Facebook Twitter

№ბს-535(კ-24) 25 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ.კ-ი, ლ.ნ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.კ-მა და ლ.ნ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის № IDP 9 23 00001163 ბრძანება; ბ) სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლ.კ-ისა და ლ.ნ-ის ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ-ისა და ლ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის № IDP 9 23 00001163 ბრძანება. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლ.კ-ისა და ლ.ნ-ის ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაეკისრა ლე.კ-ის და ლ.კ-ის სასარგებლოდ წარმომადგენლის დ.დ-ის ტრანსპორტის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ უტყუარად დადგინდეს ფაქტი - მოსარჩელეებს რამდენად გადაუდებლად ესაჭიროება ამ ეტაპზე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. აღნიშნულ საქმეზე იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლომ და სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა გადაწყვეტილებაში არც კი უთითებს, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება ან რა გარემოება არ ან/და ვერ გამოიკვლია ადმინისტრაციულმა ორგანომ. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების წარმომადგენლის შუამდგომლობა დამატებითი ხარჯის გაწევის თაობაზე და სააგენტოს დაეკისრა ლ.კ-ისა და ლ.ნ-ის სასარგებლოდ წარმომადგენლის ტრანსპორტის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის 100 ლარის ანაზღაურება. აღნიშნულს თავიდანვე არ დაეთანხმა სააგენტო და მოითხოვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან აღნიშნული ქვითარი თარიღდებოდა 2024 წლის 20 მარტის 10 საათით, თუმცა სხდომა ჩანიშნული იყო ამავე დღეს 15:00 საათზე. შესაბამისად, ის, რომ აღნიშნული ოდენობის საწვავი წარმომადგენელს დასჭირდა მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართულებით არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით. მხარეს შეეძლო ესარგებლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ჩართულიყო დისტანციურად.

კასატორის განმარტებით, ლ.კ-მა 2021 წლის 17 სექტემბერს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილი, ლ.ნ-ი, განაცხადსაც აკეთებს მასთან ერთად. განაცხადის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მან მოიპოვა 8.00 ქულა: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2.00 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; ომში დაღუპული წევრი/წევრები - 3.00 ქულა; ჯილდოები - 1.5 ქულა. მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შეივსო კითხვარი და მის მიერ მითითებულ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი, შეივსო შესაბამისი ფორმა და ფოტოსურათები იქნა გადაღებული. მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით არ დადგინდა, რომ მოსარჩელის განსახლება იმ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა. სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე ქუთაისი, ...ის 1-ლი შეს. №10, ბ. ... განახორციელეს ვიზიტი, რის თაობაზეც შედგა მონიტორინგის ოქმი. მონიტორინგის სამსახურის ვიზიტისას, 2022 წლის 2 მარტს შეივსო მონიტორინგის ფორმა, სადაც მხარემ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე, მულის საკუთრებაში, ცხოვრობს 1996 წლიდან, ქირის გარეშე. თავად მული, მ.ნ-ი, წლებია ცხოვრობს რუსეთში და ბინა მოსარჩელეებს დაუთმო. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, 1996 წლიდან ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი მასალები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეების მოთხოვნა უსაფუძვლოა, ხოლო სააგენტოს მიერ მიღებული ბრძანება კანონიერია, ვინაიდან სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ლ.კ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი აფხაზეთიდან, არის ომის ვეტერანი, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელია დევნილობამდე - აფხაზეთი, ... ფაქტობრივი და დროებითი საცხოვრებელია ქალაქი ქუთაისი, ...ის ქ. I შეს. №10, ბინა №... ქორწინების მოწმობის თანახმად, ლ.კ-ი ა.ნ-ზე დაქორწინდა 1987 წლის 30 იანვარს. ... წლის ... ...ს შეეძინათ შვილი ლ.ნ-ი. 1993 წლის 26 თებერვალს, საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას გარდაიცვალა ა.ნ-ი. 2021 წლის 17 სექტემბერს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №70829 განაცხადით მიმართა ლ.კ-მა და შვილთან ერთად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - ქალაქი ქუთაისი, ...ის ქ. I შეს. №10, ბინა №... საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით, 2021 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით ლ.კ-ის ოჯახი შეფასდა 8.00 ქულით: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2 წევრი- 2 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა; ა.ნ-ი, ომში დაღუპული წევრი, გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - 3.00 ქულა; ა.ნ-ი, ჯილდოები - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი - 1.50 ქულა (ს.ფ 19-20, 25-27, 21-24, 81, 69-70, 68, 76-80,); ბ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის თანახმად, განმცხადებლი ლ.კ-ი არის 70 წლის, ომის ვეტერანი, ჰყავს ერთი შვილი ლ.ნ-ი, 33 წლის, დასაოჯახებელი, მეუღლე - ა.ნ-ი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. ქირის გარეშე ცხოვრობს ნათესავის ბინაში, მის: ქალაქი ქუთაისი, ...ის ქ. I შეს. №10, ბინა №... (ს.ფ 71-75); გ) 2022 წლის 2 მარტის ,,გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის’’ მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე ქალაქი ქუთაისი, ...ის ქ. I შეს. №10, ბინა №... ადგილზე იმყოფებოდა ლ.კ-ი. განმცხადებლის განმარტებით, სახლი ეკუთვნის მეუღლის დას - მ.ნ-ს, მისამართზე ცხოვრობენ ქირის გარეშე 1996 წლიდან, მანამდე - სხვადასხვა მისამართებზე ქირით. საჯარო რეესტრის ამონაწერით, 2015 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით, ქალაქი ქუთაისი, ...ის ქ. I შეს. №10, ბინა №..., ს/კ ... საკუთრების უფლებით ირიცხება მ.ნ-ის სახელზე. (ს.ფ 85-88, 16-17); დ) საქმეში წარმოდგენილია მ.ნ-ის, 2023 წლის 1 ივნისის წერილი, რომლითაც მან ლ.კ-ს აცნობა, რომ უკრაინაში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო უწევს ბელორუსიის დატოვება და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოსვლა, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ამიტომ გეგმავს მის საკუთრებაში არსებული ბინის გარემონტებას, რის გამოც ითხოვს ბინის დაცლას (ს.ფ. 18); დ) დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 22 ივნისის № IDP 9 23 00001163 ბრძანებით, ლ.კ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 14-15, 57-67).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

აღნიშნული წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა მისი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ განცხადებაზე და მიუხედავად ქულათა საკმარისი რაოდენობისა (8.00 ქულა), წარდგენილი განაცხადი არ დააკმაყოფილა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის მოტივით - 1996 წლიდან ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ამჟამად ცხოვრობენ ნათესავის - მ.ნ-ის (ლ.კ-ის მული) საკუთრებაში არსებულ ბინაში, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელეთა სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება. ასეთ პირობებში აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი, განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. შესაბამისად, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. გასათვალისწინებელია, რომ საქმეში წარმოდგენილია მ.ნ-ის 2023 წლის 1 ივნისის წერილი, რომლითაც ლ.კ-ს ეთხოვა ბინის გამოთავისუფლება.

შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

კასატორის შედავებაზე მისთვის საპროცესო ხარჯის დაკისრების შესახებ საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საკასაციო პალატა, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე (გადახდის ქვითარი) დაყრდნობით, ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ლე.კ-ის და ლ.კ-ის სასარგებლოდ წარმომადგენლის დ.დ-ის ტრანსპორტის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის 100 (ასი) ლარის ანაზღაურების დაკისრებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე