საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-688(კ-24) 20 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.კ-მა 2022 წლის 13 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 19 მაისის №03-2394/ო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მ.კ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „მ.კ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 19 მაისის №03-2394/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე მ.კ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის დედა აწ გარდაცვლილი მ.ს-ა იყო იძულებით გადაადგილებული პირი-დევნილი, ხოლო მოსარჩელის მამის - მ.კ-ის სახელზე 2014 წლის 04 იანვარს გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. თავის მხრივ, დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი შეზღუდული არ იყო რაიმე ვადით, რომლის განმავლობაშიც სავალდებულოდ უნდა მიეღო ამგვარი სტატუსი. პალატის მითითებით, იძულებით გადაადგილებულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება ამგვარი წინაპირობების არსებობისას.
ის გარემოება, რომ მ.კ-ი დაიბადა ომის შემდგომ, ... წელს, ქ. ...ში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ ქმნიდა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან სადავო ურთიერთობისთვის განმსაზღვრელია დაინტერესებული პირის მშობლების დევნილის სტატუსის ფაქტის არსებობა. ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის ნებისმიერ შემთხვევაში არის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობა, როგორც შვილის არასრულწლოვანების, ისე მისი სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, როდის გახდა იძულებით გადაადგილებული პირი (მშობელი) დევნილის სტატუსის შემძენი. ზემოაღნიშნულის დამადასტურებლად პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის Nბს-1015(კ-21) განჩინება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სრულწლოვანი პირის მოთხოვნას დევნილის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ მისი მშობლები იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოება სრულიად საკმარისი იყო პირისათვის, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი - ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც (საქმე Nბს-1227-1213(კ-11), 01.02.2012 წ.).
კასატორის მითითებით, იმპერატიულადაა დადგენილი, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონში მითითებული გარემოებების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მ.დ-ის მიერ აფხაზეთის დატოვების მიზეზი კი იყო ნებაყოფლობითი, იგი დაოჯახდა და შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი.
კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა, გამოიკვლია საქმის გარემოებები, მხარეს მისცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, სააგენტო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება არის კანონიერი, ვინაიდან, მ.დ-სთან მიმართებით არ დადასტურდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2022 წლის 13 აპრილს მ.კ-მა განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. 2022 წლის 14 აპრილს მოსარჩელეს სააგენტოში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიეთითა მ.კ-ის დაბადების თარიღი - ... წელი და ადგილი - ქ. ...
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 19 მაისის №03-2394/ო ბრძანებით მოსარჩელე მ.კ-ის უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. ხსენებული აქტით დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მ.კ-სთან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა - მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბადების, მუდმივად ცხოვრებისა და აღნიშნული მუდმივი საცხოვრებლის დატოვების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით რეგულირდება ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული შემთხვევა. კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი უშუალოდ ეხება იმ პირს, რომელიც კანონით განსაზღვრული საფუძვლით იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევაში არსებითია პირის მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრა. ხოლო კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს დევნილის სტატუსი თუ მის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე (კანონის მე-6 მუხლის მე-2-მე-3 პ.). ზემოხსენებული საკანონმდებლო დათქმის პირობებში პირს, რომელსაც ჰყავს დევნილის სტატუსის მქონე ერთი ან ორივე მშობელი, არასრულწლოვანებისას მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო სრულწლოვნებისას პირადი განცხადების საფუძველზე გააჩნია დევნილის სტატუსის მიღების შესაძლებლობა.
საქმეში წარმოდგენილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 05 აპრილის №0000062 ცნობა, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის მამა - მ.კ-ი დაბადებიდან (... წლიდან) 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთში. დადგენილია აგრეთვე, რომ როგორც მოსარჩელის მამა, ისე მ.კ-ის დედა - მ.ს-ა არიან/იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები აფხაზეთიდან. მ.კ-ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, ხოლო მოსარჩელის დედა გარდაცვლილია.
ამდენად, საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭების წინაპირობა - მ.კ-ის მშობლებს მინიჭებული აქვთ/ჰქონდათ დევნილის სტატუსი, რაც ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის წინაპირობას. ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ დაბადებულა და მას არ უცხოვრია მუდმივად ოკუპირებულ აფხაზეთში, არ ადასტურებს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების უმართებულობას, რამეთუ იძულებით გადაადგილებული პირების შვილებისათვის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად კანონმდებლობა არ განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების ადგილის, თარიღისა (მოც. შემთხვევაში, ომის შემდგომ) და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე სავალდებულოდ დასაკმაყოფილებელ პირობებს. ხსენებული გარემოებები დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხზე ზეგავლენას ახდენს განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი).
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და მ.კ-ი, ამდენად, პალატა მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მოხმობილი, ვინმე მ.დ-სთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერებაზე. შესაძლოა, ზემოაღნიშნული წარმოადგენდეს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას, თუმცა მეორე მხრივ, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გარდა მოწინააღმდეგე მხარის დასახელებისა, სააგენტო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლების არსებობას ასაბუთებს განსახილველი დავისაგან სრულიად განსხვავებული ფაქტობრივი, გარემოებებით („მ.დ-ის მიერ აფხაზეთის დატოვების მიზეზი კი იყო ნებაყოფლობითი, დაოჯახდა და შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი ... მ.დ-სთან მიმართებით არ დადასტურდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა“).
ამდენად, საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებების პირობებში, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულებები, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მისი დასაშვებად ცნობის თაობაზე საკმარის დასაბუთებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს მ.კ-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების გამომრიცხველი გარემოებები, სახეზეა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე