ბს-15(კ-23) 04 ოქტომბერი, 2024წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.ა-ამ 04.04.2022წ. შუამდგომლობით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების მიღების მოთხოვნით, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა ...ის მუნიციპალიტეტის მერიისთვის დავის საბოლოო დასრულებამდე ...ის თანამდებობაზე თანამშრომლის დანიშვნის აკრძალვა (გარდა დროებით მოვალეობის შემსრულებლისა).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 04.04.2022წ. განჩინებით, ლ.ა-ას შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად გადაიგზავნა ...ის მაგისტრატ სასამართლოში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ...ის მუნიციპალიტეტში 07.04.2022წ. განჩინებით, ლ.ა-ას შუამდგომლობა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა, ...ის მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის - ...ის თანამდებობაზე ღია და დახურული კონკურსის შედეგად, ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა წესით თანამშრომლის დანიშვნა (გარდა დროებით მოვალოების შემსრულებლისა) დავის საბოლოოდ დასრულებამდე.
ლ.ა-ამ 15.04.2022წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ...ის მუნიციპალიტეტში მოპასუხის ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ...ის მუნიციპალიტეტის მერის 24.03.2022წ. ბრძანებისა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ან ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიური 1870 ლარისა და საკლასო დანამატის თანამდებობრივი სარგოს 1%-ის ოდენობით, 2022 წლის 24 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ...ის მუნიციპალიტეტში 26.07.2022წ. გადაწყვეტილებით ლ.ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ლ.ა-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ ...ის მუნიციპალიტეტის მერის 24.03.2022წ. №ბ126.126220831 ბრძანება, ლ.ა-ა აღდგენილ იქნა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ...ის თანამდებობაზე, აუნაზღაურდა მოპასუხის მიერ განაცდური ხელფასი ყოველთვიური 1870 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) და საკლასო დანამატი თანამდებობრივი სარგოს 1%-ის ოდენობით, სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან 2022 წლის 24 მარტიდან - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სამი თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში (1870X3=5610 ლარის ნაწილში) გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ხოლო გადაწყვეტილების დაუყნებლივ აღსასრულებლად მიქცვის ნაწილში მერიამ წარადგინა კერძო საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2022წ. განჩინებით, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მერიის ... უზრუნველყოფს მერიის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, გამართულ ფუნქციონიერებას. სამსახურის მიერ საკუთარი ფუნქციების განუხრელ შესრულებაზე პირველ რიგში პასუხისმგებლობა ამ სამსახურის უფროსს ეკისრება, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ... არის მერის დაქვემდებარებაში მყოფი მოხელე, რომელიც უფლებამოსილი არ არის მთელ რიგ საკითხებზე მიიღოს დამოუკიდებელი და ერთპიროვნული გადაწყვეტილება, იგი დამოკიდებულია ზემდგომი თანამდებობის პირის ნებაზე, მით უფრო ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებაც საჭიროებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ...ის ძირითადი მოვალეობა მდგომარეობს ხარვეზების გამოვლენაში, ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად გეგმების დასახვაში და შესათანხმებლად ზემდგომ თანამდებობის პირთან წარდგენაში. ამდენად, ...ის ვალდებულება არის უზრუნველყოს ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და იგი არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს. 2013 წლიდან ...ის მერიაში საქმიანობის განხორციელების განმავლობაში ლ.ა-ას მიმართ დისციპლინური წარმოების საქმე არ დაწყებულა, შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით სასამართლო ვერ შეაფასებს 2013-2021წ.წ. მოსარჩელის საქმიანობის შესაბამისობას მის ვალდებულებებთან. მერიაში არსებული ის ხარვეზები, რომელთა უმეტესი ნაწილი მერიის შიდა აუდიტის 24.01.2022წ. ანგარიშში არის ასახული, არსებობდა ჯერ კიდევ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 14.01.2019წ. განხორციელებული ინსპექტირებისას. აუდიტის რეკომენდაციების შესასრულებლად შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრიც უშუალოდ ... არ ყოფილა, ამასთან, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ასახული დარღვევები არ გამხდარა ლ.ა-ას მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი. უდავოა ისიც, რომ მერიის შენობისთვის სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის თაობაზე ინფორმირებული იყო მერი, ვინაიდან 2020 წელს ...ის მუნიციპალიტეტის მერიას შესყიდული აქვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ...სა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელ პირს შორის 24.01.2022წ. აუდიტის ანგარიშში პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული შეხვედრა არ შემდგარა არც სამსახურის უფროსის და არც მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით. მიუხედავად იმისა, რომ ... არის საკმაოდ ვრცელი და მოცულობითი ფუნქციების განმახორციელებლი პირი, იგი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მიზნებისთვის კონკრეტული ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სტრატეგიის აღმასრულებელ მოხელეს, ხოლო მუნიციპალიტეტის საქმიანობის წარმმართველ, გადაწყვეტილების მიღების უფლებით აღჭურვილ პირს სწორედ მუნიციპალიტეტის მერი (მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი) წარმოადგენს. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ ...მა უარი თქვა მერიაში არსებული ხარვეზების შესწავლისა და გამოსწორების მიზნით შექმნილი ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს, რომ სამსახურის უფროსს მიეცა კონკრეტული დავალება და მან თავი აარიდან მის შესრულებას. მერიის თანამდებობის პირებს შორის კომუნიკაციის არქონა შესაძლოა გამხდარიყო დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი, თუმცა აღნიშნული დარღვევა არ წარმოადგენს ისეთ მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, რაც შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო. აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირი აღჭურვილია მის მიერ დანიშნული მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებით, თუმცა პირის თანამდებობიდან გათავისუფლებისას სასამართლოს კონტროლის ქვეშ ექცევა ამ გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვის ხარჯზე გადაწყვეტილების თვითნებურად და კანონით განსაზღვრული მიზნების შეუსაბამოდ მიღების ფაქტის არსებობის შეფასება. მოხელის მიერ საკუთარი ვალდებულებების დარღვევისას ხელმძღვანელმა პირმა უნდა გამოიყენოს ისეთი ზომები, რომელიც გამოასწორებს და გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას, მისცეს მოხელეს დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. დარღვევის გამოვლენის დროს გამოყენებული უნდა იქნეს პროპორციული დარღვევაზე რეაგირების მექანიზმი. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, რომ შიდა აუდიტის 24.01.2022წ. ანგარიშში ასახული დარღვევები გამოწვეულია უშუალოდ ლ.ა-ას ბრალეული ქმედებებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ქმედებებში მძიმე დისციპლინური გადაცდომის ნიშნები დადასტურებული ვერ იქნა, რაც მის მიმართ შეფარდებული უკიდურესი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავდა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიას ამ ნაწილში რაიმე არგუმენტი გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს ჰქონდა სადავო ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის კანონიერი საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ განიხილა 2015 წლიდან 2022 წლამდე მიმდინარე დარღვევები, რომლის გამოსწრორების ვალდებულება მოსარჩელეს, როგორც ...ის, ევალებოდა. ...ის მუნიციპალიტეტის ...ის დებულების 2.2 მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ...ი ძირითადი ფუნქციების შესრულების მიზნით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკადრო პოლიტიკისა და ადამიანური რესურსების მართვის მიზნით შესაბამისი წინადადების შემუშავებასა და წარდგენას, ხოლო „გ.ი“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფს მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და მერიის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს. სახელმწიფო აუდიტის 2016-2017წ.წ. და მერიის შიდა აუდიტის 2022წ. ანგარიშებში აღნიშნულია ფაქტები იმის შესახებ, რომ მერიაში არ ფუნქციონირებდა და ტექნიკურად გაუმართავი იყო ტურნიკეტი (თანამშრომელთა აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა). სამსახურში დაგვიანებასა ან გამოუცხადებლობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელი, როგორც ხელფასის ჩამოწერის, ისე სამსახურიდან გათავისუფლების სახით, შესაბამისად, სამსახურში მოსამსახურეთა გამოცხადების აღურიცხველობით სახელმწიფოს ადგებოდა ფინანსური ზიანი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა გარემოება იმის შესახებ, რომ აღნიშნული უფლებამოსილება მხოლოდ დროებით სამუშაო ჯგუფს ჰქონდა დაკისრებული და არ შედიოდა ...ის ფუნქციებში, ამასთან, პანდემიის გამო 2020-2021წ.წ. მერიის თანამშრომლები გადაყვანილი იქნენ დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე და ამ სისტემით დისტანციურად სარგებლობდა ხუთი თანამშრომელი, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები არ ცხადდებოდნენ სამსახურში და არ ასრულებდნენ მოვალეობებს. ...ის დებულების მე-4 მუხლი ადგენს ამავე სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ვალდებულებებს, კერძოდ, „ვ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული განყოფილება უზრუნველყოფს მერიის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტთან დაკავშირებით მოსარჩელის კომპეტენციის არარსებობაზე. საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ მერიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები არის გაუმართავი და აღნიშნულზე რეაგირება არ მოუხდენია ...ას, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა მათი მოვლა-პატრონობა. აღნიშნულის საწინააღმდეგო ფაქტი არ დგინდება. მაღალმთლიან დასახლებებში გადასაადგილებლად ზედამხედველობისა და ინფრასტურქტურის სამსახურს ყოველდღიურად ესაჭიროებოდათ გადაადგილების საშუალება. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს საერთოდ არ უმსჯელიათ ადმინისტრაციული შენობის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხებზე. დებულების მიხედვით ...ის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს მუნიციპალური სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას. ...ის მუნიციპალიტეტის მერიაში დღესაც არ ფუქნციონირებს ვიდეო სათვალთვალო კამერები, შენობაში არ არსებობს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და ევაკუაციის გეგმა, შენობა ასევე არის მოუვლელი. სახელმწიფო აუდიტი თავის ანგარიშში ასევე მიუთითებს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების არარსებობაზე და აღნიშნულს მძიმე დარღვევად განიხილავს. სამუშაო აღწერილობები მხოლოდ სამსახურისა და განყოფილების უფროსებს გააჩნიათ, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების აღწერილობები ვერ მოიკვლია ვერც აუდიტის სამსახურმა და ვერც დისციპლინურმა კომისიამ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ახალი მერის უფლებამოსილების ამოქმედებამდე სამი დღით ადრე ...ის ყოფილმა უფროსმა დაწერა ერთთვიანი შვებულება, რითაც ნათელია, რომ თავიდანვე უარი განაცხადა მერთან სამუშაო კომუნიკაციაზე. შვებულებიდან გამოსვლის შემდეგაც მოსარჩელე პრაქტიკულად არ კონტაქტობდა მერთან. მან ასევე არ მიიღო მონაწილეობა ცალკეული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავდა მერიაში არსებული ხარვეზების შესწავლასა და გამოსწორებას. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის დებულების 1.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ... ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მერთან კომუნიკაციის უქონლობა არ ჩათვალა სუბორდინაციის მძიმე დარღვევად. აღნიშნულმა დარღვევამ მუნიციპალიტეტში გამოიწვია კრიზისი, რაც უკავშირდებოდა ბაზრის კვლევას, ტენდერების დროულად გამოცხადებას, ურთიერთობის ორგანიზებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან და სხვ.. ლ.ა-ა სამსახურსა თუ მის სოციალურ გვერდზე ...ის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერის მიმართ უცენზურო სიტყვებს იყენებდა. მერიის შინაგანაწესის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება თანამშრომელს ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულებისაკენ მიმართული უღირსი საქციელი გამო, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. მისი ამგვარი დამოკიდებულებით მოსარჩელე მიზანმიმართულად დაწესებულებაში აღვივებდა უპასუხისმგებლობას და თანამშრომელბს უბიძგებდა ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე. აღნიშნულის შედეგად დაზარალდა საჯარო ინტერესი და შეილახა დაწესებულების რეპუტაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც მოსამსახურეს შეიძლება შეეფარდოს მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96.1 მუხ. „დ“ ქვ.პ., 98-ე მუხ.), შესაბამისად, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებამდე უტყუარად უნდა დადგინდეს მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცული ...ის მუნიციპალიტეტის მერის 24.03.2022წ. ბრძანებით ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ლ.ა-ას შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მიეთითა ...ის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე დისციპლინური წარმოების კომისიის 21.03.2022წ. დასკვნა. მითითებული დასკვნის მიხედვით ლ.ა-ას ადმინისტრაციულ გადაცდომას შეადგენდა მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა, კერძოდ 2016 წლიდან დასკვნის შედგენის დღემდე თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემა და მერიის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები იყო გაუმართავი, რაც შეუძლებელს ხდიდა მათ ექსპლუატაციას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემის გაუმართაობისა და ავტოპარკთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მითითებული იყო ჯერ კიდევ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 14.01.2019წ. მომზადებულ აუდიტის ანგარიშში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაცია თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვის სისტემის გამოუყენებლობის მიზეზების შესასწავლად და აღნიშნული სისტემის დასანერგად, რეკომენდაცია ასევე გაიცა სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის, სარემონტო და სხვა მოვლა-შენახვის ხარჯების დასარეგულირებლად (რეკომენდაცია №8, №9). მითითებულ პერიოდში მოქმედი ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10.11.2017წ. ͏№45 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის დებულების“ (ძალადაკარგულია ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23.09.2019წ. №19 დადგენილებით) თანახმად ...ის ერთ-ერთი განყოფილება უზრუნველყოფდა კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში (მე-5 მუხ., „მ“ ქვ.პ.), სამსახური უზრუნველყოფდა აგრეთვე მერიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხთა მოგვარებას, აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნას, მერიის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას (მე-3 მუხ., „ა“, „თ“ ქვ.პ.). მიუხედავად ...ისთვის დაკისრებული ზემოთ მითითებული ამოცანებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე და ამ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მიზნით ...ის მუნიციპალიტეტის მერის 15.02.2019წ. ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, დამტკიცდა რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, ბრძანებაში ასევე მიეთითა ამ სამუშაო ჯგუფში შემავალ პირთა ვინაობა, ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ პირად განისაზღვრა მუნიციპალიტეტის მერი. სამოქმედო გეგმის მიხედვით სხვა აქტივობებთან ერთად დაიგეგმა შიდა აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციისა და შესყიდვის შესახებ წესის შემუშავება. აქტივობების დაწყების თარიღად განისაზღვრა 15.02.2019წ., ხოლო დასრულების თარიღად მიეთითა 15.03.2019წ., განისაზღვრა აგრეთვე მითითებული აქტივობების პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის კონკრეტული წევრები. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფის მიერ მერის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესრულებისა და მერის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგები. დისციპლინური წარმოების კომისიის 21.03.2022წ. დასკვნაში აღნიშნულია 2016 წლიდან თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემის არარსებობაზე, მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების უმრავლესობის გაუმართაობაზე. თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემის არარსებობასთან დაკავშირებით კომისიის 21.03.2022წ. დასკვნა აგრეთვე ეყრდნობა 2019წ. გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს და ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებაზე მიუთითებს, რაც საბოლოოდ მიჩნეული იქნა ...ის ლ.ა-ას დისციპლინურ გადაცდომად. თავის მხრივ, დისციპლინური კომისიის დასკვნა საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ ბრძანებას. განსახილველ შემთხვევაში ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ, რომ გამოკვლეული არ ყოფილა 2019წ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მიზნით მერის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული აქტივობა და მისი შედეგები. მართალია, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23.09.2019წ. №19 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის დებულების“ (ძალადაკარგულია ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13.06.2022წ. №18 დადგენილებით) თანახმად სამსახურის ამოცანას შეადგენდა მერიაში ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვა (2.1 მუხ., „გ“ ქვ.პ.) და მუნიციპალური სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა (მე-4 მუხ., „ვ.ბ“ ქვ.პ.), თუმცა დისციპლინური კომისიის მიერ დასკვნის შედგენის ერთ-ერთ საფუძველს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2019წ. შედგენილი ანგარიში წარმოადგენდა, ამ ანგარიშში ასახული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით კი 2019წ. მერის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრი მოსარჩელე არ ყოფილა, ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო ბრძანების მიღებისას დაეყრნო ისეთი სახის დოკუმენტს და ამ დოკუმენტში ასახულ დარღვევებს, რომლის აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განხორციელდა გარკვეული სახის ქმედებები, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, დაიგეგმა აქტივობები, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო გამოეკვლია აღნიშნული გარემოება, გამოერკვია სამუშაო ჯგუფის მიერ თანამშრომელთა აღრიცხვასა და მერიის ავტოპარკთან დაკავშირებული აქტივობა, მისი შედეგები, განხორციელებული აქტივობების მიუხედავად დასკვნის შედგენის დღემდე თანამშრომელთა აღურიცხაობისა და მერიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობის მიზეზები, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.
კასატორი აგრეთვე მიუთითებს, რომ მერიის შესაბამის სამსახურებს მაღალმთლიან დასახლებებში გადასაადგილებლად ესაჭიროებოდათ ავტოსატრანპორტო საშუალებები. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ ...ის მუნიციპალიტეტმა 07.10.2021წ. გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ავტოსატრასპორტო საშუალების შესყიდვაზე. 22.10.2021წ. ...ის მუნიციპალიტეტის მერსა და შპს „...ას“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება მაღალი გამავლობის ავტომანქანის (...ის) შესყიდვის მიზნით, დაფინანსების წყაროდ მიეთითა 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი. 25.10.2021წ. მიღების-ჩაბარების აქტის თანახმად შპს „...მა“ გადასცა, ხოლო ...ის მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო 22.10.2021წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალება. ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ...ის რეაგირება არ მოუხდენია მერიის ბალანსზე არსებული სატრანპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არ ემყარება საქმის მასალებს. მოსარჩელემ 25.02.2022წ. წერილით მიმართა ...ის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ ავტომანქანების წლოვანებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ავტოპარკის განახლება დანახარჯებთან იყო დაკავშირებული და მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით მისი განახლება ვერ მოხერხდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23.09.2019წ. №19 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის დებულების“ (ძალადაკარგულია ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13.06.2022წ. №18 დადგენილებით) თანახმად ...ის შესყიდვების განყოფილება შესყიდვის შერჩევას ახდენდა მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან შეთანხმებით (მე-8 მუხ., „ბ“ ქვ.პ.). როგორც წესი, სახელმწიფო შესყიდვა (საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა) შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებით ხორციელდება, შესაბამისად ავტოსანტრასნპორტო საშუალებების შეძენასა და მოვლასთან დაკავშირებული საკითხები საჭიროებდა კომპლექსურ შეფასებას, ვინაიდან ...ის საქმიანობის დაფინანსება ...ის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება (დებულების 1.3 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). მერიის ბალანსზე ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით მოსარჩელის 25.02.2022წ. წერილში მითითებული ფაქტები სადავო აქტის მიმღებ პირს საერთოდ არ გამოუკვლევია. ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემის და ავტოსატრანსპრტო საშუალებების გაუმართაობის ნაწილში კასატორმა ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ისეთი შეუსრულებლობის მტკიცება, რომელიც მოსარჩელის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს დაადასტურებდა.
გასაჩივრებული ბრძანების მიღების დროს მოქმედი ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23.09.2019წ. №19 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის დებულების“ (ძალადაკარგულია ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13.06.2022წ. №18 დადგენილებით) მე-4 მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ...ის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფდა მერიის მუნიციპალური სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას. საქმეში დაცული მასალებით ...ის მუნიციპალიტეტის მიერ 19.11.2019წ. გამოცხადდა ტენდერი საინჟინრო მომსახურებების შესყიდვის მიზნით. 13.12.2019წ. ...ის მუნიციპალიტეტის მერსა და შპს „...ას“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, შესყიდვის ობიექტად მიეთითა ...ის მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წელს განსახორციელებელი მერიის ადმინისტრაციული შენობის სამივე სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. ...ის მუნიციპალიტეტის მერსა და შპს „...ას“ შორის 21.02.2020წ. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ 13.12.2019წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიღებული იქნა და ინახება მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის საორგანიზაციო და სამშენებლო ინსპექტირების განყოფილებაში. აღნიშნული გარემოება სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია, ასევე არ გამოუკვლევია სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ჩაბარების შემდგომ განხორციელებული ქმედებები, მითითებული დოკუმენტაციიდან გამომდინარე საჭირო ღონისძიებათა წრე (შესაბამისი ბიუჯეტიდან დოკუმენტაციაში მითითებული ფინანსური უზრუნველყოფის შესაძლებლობა, დამატებითი შესყიდვების საჭიროება და ა.შ.) და ამგვარ ქმედებებზე უფლებამოსილი პირები. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მხოლოდ შენობა-ნაგებობის მოუვლელობაზე მითითება არ ქმნიდა მოსარჩელის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის დასადგენად საკმარის საფუძველს, ამასთან მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის მიზნით სახელმწიფო შესყიდვის ფაქტთან მიმართებით კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 24.01.2022წ. აუდიტის ანგარიშით მერიის ადმინისტრაციულ შენობაში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეული იქნა რეკომენდაცია სათვალთვალო კამერების (შენობის შიდა და გარე პერიმეტრებზე) და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების განთავსების თაობაზე. საქართველოს მთავრობის 23.07.2015წ. №370 დადგენილებით დამტკიცებული „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ „ტექნიკური რეგლამენტის“ 4.5 მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებულ ობიექტებში შესაბამისი ბრძანებით სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნა. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10.11.2017წ. №39 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ 8.1 მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და 15.7 მუხლის თანახმად, მერის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობის ათავისუფლებს მერი. მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მერის ბრძანებით დანიშნული იყო სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირად. რაც შეეხება სათვალთვალო კამერების განთავსებას, საქმის მასალებში დაცულია ...ის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი (ტ. 1, ს.ფ. 188-194), რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მექანიზმად ითვალისწინებს ვიდეოთვალთვალის სისტემას შენობის სართულებსა და მის გარე პერიმეტრზე (19.3 მუხ. „ა“ ქვ.პ.). უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ შინაგანაწესს არ ერთვის უფლებამოსილი პირის მიერ მისი დამტკიცების დამადასტურებელი დოკუმენტი ამოქმედების დროის მითითებით (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54.1 მუხლის „ა.თ“ ქვეპუნქტის თანახმად მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მერი). გარდა ამისა, დისციპლინური გადაცდომის მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევისთვის სახეზე უნდა იყოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85.3 მუხლით დადგენილი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში სათვალთვალო კამერებთან მიმართებით კასატორი არ მიუთითებს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ კონკრეტულ შემთხვევაზე, ასევე არ მიუთითებს საჯარო დაწესებულებისთვის მიყენებულ იმ მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანზე, რომელიც უშუალოდ სათვალთვალო კამერების არარსებობით/გაუმართაობით იქნა გამოწვეული.
კასატორი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს აგრეთვე მოსარჩელის მიერ მუნიციპალიტეტის მერთან კომუნიკაციის არარსებობაზე, ასევე მის მიერ სოციალურ ქსელში განხორციელებულ ისეთ აქტივობებზე, რომელიც ლახავს დაწესებულების რეპუტაციას და ზიანს აყენებს საჯარო ინტერესს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით მუნიციპალიტეტის მერის მიმართ უცენზურო სიტყვებით მიმართვის ფაქტი არ გამხდარა დისციპლინური წარმოების საგანი ან მისი დაწყების საფუძველი, დისციპლინური წარმოების კომისიის დასკვნა ეფუძნება მოსარჩელის მერთან კომუნიკაციის არარსებობას, თუმცა დასკვნაში ასახული არ არის მერის მიმართ ეთიკის ნორმების დარღვევით მიმართვის ფაქტები, ამასთან, კასატორი არ მიუთითებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, შესაბამისად, სადავო აქტის მართლზომიერების შეფასებისას საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას ამ საფუძვლით მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი არ გამხდარა. რაც შეეხება შვებულებით სარგებლობას, მოხელისთვის დადგენილია ყოველწიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 62.1 მუხ.). ...ის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის 7.7 მუხლის თანახმად მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დასაშვებია მოსამსახურის სამსახურიდან გამოძახება მისივე თანხმობით, ასევე 7.12 მუხლის მიხედვით, მერიის შეუფერხებელი საქმიანობის მიზნით ყოველი წლის დასაწყისში მერიის სამსახურების უფროსების მიერ წარდგენილი ნუსხის საფუძველზე მერიის ...ის მიერ დგება მოსამსახურეთა შვებულებით სარგებლობის წლიური გრაფიკი, რომელსაც ამტკიცებს მერი. ამდენად, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დასაშვები იყო მოსარჩელის შვებულებიდან გამოძახება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება გამოძახებისა და ასეთ გამოძახებაზე მოსარჩელის თანხმობის არარსებობის ფაქტი. კასატორი აგრეთვე მიუთითებს სუბორდინაციისა და მერთან უშუალო კონტაქტის არარსებობაზე, რამაც საბოლოოდ უარყოფითი გავლენა იქონია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთობლივი მუშაობის ნებისმიერი პროცესი მოითხოვს თანამშრომელთა შორის მკაფიოდ სტურქტურირებული ურთიერთობის განსაზღვრას, ამ ურთიერთობების წესრიგში მოყვანის საჭიროებას და მათ დროულ კონტროლს. ასეთი ურთიერთობები ყოველთვის იგება ვერტიკალურ დაქვემდებარებაზე. სუბორდინაცია არის სამსახურებრივ ურთიერთობათა სისტემა, რომელიც დაკავშირებულია იერარქიასთან, ზოგი ხელმძღვანელი პირის უფრო მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირისადმი დაქვემდებარებასთან. სუბორდინაცია ითვალისწინებს ხელმძღვანელსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს შორის პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას, ბრძანებებისა თუ მითითებების გაცემის, ასევე ხელმძღვანელი პირისადმი ანგარიშის წარსადგენად დადგენილ პროცედურას. როგორც წესი, საჯარო მმართველობის განმახორციელებელ ნებისმიერ ორგანოში მომუშავე პირებს შორის სუბორდინაციის პრინციპი დაცულია. სწორედ საქმიანი ურთიერთობების კარგად მოწესრიგებული სისტემა იძლევა მთელი სამუშაო გუნდის კოორდინირებული მუშაობის საშუალებას. საჯარო სამსახურში სუბორდინაცია ეფუძნება სამსახურებრივი დისციპლინის წესებს, რომელიც უმეტეს შემთხვევებში განსაზღვრული არის დებულებით, ინსტრუქციით ან სხვა სამართლებრივი აქტით. საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №200 დადგენილებით დამტკიცდა „ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო დაწესებულებაში“, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის ურთიერთობას ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ საჯარო მოსამსახურესთან, ასევე ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურის ურთიერთობას მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეებთან (24-ე, 25-ე მუხ.). საჯარო მოსამსახურე კეთილსინდისიერად ასრულებს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურის მითითებებს, ბრძანებებსა და სხვა ზეპირ თუ წერილობით დავალებებს (24.1 მუხ.), ასევე საჯარო მოსამსახურე პატივს სცემს და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებაში არსებულ სუბორდინაციულ მიდგომებს (12.8 მუხ.). ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10.11.2017წ. №39 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ 10.2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება მერის კონკრეტული ბრძანებების და მითითებების მოსარჩელის მიერ შეუსრულებლობა, მერის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე მოსარჩელის უარი, ამასთან სააპელაციო პალატის მითითებით პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული შეხვედრა არც მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით არ შემდგარა. აღსანიშნავია, რომ სუბორდინაცია არა ცალმხრივი, არამედ ყოველთვის ორმხრივი პროცესია. რაც შეეხება დისციპლინური კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადებას, აღნიშნული არის იმ პირის უფლება, რომლის მიმართ წარმოებს დისციპლინური წარმოება და არა ვალდებულება. ამასთან, რიგ საკითხებთან დაკავშირებით ლ.ა-ას მიერ დისციპლინური წარმოების კომისიაში პოზიცია წარდგენილ იქნა წერილობითი ფორმით. ამდენად, მითითებული გარემოებები გამორიცხავს აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის ქმედების მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევის შესაძლებლობას.
გასაჩივრებული აქტის მიღების დროს მოქმედი ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23.09.2019წ. №19 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინსიტარციული სამსახურის დებულების“ 2.2 მუხლის „გ.თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახური ძირითადი ფუნქციების შესრულების მიზნით დადგენილი წესით უზრუნველყოფდა საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადებას. ანალოგიურ დათქმას შეიცავს ამჟამად მოქმედი ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13.06.2022წ. №18 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინსიტარციული სამსახურის დებულება“ (2.2 მუხ. „გ.თ“ ქვ.პ.). წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ადასტურებს, რომ სამსახურისა და განყოფილების უფროსებს სამუშაო აღწერილობა გააჩნიათ, შესაბამისად სახეზე არ არის მითითებული ფუნქციის სრული შეუსრულებლობა ან გაუთვალისწინებლობა. კასატორი არ უთითებს აღნიშნული ამოცანის ნაწილობრივ შესრულების გამო „საჯარო სამსახურის შესახებ“ 85.3 მუხლით გათვალისწინებულ შედეგებზე, მაგ., საჯარო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის ან საჯარო დაწესებულების რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებაზე, ასევე ამ გადაცდომის შედეგად საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურისა ან მესამე პირისათვის ზიანის მიყენებაზე და სხვ.. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომაა და მისი შეფარდებისთვის დადგენას საჭიროებს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა. როგორც უკვე აღინიშნა, პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მძიმე გადაცდომის არსებობის დადგენის შემთხვევაში. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის, მისი თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული (სუსგ 17.01.2019წ. საქმე №ბს-809-805(3კ-17)). დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დისციპლინური გადაცდომისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა განსაზღვროს და იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.2 მუხლი დეტალურად განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გასათვალისწინებელ გარემოებებს. მითითებული ნორმით დადგენილი თითოეული გარემოების შესწავლის შედეგად განისაზღვრება დისციპლინური გადაცდომის ხარისხი და სიმძიმე, დამდგარი ზიანის მნიშვნელობა, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის დამოკიდებულება გადაცდომის შედეგად დამდგარ ზიანთან. პირის გათავისუფლება სამსახურიდან სარწმუნოდ უნდა დასაბუთდეს. მოხელის მიერ ჩადენილი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი სიმძიმის და იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც დამრღვევის პირის ქმედებებს მოჰყვა. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მძიმე ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის დადასტურება, ვინაიდან მხოლოდ მძიმე ადმინისტრაციული გადაცდომის არსებობა ქმნის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96.1 მუხლი ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა აღნიშნული ნორმის „დ“ ქევეპუნქტით გათვალისწინებული ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულ ზომასთან (სამსახურიდან გათავისუფლება) შედარებით უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების (გაფრთხილება, საყვედური, თანამდებობრივი სარგოს დაკავება), ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობაზე. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი