საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-431(2კ-24) 20 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა.ქ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა.ქ-მა 2022 წლის 5 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ, სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 23 აპრილის ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მაისის N13496 ბრძანება; ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის 16796/2/2022 გადაწყვეტილება (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები იხ. 29.05.2023 წ. სხდომის ოქმით).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, ა.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 აპრილის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მაისის N13496 ბრძანება. ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის N16796/2/2022 გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლი, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.გ.“ პუნქტი და განმარტა, რომ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, პირის მიმართ გამოიყენება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა, კერძოდ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ...ის დეკლარირების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას და მისთვის გათვალისწინებულია ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით სანქციის შეფარდება. საქმის განმხილველმა სასამართლომ განმარტა, რომ დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქცია, მათ შორის დადგენილია მათი კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, რომლის შერჩევაც, მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა სახდელის დაკისრებისას მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. „ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ა.ქ-ის სადავოდ არ გაუხდია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და მასში ბრალეულობა, ასევე დაეთანხმა დაკისრებულ ფულად ჯარიმას და საქონლის ჩამორთმევის ნაწილში მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას; უდავოდ იქნა მიჩნეული მის მიერ გადახდილი ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა და ყურადღება გამახვილდა მხარის მოთხოვნაზე - სადავო აქტების გაუქმება სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება მისი ოჯახის ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა იმ ფაქტი, რომ ა.ქ-ის მხრიდან საბაჟო წესების დარღვევის და არადეკლარირებული საქონლის მალულად გადმოტანის სხვა შემთხვევაზე ადმინისტრაციული ორგანოები ვერ მიუთითებდნენ, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული სომხეთის რესპუბლიკის, ...ის რაიონის ...ის საკრებულოს 2023 წლის 15 მარტის N1515 ცნობა და მიჩნეული იქნა, რომ სანქციის სახით 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და საქონლის ჩამორთმევა სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და კანონმდებლობის მოთხოვნების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართალდარღვევის სიმძიმისა და სამართალდარღვევის ჩამდენი პირის პიროვნების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ შეფარდებული სანქცია აკმაყოფილებს პროპორციულობის დაცვის მოთხოვნებს და არ მომხდარა პირის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
წარმომადგენლის მსჯელობით, კონტრაბანდის აღკვეთისა და შემდგომი სამართალდარღვევების პრევენციისთვის მხოლოდ 1000 ლარიანი ჯარიმის შეფარდება ვერ უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილ მიზნებს და სახელმწიფოს გაცხადებული პოზიციის დაცვას, რადგან უკანონოდ შემოტანილი საქონლის ღირებულება ბევრად აჭარბებს ჯარიმის ოდენობას და მხოლოდ მის გამოყენებას ვერ ექნება შემდგომი ქმედებებისთვის შემაკავებელი ეფექტი. თუნდაც 1 000 ლარიანი ჯარიმის გამოყენება კონტრაბანდული საქონლის ჩამორთმევასთან ერთად, არ წარმოადგენს, როგორც ზედმეტად ან საკმარისად (თანაზომიერად) შემზღუდველი სანქციის სახეს, ვინაიდან სახეზეა აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც სპეციალური წესებით უნდა იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული და საბაჟო ორგანო ისედაც ვერ მისცემდა აღნიშნულ პირს მისი ქვეყანაში ამ ფორმით შემოტანის უფლებას. საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ვალდებულია ზუსტად შეასრულოს კანონის მოთხოვნები. კანონის მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოს საზღვარზე გადააადგილებდა საქონელს, რომელიც ექვემდებარებოდა დეკლარირებას, თუმცა მას დეკლარირება არ განუხორციელებია. შესაბამისად, დეკლარაციის წარუდგენლობა და საბაჟო საზღვარზე საქონლის მალულად გადატანა ავტომატურად ქმნის საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს და ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი ვერ იქნება, დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში, შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის შერჩევისას, პირს დაეკისრებოდა თუ არა გადასახადის გადახდა, რამეთუ დეკლარირების უპირველესი და უმთავრესი მიზანი სწორედ კონტროლის განხორციელებაა, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ქმნის საფრთხეს, რომ კონტროლი ვერ განხორციელდება და ამასთან, შეუძლებელი ხდება იმის განსაზღვრაც, რომელი სასაქონლო ოპერაცია უნდა შერჩეულიყო და რამდენად შეასრულა მხარემ დეკლარაციის წარუდგენლობის ფარგლებში შესარჩევი სასაქონლო ოპერაციიდან გამომდინარე მოთხოვნები. წარმომადგენელი აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის Nბს-572-572(2კ-18) გადაწყვეტილებაზე, ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას და საქმის არსებითად განხილვის ფარგლებში, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე. მოცემულ შემთხვევაში მხარე აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა სადავო საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ამასთან, მხარის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ მოცემულ შემთხვევაში ხორციელდებოდა დიდი რაოდენობის - 370 ... ...ის კონტრაბანდულად გადატანა, ამასთან, ავტომობილის წინა სავარძლების საზურგეები და ე.წ. „ტორპედო“ გამოყენებული იყო არადეკლარირებული საქონლის სამალავად.
კასატორი მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის სრულად გამოყენება კანონშესაბამისი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების და მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას და საქმის არსებითად განხილვის ფარგლებში, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 23 აპრილის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მაისის N13496 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის N16796/2/2022 გადაწყვეტილების კანონიერება სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის დაკისრების ნაწილში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2022 წლის 23 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „ ... - ...ს“ კონტროლის ზონაში სომხეთიდან საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრებით რეგისტრირებულმა „ ...“-ის მარკის მსუბუქმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ (სახ. ...), რომელსაც მართავდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ქ-ი ( A.K-I, პას/ნ...). მებაჟე - ოფიცრის ეჭვის საფუძველზე განხორციელდა ავტომანქანის დეტალური დათვალიერება, რა დროსაც ავტომობილის წინა სავარძლების საზურგეებსა და ე.წ. „ტორპედოში“ აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული, დამალული, აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული ... „...“ 370 ... აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „... ...ს“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგა ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ა.ქ-ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჯარიმის სახით დაეკისრა 1000 ლარის გადახდა, ასევე ჩამოერთვა ამოღებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.
საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის 2022 წლის 23 აპრილის N... ოქმის მიხედვით, ა.ქ-ის ჩამოერთვა ... -ის ფირმის ... 7400 ... და მსუბუქი ავტომანქანა ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე.
2022 წლის 26 აპრილის გადახდის ქვითრის თანახმად, ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა 1 000 ლარი გადახდილი იქნა ა.ქ-ის მიერ.
დადგენილია, რომ ა.ქ-ის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი 2022 წლის 23 აპრილის ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, N ... საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმისა და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების N ... აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მაისის N13496 ბრძანებით, ა.ქ-ის საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 23 აპრილის ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, N ... საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმისა და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების N ... აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ ბრძანება საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის N16796/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმეში წარმოდგენილი სომხეთის რესპუბლიკის, ...ის რაიონის ...ის საკრებულოს 2023 წლის 15 მარტის N1515 ცნობის (ნათარგმნი ქართულ ენაზე) თანახმად, ა.ქ-ი, ცხოვრობს დედასთან, ცოლსა და არასრულწლოვან შვილთან ერთად. ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ის მუშაობს და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. დედა პენსიონერია. პირადი საჭიროებისათვის გამოყენებული ... მარკის ავტომანქანა ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა, ხოლო ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება.
საკითხზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლს სადაც კანონმდებელმა მიუთითა, რომ საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, ხოლო საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით. ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.გ.“ პუნქტიდან გამომდინარე, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია - მგზავრის მიერ 200 ... ...ის ან 50 ...ის ან 50 ... ას ან საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ... კოდით გათვალისწინებული 200 ... ...ის ნაწარმის ან საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ... კოდით გათვალისწინებული 10 ცალი ...ის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი ...ის სხვა ნაწარმის (გარდა ...ის ...სა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ...ის ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ...ის ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ... კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პირის მიმართ გამოიყენება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა, კერძოდ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ...ის დეკლარირების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას და მისთვის გათვალისწინებულია ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით სანქციის შეფარდება. ამდენად, დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქცია, მათ შორის დადგენილია მათი კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, რომლის შერჩევაც, მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა სახდელის დაკისრებისას მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. „ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-1332-1317(კ-11)). დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები (სუსგ 11.04.2012წ. Nბს-1655-1627(კ-11)). დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ა.ქ-ის სადავოდ არ გაუხდია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და მასში ბრალეულობა, ასევე იგი დაეთანხმა დაკისრებულ ფულად ჯარიმას და საქონლის ჩამორთმევის ნაწილში მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გადახდილია ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მის მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო აქტების გაუქმება მხოლოდ სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში და აღნიშნულს ასაბუთებდა იმ არგუმენტით, რომ სატრანსპორტო საშუალება მისი ოჯახის ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მართებულია სააპელაციო სასამართლო ის მსჯელობა, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი კასატორთა არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ - ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. ასევე საგულისხმოა, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას ყველაზე მკაცრი სანქციის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე. გასაჩივრებული აქტის გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ა.ქ-ის მხრიდან საბაჟო წესების დარღვევის და არადეკლარირებული საქონლის მალულად გადმოტანის სხვა შემთხვევაზე კასატორები არ მიუთითებენ. სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება სომხეთის რესპუბლიკის, ...ის რაიონის ...ის საკრებულოს 2023 წლის 15 მარტის N1515 ცნობაზე, რომლის თანახმად, ა.ქ-ი ცხოვრობს დედასთან, ცოლსა და არასრულწლოვან შვილთან ერთად, რომელთაგან მხოლოდ თავად მუშაობს და იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის გაზიარებით მიიჩნევს, რომ სანქციის სახით 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და საქონლის ჩამორთმევა სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე