Facebook Twitter

ბს-1128 (2კ-23) 26 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ნ-იმა 03.06.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 19.02.2021წ. N001009 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20.04.2021წ. N543 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.2021წ. გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20.04.2021წ. N543 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 19.02.2021წ. N001009 დადგენილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2023წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 19.02.2021წ. მიიღო №001009 დადგენილება, რომლითაც ვ. ნ-ი დაჯარიმდა 20 000 ლარით ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპ. №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სხვენ-სართულზე მსუბუქი კონსტრუქციებით სართულის დაშენებისათვის. ამავე დადგენილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (სხვენ სართულის) მესაკუთრეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ მსუბუქი კონსტრუქციებით დაშენებული სართულის დემონტაჟი. სააპელაციო პალატა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. ზოგადი წესის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მშენებლობის განმახორციელებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა და მხოლოდ ასეთი პირის მოუძიებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს უძრავი ქონების მესაკუთრეს ან/და მოსარგებლეს. სწორედ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული გამოიკვლიოს და დაადგინოს სამართალდამრღვევის ვინაობა და მხოლოდ აღნიშნულის შეუძლებლობის შემდეგ გადაიტანოს პასუხისმგებლობა მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე. ამასთან, საკანონმდებლო ჩანაწერი არ გულისხმობს მესაკუთრისათვის/მოსარგებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მაშინ, როდესაც ცნობილია სამართალდამრღვევი პირის ვინაობა, თუმცა მისი მოძიება ვერ ხერხდება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის მწარმოებელი პირის დასადგენად განხორციელებული გარემოებები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მშენებლობის ეტაპი წარმოადგენდა მიმდინარეს და ასევე მოსარჩელე მხარე უთითებდა კონკრეტულ პირზე, რომელმაც მისი ინფორმაციით განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ უკითხავს მესამე პირ(ებ)ისთვის, მათ შორის, მხარის მიერ მითითებული პირისათვის სადავო მშენებლობის შესახებ. გასაჩივრებულ აქტში არ არის შესაბამისი დასაბუთება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობის შესახებ, გაუგებარია რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნა მიჩნეული ვ. ნ-ი სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ მის საკუთრებაში არ განხორციელებულა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მხოლოდ ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია ვ. ნ-ის საკუთრების ზემოთ, ცალსახად არ ადასტურებს აღნიშნული სამუშაოების სხვენ-სართულის მესაკუთრის მიერ განხორციელებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

უზენაესი სასამართლოს 17.11.2023წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ1“, „ჰ18“ ქვეპუნქტებზე, 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 94-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას. ამგვარი დოკუმენტაციის არსებობის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დროს ადგილი აქვს სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად განისაზღვრება. კასატორი მიუთითებს, რომ ქ. თბილისში, ..., ... მ/რ, კორპ №..., N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე განხორციელებულია სართულის დაშენება მსუბუქი კონსტრუქციებით. კასატორი თვლის, რომ მოცემული სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელებისთვის აუცილებელი იყო ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, თუმცა ამგვარი დოკუმენტაცია ვერც მოსარჩელის მიერ იქნა წარმოდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული. შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რაც კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით დამრღვევზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.

კასატორის მოსაზრებით ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ვერ დგინდებოდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, ვ. ნ-ის პასუხისმგებლობა დაეკისრა როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს. მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი მაშინ არის სახეზე, როდესაც იგი მისთვის დადგენილ ვადაში არ ასრულებს მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ აღმოფხვრის ამავე დოკუმენტით დაფიქსირებულ დარღვევებს. ამგვარ შემთხვევაში მესაკუთრე შესაძლოა არ წარმოადგენდეს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, მაგრამ მის ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა. განსახილველ შემთხვევაში ვ. ნ-ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს წარმოშობს მისი უმოქმედობა, რამდენადაც მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის მიერ არ იქნა შესრულებული მუნიციპალური ინსპექციის 03.12.2020წ. №001009 მითითების მოთხოვნები, კერძოდ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არ იქნა დემონტირებული უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ვ. ნ-ი მართებულად იქნა მიჩნეული განსახილველი სამართალდარღვევის სუბიექტად.

კასატორის მოსაზრებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ ყოფილა გაანალიზებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის რეალური შინაარსი. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება აქვს სასამართლოსაც, რომელსაც შეეძლო სამართალდამრღვევი პირის სხდომაზე მოწვევა და მისგან ახსნა-განმარტების მოსმენა. სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი და რაც მთავარია ვერ უზრუნველყო ვერც მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოიხატება არა აპრიორი სასარჩელო მოთხოვნის ფორმალურად დაკმაყოფილებაში, არამედ დასაბუთებული და სწორად განხორციელებული მართლმსაჯულების საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 03.12.2020წ. N001009 მითითების თანახმად, ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ-ში, №... კორპუსში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მიმდინარეობდა საცხოვრებელ კორპუსზე სართულის დაშენება მსუბუქი კონსტრუქციებით. ამავე მითითებით სამშენებლო სამუშაოების ეტაპი დაფიქსირდა მიმდინარე და დამრღვევს განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით უნებართვოდ განხორციელებული ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 19.02.2021წ. N001009 დადგენილებით საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე ვ. ნ-ი დაჯარიმდა 20 000 ლარით და დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ მსუბუქი კონსტრუქციებით დაშენებული სართულის დემონტაჟი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვ. ნ-ი როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ საჩივარში, ასევე სარჩელში მიუთითებდა, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოები მას არ უწარმოებია. მისი ინფორმაციით აღნიშნული სამუშაოები მისი მეუღლის მიერ იყო განხორციელებული, რომელთანაც ჰქონდა ცუდი ურთიერთობა. საკასაციო საამართლო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122.2 მუხლის "გ" ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე განიხილეს ვ. ნ-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და ისე გადაწყვიტეს მისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდების საკითხი, რომ არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ ვის მიერ იქნა აღნიშნული სამუშაოები ნაწარმოები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების დროს ვ. ნ-ი უარყოფდა მის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოების ფაქტს და მიუთითებდა კონკრეტულ პირზე, რომელმაც მისი ინფორმაციით განახორციელა სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკითხავს მესამე პირები, მათ შორის ვ. ნ-ის მიერ მითითებული პირი. სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ შეიცავს სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობის მიზეზებზე მითითებას. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე განხორცილებული სამშენებლო სამუშაოები არ ადასტურებს ავტომატურად ბოლო სართულის მესაკუთრის მიერ მშენებლობის წარმოების ფაქტს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სათანადოდ შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს მშენებლობის მწარმოებელი პირი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი