Facebook Twitter

საქმე №ბს-593(კ-24) 19 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) –კ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 5 ოქტომბერს კ. ხ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 1 დეკემბერს მან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, ...ში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია. საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, რადგან ზედდება დაფიქსირდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გადაუგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა: 1. „მიწის ნაკვეთების არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 21 აპრილის სხდომის №156 ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 17 მაისის №1/1-2719 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელე კ. ხ-ის უარი ეთქვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებაზე, რომელზეც მოსარჩელე კ. ხ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის ზედდება დაფიქსირდა; 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთების არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 21 აპრილის სხდომის №156 ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 17 მაისის №1/1-2719 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელე კ. ხ-ის უარი ეთქვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებაზე, რომელზეც მოსარჩელე კ. ხ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის ზედდება დაფიქსირდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.

საააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კ. ხ-იმა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, ა. წ-იმა გაყიდა ...ში მდებარე 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო მონაცემებით - ზონა გარდაბანი, კოდი - ..., სექტორი - ..., - კოდი ..., კვარტლის №..., ნაკვეთის №..., უფლება - კერძო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, განცხადების რეგისტრაციის №..., მიწის განაცხადის რეგისტრაციის 2002 წლის 27 აგვისტოს №.... სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, მიწის ნაკვეთი ზუსტად ხელშეკრულებაში დასახელებული რეკვიზიტებით აღრიცხული იყო ა. წ-იზე და ამავე მონაცემებით აღირიცხა იგი კ. ხ-იზე 2003 წლის 24 ივნისს.

პალატამ აღნიშნა, რომ კ. ხ-ის მიერ საკუთრების უფლების შეძენისას მიწის რეგისტრაცია ხორციელდებოდა „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ სქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული სამართლებრივი აქტის თანახმად, „რეგისტრაცია“ იყო სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანა და უძრავი ქონების გრაფიკული ასახვა ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო „სააღრიცხვო ბარათი“ – სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლების ობიექტის გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც). ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კ. ხ-იმა ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონება შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღწერილი და მანამდე, სააღრიცხვო ბარათით მითითებული საკადასტრო მონაცემებითა საზღვრებით. დასახელებული მტკიცებულებები არ გაბათილებულა, არ გამხდარა სადავო და დღეისათვის სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტებს წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კ. ხ-იმა წარადგინა მის ხელთ არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტები, რომელიც შესაბამისობაში იყო როგორც საჯარო რეესტრის ხელთ არსებულ დოკუმენტაციასთან, ასევე მომზადებულ სიტუაციურ ნახაზთან. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრში დაცული სიტუაციური გეგმის მიხედვით, მოსარჩელე კ. ხ-ის მიერ წარდგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტში და საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი:...) ზედდებაში ფიქსირდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: ...). ამასთან, მოსარჩელე კ. ხ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტში - მიწის სააღრიცხვო ბარათში მითითებული მიწის ნაკვეთის კოდია ....

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ კ. ხ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციო მიზნებისთვის წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ა. წ-იის სახელზე გაცემული №11 მიღება-ჩაბარების აქტი. მითითებულ აქტზე თანდართული ნახაზის მიხედვით, ა. წ-იზე გაცემულია №... მიწის ნაკვეთი, რომლის ჩრდილოეთით მდებარეობს ნაკვეთი №..., აღმოსავლეთით ნაკვეთი - №..., დასავლეთით ნაკვეთი-№..., ხოლო სამხრეთით - გზა. სააგენტოს მიერ მოძიებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთების უფლების დამდგენი დოკუმენტით №... მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ნაკვეთი №... წარმოადგენდა მ. გ-ის საკუთრებას, რომელმაც განახორციელა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიტოვება, რის შემდეგაც ... (წინა ს/კ ...) არსებული ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. მ. გ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის თანახმად, №... მიწის ნაკვეთის სამხრეთით მდებარეობს ნაკვეთი №... (მესაკუთრეს ამჟამად წარმოადგენს მოსარჩელე), აღმოსავლეთით ნაკვეთი №..., ხოლო დასავლეთით ნაკვეთი №39. აღნიშნულის გათვალისწინებით, დგინდება, რომ კ. ხ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ს/კ ...), რის გამოც მიზაშეწონილად არ იქნა მიჩნეული უძრავ ნივთზე დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „მიწის ნაკვეთების არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 21 აპრილის სხდომის №156 ოქმი შედეგები დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 17 მაისის №1/1-2719 ბრძანების იმ ნაწილის კანონიერება, რომლითაც მოსარჩელე კ. ხ-ის უარი ეთქვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებაზე, რომელზეც მოსარჩელე კ. ხ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის ზედდება დაფიქსირდა. დავის საგანს წარმოადგენს, ასევე, მოპასუხისთვის უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2003 წლის 24 ივნისს, კ. ხ-იმა ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა. წ-იისაგან იყიდა მიწის ნაკვეთი მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელ ..., სარეგისტრაციო ზონა გარდაბანი კოდი №..., სექტორი ..., კოდი №..., კვარტლის №..., ნაკვეთის №....

მიწის 2002 წლის 27 აგვისტოს სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ა. წ-იი მითითებული იყო გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

დადგენილია, რომ კ. ხ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარუდგინა უფლების დამდგენი დოკუმენტები - მიწის სააღრიცხვო ბარათი, ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი წერილობითი მიმართვით მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს „მიწის ნაკვეთების არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/1-90 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2022 წლის 21 აპრილის სხდომაზე განიხილა კ. ხ-ის საკითხი და გადაწყვიტა, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილით წარმოდგენილ და კომისიის მიერ მოძიებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ქონების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კ. ხ-ის განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდებოდა, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 17 მაისის №1/1-2719 ბრძანებით დამტკიცდა ზემოაღნიშნული კომისიის №156 ოქმის შედეგები, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, რომელზეც მოსარჩელე კ. ხ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის ზედდება ფიქსირდებოდა.

სსიპ საჯარო რეესტრში დაცული სიტუაციური გეგმის მიხედვით, მოსარჩელე კ. ხ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...) ზედდებაში ფიქსირდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: ...). მოსარჩელე კ. ხ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტში - მიწის სააღრიცხვო ბარათში მითითებული მიწის ნაკვეთის კოდია ....

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზანია საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.

ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არის მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მონაცემები არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიიურ კოორდინატთა სისტემაში შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე და არ ასახავს მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის, ადგილმდებარეობის, მასზე განთავსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, აგრეთვე სერვიტუტის ან სხვას სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას. ზემოაღნიშნული მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი განიმარტება, როგორც მიწის ნაკვეთის საზღვრების, კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე მასზე განთავსებული ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, რომლის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში, დასტურდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მითითებული კანონის 7.3 მუხლის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.

ზემოაღნიშნული კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებისა და „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების საფუძველზე შედგენილი და საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო მონაცემები ამ კანონის მიზნებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციად, რომელიც ექვემდებარება დაზუსტებას, შეცვლას ან გაუქმებას.

განსახილველ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ კ. ხ-იმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მისი უფლებრივი წინამორბედისგან (ა. წ-იისგან) საკუთრებაში მიიღო მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში, სარეგისტრაციო ზონა - გარდაბანი, კოდი №..., სექტორი - ..., კოდი №..., კვარტლის №..., ნაკვეთის №.... საქმეში დაცული სააღრიცხვო ბარათებით ასევე დადგენილია, რომ ა. წ-ის სწორედ ზემოაღნიშნული მახასიათებლების მქონე მიწის ნაკვეთზე გააჩნდა საკუთრების უფლება. საქმეში დაცული 10.11.2021წ. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კ. ხ-ის საკუთრებად ერიცხებოდა ქალაქ თბილისში, ...ში, სოფელ ...ში 700 კვ.მ დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ....

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის არგუმენტაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე არსებითად დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ კ. ხ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდებოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

საკასაციო პალატამ ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ჰქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი ((საქმე №ბს-367-363(კ-12) 28.02.2013წ.).

საგულისხმოა, რომ კ. ხ-იმა წარადგინა მის ხელთ არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტები, რომელიც შესაბამისობაში იყო როგორც საჯარო რეესტრში დაცულ დოკუმენტაციასთან, ასევე მომზადებულ სიტუაციურ ნახაზთან. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრში დაცული სიტუაციური გეგმის მიხედვით, მოსარჩელე კ. ხ-ის მიერ წარდგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტში და საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი:...) ზედდებაში ფიქსირდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: ...). ამასთან, მოსარჩელე კ. ხ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტში - მიწის სააღრიცხვო ბარათში მითითებული მიწის ნაკვეთის კოდია ....

ნიშანდობლივია, რომ კ. ხ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები - ნასყიდობის ხელშეკრულება, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ძალაშია და გაუქმებულა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მიღება-ჩაბარების აქტის და მასზე დართული გეგმის შესაბამისად სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის უზუსტოდ დადგენის შესახებ, რადგანაც ამ მიმართებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მასთან დაცული საარქივო თუ სხვა სახის მატერიალური და ელექტრონული მონაცემების საფუძველზე, გააჩნია კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენცია უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირების თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა