Facebook Twitter

საქმე #ბს-440(კ-24) 19 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ ...“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 24 მარტს შპს „...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 23 იანვარს შპს „...ს“ სახელზე გაიცა „ჭიათურაში, სოფელ ...ში ...ის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“ #42 ბრძანება. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ნაკვეთების შეძენის მიზანი სამომავლოდ ...ის მშენებლობა იყო და ორთოფოტოებზე ასახული მდებარეობა, რომლითაც ნაკვეთები ორ მთას შორის არსებულ ვაკეზე არის მოქცეული, წარმოადგენდა ...ის განაშენიანებისათვის ხელსაყრელ ადგილს. 2013 წლის 22 აგვისტოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის #394 ბრძანებით გაიცა ნებართვა შპს „...ს“ საკუთრებაში არსებულ 4500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) 539.5. კვ.მ განაშენიანების ფართობის მქონე ...ის მშენებლობის თაობაზე. მუნიციპალიტეტმა, ასევე, შეითანხმა ...ის პროექტი. 2013 წლის 18 სექტემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო #437 ბრძანება, რომლითაც ვარგისად იქნა აღიარებული კომპანიის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) 539 კვ.მ საერთო განაშენიანების ფართობიდან 497.7 კვ.მ ფართობის მქონე ...ის ნაგებობა, რომელიც აშენდა „ჭიათურაში, სოფელ ...ში - ...ის მშენებლობისათვის ...სათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის #394 ბრძანებით გაცემული ნებართვის საფუძველზე. ამის შემდგომ, უკვე მეათე წელია, რაც ... აგრძელებს ფუნქციონირებას.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2022 წლის 16 დეკემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ წერილით მოითხოვა ზემოხსენებული ...ის განლაგების ადგილზე ...ის მშენებლობის სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაცია და ...ის ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება, რადგან მათი განცხადებით, ... არ არის განლაგებული მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...), რაც სწორედ აღნიშნული წერილით შეიტყვეს და ფაქტია, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკურ ხარვეზს, რადგან 2013 წელს მუნიციპალიტეტმა თავადვე გასცა სადავო ...ის ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება. მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან გამოითხოვეს მოთხოვნილი დოკუმენტები, ასევე, ორთოფოტოები, რომლითაც დასტურდება, რომ ...ის განლაგება ემთხვევა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მიმართული ჰქონდა ს.კ. ... მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრეს.

მოსარჩელის მტკიცებით, მერიამ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით არასრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და უკანონოდ გამოსცა სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ #დ-06.7223051001 დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით და სადავო ...ის დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან, რომელმაც საქმის გარემოებების დეტალური გამოკვლევის გარეშე განაცხადა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელე არ ეთანხმება სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ დადგენილებასა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ მერიამ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები და კანონის დარღვევით მიიღო აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

ამდენად, მოსარჩელემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 20 თებერვლის #დ-06.7223051001 დადგენილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 9 მარტის #72-722306841 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2023 წლის 19 მაისს მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2023 წლის 20 თებერვლის #დ-06.7223051001 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 9 მარტის #72-722306841 გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 მაისის განჩინებით შპს „...ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 2023 წლის 20 თებერვლის #დ-06.7223051001 დადგენილების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე; დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 20 თებერვლის #დ-06.7223051001 დადგენილება; ბათილად იქნა ცნობილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 9 მარტის #72-722306841 გადაწყვეტილება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 91-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას - სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ შპს „...ს“ შექმნილი ჰქონდა ...ის მშენებლობისათვის საჭირო კანონიერი საფუძვლები, კერძოდ, პალატის მითითებით, 2013 წლის 2 აგვისტოს ს.კ. ... და ს.კ. ... მიწის ნაკვეთები გაერთიანდა და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - ... 2013 წლის 22 აგვისტოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის #394 ბრძანებით გაიცა ნებართვა შპს „...ს“ 4500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) 539.5 კვ.მ განაშენიანების ფართობის მქონე ...ის მშენებლობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, მუნიციპალიტეტმა, ასევე, შეითანხმა ...ის პროექტი. 2013 წლის 18 სექტემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო #437 ბრძანება, რომლითაც ვარგისად აღიარა (ექსპლუატაციაში მიიღო) შპს „...ს“ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) 539 კვ.მ საერთო განაშენიანების ფართობიდან 497.7 კვ.მ ფართობის მქონე ...ის ნაგებობა, რომელიც აშენდა „ჭიათურაში, სოფელ ...ში ...ის მშენებლობისათვის შპს „...სათვის“ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 22 აგვისტოს #394 ბრძანებით გაცემული ნებართვის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2013 წლის 11 სექტემბერს უძრავი ქონება ვარგისად იქნა აღიარებული (ექსპლუატაციაში მიღება) კომისიის მიერ, რომელშიც, ასევე, შედიოდა სადავო დადგენილების მიმღები ორგანოს წარმომადგენელიც.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო იყო მხოლოდ შესაბამისი ნებართვებით განსაზღვრულ კოორდინატებთან ...ის აცდენის საკითხი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ექსპლუატაციაში მიღების პერიოდისათვის აშკარა იყო, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტებით. მოპასუხე არ უარყოფდა სამშენებლო ნებართვისა და ექსპლუატაციაში მიღების ფაქტს, თუმცა მიუთითებდა, რომ საზღვრის დარღვევის ფაქტი მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, შპს „...“ არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ბრალეულ პირად. თუკი დასაზუსტებელი იყო მიწის ნაკვეთის საზღვრები, მაშინ მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტებისათვის მოსარჩელეს შეეძლო მიემართა საჯარო რეესტრისათვის, რაც მან განახორციელა კიდეც.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო დადგენილება იყო დაუსაბუთებელი, რამდენადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გარკვევით არ იქნა მითითებული, თუ რა ტიპის ნებართვას საჭიროებდა აღნიშნული მშენებლობა და რა სახის ნებართვა არ ჰქონდა მოპოვებული შპს „...ს“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (უნებართვო მშენებლობა) დარღვევის ფაქტი, რის გამოც 2023 წლის 20 თებერვალს აღნიშნული ნორმის სრული დაცვით მიღებულ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ სადავო დადგენილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „...მ“ მშენებლობა აწარმოა მასზე გაცემული სანებართვო დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს მიღმა, კერძოდ, წარმოდგენილ სანებართვო დოკუმენტებში არსებული სამშენებლოდ გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) კოორდინატები არ შეესაბამება იმ მიწის ნაკვეთის კოორდინატებს, რომელზედაც განთავსებულია ნებართვით განსაზღვრული შენობის ნაწილი. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტი და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიმღები კომისია შეცდომაში იქნა შეყვანილი. რაც შეეხება აღნიშნული კომისიის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას, იმ პერიოდისათვის არსებული ტექნიკური საშუალებები არ იძლეოდა წარმოდგენილი ამონაწერით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საზღვრების კოორდინატების ზუსტად დადგენის შესაძლებლობას, რამაც განაპირობა კომისიის შეცდომაში შეყვანა.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 20 თებერვლის #დ-06.7223051001 დადგენილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 9 მარტის #72-722306841 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, რომლებიც არ ექვემდებარება მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას, დაცული უნდა იქნეს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით კი, შენობა-ნაგებობაში ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტაციაში უმნიშვნელო ცვლილების შეტანა არ საჭიროებს მშენებლობის შეტყობინებას ან მშენებლობის ნებართვას. შენობა-ნაგებობაში ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც აღემატება უმნიშვნელო ცვლილებით დასაშვებ ფარგლებს, საჭიროებს ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლების თავიდან მოპოვებას. იმ უმნიშვნელო ცვლილების მახასიათებლები და პარამეტრები, რომლის შეტანა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას ან მშენებლობის შეტყობინებას, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 23 იანვარს შპს „...ს“ სახელზე გაიცა „ჭიათურაში, სოფელ ...ში ...ის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“ #42 ბრძანება. აღნიშნული ბრძანებით მოცული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე ს.კ. ... და ს.კ. ... მიწის ნაკვეთები მიღებულია ვრცელი მიწის ნაკვეთის ს.კ. ... -ის დაყოფის შედეგად, რომელთა ორთოფოტოები და საკადასტრო ნახაზები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 28 სექტემბერს წარუდგინა მიწის ნაკვეთების (ს.კ. ... და ს.კ. ... ) წინა მესაკუთრემ - ს.კ-ემ. აღნიშნული ნაკვეთების შეძენის მიზანს სამომავლოდ ...ის მშენებლობა წარმოადგენდა და ორთოფოტოებზე ასახული მდებარეობა, რომლითაც ნაკვეთები ორ მთას შორის არსებულ ვაკეზე არის მოქცეული, შერჩეულ იქნა ...ის განაშენიანებისათვის. 2013 წლის 2 აგვისტოს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები (ს.კ. ... და ს.კ. ...) გაერთიანდა და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - ...

საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2013 წლის 22 აგვისტოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის #394 ბრძანებით გაიცა შპს „...ს“ 4500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) 539.5 კვ.მ განაშენიანების ფართობის მქონე ...ის მშენებლობის ნებართვა. მუნიციპალიტეტმა, ასევე, შეითანხმა ...ის პროექტი.

საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ 2013 წლის 18 სექტემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის #437 ბრძანებით ვარგისად იქნა აღიარებული შპს „...ს“ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) 539 კვ.მ საერთო განაშენიანების ფართობიდან 497.7 კვ.მ ფართობის მქონე ...ის ნაგებობა, რომელიც აშენდა „ჭიათურაში, სოფელ ...ში ...ის მშენებლობისათვის შპს „...სათვის“ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 22 აგვისტოს #394 ბრძანებით გაცემული ნებართვის საფუძველზე.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „...ს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და დაჯარიმების მომენტისათვის, ... უკვე მე-10 წელი აგრძელებდა ფუნქციონირებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 131-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას - სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 25 000 ლარის ოდენობით.

საქმეში დაცული მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 16 დეკემბრის #72-722235082 წერილით მოთხოვნილ იქნა სოფ. ...ში, შპს „...ს“ ...ის სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის, კერძოდ, მშენებლობის ნებართვისა და შენობა-ნაგებობათა ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. 2023 წლის 8 თებერვალს შპს „...მ“ #26/02-23 წერილით მუნიციპალიტეტს როგორც ელექტრონული გზავნილის, ასევე, ფოსტის საშუალებით წარუდგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი სრული სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაცია.

საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 20 თებერვლის #დ-06.7223051001 დადგენილებით, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა სადავო ...ის სანებართვო-ექსპლუატაციაში მიღების დოკუმენტაცია, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „...“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელეს დაევალა ...ის ნაწილის დემონტაჟი. დადგენილება უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში დაცულ ორთოფოტოზე, რომელზეც ასახულია ს.კ. ... მიწის ნაკვეთის საზღვრები. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია დაზუსტებული ფართობით (4500 კვ.მ). ორთოფოტოს მიხედვით აშკარაა, რომ შენობის საზღვრები მიწის ნაკვეთის მიღმაა.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „...ს“ მოპოვებული ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული ...ის მშენებლობის ნებართვა. ამასთან, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით ვარგისად იქნა აღიარებული შპს „...ს“ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) 539.5 კვ.მ საერთო განაშენიანების ფართობიდან 497.7 კვ.მ ფართობის მქონე ...ის მშენებლობა. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვა და ...ის მშენებლობის ვარგისად აღიარების თაობაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება ძალაშია და არ გაუქმებულა. ამასთან, კასატორი არ უარყოფს ზემოაღნიშნულ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში, დავას წარმოშობს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ... აცდენილია შესაბამისი ნებართვებით განსაზღვრულ კოორდინატებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს მშენებლობის ნებართვისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების მიღების მომენტისათვის მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-3 მუხლის 82-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება გულისხმობდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ანალოგიური შინაარსის იყო ამავე მუხლის 83-ე პუნქტი, რომლის მიხედვით, შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის (ნაწილობრივ) ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ შენობა‑ნაგებობის სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ ნაწილ(ებ)ზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე დადგენილების 95-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება გულისხმობდა დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას.

ამდენად, ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებებს შპს „...ს“ სამართალდამრღვევად ცნობის, დაჯარიმებისა და მისთვის შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დავალების უსაფუძვლოდ მიჩნევის თაობაზე და დამატებით აღნიშნავს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტმა შპს „...ს“ სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვით, ერთი მხრივ, შექმნა ...ის მშენებლობისათვის საჭირო სამართლებრივი წინაპირობები, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ნებართვის საფუძველზე აგებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებით (ექსპლუატაციაში მიღებით) დაადასტურა წარმოებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან თავსებადობა. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვისა და ...ის ვარგისად აღიარების შესახებ ბრძანების ძალაში ყოფნის პირობებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარჩელის სამართალდამრღვევად ცნობა, მისთვის შესაბამისი სახდელის დაკისრება და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დავალება საფუძველს არის მოკლებული. ამასთანავე, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოს აღნიშნულ შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ კოორდინატებთან შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი აცდენის მოგვიანებით გამოვლენის ფაქტი, რამდენადაც მშენებლობის სანებართვო პირობების შესაბამისად წარმოება თავად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანონიერ ძალაში მყოფი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არის დადასტურებული.

ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ დანაწესზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტი სწორედ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში იყო ვალდებული, სათანადოდ გამოეკვლია და შეეფასებინა, განხორციელდა თუ არა მშენებლობა შპს „...ს“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) საზღვრებში. კანონიერ ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვითა და მის საფუძველზე ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებით ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა შენობა-ნაგებობის კანონიერი წარმომავლობა, მისი სანებართვო პირობებთან და შესაბამისად, საკანონმდებლო მოთხოვნებთან თავსებადობა, რითაც თავადვე შექმნა ამ შენობა-ნაგებობაზე შპს „...ს“ საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერი საფუძვლები. ამდენად, მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობით ან არასათანადო შესრულებით გამოწვეული შედეგებისათვის ამ აქტის ადრესატზე პასუხისმგებლობის დაკისრება - მისი სამართალდამრღვევად ცნობა, დაჯარიმება და მისთვის დემონტაჟის დავალება, მშენებლობის ნებართვისა და ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ბრძანების ძალაში ყოფნის პირობებში, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების ხელყოფას უტოლდება.

ამასთან, სამომავლო ტექნოლოგიური განვითარების შედეგად მიწის ნაკვეთის საზღვრების კოორდინატთა მეტი სიზუსტით დადგენის შესაძლებლობა რეტროაქტიულად უკანონოდ ვერ აქცევს კანონიერ ძალაში მყოფი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - მშენებლობის ვარგისად აღიარების შესახებ ბრძანებით წარმოშობილ სამართლებრივ შედეგებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს, რომელიც ზოგადია ყველა სამართალდარღვევისათვის, თუ ისინი სპეციალური კანონით სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა, მათ შორის, სამშენებლო სამართალდარღვევაც.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება შპს „...ს“ მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერება თავად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანონიერ ძალაში მყოფი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არის დადასტურებული. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ბრძანების ძალაში ყოფნის პირობებში, შპს „...ს“ სამართალდამრღვევად ცნობა საფუძველს არის მოკლებული, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წინააღმდეგობრივია მუნიციპალიტეტის მხრიდან წარმოებული სამშენებლო სამუშაოების, ერთი მხრივ, კანონიერად მიჩნევა, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ქმედებისათვის მისი განმახორციელებელი სუბიექტის სამართალდამრღვევად ცნობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა