№ბს-405(კ-24) 26 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ.კ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 26 იანვარს გ.კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 9 დეკემბრის №IDP 1 22 00001120 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გ.კ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით გ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „გ.კ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 09 დეკემბრის №IDP 1 22 00001120 ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მოსარჩელე გ.კ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ, გამოცემა დაევალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. აპელანტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემობაზე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 9 ივნისის ცნობის მიხედვით, გ.კ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან. მისი მამა - ი.კ-ე (პ/ნ ... ) 1993 წლის 27 სექტემბრამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. სოხუმში, ...ის გაღმა მე-... ჩიხი, სახლი №...-ში. ამასთან, 2022 წლის 31 ოქტომბერს გ.კ-ის მამის - ი.კ-ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. 2022 წლის 13 ოქტომბერს, მოსარჩელეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, რომლის მიხედვით, იგი დაიბადა ... წელს რუსეთში. სკოლა დაამთავრა 2016 წელს ქ. ...ში. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისში, ...ში. ასევე მითითებულია, რომ ამ დრომდე არ ჰქონდა დევნილის სტატუსი, რადგან 2016 წლამდე ცხოვრობდა რუსეთში. მშობლებს (ი.კ-ე, ა.ა-ა) კი 2022 წელს მიენიჭათ დევნილის სტატუსი.
მოსარჩელის მშობლებისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ფაქტი 2023 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმაც.
2022 წლის 8 დეკემბერს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსმა მოხსენებითი ბარათით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და გადაუგზავნა ამავე დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა გ.კ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა 2022 წლის 09 დეკემბერს გამოსცა №IDP 1 22 00001120 ბრძანება გ.კ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე გ.კ-ეს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსზე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა იმ პირობებში, როდესაც მისი მშობლები ამ სტატუსის მფლობელები არიან. შესაბამისად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა სადავო აქტის ბათილად ცნობასა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მოსარჩელე გ.კ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ, გამოცემის დავალების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. როგორც ვხედავთ მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.
შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გ.კ-ესთან მიმართებაში გამოცემულია კანონის სრული დაცვით და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების, გამოკვლეული გარემოებების და ფაქტების შესწავლის, ანალიზის, ურთიერთშეჯერების და შეფასების შედეგად, ვინაიდან გ.კ-ე დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და აფხაზეთში არ უცხოვრია. ასევე, მისი არსრულწლოვნობის დროს მის მშობლებს დევნილის სტატუსი არ ჰქონიათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა შვილის სრულწლოვანობის ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ ასეთი სტატუსი პირმა რაიმე, ნებისმიერი მიზეზის, მათ შორის მშობლის მიერ შვილის არასრულწლოვნობის დროს ამ სტატუსის ვერ/არ მიღების გამო ვერ/არ მიიღო არასრულწლოვნობის დროს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 7 სექტემბერს გ.კ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება.
2022 წლის 13 ოქტომბერს, მოსარჩელეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიეთითა, რომ დაიბადა ... წელს რუსეთში. სკოლა დაამთავრა 2016 წელს ქ. ...ში, ხოლო უმაღლესი განათლება მიიღო თბილისში, ...ში. ასევე მიეთითა, რომ ამ დრომდე არ ჰქონდა დევნილის სტატუსი, რადგან 2016 წლამდე ცხოვრობდა რუსეთში. მშობლებს (ი.კ-ე, ა.ა-ა) კი 2022 წელს მიენიჭათ დევნილის სტატუსი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 9 ივნისის ცნობის მიხედვით, გ.კ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან. მისი მამა - ი.კ-ე (პ/ნ ... ) 1993 წლის 27 სექტემბრამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. სოხუმში, ... ის გაღმა მე-... ჩიხი, სახლი №...-ში.
2022 წლის 31 ოქტომბერს ი.კ-ის (მოსარჩელე გ.კ-ის მამა) სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.
მოსარჩელის - გ.კ-ის მშობლებისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ფაქტი 2023 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმაც.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, ზემოაღნიშნული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებები (მშობლებს მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი) ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მოსარჩელე გ.კ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ, გამოცემის დავალების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი