გაიზიარა დანართი №2- ში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 30 აპრილს, მსჯავრდებული ი. კ-ე სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაყვანილ იქნა №15 პენიტენციურ დაწესებულებაში. ი. კ-ეის განცხადების საფუძველზე ის უთითებდა, რომ მისთვის საფრთხის შემცველი იყო მისი ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება. მოსარჩელის მითითებით წარსულში იგი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და მინიჭებული ჰქონდა სამხედრო ...ის (...ის) წოდება. ასევე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში საქმიანობისას, მის ერთ-ერთ საკურატორო სფეროს განეკუთვნებოდა სამთავრობო დაცვის ერთ-ერთი დანაყოფის კოორდინირება. ამასთანავე, როგორც იურისტი, არაერთ საჯარო განცხადებას (მათ შორის, სატელევიზიო ეთერებითაც) აკეთებდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისა და დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ, რის გამოც თვლიდა, რომ №12 პენიტენციური დაწესებულების გარდა, სხვა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში შესაძლო იყო მსჯავრდებულთა გარკვეული კატეგორიის მხრიდან აგრესიის სამიზნე გამხდარიყო. თავად მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებებისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მსჯავრდებულის გადაყვანა №12 დაწესებულებაში მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული, რის შესახებაც არაერთხელ ეცნობა მსჯავრდებულს. მიუხედავად ამისა, ი. კ-ემ №12 დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის 2020 წლის 31 აგვისტოს №13756 ბრძანებით, იგი გადაყვანილ იქნა №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სხვა მსჯავრდებულებმა ი. კ-ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შესაბამისად, ი. კ-ე უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე დაბრუნებულ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში, მისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე კი დაიწყო გამოძიება და სასამართლოს 29.04.2021წ. გადაწყვეტილებით პასუხისგებაში მიეცა რამდენიმე პირი. შესაბამისად, ი. კ-ეის ნებისმიერ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ მის მიმართ სხვა მსჯავრდებულების მიერ განხორციელდეს ძალადობა. დანართი №2-ში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულის მიერ წარსულში (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში) ჩადენილია დანაშაულები.

კასატორის განმარტებით, პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას. ადმინისტრაციული ორგანო, კანონით დასახული მიზნის მისაღწევად უფლებამოსილია, დისკრეციული უფლებამოსილების თანმიმდევრულად განხორციელებისათვის, მისაღები გადაწყვეტილებების კრიტერიუმები თვითშეზღუდვით შემოფარგლოს. საკითხის გადაწყვეტისას რისკების შეფასების გუნდს შეუძლია კონკრეტული კრიტერიუმი/კრიტერიუმები საკითხის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნიოს, რაც არ ქმნის ამ უფლებამოსილების გამოყენების კანონშეუსაბამობას. ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან თავიდანვე სწორად იქნა შეფასებული რისკები მსჯავრდებულ ი. კ-ესთან მიმართებით. პენიტენციურმა სამსახურმა მნიშვნელოვნად მიიჩნია იმ სამართლებრივი სიკეთის დაცვა, როგორიცაა, პატიმრის უსაფრთხოება. მსჯავრდებული ი. კ-ეის მიმართ რისკების შეფასების გუნდის მიერ გეგმიურად მოხდა რისკის გადაფასება 2024 წლის 14 მაისს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ გამოიცა შესაბამისი №10639 ბრძანებაც. აღნიშნული ბრძანება კი მოსარჩელე მხარის მიერ ასევე იქნა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2024 წლის 28 მაისს. მოცემულ ეტაპზე საქმე მიმდინარეა და სამართალწარმოება არ დასრულებულა. ამდენად, მოსარჩელე მხარის ინტერესი რისკის გადაფასებით რეალიზდა. გადაწყვეტილების აღსრულების პირობებშიც რისკების შეფასების გუნდი წარმართავდა იმავე პროცედურებს, რაც 2024 წლის 14 მაისისათვის წარიმართა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით, ი. კ-ე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი. კ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი ი. კ-ეს შეუმცირდა - 75 დღით. ი. კ-ეის სასჯელის მოხდის ვადის დასაწყისია - 2017 წლის 6 თებერვალი, ხოლო სასჯელის მოხდის ვადის დასასრული - 2024 წლის 23 ნოემბერი (ტ.1, ს.ფ 78-86); ბ) 2022 წლის 15 ნოემბერს, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდმა განიხილა №8 პენიტენციური დაწესებულების მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ,,დანართი №1“ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია ,,დანართი №2“ მსჯავრდებული ი. კ-ეის შესახებ, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. აღნიშნული ოქმის ამონაწერის თანახმად, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა დაადგინა, რომ მსჯავრდებული ი. კ-ე არ არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე. სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ დისციპლინური ღონისძიება არ არის გამოყენებული. წახალისების ფორმა გამოყენებულია სამჯერ. არ არის მიდრეკილი თვითდაზიანებებისკენ. საშიშროების ,,საშუალო“ რისკის სახის განსაზღვრის, კერძოდ, 2018 წლის 13 მარტის შემდეგ, მსჯავრდებული ი. კ-ე წახალისებულია ორჯერ. ორივე შემთხვევაში, წახალისების ფორმით - ,,დამატებითი ხანგრძლივი პაემანი“. მას არ აქვს სარეაბილიტაციო და სოციალურ პროგრამებში მონაწილეობის მიღების სურვილი, უარყოფითი დამოკიდებულება აქვს პროგრამებში მონაწილეობის მიმართ. ასევე, არ აქვს სწავლისა და მუშაობის სურვილი, მათ მიმართაც აქვს უარყოფითი დამოკიდებულება. მსჯავრდებულის პიროვნების დამახასიათებელი რისკფაქტორები ამ ეტაპზე არ იკვეთება. დამცავი ფაქტორია - ჩადენილი დანაშაულის გააზრება. იგი არ არის კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი. პატივისცემას იჩენს დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ. არის მოტივირებული ცვლილებებისკენ. გააზრებული და გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაული და მისი უარყოფითი ხასიათი. არის მშვიდი და გაწონასწორებული, ასევე თავაზიანი. აღნიშნული ოქმის ამონაწერის თანახმად, პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში არსებული ინფორმაციით, 2018 წლის 30 აპრილს, მსჯავრდებული ი. კ-ე სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაყვანილ იქნა №15 პენიტენციურ დაწესებულებაში, საიდანაც, მისივე განცხადების საფუძველზე დაბრუნებულ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ვინაიდან მსჯავრდებულის განმარტებით საფრთხის შემცველი იყო მისი ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება. როგორც მსჯავრდებული უთითებს, წარსულში იგი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და მინიჭებული ჰქონდა სამხედრო ...ის (...) წოდება. ასევე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში საქმიანობისას, მის ერთ-ერთ საკურატორო სფეროს განეკუთვნებოდა სამთავრობო დაცვის ერთერთი დანაყოფის კოორდინირება. ამასთანავე, როგორც იურისტი, არაერთ საჯარო განცხადებას აკეთებდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისა და დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ, მათ შორის სატელევიზიო ეთერებითაც, რის გამოც თვლიდა, რომ №12 პენიტენციური დაწესებულების გარდა, სხვა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, შესაძლო იყო მსჯავრდებულთა გარკვეული კატეგორიის მხრიდან აგრესიის სამიზნე გამხდარიყო. შესაბამისად, იგი ითხოვდა №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას. თავად მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებებისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, პენიტენციური დეპარტამენტის მიერ ი. კ-ეის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული, რის შესახებაც არაერთხელ ეცნობა მსჯავრდებულს წერილობით. მიუხედავად აღნიშნულისა, ი. კ-ემ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართა სასამართლოს. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 31 აგვისტოს №13756 ბრძანებით განხორციელდა მსჯავრდებულ ი. კ-ეის №8 პენიტენციური დაწესებულებიდან №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც სხვა მსჯავრდებულების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. 2020 წლის 1 სექტემბერს, მსჯავრდებული ი. კ-ე, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან დაბრუნებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე დაიწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და სასამართლოს 29.04.2021 წლის გადაწყვეტილებით, პასუხისგებაში მიცემული იქნა რამდენიმე პირი. ამრიგად, მსჯავრდებული ი. კ-ეის ნებისმიერი ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში, არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ მის მიმართ სხვა მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მიღებული საიდუმლო ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. გ.-ს ძე კ-ეის განთავსება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ ი. გ.-ს ძე კ-ეის საშიშროების რისკის სახე არის მომეტებული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გაეწია რეკომენდაცია მსჯავრდებული ი. გ.-ს ძე კ-ე განთავსებულ იქნეს მისი რისკის სახის შესაბამის დაწესებულებაში (ტ.1, ს.ფ 13-16); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 15 ნოემბრის №24911 ბრძანებით, საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულ ი. გ.-ს ძე კ-ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამავე ბრძანებაში, მისი მიღების საფუძვლად მიეთითა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 15 ნოემბრის სხდომის ოქმი (ტ.1, ს.ფ 12).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ პატიმრობის კოდექსზე (ძალადაკარგულია - 15.12.2023, №3988), რომელიც განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს (მე-3 მუხლის პირველი ნაწილი). ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანხმად, სპეციალური პენიტენციური სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. ამავე კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.

პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად, (2) მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი; (4) სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად; ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; თ​1) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება და ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის; ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას; (41) მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით; (42) გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად; (5) ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება წესები, რომლებიც დადგენილია ამ რისკის მსჯავრდებულისათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში; (6) ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებული შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრისთანავე შეიძლება დაბრუნდეს იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლიდანაც გადაიყვანეს.

პატიმრობის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, (1) დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა; (2) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; ზ) დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; მ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; ნ) მსჯავრდებულის ასაკი; ო) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; პ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ჟ) ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; რ) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.

ზემოაღნიშნული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საშიშროების რისკის სახეებია: ა) დაბალი; ბ) საშუალო; გ) მომეტებული; დ) მაღალი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საშიშროების მომეტებული რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მომეტებული. მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლია შეასრულოს გუნდის წევრის ფუნქციები. მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, გუნდი სხდომაზე განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე. გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ გუნდი ჩათვლის, რომ მსჯავრდებულისათვის საშიშროების მომეტებული ან მაღალი რისკის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა უშუალოდ მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღება, იგი უფლებამოსილია, მსჯავრდებულს მოუსმინოს საკუთარი ინიციატივით.

ზემოაღნიშნული წესის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტით გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დატოვების, ასევე, იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს გენერალური დირექტორი, გუნდის გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში. მე-8 პუნქტის მიხედვით, გენერალური დირექტორი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის შესაბამისი ტიპის რამდენიმე დაწესებულებიდან, რომელ დაწესებულებაში იქნება მსჯავრდებული გადაყვანილი სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით.

წესის მე-17 მუხლის თანახმად, (1) საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, გუნდი უზრუნველყოფს უკვე შეფასებულ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას; (2) მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხორციელდება: ა) საშიშროების მაღალი რისკის დადგენიდან არაუგვიანეს 12 თვისა. პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია; ბ) საშიშროების მომეტებული რისკის დადგენიდან არაუგვიანეს 18 თვისა. პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია; გ) საშიშროების საშუალო რისკის დადგენის შემთხვევაში, მსჯავრდებულის ქცევის მკვეთრად შეცვლისთანავე ან მსჯავრდებულის პირადი განცხადების საფუძველზე; დ) საშიშროების დაბალი რისკის დადგენის შემთხვევაში, მსჯავრდებულის ქცევის მკვეთრად შეცვლისთანავე ან სხვა გარემოებათა ცვლილებისას ან/და როცა მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.

ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, ერთმნიშვნელოვნად არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. სწორედ სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. ამგვარად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა საკითხის გადაწყვეტის მიზნით, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების კანონზომიერებას. ამგვარი დასაბუთების გარეშე, შეუძლებელია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერება და შეფასდეს მისი კანონშესაბამისობა.

განსახილველ შემთხვევაში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, რამ განაპირობა მოსარჩელისათვის მომეტებული საშიშროების რისკის განსაზღვრა და მისი დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსება იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებში მითითებულია მოსარჩელის შესახებ არაერთი დადებითი გარემოება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო აქტებში საუბარია მხოლოდ სხვა მსჯავრდებულებისაგან მომდინარე საფრთხეებზე და არ არის დასაბუთებული თავად ი. კ-ეის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით, საშიშროების რა რისკი შეიძლება განესაზღვროს თავად მსჯავრდებულს. ამდენად, სადავო გადაწყვეტილება არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კოლეგია უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისაგან განსხვავებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე არსებითად საქმე არ წყდება, აღნიშნულ ეტაპზე განიხილება მხოლოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის და მაშასადამე, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის საკითხი. გარდა ამისა, არამხოლოდ დასაშვებობის, არამედ საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და საკასაციო სასამართლო ყოველი კონკრეტული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე, წყვეტს ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის მიზენშეწონილობის საკითხს.

მართალია, საჯარო განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გულისხმობს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას, თუმცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზეპირი განხილვის ვალდებულება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა არ გულისხმობს საქმის გარემოებათა არასათანადოდ შესწავლასა და შეფასებას, მხარეთა შეჯიბრებითობის უგულებელყოფას, მხარეების სამართლებრივი არგუმენტების ეფექტურად განხილვა შესაძლებელია, აგრეთვე, წერილობითი ფორმით. ამდენად, კასატორი უზრუნველყოფილია, თავისი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენის შესაძლებლობით, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენის შემთხვევაში, კასატორს შესაძლებლობა აქვს წერილობით უპასუხოს მას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საკასაციო ინსტანციის სასამართლო მისი დანიშნულებიდან გამომდინარე ადგენს მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს და არა ახალ ფაქტებს, შესაბამისად, ხდება მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რაც გამორიცხავს ზეპირად განხილვის აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით ზეპირი განხილვის დანიშვნის ან მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის საჭიროება არ იკვეთება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინება;

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე