№ბს-432(2კ-24)
26 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ტ.წ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 16 დეკემბერს ტ.წ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 სექტემბრის №000329 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ნოემბრის №1606 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ტ.წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 სექტემბრის №000329 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ნოემბრის №1606 ბრძანება ტ.წ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 11 აგვისტოს №შ-212/20 დადგენილება, რომლითაც შეჩერდა ტ.წ-ის მიერ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5-ის მიმდებარედ ს.კ. ...-ში (სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი) უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, ტ.წ-ს ჩაბარდა 2020 წლის 13 აგვისტოს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 18 აგვისტოს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №000329, რომლის მიხედვითაც, ტ.წ-ის მიერ არ იქნა შესრულებული 2020 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ, გაგრძელდა შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები: მოწყობილია კაპიტალური კედელი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 სექტემბრის №000329 დადგენილებით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ტ.წ-ი დაჯარიმდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით, 2020 წლის 11 აგვისტოს №შ-212/20 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.
მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 13 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ჩაიბარა მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება, სამშენებლო სამუშაოები აღარ უწარმოებია. კაპიტალური კედლის მშენებლობა, რაზეც შედგა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 18 აგვისტოს №000329 შემოწმების აქტი, განხორციელდა 2020 წლის 11-13 აგვისტოს, დადგენილების ჩაბარებამდე.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა ვერ დაადასტურეს მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოება მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნა, რომ 2020 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ინსპექციის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა სამშენებლო ობიექტი და მიღებულ იქნა მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება, გარკვეული სამშენებლო სამუშაოები კიდევ განხორციელდა, თუმცა ეს იყო 2020 წლის 13 აგვისტომდე - მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარებამდე თუ მას შემდეგ, საქმეზე არ ირკვევა, ვინაიდან 2020 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ობიექტის განმეორებით გადამოწმება მოხდა 2020 წლის 18 აგვისტოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ტ.წ-ისათვის დადგენილების ჩაბარების მომენტიდან გახდა ცნობილი, რომ დადგენილების შეუსრულებლობისათვის დაჯარიმდებოდა 50 000 ლარით, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ 2020 წლის 13 აგვისტოდან ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები უნდა ყოფილიყო მიჩნეული დადგენილების შეუსრულებლობად.
მოცემულ შემთხვევაში კი იმ პირობებში, როდესაც ტ.წ-ი მიუთითებდა, რომ კედელი ამოყვანილი იქნა შეჩერების დადგენილების ჩაბარებამდე, ხოლო მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით არ დასტურდება ტ.წ-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის (დადგენილების შეუსრულებლობის) ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, კერძოდ, უნებართვოდ მიჩნეული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების გამოცემის დროისათვის და შემოწმების აქტის შედგენის დროისთვის მშენებლობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, ადმინისტრაციული ორგანო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით ტ.წ-ის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი) არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაგრძელებულ იქნა უნებართვოდ მიჩნეული სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, არსებულ შენობა-ნაგებობაზე მოეწყო კაპიტალური კედელი.
შესაბამისად, კასატორის მითითებით, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დგინდება სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი იმ პერიოდში, როდესაც მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 11 აგვისტოს №შ-212/20 დადგენილებით შეჩერებული იყო უნებართვოდ მიჩნეული მშენებლობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 11 აგვისტოს №შ-212/20 დადგენილებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, სახეზეა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ტ.წ-ის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო საჩივარში იდენტურ საფუძვლებზე მიუთითებს, კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის მიერ 2020 წლის 11 აგვისტოს შედგენილი იქნა მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმადაც, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5-ის მიმდებარედ, ს.კ. ..., სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, მოწყობილია ქვაბული და შენობა-ნაგებობისთვის საჭირო საძირკველი, რის გამოც 2020 წლის 11 აგვისტოს მოქ. ტ.წ-ის პ/ნ ... მიმართ გაიცა №000764 მითითება. ზემოაღნიშნული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გარეშე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 11 აგვისტოს №შ-212/20 დადგენილებით შეჩერებული იქნა ტ.წ-ის მიერ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5-ის მიმდებარედ ს.კ. ...-ში (სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი) უნებართვოდ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.
ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს განემარტა, რომ საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება ტ.წ-ს პირადად ჩაბარდა 2020 წლის 13 აგვისტოს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 18 აგვისტოს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №000329, რომლის თანახმად, ტ.წ-მა არ შეასრულა 2020 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ, გაგრძელდა შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები: მოწყობილია კაპიტალური კედელი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 სექტემბრის №000329 დადგენილებით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ტ.წ-ი დაჯარიმდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით, 2020 წლის 11 აგვისტოს №შ-212/20 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.
ტ.წ-მა 2020 წლის 24 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 სექტემბრის №000329 დადგენილების ბათილად ცნობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ნოემბრის №1606 ბრძანებით, ტ.წ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 10 სექტემბრის №000329 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე“, რომელიც ადგენს: ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება. 122-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-94 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება“, რომელიც ადგენს, რომ თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის ინსპექტირებას საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს. დებულების მე-2 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალური ინსპექციის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს, მათ შორის, მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. ამავე კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა, საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში 2020 წლის 11 აგვისტოს №შ-212/20 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ტ.წ-ის დაჯარიმების საფუძველი წარმოიშვებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე დაცული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურდებოდა დადგენილების ჩაბარების შემდგომ, ტ.წ-ის მიერ უკანონო მშენებლობის გაგრძელების ფაქტი.
საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო უკანონო მშენებლობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემოწმდა ორჯერ - 2020 წლის 11 აგვისტოს მითითებისა და დადგენილების გამოცემის დღეს და 2020 წლის 18 აგვისტოს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2020 წლის 11 აგვისტოს დადგენილება მოსარჩელეს 2020 წლის 13 აგვისტოს ჩაბარდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ტ.წ-ი მიუთითებს, რომ კედელი ამოყვანილი იქნა უკანონო მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარებამდე (2020 წლის 11 აგვისტოდან 13 აგვისტომდე პერიოდში), ხოლო მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ტ.წ-ის მიერ - 2020 წლის 11 აგვისტოს დადგენილების შეუსრულებლობის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი