Facebook Twitter

საქმე #ბს-451(კ-24) 19 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – კ.კ-ე

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 19 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილსიის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - კ.კ-ის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 9 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დასრულდა სამსახურებრივი შემოწმება ყოფილი თავდაცვის ...ის კ.კ-ის დებიტორული დავალიანების ფაქტზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული შემოწმებით დადასტურდა, რომ კ.კ-ის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინაშე დავალიანების 24 841. 40 ლარის არსებობა.

ამდენად, მოსარჩელემ კ.კ-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 24 841.40 ლარის გადახდის დავალება მოითხოვა. ამასთან, ამავე სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 02.02.2021წ. წერილში მითითებული, კ.კ-ის კუთვნილი ავტომანქანისა და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისათვის ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო კ.კ-ის (პ/ნ...) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას - „...“ (...), სახელმწიფო სანომრე ნიშნით ... და ცეცხლსასროლ იარაღებს: ...- იარაღის ნომერი - ...- იარაღის ნომერი - ...– - იარაღის ნომერი - ....

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა კ.კ-ის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებასა და ცეცხლსასროლ იარაღებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 10 ნოემბრის #2991 ბრძანებით კ.კ-ე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ად ...ის ფედერაციაში. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის ხელმოწერით დადასტურებული განცხადებები ავანსის მოთხოვნისა და მიღების თაობაზე, წარმომადგენლობისთვის გაცემულია სამივლინებო თანხები. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2006 წლის 24 აგვისტოს #875 წერილით საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 10 ნოემბრის #2991 ბრძანებით კ.კ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ად ...ის ფედერაციაში. 2004 წლის 22 ნოემბრის #347 ბრძანებით ...ის ფედერაციაში სამხედრო ...ის შენახვის ხარჯმა შეადგინა 24 841.40 ლარი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის #557 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ვიცე-პოლკოვნიკი კ.კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაღებული 3 თვის სამივლინებო თანხის ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, ამასთან, არც მიღებული თანხა არ აუნაზღაურებია.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, კ.კ-ეზე 2005 წლის დეკემბრის, 2006 წლის იანვარის და თებერვლის ხარჯებისათვის (შენახვის) გაიცა 24 841.40 ლარი, ხოლო სარჩელი, მოპასუხისთვის აღნიშნული თანხის მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე სასამართლოში აღძრულ იქნა 2021 წლის 19 აპრილს - სადავო თანხის გაცემიდან 15 (თხუთმეტი) წლის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თავისი არსით მოპასუხეზე გაცემული სადავო თანხა წარმოადგენდა მივლინების (შენახვის ხარჯი) თანხას, რაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, ხოლო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება.

ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიაზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ გამოიყენა ინკვიზიციურობის პრინციპი და თავად დაადგინა საქმის გარემოებები. თუმცა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე შედავება არ განუხორციელებია. კასატორი მიიჩნევს, რომ ამით სასამართლოს მხრიდან დაირღვა პროცესის თანასწორობისა და დისპოზიციურობის პრინციპი, რაც ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე კ.კ-ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 24 841.40 ლარის გადახდის დაკისრება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურებულ შემდეგ გარემოებებზე: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ( ...ის ფედერაციაში) კ.კ-ეზე 2005 წლის დეკემბრის, 2006 წლის იანვარის და თებერვლის ხარჯებისათვის გაიცა 24 841.40 ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოპასუხისთვის აღნიშნული თანხის დაკისრების თაობაზე სასამართლოში სარჩელი აღიძრა 2021 წლის 19 აპრილს. შესაბამისად, საქმეში არსებული დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ სადავო თანხის გაცემიდან სასამართლოსთვის მიმართვამდე გასულია 15 წელი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ თავისი არსით მოპასუხეზე გაცემული სადავო თანხა წარმოადგენს მივლინების (შენახვის ხარჯი) თანხას, რაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, რომლის მიმართაც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეზე თანხა გაიცა 2005-2006 წლებში, სასამართლოში კი სარჩელი წარდგენილია 2021 წლის 19 აპრილს - სადავო თანხის გაცემიდან 15 წლის შემდეგ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ არის წარდგენილი, რის გამოც, არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მოიძიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარდგენის საჭიროების შესახებ. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო აღჭურვილია საკუთარი ინიციატივით ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეგროვების უფლებამოსილებით. ამდენად, დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი პრეტენზია სასამართლოს მიერ თანასწორობისა და დისპოზიციურობის პრინციპების უგულებელყოფასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა