Facebook Twitter

№ბს-429(კ-24) 25 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ს-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ს-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 12 იანვრის №ADP 4 23 00025171 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება მ. ს-ას 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ დევნილად ჩათვლა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 12 იანვრის №ADP 4 23 00025171 გადაწყვეტილება, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. ს-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ სააგენტოს დაავალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თუ რა გარემოებები უნდა გამოეკვლია სააგენტოს. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებიდან გაირკვა, რომ საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში დოკუმენტების სკანირება შესაძლებელი გახდა 2012 წლის მაისიდან, ხოლო მატერიალურად არსებული დოკუმენტები განადგურებულია მათი შენახვის ვადებზე მითითებით. თავად მხარეც არანაირი მტკიცებულებით არ ამტკიცებს საწინააღმდეგოს, კერძოდ, 2013 წლის 1 ივნისამდე პერიოდში მიუმართავს თუ არა განცხადებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის. 2012 წლის მაისიდან 2013 წლის 1 ივნისამდე, საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში არ იძებნება მ. ს-ას მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილი განცხადება გადამისამართების თაობაზე. მხარის პირველი განცხადება გადამისამართების მოთხოვნით რეგისტრირებულია 2013 წლის 9 ოქტომბერს და 2013 წლის ნოემბრიდან მოსარჩელე სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია თბილისის მისამართზე, კერძოდ, ...ს ქ. №..., ბ. №4.

კასატორი აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ტერიტორია 1993 წლიდან ოკუპირებულია და დევნილი მოსახლეობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა განსახლებული. იმისათვის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ მონაცემები აუცილებელია, რომ აღირიცხოს მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილი. სწორედ ამ მიზნით არის დევნილთა მონაცემთა ბაზაში დევნილის დროებითი, როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. რაც შეეხება სააგენტოში არსებულ მონაცემთა ბაზას, ისევე როგორც სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზა, კანონმდებლობის საფუძველზეა შექმნილი. ნორმატიული აქტის თანახმად, დევნილთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებისას სააგენტო ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ ნორმატიული აქტით განსაზღვრული სპეციალური სისტემით - დევნილთა მონაცემთა ბაზით. დევნილი პირის რეგისტრაციის ერთადერთი განმახორციელებელი ორგანოა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ნათელია, რომ მოსარჩელის მიმართ ვერ დადგინდება მისი 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრაციიის ფაქტი, ვინაიდან მისი პირველი განაცხადი დარეგისტრირების შესახებ შესულია უწყებაში 2013 წლის 9 ოქტომბერს და 2013 წლის ნოემბრიდან იგი უკვე დარეგისტრირდა თბილისის მისამართზე.

კასატორის მითითებით, დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნულია დევნილი ოჯახის 3 რეგისტრაციის ადგილი, ესენია: 1. პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე; 2. პირის რეგისტრაციის ადგილი, სადაც ის დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა (იურიდიული); 3. პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ის რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ჩამოთვლილი სამივე კომპონენტი ემსახურება ერთ მიზანს, სახელმწიფოს ჰქონდეს სრულყოფილი მონაცემები დევნილი ოჯახის მუდმივ, დროებით და ფაქტობრივ საცხოვრებელთან დაკავშირებით. ნათელი და გასაგებია, რომ პირი ვერ ბრუნდება მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე და ის დევნილობის პერიოდში ირჩევს საცხოვრებელ ადგილს, სადაც სამინისტრო (სააგენტო) არეგისტრირებს, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთ ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებული დევნილი განსხვავებულ ტერიტორიულ ერთეულში ცხოვრობს ფაქტიურად რეგისტრაციის გარეშე. შესაბამისად, ამ სამი მონაცემის არსებობა აუცილებელია, მითუმეტეს, რომ დევნილი ოჯახების განსახლება ხდება მათი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახების თბილისში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თბილისში მათი საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტს და დროს. კერძოდ, ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართების გადაცემა მხოლოდ იმ დევნილებისათვის ხორციელდება, რომელთა საცხოვრებელ ადგილად სააგენტოში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში თბილისი 2013 წლის 1 ივნისამდეა რეგისტრირებული (დამისამართებული). სააგენტო მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის №A193041 მოწმობის მიხედვით, მოსარჩელე მ. ს-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - აფხაზეთი, გუდაუთა ს. .... დევნილის მოწმობაში დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია, თბილისი, ისანი ...ს ქუჩა ... ბინა №4 (ს.ფ. 16). სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით 2022 წლის 28 სექტემბრის მონაცემით (დეკლარაციის შევსების თარიღი 2017 წლის 17 მარტი) მ. ს-ას ოჯახი: ლ-ა ე., ლ-ა ნ., ლ-ა მ. და ლ-ა მა. რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, სარეიტინგო ქულა - 82550, საცხოვრებელი მისამართი - თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ...ს ქ. კორპ. ..., ბინა №4 (ს.ფ. 24); ბ) სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ 2021 წლის 20 ოქტომბერს გაცემული MES 6 21 0001106677 ცნობის მიხედვით, მ. ლ-ა 2007 წლის 17 სექტემბერს ჩაირიცხა სკოლის მეორე კლასში. საშუალო საფეხური დაძლია 2017-2018 სასწავლო წელს (ს.ფ. 22). არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი №... საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 2023 წლის 16 იანვრის №01/227 ცნობის თანახმად, მა. ლ-ა 2007-2010 წლებში დადიოდა №... საბავშვო ბაგა-ბაღში (ს. ფ. 23); გ) 2013 წლის 9 ოქტომბერს მ. ს-ამ №73556/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისი და მისი ოჯახის გადამისამართება, თბილისში, ისანი, ...ს ქუჩა №..., ბინა 4 (ს.ფ. 45). მ. ს-ამ 2023 წლის 9 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. განცხადებაში აღნიშნა, რომ 2007 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ოჯახთან ერთად, ნათესავის ბინაში. 2010 წლამდე არაერთხელ მიმართა სააგენტოს განცხადებით გადამისამართებასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხი არ მიუღია. ოჯახის რეგისტრაცია მისამართზე მოხდა 2013 წლის რეგისტრაციის შემდეგ. განმცხადებელმა მოითხოვა ოჯახის 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულად ჩათვლა (ს.ფ. 43); დ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 12 იანვრის №IDP 4 23 00025171 გადაწყვეტილებით მ. ს-ას №7689 განცხადებაზე ეცნობა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია თბილისში, ...ს ქ. №..., ბინა №...-ში, 2013 წლის ნოემბრის თვიდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ თბილისში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში სააგენტოში შესული განცხადებების სკანირება ხდება 2012 წლის მაისის თვიდან, ხოლო 2011 წლის ჩათვლით არსებული, მატერიალური სახის დოკუმენტაცია, ხანდაზმულობის გამო განადგურებულია, შესაბამისად, გადამისამართებასთან დაკავშირებული მასალები სააგენტოში არ ინახება (ს.ფ. 22).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრებულა მოსარჩელის მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-7 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის მიხედვით, კომისია არ განიხილავს ქ. თბილისში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე იმ დევნილი ოჯახის განცხადებას, რომელიც ქ. თბილისში არ არის რეგისტრირებული 2013 წლის 1 ივნისამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცებულია დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი.

აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ წესის მიზნებისთვის სააგენტო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო;

ამავე მუხლის ,,თ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტების შესაბამისად (თ) დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სააგენტოში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; (ი) დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

ამავე წესის მე-2 მუხლის 33-ე და 36-ე პუნქტების თანახმად, (33) დევნილი უფლებამოსილია მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია და წერილობითი ფორმით მოითხოვოს შესწორების შეტანა მის შესახებ არსებულ პერსონალური (საიდენტიფიკაციო) ხასიათის მონაცემებში; (36) მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდება სააგენტოს დირექტორის თანხმობით დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილება ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

“დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის” მე-4 მუხლის მე-18, მე-19 და მე-20 პუნქტების შესაბამისად, (18) დევნილის რეგისტრაციის ადგილი განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა. რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება როგორც დევნილის რეგისტრაციის ადგილი, ასევე მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი; (19) მონაცემთა ბაზაში დევნილის დევნილის რეგისტრაციის ადგილი მიეთითება შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის მისამართით. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს, რეგისტრაციის ადგილად მიეთითება აგრეთვე შესაბამისი ობიექტის სახელწოდება. მონაცემთა ბაზაში დევნილის დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მიეთითება შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის მისამართით. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მიეთითება აგრეთვე შესაბამისი ობიექტის სახელწოდება; (20) რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზაში, დევნილის განცხადების საფუძველზე დევნილის რეგისტრაციის ადგილის შეცვლა ხორციელდება სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის საფუძველზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით ასევე დამტკიცებულია დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი, რომლის მე-3 მუხლის შესაბამისად მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის თანხმობით სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილება ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ზემოდასახელებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მ. ს-ა უფლებამოსილი იყო განცხადებით მიემართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის და მოეთხოვა მისი ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე დამისამართებულ დევნილად ჩათვლა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება და გადაწყვეტილება მიეღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, მ. ს-ას უარი ეთქვა 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ მ. ს-ას პირველი განაცხადი დარეგისტრირების შესახებ შესულია უწყებაში 2013 წლის 9 ოქტომბერს, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან იგი უკვე დარეგისტრირდა თბილისის მისამართზე ...ს ქ. №..., ბინა №4-ში. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო თავადვე განმარტავს, რომ საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში სააგენტოში შესული განცხადებების სკანირება ხდება 2012 წლის მაისის თვიდან, ხოლო 2011 წლის ჩათვლით არსებული მატერიალური სახის დოკუმენტაცია, ხანდაზმულობის გამო განადგურებულია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მოსარჩელე მხარის საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ მ. ს-ა 2013 წლის ნოემბრიდან დარეგისტრირდა თბილისის მისამართზე ...ს ქ. №..., ბინა №4-ში. იგივე მისამართია მითითებული მოსარჩელის შვილის - მ. ლ-ას სახელზე 2014 წლის 24 იანვარს გაცემულ დევნილის მოწმობაში (ს.ფ. 18, 51) და მოსარჩელის მეუღლის - ე. ლ-ას სახელზე 2014 წლის 24 იანვარს გაცემულ დევნილის მოწმობაში (ს.ფ. 19, 50-51). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ 2021 წლის 20 ოქტომბერს გაცემული MES 6 21 0001106677 ცნობა, რომლის მიხედვით, მ. ლ-ა 2007 წლის 17 სექტემბერს ჩაირიცხა სკოლის მეორე კლასში. საშუალო საფეხური დაძლია 2017-2018 სასწავლო წელს (ს.ფ. 22), ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის №... საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 2023 წლის 16 იანვრის №01/227 ცნობის თანახმად, მა. ლ-ა (მოსარჩელის შვილი, ს.ფ. 62) 2007-2010 წლებში დადიოდა №... საბავშვო ბაგა-ბაღში (ს. ფ. 23).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია და დაედგინა არსებობდა თუ არა მოსარჩელის 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევის საფუძველი, რაც არ განუხორციელებია. იმ პირობებში, როდესაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა განიხილოს მ. ს-ას განცხადება და მითითებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რა დროსაც, მათ შორის, ასევე ყურადღება უნდა მიექცეს განსახილველ საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მ. ლ-ა 2007 წლის 17 სექტემბერს ჩაირიცხა სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მეორე კლასში. საშუალო საფეხური დაძლია 2017-2018 სასწავლო წელს, მა. ლ-ა კი 2007-2010 წლებში დადიოდა №... საბავშვო ბაგა-ბაღში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე