საქმე №ბს-1260(კ-23) 2 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე)- ი.კ-უ
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი.კ-უმ 2021 წლის 14 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, კერძოდ თბილისში, ...ის ქ. N23-ში. აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექბიუროს არქივში არსებული ჩანაწერით, ასევე მეზობლების ახსნა-განმარტებით. ი.კ-უ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გაემგზავრა საზღვარგარეთ, თუმცა პერიოდულად ჩამოდიოდა ...ის ქუჩაზე მდებარე სახლში. ბოლოს 2019 წელს ჩამოვიდა საქართველოში და მოინახულა თავისი სახლი და მეზობლები, მაგრამ სახლში ვერ დარჩა ვინაიდან იგი სარემონტოა. მოსარჩელემ უსახსრობის გამო ვერ მოახერხა სახლის გარემონტება. ი.კ-უს სამშობლოში სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია, მუდმივად საზღვარგარეთ ყოფნას არ აპირებს და სამომავლოდ საქართველოში სურს იცხოვროს.
2017 წლის 13 ნოემბერს, ი.კ-უს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N23-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 2 მარტის N33-01210613494 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული აქტი მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 17 მაისის N666 ბრძანებით, დაკმაყოფილდა ი.კ-უს წარმომადგენლის 2021 წლის 18 მარტის №19/01210772517-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 2 მარტის N33-01210613494 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შემდგომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ...ის რაიონის გამგეობაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 1 ივლისის №33-01211821781 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, უძრავი ნივთის კანონიერი სარგებლობის მქონე დოკუმენტის წარუდგენლობისა და სადავო ფართის ფაქტობრივად არ ფლობის გამო. ზემოაღნიშნული დოკუმენტი მოსარჩელემ კვლავ გაასაჩივრა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1201 ბრძანებით, ი.კ-უს წარმომადგენლის №19/0121201690-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 1 ივლისის №33-01211821781 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ი.კ-უს წარმომადგენლის ლ.დ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1201 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობისთვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N23-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის ი.კ-უს სახელზე, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ი.კ-უს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 1 ივლისის №33-01211821781 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე უარის თქმის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1201 ბრძანება ი.კ-უს წარმომადგენლის ლ.დ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას დაევალა ი.კ-უსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N23, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე" და აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ, კუმულაციურად ორი პირობა უნდა არსებობდეს: 1. პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) და 2. ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მასზედ, რომ მის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები, კერძოდ, კი (1971 წლის საბინაო წიგნი, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2017 წლის 28 სექტემბრის NAA2017035812-03 საარქივო ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის წერილი, 2017 წლის 18 სექტემბრის N... სამკვიდრო მოწმობა) განეკუთვნებოდა სწორედ იმ „სხვა დოკუმენტებს“, რომელთა საშუალებითაც ი.კ-უს შეეძლო სადავო ბინის პრივატიზება. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული უძრავი ნივთის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტებად. სასამართლომ მიუთითა საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 28 ივლისის განჩინებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ საბჭოური ,,ჩაწერის ინსტიტუტი” ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას, იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე კი ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი ჯერ კიდევ 1971 წლიდან ჩაწერილები იყვნენ და ცხოვრობდნენ მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, წარმოადგენს მათი, როგორც დაკავებული ფართის კანონიერი მოსარგებლედ ცნობის საფუძველს (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები Nბს180-177(კ-15); Nბს-257-254(კ-12)). საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმის სახით დაკითხულ პირებზეც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ...ის ქუჩა N23-ში მდებარე ბინა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ი.კ-უს არ დაუკარგავს კავშირი მის მშობლიურ სახლთან. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში ხელყოფდა მოსარჩელის კანონიერ ინტერესს საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით, რამეთუ სახეზეა გარემოება, როდესაც ერთი მხრივ ფორმალურად არსებობს ი.კ-უს საკუთრების უფლება, ხოლო მეორე მხრივ ის ვერ ახერხებს აღნიშნული უფლების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი.კ-უს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის" მე-2, მე-3, მე-4 მუხლებზე და აღნიშნა, რომ კანონიერი მოსარგებლე ამ ნორმატიული აქტით დადგენილი მიზნებისათვის არის პირი, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერი სარგებლობის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და რომელიც ფაქტობრივად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით. ზემოაღნიშნული ორი წინაპირობის ერთდროულად არსებობა აუცილებელია იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ და წარმოეშვას მის მიერ დაკავებული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდებოდა და მოსარჩელეც (მოწინააღმდეგო მხარე) სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონება არ არის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში. ამასთან, მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ცალსახად განმარტეს, რომ ი.კ-უ 25 წელია, რაც საზღვარგარეთ იმყოფება და 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ ფართში არ უცხოვრია. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ ი.კ-უ პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში და ცხოვრობდა მეზობლებთან, ვერ იქნებოდა მიჩნეული მოთხოვნილი ფართის მოვლა-პატრონობის და შესაბამისად, სარგებლობის (ფაქტობრივი ფლობის) დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. ამასთან საგულისხმო იყო, რომ სადავო უძრავი ქონება 2000-იანი წლებიდან დღემდე დაკავებული არ ჰქონიათ მესამე პირებს და მოსარჩელის ნების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობდა მოთხოვნილი უძრავი ქონებით სარგებლობის (ფაქტობრივი ფლობის) დამაბრკოლებელი გარემოება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარე) მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი პრივატიზებამოთხოვნილი ფართით სარგებლობის (ფლობის) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით, სადავო აქტებით ი.კ-უს კანონშესაბამისად ეთქვა უარი უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ...ის ქ. №23) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.კ-უმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას მისი მოთხოვნების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. ი.კ-უ აღნიშნავს, რომ ქონების მიმართ ინტერესი არასდროს დაუკარგავს, წლებია კანონით დადგენილი წესით ცდილობს კუთვნილი უძრავი ქონების საკუთრებად აღრიცხვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.კ-უს საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით ი.კ-უს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.კ-უს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.კ-უს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ი.კ-უსთვის საცხოვრებელი ფართით პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 1 ივლისის №33-01211821781 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ი.კ-უს წარმომადგენლის ლ.დ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1201 ბრძანების კანონიერება. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობისთვის საცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N23-ის ი.კ-უს სახელზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სადავო აქტებით ი.კ-უს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა შემდეგი საფუძვლებით, კერძოდ 1. პრივატიზება მოთხოვნილ ფართზე მას არ გააჩნდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით’’ განსაზღვრული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორდერები, ოქმები და სხვა) და 2. არ დგინდებოდა ი.კ-უს მხრიდან სადავო ფართის ფაქტობრივი ფლობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, არის თუ არა ი.კ-უ დაკავებული ფართის კანონიერი მოსარგებლე და სადავო ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლების მქონე სუბიექტი, რისთვისაც შეფასება უნდა მიეცეს საკითხს, წარმოადგენს თუ არა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, კანონის მიზნებიდან გამომდინარე.
13.11.2017წ. ი.კ-უმ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ...ის ქუჩა N23-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ...ის რაიონის გამგეობაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 1 ივლისის №33-01211821781 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, უძრავი ნივთის კანონიერი სარგებლობის მქონე დოკუმენტის წარუდგენლობისა და სადავო ფართის ფაქტობრივად არ ფლობის გამო. ზემოაღნიშნული დოკუმენტი მოსარჩელემ კვლავ გაასაჩივრა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1201 ბრძანებით, ი.კ-უს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგულისხმოა, რომ საქმეში დაცული 1971 წლის საბინაო წიგნის პირველ გვერდზე მისამართად ფიქსირდება: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N23. ამავე საბინაო წიგნში ოჯახის წევრებად მითითებული არიან: ქმარი - ზ.კ-კ, დაბადებული ... წელს, ცოლი - ზ.ე-ა, დაბადებული ... წელს, შვილები: ზ.ს-ა, დაბადებული ... წელს, ზ-ა ი., დაბადებული ... წელს და ზ.ი-ი, დაბადებული ... წელს. სიძე - კ.ტ-ი, დაბადებული ... წელს; შვილიშვილები - კ.ს-ა, დაბადებული ... წელს, კ.ი-ა., დაბადებული ... წელს.
N... ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ ე.ს-ა და კ.ზ-ი 1964 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ე.ს-ას ქორწინების შემდგომ მიენიჭა გვარი ზ-ი. ამავე ქორწინების მოწმობაზე მითითებულია, რომ ქორწინება შეწყვეტილია 1979 წელს.
N... დაბადების მოწმობით დგინდება, რომ ი.ზ-ი, დაბადებული ... წლის ... ... არის კ. ზ-ის შვილი. N... ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ ი.ზ-ი 1984 წლის 24 იანვარს დაქორწინდა ტ.კ-ზე. საბერძნეთის რესპუბლიკის, ...ის ოლქის თვითმართველობის ორგანოს, მოქალაქეთა უფლების დაცვის და მოქალაქეთა დაცვის სამმართველოს, მოქალაქეობრივი მდგომარეობის განყოფილების 2000 წლის ...ის გუბერნატორის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ი.ზ-ამ და მისმა ოჯახმა (მეუღლე და შვილები) მიიღეს საბერძნეთის მოქალაქეობა და მათი გვარი გახდა კ-ს - დ. (ი.კ-უ).
N01177020582 გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ კ.ზ-ი გარდაიცვალა 1979 წლის 19 მარტს. 2017 წლის 18 სექტემბრის N... სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ ი.კ-უ (დაბ. .. ... ....წ.) წარმოადგენს გარდაცვლილი მამის კ.ზ-ის (დაბ. .. ... ...წ.) ... რიგის კანონიერ მემკვიდრეს და მან მიიღო მამკვიდრებლის (გარდაცვლილი მამის) მთელი სამკვიდრო ქონება სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით და პასივებით.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 7 მარტის ნოტარიულად დამოწმებული და თარგმნილი განცხადებით დგინდება, რომ ა.კ-მა, ს.კ-მა, ი.ზ-მა უარი განაცხადეს ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N23-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ს/კ N..., რომელიც ეკუთვნის დედას - ე.ზ-ს (დაბ: ...წ.); ამავე განცხადებით ე.ზ-მ ასევე უარი განაცხადა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე, შვილის ი.კ-უს (დაბ: ...წ.) სასარგებლოდ. 2019 წლის 17 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებული და თარგმნილი განცხადებით დგინდება, რომ ი.ზ-მა უარი განაცხადა ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N23-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ს/კ N..., რომელიც ეკუთვნის დედას - ე.ზ-ს (დაბ: ...წ.); ამავე განცხადებით ი.ზ-მა უარი განაცხადა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე, ი.კ-უს (დაბ: ...წ.) სასარგებლოდ.
2017 წლის 18 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით, მოქალაქეები გ.ს-ე, გ.ზ-ი, ზ.ბ-ე, ზ.ზ-ი, რ.ზ-ი და მ.ს-ე ადასტურებენ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N17ა-N19-N21-23- ში მდებარე უძრავი ქონების ი.კ-უს მიერ 1965 წლიდან ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. აღნიშნული პირები თანხმობას გამოთქვავენ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზაციის, ლეგალიზაციის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ და მათ აღნიშნულის შესახებ პრეტენზია არ გააჩნიათ. 2019 წლის 9 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, მოქალაქეები გ.ზ-ი, ზ.ბ-ე და მ.ს-ე ადასტურებენ, რომ ი.კ-უ 1965 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N17აN19-N21-23-ში ლიტერი „ვ“, ფართი 77.09 კვ.მ. უძრავი ქონებით. აღნიშნული პირები თანხმობას გამოთქვავენ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზაციის, ლეგალიზაციის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ და მათ აღნიშნულის შესახებ პრეტენზია არ გააჩნიათ.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2017 წლის 28 სექტემბრის NAA2017035812-03 საარქივო ცნობის თანახმად, შპს „დ...ის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვის ცენტრ „...ის“ დოკუმენტებში დაცული საბინაო ბარათის (ფორმა N17) ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქე კ.ზ-ი რეგისტრირებულია ...ის ქუჩა N17ა-N23-ში 1971 წლის 22 მაისიდან. ამოწერილია 1978 წლის 10 ივნისს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის წერილით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით, თბილისი, ... ...ის ქუჩა N17ა-19-21 (სააღრიცხვო მასალა N016173). მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული და გენ-გეგმაზე მონიშნული ფართი შეესაბამება ძირითად ლიტერ „ვ“-ს (ერთ სართულიანი საცხოვრებელი სახლი), რომლის საცხოვრებელი ფართი შეადგენს 35,49 კვ.მ.-ს, დამხმარე ფართი 45,22 კვ.მ.-ს, ხოლო საერთო ფართი - 80,71 კვ.მ.-ს.
სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს, მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ განსაზღვრავს. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების უფლებამოსილებას შესაბამისი ფართის კანონიერ მოსარგებლეს ანიჭებს. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არამარტო ისეთი კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტებით, როგორიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი ან საბინაო წიგნი, არამედ სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც. სამართლის ნორმა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მასში ასახულია დოკუმენტების არასრული ჩამონათვალი, რაც თავის მხრივ, ქმნის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო საფუძვლების არსებობისას, ასეთი ჩამონათვალის განვრცობის, ანუ ნორმის განმარტების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლისა და მე-4 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების მიხედვით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველო აღმასრულებელი ორგანო - მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - შესაბამისი რაიონის გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილების მისაღებად კი განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო შემთხვევაში, წარმომადგენლობის დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მითითებული წესის მიზნებისათვის პირი მიჩნეულ იქნეს კანონიერ მოსარგებლედ, აუცილებელია ორი პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პირს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და 2. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, იგი კანონიერად უნდა სარგებლობდეს ფართით. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული წესით კანონიერი მოსარგებლისათვის მოთხოვნილი ფართის პრივატიზების პროცესში კანონიერი სარგებლობის უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია არსებობდეს ზემოაღნიშნული წესით განსაზღვრული მეორე წინაპირობაც - ფართით ფაქტობრივი სარგებლობა. შესაბამისად, საკუთრების უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მართლზომიერი სარგებლობის უფლების წარმოშობა, არამედ ამ უფლების რეალიზაციაც - ფართის ფაქტობრივი დაუფლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესში უფლებამოსილმა ორგანომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ამ უფლების ეფექტიან რეალიზებას და არ უნდა დაუშვას მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით პრივატიზაციაზე უარის თქმა. საკითხისადმი ფორმალური მიდგომით შესაძლოა მივიღოთ შედეგი, როდესაც ერთი მხრივ, უფლების ფორმალურად არსებობის მიუხედავად, პირს არ ეძლევა მისი რეალიზების შესაძლებლობა, რაც იმ ხარისხით ზღუდავს საკუთრების უფლებას, რომ შინაარსს უკარგავს მას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსრკ მინისტრთა საბჭოს 28.08.1974წ. N677 დადგენილებით დამტკიცებული „სსრკ-ში საპასპორტო სისტემის შესახებ წესის“ მიხედვით საბჭოთა პასპორტი მოიცავდა ინფორმაციას ჩაწერის შესახებ (I.4), მოქალაქეები ექვემდებარებოდნენ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ჩაწერას, ასევე დროებით საცხოვრებლის მიხედვით ჩაწერას ან რეგისტრაციას (I.6). ზემოაღნიშნული „წესის“ მიხედვით საბჭოთა მოქალაქეები ვალდებულები იყვნენ ჩაწერილიყვნენ საცხოვრებელ ადგილას (III.22). საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“, განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა სახოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს (სუსგ 29.10.2015წ. Nბს-180-177(კ-15), 18.07.2012წ. Nბს-257-254(კ-12)). განსახილველ შემთხვევაში ი.კ-უმ, სწორედ იმ ბინაზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას, სადაც 1971 წლის საბინაო წიგნის ჩანაწერებით იგი და მისი ოჯახის სხვა წევრებიც იყვნენ ჩაწერილნი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუთვალისწინებია იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა, არ შეუფასებია აღნიშნული რეგისტრაციის სამართლებრივი ბუნება, საბჭოთა „ჩაწერის ინსტიტუტის“ არსებობის პირობებში მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ხდებოდა პირის ჩაწერა და არა რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.კ-უს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილი 1971 წლის საბინაო წიგნი, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2017 წლის 28 სექტემბრის NAA2017035812-03 საარქივო ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის წერილი და 2017 წლის 18 სექტემბრის N... სამკვიდრო მოწმობა განეკუთვნებოდნენ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზეც ი.კ-უს წარმოეშვა სადავო ბინის პრივატიზების მოთხოვნის უფლება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ თუ პირი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ვერ ეუფლება ნივთს, დაუშვებელია მხოლოდ მითითებულ არგუმენტზე დაყრდნობით მისთვის საკუთარი უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობის შეზღუდვა. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელსაც წარმოეშვა ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, ვერ სარგებლობდა აღნიშნული უძრავი ქონებით მესამე პირთა მიერ ფართის დაკავების გამო, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას. (სუსგ, 07.02.2019წ., №ბს-1430(კ-18)). საკასაციო პალატამ სხვა საქმეზე ასევე განმარტა, რომ ფაქტობრივი ფლობის ზემოხსენებული კომპონენტი არ შემოიფარგლება მარტოოდენ ფართით რეალური სარგებლობით. რამდენადაც კანონიერი სარგებლობის უფლების რეალიზაცია არსებითად უკავშირდება მოსარგებლის მხრიდან ფართის ფლობის ნების გამოვლენას - რიგ შემთხვევებში, გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებათა არსებობამ შესაძლოა შეზღუდოს პირის შესაძლებლობა, ნების არსებობის მიუხედავად, ისარგებლოს კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე გადაცემული უძრავი ქონებით. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა პირს გააჩნდეს ფართით სარგებლობის ცხადად გამოხატული სურვილი, თუმცა მის მიმართ არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, შეუძლებელს ხდიდეს მინიჭებული უფლების რეალიზაციას. ფაქტობრივი ფლობის გამომრიცხველი მდგომარეობა დაუშვებელს ხდის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული კომპონენტის არარსებობის საფუძვლით პირისათვის ფართის პრივატიზაციაზე უარის თქმას (დამატებით იხილეთ სუსგ საქმეზე №ბს-250-246(კ-15), 10.12.2015წ). ამდენად, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხველი გარემოება არაა სადავო ფართით სარგებლობის შეუძლებლობა. არსებითია დადასტურდეს, რომ პირი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე გადაცემული ფართით არ სარგებლობს მისივე ნებით. სარგებლობის კომპონენტის გამორიცხვისათვის გადამწყვეტია ის მიზეზი, რის გამოც პირისათვის მინიჭებული უფლება საბოლოო ჯამში ფაქტობრივად ვერ რეალიზდება.
საგულისხმოა, რომ საქმეში დაცული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის მიერ 2021 წლის 24 ივნისს შედგენილი შემოწმების აქტის თანახმად, გამგეობის წარმომადგენლები გავიდნენ ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23-ში, სადაც ადგილზე დახვდნენ ი.კ-უს მეზობლები: გ.ზ-ი, რ.ზ-ი, ზ.ბ-ე, მ.ყ-ი, მ.ს-ე, ნ.ს-ე, რომელთაც აღნიშნეს, რომ აღნიშნული ფართი არის ი.კ-უს ოჯახის, რომლებიც 25-30 წლების წინ ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, ხოლო შემდეგი წლების განმავლობაში ბინა არის დაკეტილი და ამ ეტაპზე ნაწილობრივ დანგრეული, ჭერი ჩამოქცეული, ფანჯრები დაზიანებული, კარებები და შიდა ინვენტარი არ არის და განადგურებულია. ზემოაღნიშნულ აქტში ასევე მითითებულია, რომ მეზობლების რ.ზ-ის და ზ.ბ-ის განმარტებით, 2019 წელს ი.კ-უ მივიდა მათთან სტუმრად, მაგრამ კუთვნილ ფართში არ დარჩენილა. მათივე განმარტებით, ი.კ-უ 25 წელია რაც საზღვარგარეთ იმყოფება და 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ ფართში არ უცხოვრია.
საგულისხმოა, რომ მოწმის სახით დაკითხული პირების ზ.ბ-ის, რ.ზ-ის და გ.ზ-ის ჩვენებების თანახმად, ი.კ-უ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მათ მეზობლად, ...ის ქუჩა N23-ში მდებარე სახლში. მათ ბავშვობა ი.კ-უსთან და მის ოჯახთან ერთად აქვთ გატარებული. ი.კ-უ დაახლოებით 2000-იან წლებში წავიდა საბერძნეთში და ხშირად ჩამოდიოდა ...ის ქუჩა N23-ში მდებარე სახლში, რომელიც ამჟამად საცხოვრებლად გამოუსადეგარია და მეზობლებთან რჩებოდა ღამით. მიუხედავად იმისა, რომ სახლი დაზიანებულია, ი.კ-უს არ დაუკარგავს კავშირი მის მშობლიურ სახლთან და პატრონობდა მას. ბოლოს ი.კ-უ 2019 წელს ჩამოვიდა საქართველოში და ვინაიდან მსოფლიოში გავრცელებული ვირუსის COVID-19 გამო შეზღუდული იყო მიმოსვლა, ამ ხნის განმავლობაში ვერ შეძლო საქართველოში გამომგზავრება.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით, კერძოდ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებითა და თავად ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმების აქტით ცალსახად დასტურდება, რომ ი.კ-უს საკუთარი ნებით პრივატიზებამოთხოვნილ ბინასთან სამართლებრივი კავშირი არ გაუწყვეტია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ი.კ-უსთვის შეუძლებელია ბინაში ცხოვრება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკანონდებლო დანაწესი ნივთის ფაქტობრივ მფლობელობასთან დაკავშირებით არ უნდა იქნას ვიწროდ განმარტებული, რამეთუ პირის ვალდებულებას არ წარმოადგენს პრივატიზებამოთხოვნილი უძრავი ქონების საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, საქმის მასალებიდან არ იკვეთება სადავო უძრავ ქონებაზე სხვა საჯარო თუ კერძო პირთა ინტერესი. ამდენად, სადავო აქტში მითითებული გარემოება სადავო ბინაში ი.კ-უს უშუალოდ არცხოვრებასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს მოსარჩელისთვის სადავო საცხოვრებელი ბინის პრივატიზებაზე უარის თქმისა და შესაბამისად, პირის როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.კ-უს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.კ-უს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 1 ივლისის №33-01211821781 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე უარის თქმის თაობაზე; ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1201 ბრძანება ი.კ-უს წარმომადგენლის ლ.დ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას დაევალოს ი.კ-უსთვის საცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N23, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამდენად, საკასაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას ი.კ-უს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, ი.კ-უს მიერ სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის (100+300) ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.ი.კ-უს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი.კ-უს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 1 ივლისის №33-01211821781 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე უარის თქმის თაობაზე;
5. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1201 ბრძანება ი.კ-უს წარმომადგენლის ლ.დ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას დაევალოს ი.კ-უსთვის საცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N23, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
7.მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას ი.კ-უს სასარგებლოდ დაეკისროთ, ი.კ-უს მიერ სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის (100+300) ანაზღაურება;
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა