საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-644(კ-24) 20 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჯ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჯ-ამ 2021 წლის 09 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 17 სექტემბრის N03-1808/ო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მ. ჯ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 17 სექტემბრის N03-1808/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ჯ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
პალატის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო მ. ჯ-ას ოჯახის ხელოვნური გაყოფის დადგენისას დაეყრდნო მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ მოსარჩელის მეუღლესთან - ნ. ს-ესთან გასაუბრების საფუძველზე შედგენილ მონიტორინგის ფორმას, რომელმაც ასევე მიუთითა, რომ მისი დედა - ჯ. ს-ე ცალკე აკეთებდა განაცხადს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მოსარჩელის განმარტება ჯ. ს-ეის მათ ოჯახში დროებით ყოფნასთან დაკავშირებით, კერძოდ, ჯ. ს-ე იყო პენსიონერი და ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, შეუძლებელი იყო მისი ცხოვრების გაგრძელება სანატორიუმ „მ...ში“, სადაც ჯ. ს-ე ირიცხებოდა ცალკე ოჯახად. სანატორიუმში ჰქონდა ცალკე ოთახი. მოსარჩელის ოჯახი და ჯ. ს-ე ცალ-ცალკე იხდიდნენ ელექტროენერგიის გადასახადს, ვინაიდან ჰქონდათ სხვადასხვა აბონენტის ნომერი. ასევე ცალ-ცალკე იღებდნენ დახმარებას, როგორც დამოუკიდებელი ოჯახები.
პალატის მოსაზრებით, ვინაიდან, ჯ. ს-ეს არ გააჩნდა საცხოვრებელი სახლი, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა მისი სანატორიუმ „მ...ში“ ცხოვრების შესაძლებლობას, მისი შვილთან ცხოვრება გარკვეული ვადით არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობად. იმ ვითარებაში, როდესაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მხრიდან სადავოდ არ არის გამხდარი მ. ჯ-ას მიერ ზემოთ მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ის გარემოება, რომ მოსარჩელე მეუღლესთან ერთად სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელია. პალატამ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის გაკეთება ოჯახის ხელოვნურ გაყოფაზე მითითებით მხოლოდ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის მითითებით მოსარჩელე წლებია აღარ ცხოვრობს სანატორიუმ „მ...ში“, იგი ცხოვრობს თბილისში და იმ გარემოებას, რომ 1996 წელს მითითებულ ობიექტში მოსარჩელეს და მის სიდედრს ცალკე ოთახები ჰქონდათ მოკავებული, აღნიშნულს საქმის გადაწყვეტისათვის საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ისეთ უმნიშვნელო გარემოებებზე და ისეთ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს უდებს საფუძვლად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნული თავისთავად წარმოადგენს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. კასატორი თვლის, რომ ჯ. ს-ეის (მოსარჩელის სიდედრი), მიერ გაკეთებული განმარტება არ არის სარწმუნო მოცემულ საქმეში, რადგან იგი დაინტერესებულია საქმით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, მოსარჩელის მიერ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, ...კვ. კორპ ..., ბინა N...) 2020 წლის 13 ივლისს განხორციელდა მონიტორინგი, მოსარჩელის მეუღლის ნ. ს-ეის განმარტებით აღნიშნულ მისამართზე ოჯახი ცხოვრობს 7-8 წელია ქირის გარეშე, მანამდე ცხოვრობდნენ რუსეთსა და უკრაინაში. ოჯახის განმარტებით, ბინის მესაკუთრეა ი. ს-ე (ნ. ს-ეის ბიძაშვილი), რომელიც თავად ცხოვრობს ...ის ქუჩაზე. მოსარჩელის შვილი ნ. ჯ-ა ცხოვრობს მეუღლესთან ერთად ...ში. ნ. ს-ეის განმარტებით მოსარჩელის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ჯ. ს-ე, რომელიც ცალკე აკეთებს განაცხადს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. კასატორი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში ერთ ოჯახად ცხოვრობს სიდედრთან ჯ. ს-ესთან ერთად მისამართზე: ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, ...კვ. კორპ ..., ბინა N..., რომელიც 2012 წლამდე იყო მოსარჩელის მეუღლის ნ. ს-ეის საკუთრება და შემდეგ გაასხვისა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბიძაშვილზე - ი. ს-ეზე. თავის მხრივ, თავად ჯ. ს-ეც ცალკე აკეთებს განაცხადს საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. შესაბამისად კასატორი დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ა ცხოვრობს მეუღლის ყოფილ საკუთრებაში შემდეგი შემადგენლობით: მოსარჩელე მ. ჯ-ა, მისი მეუღლე ნ. ს-ე და მეუღლის დედა ჯ. ს-ე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოსარჩელის განმარტებით, მ. ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი აფხაზეთიდან, აფხაზეთის ომის ვეტერანი, მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი. მეუღლესთან - ნ. ს-ესთან ერთად 1993 წლიდან ცხოვრობდა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში, კერძოდ, ქალაქ წყალტუბოში მდებარე სანატორიუმ „მ...ში“. დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვს ასევე მეუღლის დედას - ჯ. ს-ეს, რომელმაც 1993 წელს ასევე დატოვა საკუთარი სახლი აფხაზეთში და ცხოვრობდა სანატორიუმ „მ...ში“, ცალკე ოთახში. მოსარჩელის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო მას სჭირდებოდა მკურნალობა და ექიმების ხშირი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, ამიტომ, შეუძლებელი იყო მისი ცხოვრება სანატორიუმ „მ...ში“. იგი ოჯახთან ერთად დროებით ცხოვრობდა ნათესავის - ი. ს-ეის საკუთრებაში არსებულ ბინაში (ქ. თბილისი, ...ის მე-... მ/რ, მე-... კვ. კორპ. .... ბინა ...). მოსარჩელის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ჯ. ს-ე იყო პენსიონერი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით, შეუძლებელი იყო მისი ცხოვრების გაგრძელება სანატორიუმ „მ...ში“, ამიტომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის ხან მოსარჩელესთან რჩებოდა ნათესავის ბინაში (ქ. თბილისი, ...ის მე-... მ/რ, მე-... კვ. კორპ. .... ბინა ...), ხანაც, სხვა ნათესავების სახლებს აფარებდა თავს. თავის მხრივ, ჯ. ს-ე ცალკე აკეთებდა განაცხადს საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით.
დადგენილია, რომ მ. ჯ-ამ მეუღლესთან - ნ. ს-ესთან ერთად 2020 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. მოსარჩელეს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე და შვილიშვილი. განაცხადის წინასწარი დამუშავების შედეგად ოჯახმა მოიპოვა 5,5 ქულა. მოსარჩელის მიერ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, ...კვ. კორპ ..., ბინა N...) 2020 წლის 13 ივლისს განხორციელდა მონიტორინგი. მოსარჩელის მეუღლის ნ. ს-ეის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ 7-8 წელია ქირის გარეშე. ბინის მესაკუთრე არის ი. ს-ე, ნ. ს-ეის ბიძაშვილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საქმის მასალების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 25 აგვისტოს №44 ოქმის თანახმად, მ. ჯ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 17 სექტემბრის №03–1808/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 25 აგვისტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. ჯ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ოჯახის ხელოვნური გაყოფის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) (ანალოგიურ დებულებას ადგენს აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის ცნებიდან გამომდინარე, პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, იმისათვის, რომ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა ჯგუფი განხილულ იქნეს დევნილ ოჯახად, ამ კანონის მიზნებისათვის, აუცილებელია ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ. ჯ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურ გაყოფას. მოსარჩელე მ. ჯ-ას და მის სიდედრს ჯ. ს-ეს სანატორიუმ „მ...ში“ ჰქონდათ ცალ-ცალკე ოთახები, ჰქონდათ სხვადასხვა სააბონენტო ნომრები და რეგისტრირებული იყვნენ ორ სხვადასხვა დევნილ ოჯახად. ის გარემოება, რომ ნ. ს-ემ (მოსარჩელის მეუღლე) სანატორიუმში მძიმე საცხოვრებელ პირობებს გამოარიდა საკუთარი დედა (ჯ. ს-ე) და მისცა თავის ბინაში დროებით ცხოვრების შესაძლებლობა, უპირობოდ არ ადასტურებს მ. ჯ-ასთან და ნ. ს-ესთან ერთად ჯ. ს-ეის მიერ ერთობლივი შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა მ. ჯ-ასა და ჯ. ს-ეის მიერ ერთობლივი შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელება და შესაბამისად, ოჯახის ხელოვნურად გაყოფა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელებული დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების შედეგებით არ დადასტურდა მოსარჩელის საცხოვრებლის დაკმაყოფილების გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე