Facebook Twitter

ბს-1246(კ-23) 26 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ.მ-მა 02.03.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა ვ.მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 05.11.2021წ. N03/19438 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ვ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 10.02.2022წ. N03/3036 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ მოსარჩელე ვ.მ-ის, როგორც კომპენსირებული პირის ამოღება დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.2022წ. გადაწყვეტილებით ვ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილიბრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 05.11.2021წ. N03/19438 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და 10.02.2022წ. N03/3036 გადაწყვეტილება, მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2023წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 05.11.2021წ. N03/19438 სადავო წერილით ვ.მ-ს ეცნობა, რომ ამავე სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით მას სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია. ამავე წერილში აღინიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ განიხილებოდა იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ერთხელ უკვე ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, სასტუმრო " ...ის“ დირექტორის წარმომადგენელსა და სასტუმრო „...ის“ N... ოთახის მაცხოვრებელ ლ.ჩ-ას შორის, რომელიც წარმოადგენდა სასტუმრო "...ის“ N.. ოთახში შესახლებული ...ის ოჯახის ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს, 19.08.2004წ. დაიდო N266 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად ლ.ჩ-ა ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის (7000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) სანაცვლოდ კისრულობდა ვალდებულებას, რომ გაათავისუფლებდა ქალაქ თბილისში, ...ზე მდებარე სასტუმრო "...ში“ მის მიერ დაკავებულ N... ოთახს. საქმეში დაცული, 1996 წელს შედგენილი იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტის თანახმად ვ.მ-ი, ბ.ჭ-ე, მ.ჩ-ა, ლ.ჭ-ე და ა.ა-ა N... საოჯახო ნომრით რეგისტრირებულნი იყვნენ სასტუმრო "...ში". სასტუმრო "...ში" მცხოვრები დევნითა ბაზიდან ინფორმაციის მიხედვით N... საოჯახო ნომრით ვ.მ-სთან ერთად ფიქსირდებოდნენ: ბ.ჭ-ე, მ.ჩ-ა, ლ.ჭ-ე, ა.ა-ა. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით აღნიშნა, რომ დევნილთა ანკეტაში და წარმოდგენილ ინფორმაციაში დაფიქსირებული არ არის ოთახი N... და ლ.ჩ-ა, რომელთანაც დაიდო სწორედ N266 ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელე მიჩნეულ იქნა კომპენსირებულ პირად. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე საქმეში დაცულ დევნილთა სიის ე.წ. "სქრინშოტზე", სადაც მითითებულია: "დევნილი ვ.მ-ი, კომენტარის დამატება - წერ. N3065. 3.08.2004წ, სასტუმრო ..., ოთახი N... კომპენსირებულია 7000 დოლარით, თარიღი 26.12.2009". სააპელაციო პალატის მოსაზრებით მოცემულ ინფორმაციაში მართალია ასახულია, რომ ვ.მ-ი კომპენსირებულია, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ წერილი N3065. 3.08.2004, რაც აღნიშნული კომენტარის გაკეთების საფუძველი გახდა, ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული წერილი სააგენტოში არ ინახება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ვ.მ-ის განმარტებაზე, სადაც იგი მიუთითებს, რომ სასტუმრო „...დან“ გამოსახლებული 12 ოჯახი, რომლებიც მის მსგავსად დარჩნენ საკომპენსაციო თანხების გარეშე, შესახლებულ იქნენ ...ას ქუჩაზე არსებულ ყოფილი ...ის შენობაში, სადაც ვ.მ-მა დაიკავა 40 კვ.მ-მდე გაურემონტებელი ფართი და წლების განმავლობაში ცხოვრობდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით აღნიშნული გარემოება საყურადღებოა იმ მხრივ, რომ სახელმწიფომ მოიხსნა ვალდებულება იმ პირების მიმართ, ვისაც გადაეცათ საკომპენსაციო თანხები. კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო კვლავ ზრუნავს ვ.მ-ზე, რამეთუ შეასახლა იგი ყოფილი ...ის შენობაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარეს სადავოდ აქვს გამხდარი მისი და ლ.ჩ-ას ერთ ოჯახად მიჩნევის ფაქტი, რამაც საბოლოოდ განაპირობა მისი კომპენსირებულ პირად მიჩნევა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე გაებათილებინა დაინტერესებული პირის განმარტებები მის მოთხოვნასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ადმინისტრაციული წარმოების მასალები შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებს, რაც სააგენტოს მხრიდან გამოკვლევას საჭიროებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოებისას დეტალურად იქნა შესწავლილი და გამოკვლეული ვ.მ-ის კომპენსირებულ პირად მიჩნევის საკითხი. მოსარჩელე თავის დის შვილის ლ.ჩ-ას ოჯახთან ერთად 1996 წლიდან N ... სარეგისტრაციო ნომრით დარეგისტრირდა ...ზე, კერძოდ სასტუმრო ,,...ში", თავის მეუღლესთან ერთად. 18.08.2004წ. სასტუმრო ,,...ის" გენერალური დირექტორის წარმომადგენელსა და ლ.ჩ-ას შორის ნოტარიუსის თანდასწრებით გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე (პუნქტი 1.1) მოქალაქე ლ.ჩ-ას უნდა გამოეთავისუფლებინა ქ. თბილისში, ...ზე მდებარე სასტუმრო ,,...ში" მის მიერ მოკავებული N... ოთახი, ხოლო ადმინისტრაცია კისრულობდა მოქალაქის მიმართ ერთჯერადი გასაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, რაც ...ის მიერ დადგენილი კურსით შეადგენდა 12 775 ლარს. ამავე ხელშეკრულებით ლ.ჩ-ა ადასტურებდა, რომ იგი წარმოადგენდა ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლეოდა გარანტიას, რომ მას მიღებული ჰქონდა N... ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, რათა მათი სახელით გაეფორმებინა წინამდებარე ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილია საოჯახო ანკეტა, საიდანაც დგინდება, რომ ვ.მ-ი რეგისტრირებულია სასტუმრო ,,...ში" ...ის ოჯახთან ერთად. კასატორის მოსაზრებით საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ფაქტი იყო ის, რომ 2003-2004 წლებში სასტუმრო ,,...დან" მიმდინარეობდა დევნილთა გამოსახლება, შესაბამისად, იქ მაცხოვრებელმა დევნილებმა დათმეს სასტუმრო ,,...ში" თავიანთი ფართით სარგებლობის უფლება იმ შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ, რომელიც გადაიხადა სასტუმროს ადმინისტრაციამ და მიმდინარე პერიოდამდე მოსარჩელეს ამის შესახებ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, არ უდავია სასტუმროს ადმინისტრაციასთან. სასამართლო პროცესზე დამატებით წარდგენილ იქნა ამონაწერები დევნილთა მონაცემთა ბაზიდან, საიდანაც ასევე ნათლად და ცალსახად დგინდება, რომ ვ.მ-ს თავის ოჯახის წევრებთან ერთად მიღებული აქვს კომპენსაცია. კასატორმა აღნიშნა, რომ ინვესტორი თავად წყვეტდა სასტუმროში დაკავებული ფართით სარგებლობის უფლების დათმობის სანაცვლო კომპენსაცია გაეცა დაკავებული ოთახების რაოდენობის მიხედვით თუ ოჯახის რაოდენობის მიხედვით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თანხა გაიცემოდა მთლიან ოჯახზე და არა ოჯახის ცალკეულ წევრზე. კასატორი თვლის, რომ ვ.მ-ი სამინისტრომ მართებულად შეიყვანა კომპენსირებულთა სიაში. კასატორის მოსაზრებით თუკი მხარეს მიაჩნია, რომ მისი ოჯახის მიმართ ინვესტორის მიერ არ შესრულდა ვალდებულება ან/და უშუალოდ მას უფლებამოსილი ოჯახის წევრისგან არ მიუღია საკომპენსაციო თანხა, მან დავა უნდა აწარმოოს შესაბამისი პირების მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 05.11.2021წ. წერილით ვ.მ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მას დევნილთა მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია. ვ.მ-ის დაკმაყოფილებულ პირად მიჩნევის საფუძვლად ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს სასტუმრო "...ის" დირექტორის წარმომადგენელსა და ლ.ჩ-ას შორის 19.08.2004წ. გაფორმებულ N266 ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად ლ.ჩ-ას N... ოთახის გამოთავისუფლების ნაცვლად გადაეცა ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია 7 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულება ლ.ჩ-ას მიერ დადებულია N... ოთახში მცხოვრები ყველა სრულწოვანი წევრის სახელით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციულ ორგანოში 28.12.2021წ. გამართულ სხდომაზე ვ.მ-ის მიერ დაფიქსირებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად ვ.მ-ი სადავოდ ხდიდა N... ოთახში ლ.ჩ-ას ოჯახთან ერთად ცხოვრების ფაქტს და მიუთითებდა, რომ მან სასტუმროს მე-... სართულზე, დერეფნის ბოლოს თავისუფალ სივრცეში, საკუთარი ინიციატივით ამოაშენა მცირე ოდენობის ფართი, სადაც გამოსახლებამდე ცხოვრობდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ 1996 წელს შედგენილ იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახურ ანკეტაზე, რომლის თანახმად N... საოჯახო ნომრით სასტუმრო "...ში" ვ.მ-სთან ერთად რეგისტრირებულია ბ.ჭ-ე, მ.ჩ-ა, ლ.ჭ-ე და ა.ა-ა. აღნიშნულ ანკეტაში დაფიქსირებული არ არის ლ.ჩ-ა, ასევე არსად არ ფიქსირდება ოთახის ნომერი-.... აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ლ.ჩ-ა არ არის მითითებული სასტუმრო "...ში" მცხოვრებ დევნილთა ბაზიდან წარმოდგენილ ინფორმაციაში, კერძოდ აღნიშნული ბაზის მონაცემების მიხედვით, N... საოჯახო ნომერი აერთიანებს ვ.მ-ს, ბ.ჭ-ეს, მ.ჩ-ას, ლ.ჭ-ეს და ა.ა-ას. ამდენად, გაურკვეველია რა ფაქტობრივი გარემოება ან მტკიცებულება დაედო საფუძვლად ვ.მ-ის კომპენსირებულ დევნილ პირთა სიაში რეგისტრაციას, საქმეში დაცული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ვ.მ-ი ლ.ჩ-ას ოჯახთან ერთად რეგისტრირებული იყო სასტუმრო "...ის" N... ოთახში.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ვ.მ-ის განმარტებაზე, სადაც იგი მიუთითებს, რომ სასტუმრო „...დან“ გამოსახლების შემდეგ შესახლებულ იქნა ...ას ქუჩაზე არსებულ ყოფილი ...ის შენობაში, სადაც ვ.მ-მა დაიკავა 40 კვ.მ-მდე გაურემონტებელი ფართი და წლების განმავლობაში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს კომპენსირებული პირების მიმართ ვალდებულებები აღარ გააჩნია, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ვალდებულება ვ.მ-ის მიმართ არ შეწყვეტილა და იგი სასტუმრო "...დან" გამოსახლების შემდეგ ყოფილი ...ის შენობაში შეასახლეს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ 19.08.2004წ. ხელშეკრულებას, რომლითაც ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღო ლ.ჩ-ას ოჯახმა, თუმცა არ გაითვალისწინა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და სათანადოდ არ გამოიკვლია ვ.მ-ის ლ.ჩ-ას ოჯახთან ერთად სასტუმრო "...ის" N... ოთახში რეგისტრაციის ფაქტი კომპენსაციის მიღების დროისათვის, რაც სადავო აქტების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი