Facebook Twitter

საქმე #ბს-708(კ-24) 19 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს გენერალური პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ.ქ-ე

მესამე პირი (ასკ 16.1) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 27 მარტს ნ.ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1990 წლის 6 ივლისიდან 2004 წლის 14 აპრილამდე იგი იყო ...ის ... 2004 წლის 24 ივლისს იგი დააკავეს და წარუდგინეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად ასაკისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2004 წლის 27 ივლისის ბრძანებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი ოჯახი სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გამო გახდა იძულებული, მოლაპარაკებები ეწარმოებინა პროკურატურის ორგანოებთან. ქ.ქ-ე, როგორც ნ.ქ-ის შვილი, ასაკოვანი მამის გათავისუფლების მიზნით ასრულებდა პროკურორის მითითებებს. მოსარჩელის განმარტებით, ქ.ქ-ემ 2004 წლის განმავლობაში პროკურორის მითითებით გადარიცხა 194 432 აშშ დოლარი. შედეგად კი თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2004 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით ნ.ქ-ეს პატიმრობა შეეცვალა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილით. ამავე სასამართლოს 2004 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ნ.ქ-ე ბრალის აღიარების გარეშე ცნობილ იქნა დამნაშავედ.

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2023 წლის 18 იანვრის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და გაუქმდა თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი ნ.ქ-ის მიმართ და იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნულ განაჩენში მითითებულია, რომ ნ.ქ-ეს დანაშაული არ ჩაუდენია, ამასთან, იგი 108 დღის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ნ.ქ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 200 000 ლარის, ასევე, მატერიალური ზიანის სახით 194 432 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 4 000 ლარის ანაზღაურება; მოპასუხეს ნ.ქ-ეს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 94 432 აშშ დოლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნ.ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 194 432 აშშ დოლარის (ას ოცხმოცდათოთხმეტი ათას ოთხას ოცდათორმეტი) ეკვივალენტი ლარში ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 24 ივლისს ნ.ქ-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე დღეს იგი დაკავებულ იქნა. 2004 წლის 25 ივლისს მას წარედგინა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალი, 2004 წლის 27 ივლისის ...ის რაიონული სასამართლოს ბრძანებით კი ნ.ქ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2004 წლის 17 ნოემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსის, ბრალდებულის - ნ.ქ-ისა და მისი ადვოკატების მონაწილეობით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის თანახმადაც, ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს, თუმცა ნებაყოფლობით ანაზღაურებდა სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზარალს. ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით, ბრალდებულ ნ.ქ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა ხელწერილით გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე, დადგენილ გარემოებად მიიჩნია შემდეგი ფაქტები: 2004 წლის 26 ნოემბერს ...ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსმა და ითხოვა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ბრალდებულ ნ.ქ-ეს შორის შემდგარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსის - ვ.ჯ-ის შუამდგომლობა; დამტკიცდა 2004 წლის 17 ნოემბრის საპროცესო შეთანხმება და ნ.ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით; გაუქმდა ნ.ქ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

სააპელაციო პალატამ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განაჩენით (საქმე #1/ა.გ. 37-22) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოებბის პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი ნ.ქ-ის მიმართ გაუქმდა და მის ნაცვლად დადგა გამამართლებელი განაჩენი; ნ.ქ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისიწნებულ მსჯავრდებაში; ამავე განაჩენით ნ.ქ-ეს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ 2004 წლის 5 ნოემბრის სალაროს შემოსავლის ორდერით, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.ქ-ის შვილის - ქ.ქ-ის მიერ სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში შემოწირულობის სახით გადარიცხულია 100 000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლოს მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ 2004 წლის 8 ნოემბერს ქ.ქ-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე ...ში, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, #7404869 სისხლის სამართლის საქმეზე ჩარიცხულია 44 432 აშშ დოლარი. ამასთან, 2004 წლის 10 ნოემბერს ქ.ქ-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე ...ში, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, #7404869 სისხლის სამართლის საქმეზე ჩარიცხულია 15 000 აშშ დოლარი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, ასევე, დასტურდებოდა, რომ მასალებით 2004 წლის 16 ნოემბერს ქ.ქ-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე ...ში, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, #7404869 სისხლის სამართლის საქმეზე ჩარიცხულია 35 000 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 17 ივლისის წერილზე, რომლის მიხედვითაც, თანხა დანიშნულებით „ქ.ქ-ე - ზიანის ანაზღაურება“ 94 432 დოლარის ოდენობით განთავსებულია სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საბანკო ანგარიშზე და არ არის გადარიცხული სახელმწიფო ბიუჯეტში.

ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 18 ივლისის წერილით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში #074270416801 სისხლის სამართლის საქმეზე 2022 წლის 2 მაისს დაზარალებულად იქნა ცნობილი ნ.ქ-ე, რომელიც მსჯავრდებული იყო ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, #074270416801 სისხლის სამართლის საქმეზე ნ.ქ-ის შვილის - ქ.ქ-ის მიერ 2004 წლის 5 ნოემბერს სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში გადახდილი 100 000 აშშ დოლარის გადარიცხვის კანონიერებაზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელის რეაბილიტიაციასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, სასამართლოს ეს აქტი, მისი არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას, ანუ მის რეაბილიტაციას. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული დაზარალებულის (მოსარჩელის) ასაკი (69 წლის), პიროვნება (..., ...), ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხ. 2004 წლის 25 აგვისტოს ექსპერტის დასკვნა #კ/398), მისი სუბიექტური დამოკიდებულება დამდგარი ზიანის მიმართ და ამ ზიანის გამომწვევ მიზეზებთან მოსარჩელის პირადი დამოკიდებულება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უკანონო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში (108 დღე) მოსარჩელეს დაერღვა ცხოვრების ჩვეული წესი. ციხეში ყოფნის პერიოდში ჰქონდა ნეგატიური განცდები და სტრესი. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, უკანონო ბრალდებისა და უკანონო პატიმრობაში ყოფნის გამო მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი იყო, ნაცვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 4 000 (ოთხი ათასი) ლარისა.

მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარებოდა სრულად ანაზღაურებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც დადასტურებული იყო პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას შორის, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ნ.ქ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების 94 432 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით დაკისრება კანონშესაბამისი იყო.

ამასთან, რაც შეეხებოდა მატერიალური ზიანის სახით „სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში“ ჩარიცხული 100 000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ მიუთითა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის“ წესდებაზე, რომლის მიხედვითაც, ფონდის დამფუძნებელი იყო საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს უშიშროების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სახით. ამავე წესდებით ფონდში შესაწირის შეტანა დამოკიდებული იყო პირის თავისუფალ ნებაზე, მის სურვილზე, წვლილი შეეტანა ფონდის მიზნების განხორციელებაში.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ქრონოლოგიური განვითარების გათვალისწინებით, მთელი რიგი სისხლისამართლებრივი საპროცესო მოქმედებების ერთიანი ჯაჭვის მხედველობაში მიღებით, დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ნ.ქ-ეს, მაშინ, როდესაც იგი იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, არ ჰქონდა ნების თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა და ამავე დროს სურვილი ფონდში „შემოწირულობის“ სახით გადაერიცხა 100 000 აშშ დოლარი. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა მოპასუხისათვის „სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში“ ჩარიცხული 100 000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და დააკმაყოფილა იგი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ზე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 1005-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონისმიერი წინაპირობების ერთობლიობა ზიანის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის სახით; შესაბამისად, კასატორის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, კასატორი მორალური ზიანის ოდენობას მიიჩნევს მეტისმეტად გადაჭარბებულად და სხვადასხვა საქმეზე მითითებით ცდილობს დაადასტუროს მისი მოსაზრება. ამასთან, კასატორი „სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში“ ჩარიცხული 100 000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებას და მისი გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას ითხოვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 4000 (ოთხი ათასი) ლარის, ასევე, მატერიალური ზიანის სახით 94 432 აშშ დოლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ასევე ნ.ქ-ემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ.ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 194 432 აშშ დოლარის (ას ოცხმოცდათოთხმეტი ათას ოთხას ოცდათორმეტი) ეკვივალენტი ლარში ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ხოლო ნ.ქ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში 50 000 ლარისა და მატერიალური ზიანის სახით 194 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური ...ის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური ...ის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის #1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის #2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2004 წლის 24 ივლისს ნ.ქ-ის მიმართ აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე დღეს იგი დაკავებულ იქნა. 2004 წლის 25 ივლისს მას წარედგინა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალი, 2004 წლის 27 ივლისის ...ის რაიონული სასამართლოს ბრძანებით კი ნ.ქ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2004 წლის 17 ნოემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსის, ბრალდებულის - ნ.ქ-ისა და მისი ადვოკატების მონაწილეობით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის თანახმადაც, ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს, თუმცა ნებაყოფლობით ანაზღაურებდა სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზარალს. ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით, ბრალდებულ ნ.ქ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილით.

2004 წლის 26 ნოემბერს ...ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსმა და ითხოვა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ბრალდებულ ნ.ქ-ეს შორის შემდგარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსის შუამდგომლობა; დამტკიცდა 2004 წლის 17 ნოემბრის საპროცესო შეთანხმება და ნ.ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით; გაუქმდა ნ.ქ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2004 წლის 8 ნოემბერს ნ.ქ-ის შვილის - ქ.ქ-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე ...ში, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, #7404869 სისხლის სამართლის საქმეზე, შეტანილია 44 432 აშშ დოლარი; 2004 წლის 10 ნოემბერს ქ.ქ-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე ...ში შეტანილია 15 000 აშშ დოლარი, ხოლო 2004 წლის 16 ნოემბერს, ასევე, ქ.ქ-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე ...ში შეტანილია 35 000 აშშ დოლარი.

2023 წლის 18 იანვრის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და გაუქმდა თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი ნ.ქ-ის მიმართ და იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ნ.ქ-ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამართლებელი განაჩენიდან გამომდინარე სახეზეა მოსარჩელის მარეაბილიტირებელი გარემოება, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი, რომელიც გამოწვეულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი უკანონო ბრალდებით. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა თანამდებობის პირის ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციით. პირის რეაბილიტაციის უმთავრეს იურიდიულ საფუძველს გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს, რომელიც მის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს.

მიყენებული მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ #ბს-972-936(3კ-08), 2009 წლის 8 აპრილი).

მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება თავისთავად დაკავშირებულია ნეგატიურ ემოციებთან, მძიმე ფსიქიკურ განცდებთან, სულიერ ტანჯვასთან და ა.შ. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, ყურადსაღებია მოსარჩელის პროფესიულ საქმიანობასა და მის რეპუტაციაზე სისხლისსამართლებრივი წარმოების გავლენა, წაყენებული ბრალის არსი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თავისუფლების აღკვეთის პერიოდი. ასევე, მხედველობაშია მისაღები იმ პერიოდის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელემ დამნაშავის სტატუსით იცხოვრა, ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენიდან რეაბილიტაციამდე გასულია 19 წელი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 50000 ლარის ანაზღაურების დაკისრება პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

საკასაციო სასამართლო მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიუთითებს საქმის მასალებით უდავოდ დადგენილ შემდეგ ფაქტებზე: 2004 წლის 8 ნოემბერს ნ.ქ-ის შვილის - ქ.ქ-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე ...ში სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, #7404869 სისხლის სამართლის საქმეზე, შეტანილია 44 432 აშშ დოლარი; 2004 წლის 10 ნოემბერს ქ.ქ-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე ...ში შეტანილია 15 000 აშშ დოლარი, ხოლო 2004 წლის 16 ნოემბერს ასევე ქ.ქ-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე ...ში შეტანილია 35 000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ ქ.ქ-ის მიერ „სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში“ შემოწირულობის სახით გადარიცხულია 100 000 აშშ დოლარი.

საკასაციო პალატა განმეორებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. პალატა მიუთითებს, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუცილებელი ელემენტია. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო მუდმივ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარ მომენტს წარმოადგენს არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ამდენად, მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლზე, რომლის მიხედვითაც იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი საბანკო ქვითრების შინაარსის, მათი რეკვიზიტებისა და თარიღების მიხედვით, ცალსახად დგინდება მოსარჩელის მიმართ აღძრულ სისხლისსამართლებრივ საქმეზე თანხის ჩარიცხვის ფაქტი. რამდენადაც მოსარჩელის შვილს თანხა სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციით ...ის მეშვეობით საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე აქვს შეტანილი და სისხლის სამართლის საქმეში მხარეს სწორედ პროკურატურა წარმოადგენდა, ასევე, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა პროკურორთან, პროკურატურის დაფინანსება კი ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით ზემოაღნიშნული თანხის დაკისრებას.

რაც შეეხება 2004 წლის 5 ნოემბერს ქ.ქ-ის მიერ „სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში“ შეტანილი 100 000 აშშ დოლარის ნ.ქ-ის სისხლისსამართლებრივ საქმესთან კავშირს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საყურადღებოა, რომ 2004 წლის 24 ივლისს ნ.ქ-ის მიმართ აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა, 2004 წლის 25 ივლისს მას წარედგინა ბრალი. 2004 წლის 27 ივლისს მოსარჩელის მიმართ სასამართლოს ბრძანებით გამოყენებულ იქნა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა. 2004 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებით მას პატიმრობის გაუგრძელდა ვადა 3 თვით. 2004 წლის 5 ნოემბერს სს ბანკი „...ის“ მეშვეობით ქ.ქ-ის მიერ „სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში“ შეტანილ იქნა 100 000 აშშ დოლარი. 2004 წლის 8, 10 და 16 ნოემბერს კი ...ის მეშვეობით, კვლავ ქ.ქ-ეს პროკურატურის ანგარიშზე ჯამში შეტანილი აქვს 94 432 აშშ დოლარი (44 432 + 15 000 + 35 000). საყურადღებოა, ასევე ის, რომ 2004 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა 2004 წლის 17 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ნ.ქ-ის სისხლის სამართლის საქმეზე მოვლენათა ჯაჭვი, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლამდე და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე მოსარჩელის შვილის მიერ ფონდში 100000 აშშ დოლარის შეტანა, ადასტურებს აღნიშნული თანხის კავშირს ნ.ქ-ის სისხლისსამართლებრივ საქმესთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნებს და თვლის, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ.ქ-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 194 432 აშშ დოლარის ანაზღაურება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა