Facebook Twitter

№ბს-310(კ-24) 26 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,, ...''; მოპასუხეები - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი; მესამე პირი (სასკ 16.2) - ა.შ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 14 მაისს სს „...ამ“ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №572 განკარგულების და 2019 წლის 01 ნოემბრის №460 საკუთრების უფლების მოწმობის (ა.შ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 1161 კვ.მ-ის ნაწილში (სს ,,...ის’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ნახაზის მიხედვით)) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 ნოემბრის №... და 2023 წლის 25 მაისის №... გადაწყვეტილებების (სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე ა.შ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 1161 კვ.მ-ის ნაწილში) (სს ,,...ის“ მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ნახაზის მიხედვით)) ბათილად ცნობა მოითხოვა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ა.შ-ა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №572 განკარგულება და 2019 წლის 01 ნოემბრის №460 საკუთრების უფლების მოწმობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 4939.63 კვ.მ) ა.შ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 1161 კვ.მ-ს ნაწილში (სს ,,...ის’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ნახაზის მიხედვით); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 ნოემბრის №... და 2023 წლის 25 მაისის №... გადაწყვეტილებები სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის ს/კ ... ა.შ-ას საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ, მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 1161 კვ.მ-ის ნაწილში (სს ,,...ის’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ნახაზის მიხედვით (საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი, ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებული 10 მეტრის ფარგლებში)).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 5 ივნისს ა.შ-ამ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ს/კ ... მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 30 ივლისის №... მიმართვით, ა.შ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადება შესასწავლად გადაუგზავნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წლის 09 ივლისის №37/3669 მიმართვით სს „...დან“ გამოითხოვა ინფორმაცია, გადიოდა თუ არა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ა.შ-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. სს „...ის“ 2019 წლის 30 ივლისის №5088223 მომართვით კომისიას ეცნობა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სს „...ის“ კუთვნილი 10 კვ. ძაბვის (ორივე მხარეს 10 მეტრი დაცვის ზონით) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №572 განკარგულებით და 2019 წლის 01 ნოემბრის №460 საკუთრების უფლების მოწმობით სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 4939.63 კვ.მ.) აღიარებულ იქნა ა.შ-ას საკუთრების უფლება და მას აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცა საკუთრებაში.

რეგისტრაციის შესახებ №... (06.11.2019) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა და სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფელ ...ში მდებარე 4940.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 01 ნოემბრის №460 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, დარეგისტრირდა ა.შ-ას (პ/ნ ...) საკუთრების უფლება. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ....

სასამართლოს შეფასებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ....ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; ...ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები.

მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ უგულებელყოფილი იქნა კანონის აღნიშნული მოთხოვნა, ვინაიდან კანონის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (ელექტროგაყვანილობის) ობიექტით განთავსებული და დაცვის ზონაში არსებული თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

როგორც ელექტროგადამცემი ხაზი, ისე ანძები წარმოადგენენ ელექტრული ქსელის შემადგენელ ნაწილებს, რომელზეც საქართველოს მთავრობის №366 დადგენილების შესაბამისად ვრცელდება დაცვის ზონები. მეტიც, დაცვის ზონები ვრცელდება არა ანძებზე, არამედ სწორედ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან. ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ პუნქტი პირდაპირ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, თუ ის წარმოადგენს დაცვის ზონას. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო არ იყო დაცვითი ზონის არსებობა სადავო ტერიტორიაზე წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, უკანონო იყო მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, უსაფუძვლო იყო თავად მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია წარმოდგენილ სააპელაციო დავაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით საფრთხის ქვეშ არ დგებოდა ქვეყანაში სისტემური რეგისტრაციის განხორციელების მიზნები. მიღებული გადაწყვეტილება, დადგენილი პრაქტიკა არ გამორიცხავდა მართლზომიერ მესაკუთრეთა უფლებებს იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც განთავსებული იყო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები, შესაბამისი სანიტარული და დაცვითი ზონებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლება დამოუკიდებელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან „ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი არის ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა.

„ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი განასხვავებს საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზების განმარტებას. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობის და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.

მოცემული ნორმებიდან გამომდინარე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი არის ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ვერ იქნება მიწაზე განთავსებული, შესაბამისად საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა და ის რომ ჰაერში კვეთს მიწის ნაკვეთს, ვერ იქნება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება.

აქედან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს კერძო პირის საკუთრებას, შესაძლებელია გადადიოდეს ელექტროგადამცემი ხაზი და ამ ხაზს ჰქონდეს დაცვის ზონა.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ პოზიციას, რომ სადავო აქტების გამოცემის შედეგად მოსარჩელეს ხელი ეშლება კუთვნილი ობიექტების ფლობასა და სარგებლობაში, ვინაიდან, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე სამუშაოს ჩატარებისას მოსარჩელეს მოუწევს დამატებითი ძალისხმევა და რესურსების გაღება, კასატორი მიუთითებს, რომ დაცვის ზონებში სამუშაო პროცესის წარმოება და კერძო მესაკუთრისგან ხელშეშლის აღკვეთის შესაძლებლობა დარეგულირებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით.

უზენაესმა სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ამ უმნიშვნელოვანესი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მის ხელთ არსებული მონაცემებით მოკლებულია ყველანაირ შესაძლებლობას ცალკეულ შემთხვევებში შეისწავლოს და დაადგინოს თითოეულ მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის შესაძლო არსებობა, მითუმეტეს იმ სამართლებრივი რეგულირების პირობებში რომლის მიხედვითაც ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლება დამოუკიდებელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2019 წლის 5 ივნისს ა.შ-ამ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ს/კ ... მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 30 ივლისის №... მიმართვით, ა.შ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადება შესასწავლად გადაუგზავნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წლის 09 ივლისის №37/3669 მიმართვით სს „...დან“ გამოითხოვა ინფორმაცია, გადიოდა თუ არა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე ა.შ-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. სს „...ის“ 2019 წლის 30 ივლისის №5088223 მომართვით კომისიას ეცნობა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სს „...ის“ კუთვნილი 10 კვ. ძაბვის (ორივე მხარეს 10 მეტრი დაცვის ზონით) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №572 განკარგულებით და 2019 წლის 01 ნოემბრის №460 საკუთრების უფლების მოწმობით სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 4939.63 კვ.მ.) აღიარებულ იქნა ა.შ-ას საკუთრების უფლება და მას აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცა საკუთრებაში.

რეგისტრაციის შესახებ №... (06.11.2019) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა და სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფელ ...ში მდებარე 4940.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 01 ნოემბრის №460 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, დარეგისტრირდა ა.შ-ას (პ/ნ ...). უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ...

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1).

მოცემული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.... და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევისთვის გაცილებით უფრო მყარ გარანტიებს ქმნის ვიდრე თვითნებურად დაკავებული მიწის შემთხვევაში. აღნიშნული გამოიხატება იმ გამონაკლისებში, რომელიც ითვალისწინებს იმ ტიპის მიწების ჩამონათვალს, რომელზეც არ დაიშვება საკუთრების უფლების აღიარება (მუხლი 3.2. „ა“-„ო“), ასევე ადმინისტრირების ორგანოსათვის მინიჭებული ფართო დისკრეციაში, რომლის მიხედვითაც, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა (მუხლი 51.2) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; სანიტარიული და დაცვითი ზონები (მუხლი 3.2.ი; .2.ნ).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №364 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება (მუხლები 1.1-1.2). მოცემული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ა.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება - საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის - საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: 1 – 20 კვ - 10 მეტრი.

საქმეზე უდავოდ დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილებების მიღებამდე, სს „...ის“ 2019 წლის 30 ივლისის №5088223 მიმართვით კომისიას ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მესამე პირის ა.შ-ას საკუთრების უფლება იქნა აღიარებული, განთავსებული იყო სს „...ის“ კუთვნილი 10 კვ. ძაბვის (ორივე მხარეს 10 მეტრი დაცვის ზონით) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი. ამდენად, კომისიისთვის წინასწარ იყო ცნობილი იმ გარემოებების შესახებ, რომელიც გამორიცხავდა მიწის ნაკვეთის ნაწილზე, საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. აღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სახეზე იყო ა.შ-ას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის ბათილად ცნობის წინაპირობები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ზოგადი წესით, დასაშვებია, რომ ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება, იყოს სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში, აღნიშნულზე ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №364 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (მიწათმოსარგებლე – პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება). დასაშვებია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მიწათმოსარგებლემ მისცეს თანხმობა ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელ პირს შესაბამისი ობიექტის განთავსებაზე, ან მოხდეს ისეთი მიწის ნაკვეთის განკარგვა, რომელზეც ასეთი ობიექტი უკვე არის განთავსებული. აღნიშნულ შემთხვევაში, ქსელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №364 დადგენილებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. თუმცა, ელექტროგაყვანილობის ობიექტის და მის დაცვით ზონაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თვითნებურად დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდიათ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიასა და თავად მესაკუთრეს - ა.შ-ას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას. კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები: ბს-367-363(კ-14); ბს-226-224(კს-12); ბს-226-224(კ-17)).

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 28/02/2024 წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №GE24№B0330100200165022, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28/02/2024 წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი