Facebook Twitter

საქმე №ბს-400(კ-24) 11 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ოქროპირიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვალის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს ,,ე...მ’’ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნას ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 07 სექტემბრის №493 განკარგულება და 2018 წლის 10 სექტემბრის №394 საკუთრების უფლების მოწმობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 2503.00 კვ.მ, ს/კ ...) ო. რ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 1730 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.09.2018 წლის №...; 15.04.2020 წლის №... და 24.05.2023 წლის №... გადაწყვეტილებები სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 2503 კვ.მ, ს/კ ...) ო. რ-ეის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 1730 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 მაისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ო. რ-ე.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ე...ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 07 სექტემბრის №493 განკარგულება და 2018 წლის 10 სექტემბრის №394 საკუთრების უფლების მოწმობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 2503.00 კვ.მ, ს/კ ...) ო. რ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 1730 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.09.2018 წლის №...; 15.04.2020 წლის №... და 24.05.2023 წლის №... გადაწყვეტილებები სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 2503 კვ.მ, ს/კ ...) ო. რ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 1730 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით (საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი, ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებული 10 მეტრის ფარგლებში).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვალის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 14.02.2018 წელს ნ. რ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე (ს/კ ...) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ო. რ-ეზე; ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2018 წლის 26 მარტის №140388 მიმართვით, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ო. რ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადება თანდართულ და რეესტრის მიერ მოძიებულ მასალებთან ერთად შესასწავლად გადაუგზავნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას; გ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წლის 24 აპრილს №37/2615 წერილით მიმართა სს „ე...ს’’ და გამოითხოვა ინფორმაცია, ხომ არ გადიოდა მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელ. გადამცემი ხაზები სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ...ის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ...ში მდებარე ო. რ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე; დ) სს „ე...ს’’ 2018 წლის 07 ივნისის №... მიმართვით კომისიას ეცნობა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სს „ე...ს’’ კუთვნილი 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი; ე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 სექტემბრის №493 განკარგულებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 2503 კვ.მ) აღიარებულ იქნა ო. რ-ეის საკუთრების უფლება და 2018 წლის 10 სექტემბერს გაიცა №394 საკუთრების უფლების მოწმობა. ამავე განკარგულებაში მიეთითა, რომ მიწის ნაკვეთზე (შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/ მფლობელზე) ვრცელდებოდა „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებები; ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა და სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფელ ...ში 2503 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №394 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ო. რ-ეის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთს მიენიჭა №... საკადასტრო კოდი; ზ) სს „ე...მ’’ 2020 წლის 16 იანვარს №2289305 მიმართვით, კომისიისგან მოითხოვა ო. რ-ეის განცხადებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 2020 წლის 13 აპრილის №37/1575 მომართვით სს „ე...ს’’ ეცნობა, რომ 2018 წლის 07 სექტემბრის №493 განკარგულების მიხედვით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებულ 2503 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ო. რ-ეის საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა ,,ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებებით (შეზღუდვებით); თ) 2020 წლის 13 აპრილს საჯარო რეესტრის მიერ მიღებული იქნა №... პირობითი სარეგისტრაციო განცხადება (დაინტერესებული პირი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), რომლითაც მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართი სამტრედიის მუნიციპალიტეტი სოფელი ...ი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 აპრილის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა და ამონაწერში მიეთითა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მფლობელზე) ვრცელდება „ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებები; ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.05.2023 წლის N... გადაწყვეტილებით სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართი განისაზღვრა 3017.00 კვ.მ, საკადასტრო კოდის შეუცვლელად. აქედან, 2503 კვ.მ უფლების დამდგენი დოკუმენტით და 514 კვ.მ თვითნებურად დაკავებულის წესით ასაღიარებელი ნაწილი;

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია მხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მის მიერ გამოცემული 2018 წლის 7 სექტემბრის №493 განკარგულების და 2018 წლის 10 სექტემბრის №394 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ისევე როგორც სააპელაციო საჩივარი არ წარმოდგენილა იმ მესამე პირის მიერ, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოცემული სადავო აქტები და რომლის კანონიერი ნდობის შელახვაზეც მიუთითებს სააპელაციო საჩივრის ავტორი. აპელანტი უფლებამოსილია სასამართლოში დაიცვას მხოლოდ მის მიერ გამოცემული აქტების კანონიერება. შესაბამისად, როცა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული აქტები (მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობით სარეგისტრაციო ობიექტის ფართობის შემცირებით) კანონიერ ძალაშია (ამ მიმართებით ნაკვეთის მესაკუთრე და უფლების დამდგენი დოკუმენტის (განკარგულებისა და საკუთრების მოწმობის) გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო არ დავობს), მსჯელობა მესამე პირის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი აქტების მიმართ ამ უკანასკნელის კანონიერი ნდობის არსებობაზე, სცდება საჯარო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხთა წრეს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად საკუთრების აღიარების კომისია, მის მიერ მიღებული აქტების ბათილად ცნობას სადავოდ არ ხდის, მნიშვნელოვნია კიდევ ერთხელ განმარტოს სადავო უფლების დამდგენი დოკუმენტების მატერიალური კანონიერების გამომრიცხველი სამართლებრივი საფუძვლები, რადგან სწორედ სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი აქტების კანონიერება განსაზღვრავდა, ამ აქტების საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო წარმოების კანონიერებასაც, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის (რეგისტრაციის გაუქმება) პირველი პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის ,,გ” და ,,ე’’ ქვეპუნქტებზე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეზე დადგენილია, რომ სს „ე...“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან (2007 წლიდან) ექსპლუატაციას უწევს სადავო ტერიტორიაზე მდებარე 20 კვ-მდე საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც გადაეცა საქართველოს ენერგოსადისტრიბუციო კომპანიისგან. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი საფუძვლების მხედველობაში მიღებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უგულებელჰყო კანონის მოთხოვნები და მიუხედავად პირდაპირი აკრძალვისა, საკუთრების უფლების აღიარებას დაუქვემდებარა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (ელექტროგაყვანილობის) ობიექტით განთავსებული და დაცვის ზონაში არსებული თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. მართალია, ადმინისტრაციული ორგანომ გამოიკვლია, გადიოდა თუ არა ელექტროგადამცემი ხაზი სადავო ტერიტორიაზე, მაგრამ დადებითი პასუხის მიღების მიუხედავად, მაინც აღიარა მესამე პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ჯერ განკარგულებაში და შემდეგ საჯარო რეესტრის ამონაწერში იმის დაფიქსირება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მფლობელზე ვრცელდება „ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ვითარებას არ ცვლის, რადგან აღნიშნული შეზღუდვები ისედაც ვრცელდება ყველა შესაბამის ნაკვეთზე, იმის მიუხედავად მიეთითება თუ არა ამის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სააპელაციო საჩივარში, მარეგისტრირებელი ორგანოს წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგო არგუმენტად აღნიშნავს, რომ ელექტროგადამცემი ხაზის უშუალოდ არ არის განთავსებული სადავო ტერიტორიაზე და მხოლოდ ჰაერში კვეთს მესამე პირის საკუთრებად აღიარებულ ნაკვეთს. მოცემული არგუმენტი ვერ გააბათილებს სადავო აქტის კანონთან წინააღმდეგობას, ვინაიდან საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი წარმოადგენს ელექტრული ქსელის შემადგენელ ნაწილს, რომელზეც მთავრობის №366 დადგენილების შესაბამისად ვრცელდება დაცვის ზონები. კერძოდ, დაცვის ზონები ვრცელდება სწორედ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან. ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ პუნქტიც პირდაპირ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, თუ ის წარმოადგენს დაცვის ზონას. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო არაა დაცვის ზონის არსებობა სადავო ტერიტორიაზე წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის ინტერესიც აშკარაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სადავო აქტების გამოცემის შედეგად მოსარჩელეს ხელი ეშლება კუთვნილი ობიექტების ფლობასა და სარგებლობაში, ვინაიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ურთიერთობისას „ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-4 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად მას ეკისრება დამატებითი ვალდებულებები: მიწათმოსარგებლეს უნდა ეცნობოს სამუშაოს შესრულების პირობები, შესაბამისი სამუშაოს შესრულებამდე 3 დღით ადრე, სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების შემდეგ საკუთარი ხარჯით აღადგინოს მიწის ან/და გზის საფარი, აანაზღაუროს ამ სამუშაოთა შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი... შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე სამუშაოების ჩატარებისას მოსარჩელეს უწევს დამატებითი ძალისხმევის და რესურსების გაღება, რაც საბოლოო აისახება ელექტროენენრგიის ტარიფში. შესაბამისად, აშკარაა, რომ სადავო აქტების გამოცემით კანონსაწინააღმდეგოდ იზღუდება სს „ე...ს“ უფლებები, რაც დაკავშირებულია ელექტროგადამცემი ხაზის გამართულ ფუნქციონირებასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლის მიზანს, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტებით განთავსებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარების აკრძალვის დაწესებისას, სწორედ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ ხელი არ შეშლოდა აღნიშნული ობიექტების ოპტიმალურ და გამართულ ფუნქციონირებას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, როცა სადავო მიწის ნაკვეთზე მესამე პირის უფლების დამდგენი დოკუმენტების - საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონსაწინააღმდეგობა აშკარაა ანუ უკანონოა მარეგისტირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაურკვეველია თავად მარეგისტრირებელი ორგანოს ინტერესი წარმოდგენილ სააპელაციო დავაზე. განსახილველ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით საფრთხის ქვეშ არ დგება ქვეყანაში სისტემური რეგისტრაციის განხორციელების მიზნები. წარმოდგენილ დავაზე კიდევ ერთხელ განიმარტა კანონის ჩანაწერი იმის შესახებ, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რა ტიპის მიწის ნაკვეთები არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებას, რაც არამც და არამც არ გამორიცხავს მართლზომიერ მესაკუთრეთა უფლებებს ამგვარ მიწის ნაკვეთებზე და შესაბამისად, მართლზომიერი მესაკუთრის უფლებების აღრიცხვას იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები, შესაბამისი სანიტარული და დაცვითი ზონებით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვალის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისმა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და სათანადო შეფასება არ მისცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემობებს. სასამართლოს უნდა მოეხდინა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ ამის შემდეგ დაედგინა შექმნილ ვითარებაში არსებობდა თუ არა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი. ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლება დამოუკიდებელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან. „ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი არის ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი განასხვავებს საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების განმარტებას. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობის და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი არის ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ვერ იქნება მიწაზე განთავსებული. შესაბამისად, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა და ის, რომ ჰაერში კვეთს მიწის ნაკვეთს, ვერ იქნება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება.

კასატორის განმარტებით, „ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწათმოსარგებლე არის პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ის მიწის ნაკვეთი ან უძრავი ქონება, რომელზეც ვრცელდება ელექტრონული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონა. შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს კერძო პირის საკუთრებას, შესაძლებელია გადადიოდეს ელექტროგადამცემი ხაზი და ამ ხაზს ჰქონდეს დაცვის ზონა. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ პოზიციას, რომ სადავო აქტების გამოცემის შედეგად მოსარჩელეს ხელი ეშლება კუთვნილი ობიექტების ფლობასა და სარგებლობაში, ვინაიდან კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე სამუშაოს ჩატარებისას მოსარჩელეს მოუწევს დამატებითი ძალისხმევა და რესურსების გაღება, დაცვის ზონებში სამუშაო პროცესის წარმოება და კერძო მესაკუთრისგან ხელშეშლის აღკვეთის შესაძლებლობა დარეგულირებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით.

კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანია უძრავ ნივთებზე შეზღუდვის სახით დაცვის ზონების რეგისტრაცია და მესაკუთრის ინფორმირება მისი ვალდებულების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებრივი და ელექტოენერგიის მიმწოდებელი კომპანიის მიერ საჭირო იქნება გარკვეული სახის სამუშაოების ჩატარება. „ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების წარმოება ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. ამავე დადგენილების მე-4 მუხლი არეგულირებს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების (საჰაერო და საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზები) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობებს და ჩასატარებელი სამუშაოებისთვის წინასწარი ნებართვის მიღებას ელექტრული ქსელის მფლობელი პირისგან. დასახელებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირი, რომელმაც მიიღო წერილობითი თანხმობა ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში სამუშაოების შესრულებაზე, ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს ელექტრული ქსელის მფლობელთან შეთანხმებული პირობების (ტექნიკური) და წესების დაცვით და უზრუნველყოს ელექტრული ქსელის უსაფრთხოება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში აუცილებელია მიწისქვეშა ან მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციების გადაუდებელი ავარიულ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება, ამ კომუნიკაციების მფლობელ პირებს უფლება აქვთ სამუშაოთა წარმოება დაიწყონ წინასწარი შეთანხმების გარეშე, მაგრამ სამუშაოთა წარმოების ადგილზე აუცილებლად უნდა იქნეს გამოძახებული ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის წარმომადგენელი და შესაბამისი სამუშაოები განხორციელდეს მისი თანდასწრებით. ხაზობრივი ნაგებობის მფლობელი ვალდებულია აღნიშნულ სამუშაოთა წარმოებას დაასწროს თავისი წარმომადგენელი. ამავე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, (9) თუ ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სამშენებლო, სარეკონსტრუქციო ან/და მიწის სამუშაოების წარმოება ხორციელდება ამ წესების დარღვევით, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის მფლობელი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს წარმოებული სამუშაოების შეჩერება და აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, ასევე მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს; (10) ელექტროგადამცემი ხაზების, საავტომობილო გზების, რკინიგზის, კავშირგაბმულობის ხაზების, მილსადენების, სანავიგაციო საშუალებების, აეროპორტებისა და ნავსადგურების გადაკვეთის ადგილებში ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის წესები თანხმდება ელექტროგადამცემი ხაზების მფლობელ და შესაბამის პირებს შორის. ელექტროგადამცემი ხაზების საავარიო-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირი, რომელმაც მიიღო წერილობითი თანხმობა ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში სამუშაოების შესრულებაზე, ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს ელექტრული ქსელის მფლობელთან შეთანხმებული პირობების (ტექნიკური) და წესების დაცვით და უზრუნველყოს ელექტრული ქსელის უსაფრთხოება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია, რომ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე შეზღუდვის დაწესება „ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების საფუძველზე არაფერს ცვლის, ვინაიდან ეს შეზღუდვები ისედაც ვრცელდება ყველა შესაბამის ნაკვეთზე, იმის მიუხედავად, მიეთითება თუ არა იგი საჯარო რეესტრის ამონაწერში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტზე, 601 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ როდესაც „ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით, ზედმიწევნით არის გაწერილი ელექტოგადამცემი ხაზების და მისი დაცვის ზონების უსაფრთხოების გარანტიები, ერთი მხრივ, გაუგებარია სს ,,ე...ს’’ იურიდიული ინტერესი, რა სამართლებრივ სიკეთეს მიიღებს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობით, ხოლო, მეორე მხრივ, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რამდენადაც, ზემოხსენებული დადგენილების არცერთი მუხლი არ გამორიცხავს ისეთ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის ინდივიდიულური საკუთრების უფლების არსებობას, რომელზეც/რომლის ნაწილზეც ვრცელდება ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონა.

კასატორის განმარტებით, 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მასშტაბით დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. საკუთრების უფლების აღიარების წესი განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სისტემური რეგისტრაციის დასრულებამდე წარმოადგენს - თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

6. მოწინააღმდეგე მხარის - სს „ე...ს“ მიერ წარმოდგენილი იქნა საკასაციო შესაგებელი, სადაც იგი განმარტავს, რომ 2007 წლის 5 თებერვალს ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას, სს „ს...ს“, შპს „ა...ს“ და მეორე მხრივ, „ენ...“-ს და სს „ე...ს“ შორის გაფორმებული „ჰიდროელექტროსადგურების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების“, ასევე, 2007 წლის 29 ივნისს შპს „ა...სთან“ დადებული აქტივების (ქონების) ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სს „ე...ს“ სხვა ქონებასთან ერთად, საკუთრებაში გადაეცა სამტრედიის მუნიციპალიტეტში განთავსებული მაღალი ძაბვის ელ.გადამცემი ხაზებიც. როგორც ბუნებრივი მონოპოლისტი, მხოლოდ სს ,,ე...’’ ახორციელებს ელ.ენერგიის გატარებას მთელი საქართველოს მასშტაბით (გარდა ქალაქ თბილისისა). აღნიშნულს ადასტურებს სემეკის მიერ 2007 წლის 18 მაისს გაცემული ელ.ენერგიის განაწილების ლიცენზია, რომელიც ქონების სრულად გადმოცემის შემდგომ (29 ივნისიდან) შევიდა ძალაში. ლიცენზია გაცემულია უვადოდ. ცალსახაა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.09.2018 წლის №493 განკარგულება, მის საფუძველზე გაცემული 10.09.2018წ. საკუთრების უფლების №394 მოწმობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.09.2018 წლის №...; 15.04.2020წ. №... და 24.05.2023 წლის №... გადაწყვეტილებები, რომლებითაც, მესამე პირის საკუთრებად აღირიცხა სადავო ქონება, მიღებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რაც საქმის ყოველმხრივ და სრულყოფილად შესწავლის გზით სრულიად ნათელი გახდა, როგორც სამტრედიის რაიონული და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებისათვის, ასევე, თვით პროცესში მონაწილე მხარეებისთვის. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ არც საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და არც მესამე პირს (რომელსაც ყველაზე დიდი ინტერესი უნდა გააჩნდეს საქმის შედეგისადმი) სასამართლო გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და ბუნებრივია, აღნიშნული გადაწყვეტილება, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.09.2018 წლის №493 განკარგულების და მის საფუძველზე გაცემული 10.09.2018წ. საკუთრების უფლების №394 მოწმობის (რომლის საფუძველზეც სამტრედიის რაიონის, სოფ. ...ს ტერიტორიაზე 2503 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა ო. რ-ეის საკუთრების უფლება) ნაწილობრივ, მიწის ნაკვეთზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზისა და მისი დაცვის ზონის ნაწილში ბათილობის თაობაზე შესულია კანონიერ ძალაში. ცალსახაა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს იმ მიწის ნაკვეთთა კატეგორიას, რომელიც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, არ უნდა დაექვემდებაროს აღიარებას, როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი, კატეგორიულად კრძალავს იმ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, რომელიც მოქცეულია დაცვით ზონაში. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულია ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონები და ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად 10 კვ. სიმძლავრის ელ.გადამცემი ხაზებისათვის დაცვის ზონა დადგენილია საჰაერო ელ.გადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია 10 მეტრით. ამდენად, ის, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 10 კვ. სიმძლავრის ელ.გადამცემი ხაზი და მისი დაცვის ზონა მოიცავს თითქმის 1730 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ეს ფაქტი არავის, არც ერთი მხარის (მითუმეტეს მესამე პირის მხრიდან) სადავო არ გამხდარა.

სს „ე...ს“ განმარტებით, №366 დადგენილების მე-4 მუხლი აწესებს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების (საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების) დაცვის ზონაში სამუშოთა წარმოების პირობებს და მთელ რიგ შეზღუდვებს მიწით მოსარგებლეებისათვის. სწორედ ასეთი შეზღუდვების არსებობას განაპირობებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი’’ და „ნ“ ქვეპუნქტების მიერ დაწესებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ასეთი კატეგორიის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ამასთან, ცალსახაა, რომ აქ საუბარია იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე, რომლის საკუთრების უფლებაც კანონიერია და რეგისტრირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა სრული დაცვით და არა კანონის უხეში დარღვევით. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც („ი“ ქვეპუნქტის თანახმად) განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები და („ნ“ ქვეპუნქტის თანახმად) სანიტარული და დაცვითი ზონები.

სს ,,ე...ს’’ განმარტებით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ურთიერთობისას „ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366-ე დადგენილების მე-4 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომპანიას ეკისრება დამატებითი ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ენერგოკომპანიას არვითარი იურიდიული ინტერესი არ უნდა გააჩნდეს სადავო აქტების მიმართ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2018 წლის 14 თებერვალს დაინტერესებულმა პირმა ნ. რ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 2503 კვ.მ, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ო. რ-ეზე (ტ.1. ს.ფ. 152-156); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2018 წლის 26 მარტის №... მიმართვით, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ო. რ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადება თანდართულ და რეესტრის მიერ მოძიებულ მასალებთან ერთად შესასწავლად გადაუგზავნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (ტ.1. ს.ფ. 151); გ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2018 წლის 23 აპრილის №37/2615 მიმართვით სს „ე...დან’’ გამოითხოვა ინფორმაცია, გადიოდა თუ არა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ო. რ-ეის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (ტ.1. ს.ფ. 20-22); დ) სს „ე...ს’’ 2018 წლის 7 ივნისის №... მომართვით კომისიას ეცნობა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სს „ე...ს’’ კუთვნილი 10 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი (ტ.1. ს.ფ. 41); ე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 სექტემბრის №493 განკარგულებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 2503 კვ.მ), როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, აღიარებულ იქნა ო. რ-ეის საკუთრების უფლება. ამავე განკარგულებაში მიეთითა, რომ მიწის ნაკვეთზე (შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მფლობელზე) ვრცელდებოდა „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებები (ტ.1. ს.ფ. 46-49); ვ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს ო. რ-ეის სახელზე გაიცა №394 საკუთრების უფლების მოწმობა (ტ.1. ს.ფ. 50); ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 19 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფელ ...ში 2503 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №394 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ო. რ-ეის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთს მიენიჭა №... საკადასტრო კოდი (ტ.1. ს.ფ. 51, 52-53); თ) სს „ე...მ’’ 2020 წლის 16 იანვარს №2289305 მიმართვით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან მოითხოვა ინფორმაცია, თუ რა რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ო. რ-ეის განცხადებასთან დაკავშირებით (ტ.1. ს.ფ. 42); ი) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 13 აპრილის №37/1575 მომართვით სს „ე...ს’’ ეცნობა, რომ 2018 წლის 7 სექტემბრის №493 განკარგულების მიხედვით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში არსებულ 2503 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ო. რ-ეის საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა ,,ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებებით (შეზღუდვებით) (ტ.1. ს.ფ. 44-45); კ) 2020 წლის 13 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა №... პირობითი სარეგისტრაციო განცხადება (დაინტერესებული პირი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), რომლითაც მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართი: სამტრედიის მუნიციპალიტეტი სოფელი ...ი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 აპრილის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ამონაწერში მიეთითა, რომ 2503 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ვრცელდება შეზღუდვა - „ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებები (ტ.1. ს.ფ. 56, 57-58); ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.05.2023 წლის №... გადაწყვეტილებით სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრა 3017.00 კვ.მ, საკადასტრო კოდის შეუცვლელად. აქედან, 2503 კვ.მ უფლების დამდგენი დოკუმენტით და 514 კვ.მ თვითნებურად დაკავებულის წესით ასაღიარებელი ნაწილი (ს.ფ. 236-239).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 სექტემბრის №493 განკარგულება და 2018 წლის 10 სექტემბრის №394 საკუთრების უფლების მოწმობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 2503.00 კვ.მ, ს/კ ...) ო. რ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 1730 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით. ასევე, დავის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.09.2018 წლის №...; 15.04.2020 წლის №... და 24.05.2023 წლის №... გადაწყვეტილებები სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 2503 კვ.მ, ს/კ ...) ო. რ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 1730 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით (საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი, ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებული 10 მეტრის ფარგლებში).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, აგრეთვე, იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეთხოვათ საკუთრების უფლების აღიარება. ამასთანავე, სადავო პერიოდში, კანონით გათვალისწინებული იყო შემზღუდველი გარემოებებიც, რომლის არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თუ მასზე განთავსებული იყო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები (მითითებული კანონის 3.2 მუხლი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ....ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; ...ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები.

ამდენად, საკანონმდებლო აკრძალვებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აღიარებას არ ექვემდებარება, იმ შემთხვევაში, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, კერძოდ, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის ქსელი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი – ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა; ბ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისათვის/გადატანისათვის განკუთვნილი იზოლირებული სადენი (სადენები), რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე პარალელური შტოსაგან, შეერთებისათვის საჭირო აქსესუარებით (ქუროები, მომჭერები და სხვა არმატურა); ზ) ელექტრული ქსელი – ქვესადგურების, გამანაწილებელი მოწყობილობების და მათი შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის: ა.ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ა.ა.ა) 330, 400, 500 კვ - 30 მეტრი; ა.ა.ბ) 150, 220 კვ - 25 მეტრი; ა.ა.გ) 110 კვ - 20 მეტრი; ა.ა.დ) 35 კვ-15 მეტრი; ა.ა.ე) 1 – 20 კვ-10 მეტრი.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება და საქმის მასალებითაც დასტურდება (ტ.1. ს.ფ. 59-83), რომ სს ,,ე...’’ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან (2007 წლიდან) ფლობს და ექსპლუატაციას უწევს სადავო ტერიტორიაზე მდებარე 10 კვ საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც გადაეცა საქართველოს ენერგოსადისტრიბუციო კომპანიისგან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სს ,,ე...ს’’ მის მფლობელობაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზთან პირდაპირ შემხებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიმართ იურიდიული ინტერესი არ აქვს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ ო. რ-ეს არ გააჩნდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 2503.00 კვ.მ, ს/კ ...) მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 1730 კვ.მ-ის ნაწილში, საკუთრების უფლების აღიარების კანონისმიერი საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ მართალია გამოიკვლია, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მიერ სადავო ტერიტორიის გადაკვეთის საკითხი, თუმცა დადებითი პასუხის მიღების მიუხედავად, მაინც აღიარა მესამე პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უგულებელყო კანონის იმპერატიული მოთხოვნა, რამეთუ აღიარებას დაუქვემდებარა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუხედავად მასზე არსებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტის (ელეტროგაყვანილობის) და დაცვის ზონისა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ სადავო განკარგულებასა და შემდეგ საჯარო რეესტრის ამონაწერში იმის დაფიქსირება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მფლობელზე ვრცელდება „ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ვითარებას არ ცვლის, რადგან აღნიშნული შეზღუდვები ისედაც ვრცელდება ყველა შესაბამის ნაკვეთზე, იმის მიუხედავად მიეთითება თუ არა ამის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების პოზიციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 2503.00 კვ.მ, ს/კ ...) ო. რ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 07 სექტემბრის №493 განკარგულების და 2018 წლის 10 სექტემბრის №394 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 1730 კვ.მ-ის ნაწილში (სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით). მართებულია ასევე, ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.09.2018 წლის №...; 15.04.2020 წლის №... და 24.05.2023 წლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 1730 კვ.მ-ის ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.03.2024წ. №11934 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ბ. სტურუა