საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-904(2კ-24) 08 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - სს „ ...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „...მა“ 2022 წლის 06 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ ,,უძრავ ნივთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 სექტემბრის №1/1-2146 ბრძანების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 მარტის №4/13004 დასკვნის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 1 ივნისის №1-1/241 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №23-ში განთავსებული უძრავი ქონების (ს/კ...) სს ,,...ის“ სახელზე რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 25 სექტემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოცემული იქნა №1/1-2146 ბრძანება, ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე (ნომერი ბრძანებაში მითითებული არაა) მდებარე სს „...ის“ კუთვნილი 41769 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიმართვის თაობაზე, რაც ამ უკანასკნელის მიერ დაკმაყოფილებული იქნა და უძრავი ქონება უკანონოდ აღირიცხა როგორც სახელმწიფო საკუთრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით, სს „...ის“ სარჩელზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 მარტის №4/13004 დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
კოლეგიამ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 09 აგვისტოს კანონზე, „სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაზე და დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებულ სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულებაზე მითითებით აღნიშნა, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 09 აგვისტოს კანონით განისაზღვრა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება და არა სახელმწიფო ქონების პრივატიზება იმ გაგებით, რაც მოგვიანებით ამოქმედებული ნორმატიული აქტებით დადგინდა; კერძოდ, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის (სამოქმედოდ შემოღებული იქნა 28/10/1998 წლიდან) მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის განკარგვა ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით არის დამაგრებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, სააქციო საზოგადოება „...“ პრივატიზების პერიოდში, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, არ ხდებოდა სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ერთად მიწის პრივატიზება. ამასთან, საპრივატიზებო დოკუმენტიდან ცალსახად დგინდება, რომ პრივატიზების საგანს წარმოადგენდა საზოგადოების ქონება, კერძოდ შენობა-ნაგებობები და დანადგარები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 01 ივნისის №1-1/241 ბრძანება ,,სს „...ის“ ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 სექტემბრის №1/1-2146 ბრძანება ,,უძრავ ნივთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით გათვალისწინებულ ვადაში ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა.
პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1994 წლის №09.15.10 გადაწყვეტილების თანახმად, მიღებულ იქნა მთავარი სამმართველოს საწარმოო დარგების განყოფილების წინადადება და ქ. თბილისის მერიის „...ის“ ბაზაზე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „...“. დამტკიცდა სააქციო საზოგადოება „...-ის“ წესდება, პრივატიზების გეგმა, ქონების შეფასების აქტი და ცნობად იქნა მიღებული, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრის კაბინეტის 1994 წლის 18 მარტის №151 დადგენილებით არ იყო გათვალისწინებული სააქციო საზოგადოება „...“-ის საწესდებო კაპიტალის საკონტროლო პაკეტის სახელმწიფო მფლობელობაში დატოვება. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1993 წლის 26 აპრილის №72 ბრძანების №2 დანართზე, პრივატიზაციის ტიპობრივ გეგმაზე, რომლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „...ის“ საწარმოს საწესდებო კაპიტალის სიდიდე განსაზღვრული იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 10 აპრილის №25 დადგენილებით განსაზღვრული წესით და შეადგენდა 710779,1 ათას მანეთს. ამავე გეგმის მე-15 პუნქტში, საწარმოს, ქვედანაყოფის მიწის ნაკვეთის საზღვრების, სიდიდის ადგილმდებარეობის შესახებ გრაფაში ფიქსირდებოდა მონაცემები: ...ის დასახლება, უკავია 7 ჰა ნაკვეთი.
პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში დამატებით წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 25 მაისის №18/2406/6-9, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 05 მაისის №04/8991 და 2011 წლის 29 22 ივნისის №04/13780 წერილებით, სს ,,...“-ზე გაცემული საკუთრების მოწმობა და აუქციონზე გატანილი სს ,,...-ის“ ქონების ნუსხა, სამინისტროს არქივში არ იძებნებოდა. ამდენად, დასტურდებოდა, რომ სააქციო საზოგადოება „...-ს“ („...ს“) გადაეცა „...ის“ ბაზაზე არსებული ქონება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზე, რომ პრივატიზების საგანს წარმოადგენდა საზოგადოების ქონება, კერძოდ, შენობა-ნაგებობები და დანადგარები, თუმცა ამავე დროს მიუთითა, რომ შენობა-ნაგებობები და დანადგარები განთავსებული იყო მითითებულ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთის უმეტეს ნაწილზე და ის გარემოება, რომ სააქციო საზოგადოების კუთვნილი შენობა-ნაგებობები (შესაძლებელია სადღეისოდ ნანგრევის სახით არსებული) და დანადგარები არ იყო განთავსებული იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სადავო 2014 წლის 25 სექტემბრის №1/1-2146 ბრძანებით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად, არ დასტურდებოდა საქმეში დაცული არც ერთი მტკიცებულებით.
სააპელაციო პალატის შეფასებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართებისა, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის №1-1/562 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2012 წლის 20 აპრილის №8 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 აპრილის №1-1/1065 ბრძანებით დამტკიცდა, სს „...ს“ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის 23-ში არსებულ შენობა-ნაგებობებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართი განისაზღვრა 28028 კვ.მ-ით, არ გამორიცხავდა ამ მისამართზე არსებულ სხვა ქონების საზოგადოებისათვის კუთვნილებას. დადგენილი იყო, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე არსებული „...ის“ ქონება გადაეცა საზოგადოებას და ამავე დროს საქმეში წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდებოდა, რომ ქონების რაიმე ნაწილი დარჩა სახელმწიფოს ბალანსზე. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დავალებოდა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითებით, საქმეში არსებული მასალებით, სადავო უძრავ ქონებაზე (ს/კ...) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი კომპანიას არ გააჩნია. ამასთან, სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას სხვა პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართებისა, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის №1-1/562 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2012 წლის 20 აპრილის №8 ოქმის თანახმად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის 144 დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის ქ. 23-ში არსებული 23913 კვ.მ საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართის განსაზღვრა 28028 კვ.მ-ით, პროცესუალური მოწინააღმდეგის მიერ მოთხოვნილი და წარდგენილი ნახაზების შესაბამისად. სამინისტრომ 2012 წლის 8 მაისის №05/9924 წერილით პროცესუალურ მოწინააღმდეგეს აცნობა მისი განცხადების დაკმაყოფილებისა და მის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე მიწის ნაკვეთის 28028 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის მიკუთვნების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიას სადავოდ არ გაუხდია და ამავე წერილის საფუძველზეც ქ. თბილისში, ...ის ქ. 23-ში მდებარე უძრავი ნივთები (ს/კ ...; ...) დაირეგისტრირა საკუთრებაში.
კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №23-ში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების აზომვითი სამუშაოები განხორციელდა ...ის ...ის განყოფილებასთან არსებული შპს „...ის“ მიერ პროცესუალური მოწინააღმდეგის დაკვეთით. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითება, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას სააგენტომ, კომპანიის მონაწილეობით და მასთან დაცული მონაცემების გათვალისწინებით უნდა დაადგინოს კონკრეტულად რა ქონებას შეადგენდა ...ის ბაზაზე არსებული ქონება და მისი ადგილმდებარეობა, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 26 თებერვლის №1-3/132 ბრძანების საფუძველზე, სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით გაიყიდა სს „...-ის“ აქციები. 1996 წლის 16 ნოემბრის დადგენილების თანახმად, სს „...-ს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა სს „...“. საქმეში სრულადაა წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში არსებული სს „...-ის“ საპრივატიზაციო მასალა. აღნიშნულის საფუძველზე სს „...ის“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა უძრავ ქონებაზე. სს „...ის“ წარმომადგენელმა 2011 წელს მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თავის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობების პროპორციულად მიწის ფართის მიკუთვნების თაობაზე. „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართებისა, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის №1-1/562 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2012 წლის 20 აპრილის №8 ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა სს „...ის“ მიერ მოთხოვნილი საკითხი და მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ას ქ. №23-ში არსებულ შენობა-ნაგებობებისთვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართის განსაზღვრა, თავად სს „...ის" მიერვე წარდგენილი ნახაზის შესაბამისად, 28028 კვ.მ-ით. აღნიშნულის შემდგომ, სს „...ის“ მიერ მოხდა მიკუთვნებული 28028 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დარეგისტრირება. სააპელაციო სასამართლოს მიერ, წინამდებარე საკასაციო საჩივრით სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასების მიღმაა დატოვებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სს „ი...მა“ თავადვე მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, თავადვე წარუდგინა ნახაზი მითითებული 28028 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის განსაზღვრის მოთხოვნით. აღნიშნული განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მიწის სხვა ფართზე უფლება არ გააჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტროს მიმართავდა უფრო მეტი მიწის ფართის განსაზღვრის მოთხოვნით და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეცდებოდა უფლების სხვაგვარად რეალიზებას.
კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სს „...მა“ 2011 წელს ასევე მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უფლებადამდგენი დოკუმენტის არარსებობის გამო და განემარტა, რომ ის ქონება, რომელზეც უდგინდებოდა საკუთრების უფლება წარდგენილი დოკუმენტაციით უკვე სრულად რეგისტრირებული ჰქონდა. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოკვლეული საპრივატიზაციო დოკუმენტაციით, სს „...ის“ არ უდგინდება საკუთრების უფლება მოთხოვნილ 41 769 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე. კასატორის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 სექტემბრის №1/1-2146 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია კანონიერია, ვინაიდან რეგისტრაციის პერიოდში არ დგინდებოდა საკუთრების ან/და მფლობელობის უფლება სარეგისტრაციო ქონებაზე არც ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან, არც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და არც ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. ასევე, საგულისხმო და გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ სს „...ის“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დარეგისტრირდებოდა ...ას ქუჩაზე მდებარე 41 769 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, როგორც 1993 წელს საწარმოს აქციათა პრივატიზების გზით მიღებულ ქონებაზე, სს „...ის“ საკუთრების უფლება. სწორედ აღნიშნული კუთხით აქვს ნამსჯელი პირველი ინსტანციის სასამართლოსაც და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის სამართლებრივი მოცემულობა, რომ 1993 წლის მდგომარეობით მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობდა მიწის ნაკვეთის განსახელმწიფოებრიობას, ვინაიდან მიწა მიიჩნეოდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო რესურსად, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მომხდარიყო მიწის ნაკვეთის განკერძოება საწარმოს აქციათა პრივატიზების გზით. სააპელაციო საჩივარიც ეფუძნება შედავებას, რომ 1993 წლის მდგომარეობით მოხდა მიწის ნაკვეთის პრივატიზება და ეს დგინდებოდა პრივატიზაციის ტიპობრივი გეგმით, სადაც მითითებულია, რომ საწარმო მდებარეობს ...ის დასახლებაში და უკავია 7 ჰა ნაკვეთი. პროცესის მიმდინარეობის ეტაპზე კი წამოიჭრა საკითხის გაურკვევლობა და სასამართლოს მსჯელობა მიემართა არა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, არამედ აქციათა პრივატიზაციისას საწარმოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირებას და მათი ფართის გამოთვლის გზით იმ ფაქტის დადგენას, 1993 წლის საწარმოს აქციათა პრივატიზაციის გზით, უფლება მოიპოვა თუ არა სს „...მა“ სხვა შენობა-ნაგებობებზეც, გარდა იმისა, რაც უკვე რეგისტრირებული აქვს მარეგისტრირებელ ორგანოში.
კასატორი აღნიშნავს, რომ საწარმოს აქციების პრივატიზებისას ხდებოდა აქციათა პაკეტის გასხვისება და არა სახელმწიფო ქონების. აქციათა პაკეტში თუ რაიმე ქონება მოიაზრებოდა, მოცემულია იყო აქციათა საპრივატიზაციო დოკუმენტაციის №9 დანართში, სადაც, მოცემულ შემთხვევაში, მითითებულია მხოლოდ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი. არცერთი დოკუმენტი არ შეიცავს შენობა-ნაგებობების კვადრატულობას. ამდენად, შეუძლებელია დადგინდეს, სს „...ის“ უფლება უდგინდება თუ არა სხვა უძრავ ქონებაზეც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1972 წლის 25 იანვრის №2 სხდომის ოქმის თანახმად (№41 გადაწყვეტილება), თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს თხოვნა და ...ის ასაშენებლად გამოეყო მიწის ნაკვეთი ... ...სა და ...ის ტერიტორიას შორის.
2009 წლის 24 სექტემბრის №01-18/122 საარქივო ცნობის თანახმად, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1972 წლის 25 იანვრის №41 გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთავარ არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი მიწის ნაკვეთის განთავსების გეგმა (წითელი ხაზები). თბილისის ...ის რაიონის გამგეობის 1992 წლის 03 ივლისის №717 განკარგულების თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო საქმიანობის დემონოპოლიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 17 მარტის №323 დადგენილების, „სამეურნეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და შრომითი კოლექტივის კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, დარეგისტრირდა სახელმწიფო საწარმო - „ ...“. ამავე განკარგულების მიხედვით, საწარმოს მისამართად მიეთითა: ...ის №23.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1993 წლის 26 აპრილის №72 ბრძანების №2 დანართით დამტკიცდა პრივატიზაციის ტიპობრივი გეგმა, რომლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „...ის“ საწარმოს საწესდებო კაპიტალის სიდიდე განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 10 აპრილის №25 დადგენილებით განსაზღვრული წესით და შეადგენდა 710779,1 ათას მანეთს. ამავე გეგმის მე-15 პუნქტში, საწარმოს, ქვედანაყოფის მიწის ნაკვეთის საზღვრების, სიდიდის, ადგილმდებარეობის შესახებ გრაფაში ფიქსირდება მონაცემები: ...ის დასახლება, უკავია 7 ჰა ნაკვეთი. საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია საწარმოს ღირებულების შეფასების 1993 წლის 01 აპრილის აქტი, რომლის თანახმად, შეფასებულია „...ის“ ქონება 1993 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, კერძოდ: 1. ძირითადი საშუალებათა პასიური ნაწილი/შენობა-ნაგებობები და სხვა; 2. ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილი/დანადგარები და სხვა; 3. ძირითად საშუალებათა/პუნქტი 1, პუნქტი 2, მათ შორის: ძირითადი საწარმოო ფონდები; ძირითადი ფონდები, რომლებისთვისაც დადგენილია განსაკუთრებული პრივატიზების რეჟიმი.
ისიც დადგენილია, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1994 წლის №09.15.10 გადაწყვეტილების თანახმად, მიღებულ იქნა მთავარი სამმართველოს საწარმოო დარგების განყოფილების წინადადება და ქ. თბილისის მერიის „...ის“ ბაზაზე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „...“. დამტკიცდა სააქციო საზოგადოება „...“-ის წესდება, პრივატიზების გეგმა, ქონების შეფასების აქტი. ცნობად იქნა მიღებული, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრის კაბინეტის 1994 წლის 18 მარტის №151 დადგენილებით არ იყო გათვალისწინებული სააქციო საზოგადოება „...“-ის საწესდებო კაპიტალის საკონტროლო პაკეტის სახელმწიფო მფლობელობაში დატოვება. თბილისის ...ის რაიონის გამგეობის 1994 წლის 25 აგვისტოს №431 განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების შესაბამისად და სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1994 წლის 22 ივლისის №09.15.102 გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა სს „...“, რომელიც შეიქმნა „...ის“ ბაზაზე. საზოგადოების მისამართად განისაზღვრა ქ. თბილისი, ...ის ქ. №23. სს „...-ზე“ გაიცა საწარმოს (ქვესაწარმოს, ფილიალის, წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის მუდმივი მოწმობა №84. საწარმოს მისამართია: ...ის ქ. 23, საწარმოს საწესდებო ფონდი შეადგენს 710779,1 ათას მან.
ქ. თბილისის ...ის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 08 ივნისის №7ა/5-13 დადგენილებით რეგისტრირებული იქნა სს „...“-ის წესდება. საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 546754 აშშ დოლარით. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 23 აპრილის №1-3/272 ბრძანების თანახმად, დამტკიცდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 26 თებერვლის №1-3/132 ბრძანებით განსაზღვრული სააქციო საზოგადოებების (მათ შორის სს „...-ის“) აქციების ნულოვანი საწყისი ფასით, სპეციალიზებულ აუქციონზე გაყიდვის შედეგები. სპეციალიზებული აუქციონის შედეგების მოკლე ანალიზის თანახმად, აუქციონზე გაიყიდა სს „...-ის“ აქციების 100% (531094 აქცია). თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით სააქციო საზოგადოება „...-ს“ შეეცვალა საფირმო სახელი და ეწოდა „...“.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სს „...ის“ წარმომადგენელმა 2011 წლის 17 მაისის №20028/12, 2011 წლის 10 ოქტომბრის №44200/12 და 2011 წლის 30 ნოემბრის №5293/09 განცხადებებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ნულოვან აუქციონზე პრივატიზებული სს „...-ის“ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე წარდგენილი პროექტის შესაბამისად მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის თაობაზე. „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობის არასაცხოვრებელი ფართებისა, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის №1-1/562 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2012 წლის 20 აპრილის №8 ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა სს „...ის“ მიერ მოთხოვნილი საკითხი და მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის ქ. 23-ში არსებულ შენობა-ნაგებობებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართის განსაზღვრულიყო 28028 კვ.მ-ით, წარდგენილი ნახაზის შესაბამისად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 აპრილის №1-1/1065 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის №1-1/562 ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის შედეგები. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 08 მაისის №05/9924 წერილით სს „...ას“ ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის №1-1/562 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2012 წლის 20 აპრილის სხდომაზე (ოქმი №8) დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და ქ. თბილისში, ...ის ქ. №23-ში მდებარე, 1998 წელს ნულოვან აუქციონზე პრივატიზებულ, სს „...-ის“ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრა 28028 კვ.მ-ით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებებით სს „...ის“ საკუთრებაში დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №23-ში მდებარე უძრავი ნივთები (საკადასტრო კოდი - №..., დაზუსტებული ფართობი 27532.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7; საკადასტრო კოდი - №..., დაზუსტებული ფართობი 265.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართი 86.69 კვ.მ; საკადასტრო კოდი - №.., დაზუსტებული ფართობი 231.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართი 105.34 კვ.მ). უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია: საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 08 მაისის №05/9924 წერილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 აპრილის №1-1/1065 ბრძანება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის №1-1/562 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2012 წლის 20 აპრილის №8 ოქმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის №1-1/562 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2012 წლის 20 აპრილის დასკვნა, ქ. თბილისის ...ის რაიონის გამგეობის 1994 წლის 25 აგვისტოს №431 განკარგულება, საპრივატიზაციო გეგმა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 სექტემბრის №1/1-2146 ბრძანებით დადგინდა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რომელმაც განახორციელოს დანართ №1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დანართი №1-ის თანახმად, სარეგისტრაციო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, დაზუსტებული ფართობი - 41769.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1 საერთო ფართი - 47.78 კვ.მ, №2 საერთო ფართი - 2.64 კვ.მ, №3 საერთო ფართი - 67.9 კვ.მ, №4 საერთო ფართი - 68.49 კვ.მ, №5 საერთო ფართი - 10.25 კვ.მ, №6 ნანგრევი, №7 საერთო ფართი - 21.26 კვ.მ, №8 მიწისქვეშა ნაგებობა საერთო ფართი - 434.43 კვ.მ, №9 აუზი, №10 საერთო ფართი - 50.39 კვ.მ, №11 ნანგრევი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 02 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 სექტემბრის №1/1-2146 ბრძანების საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.
2021 წლის 10 დეკემბერს, სს „...მა“ განცხადებით (საჩივარი №143878/04) მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 სექტემბრის №1/1-2146 ბრძანების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ...ის ქუჩის 23-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სს „...ის“ 2021 წლის 10 დეკემბრის №143878/04 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შედგა დასკვნა, რომლითაც სააგენტომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 სექტემბრის №1/1-2146 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 მარტის №4/1304 წერილით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასკვნა და ადმინისტრაციული წარმოების მასალები გადაიგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს 2022 წლის 01 ივნისის №1-1/241 ბრძანებით სს „...ის“ 2021 წლის 10 დეკემბრის №143878/04 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ 1990-იან წლებში აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო საწარმოების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის პროცესი. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 1991 წლის 09 აგვისტოს კანონის 1.1 მუხლით „პრივატიზება“ განმარტებული იყო, როგორც მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგადაც, ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას. კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზების ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხოლო მე-16 მუხლი ადგენდა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესაძლებლობას აქციების (პაის) გაყიდვის გზით. ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმო წინასწარ უნდა გარდაქმნილიყო სახელმწიფო სააქციო საზოგადოებად და ამხანაგობად, ხოლო მათი რეგისტრაციის შემდეგ, საწარმოთა აქციების პაკეტი გადაეცემოდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდს, საკონკურსო საწყისებზე გაყიდვის მიზნით.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის №612 დადგენილებით დამტკიცდა ,,საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიურ რესპუბლიკათა და მუნიციპალურ (ადგილობრივ) საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო საწარმოთა ღია სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ” დებულება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიურ რესპუბლიკათა და მუნიციპალურ (ადგილობრივ) საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო საწარმოთა ღია სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის წესი. საწარმოს გარდაქმნა სააქციო საზოგადოებად ხორციელდებოდა შემდეგი წესით: სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების დამტკიცებული გეგმის შესაბამისად კომიტეტი აფუძნებდა სააქციო საზოგადოებას, ხელისუფლების ორგანოებში რეგისტრაციისათვის წარადგენდა კომიტეტის გადაწყვეტილებას ღია ტიპის სააქციო საზოგადოების დაფუძნების შესახებ, განცხადებას რეგისტრაციის შესახებ და სააქციო საზოგადოების წესდებას. სააქციო საზოგადოება რეგისტრაციის მომენტიდან გამოდიოდა მისი ზემდგომი ტერიტორიული, დარგობრივი მმართველობის ორგანოს დაქვემდებარებიდან. სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის დღიდან სახელმწიფო საწარმო ითვლებოდა გარდაქმნილად, ხოლო მისი ქონება სააქციო საზოგადოების ბალანსზე გადაცემულად. სააქციო საზოგადოებას ბალანსიდან ბალანსზე გადაეცემოდა სახელმწიფო საწარმოს ქონება, რომელიც შეადგენდა სააქციო საზოგადოების საწესდებო ფონდს, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოს ის ქონება, რომელიც სააქციო საზოგადოებას გადაეცემოდა კომიტეტის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე. სააქციო საზოგადოება წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს უფლებამონაცვლეს მისი გარდაქმნის მომენტისათვის არსებულ უფლება-ვალდებულებებზე, მათ შორის, მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლებაზე (4.1, 4.2, 4.3 პუნქტები).
„სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანოები შეუდგნენ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას მათი სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის გზით. კანონმდებლობით დადგინდა სახელმწიფო საწარმოთა გარდაქმნა სააქციო საზოგადოებებად, ხოლო შემდეგ აქციათა გაყიდვა. ამავე დადგენილების №1 დანართით დამტკიცდა „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულება“. დებულების მე-6 პუნქტის თანახმად, სავალდებულოდ ჩაითვალა პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით სააქციო საზოგადოების წესდების, ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა გადაწყვეტილებას მისი გარდაქმნის შესახებ სააქციო საზოგადოებად. დებულების მე-7 პუნქტის თანახმად, იმ საწარმოთა სიებს, რომლებიც პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამით და ამ დებულების შესაბამისად ექვემდებარებოდნენ სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარუდგენდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად, რის შესახებაც აცნობებდა შესაბამის სამინისტროს ან უწყებას. იმ შემთხვევაში თუ მინისტრთა კაბინეტი ორი კვირის ვადაში არ მიიღებდა მოტივირებულ გადაწყვეტილებას საპრივატიზაციო ობიექტის პრივატიზაციის შეჩერების შესახებ, პრივატიზაციის გეგმა ითვლებოდა დამტკიცებულად და საწარმო ექვემდებარებოდა პრივატიზაციას. დებულების მე-10 პუნქტით სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტიდან საწარმოს ქვედანაყოფის პასივები და აქტივები მიიღება სააქციო საზოგადოების მიერ. იგი ხდება გარდაქმნილი საწარმოს უფლებებისა და მოვალეობების მემკვიდრე. ქვეგანაყოფების გარდაქმნით შექმნილი სააქციო საზოგადოებების უფლებამემკვიდრეობის საზღვრები დგინდებოდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებით. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში განაწილებითი, გადასაცემი ბალანსების შედგენა არ მოითხოვებოდა. სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა მისი შეფასების აქტში. აქციების გამოშვების ორგანიზაციაზე, მათ სწორ აღრიცხვაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ მუშაკებს. დადგენილების მე-13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს. მე-14 პუნქტის შესაბამისად, აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ „სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის „...ის“ ბაზაზე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „...“ (სახელის შეცვლის შემდეგ - სს „...“). ისიც უდავოა, რომ სს ,,...ის“, როგორც „...ის“ უფლებამონაცვლის, სახელზე უკვე რეგისტრირებულია 28028 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ქონება, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნას დამატებით 41769.00 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაცია წარმოადგენს.
საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ „...ის“ პრივატიზაციის ტიპობრივი გეგმის თანახმად, საწარმოს დაკავებული ჰქონდა 7 ჰა ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი. ამდენად, საწარმო (შენობა-ნაგებობები და დანადგარები) განლაგებული იყო სწორედ 7 ჰა დაუზუსტებელი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე. ამასთან, საწარმოს ბალანსზე არსებული ქონების - შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების ზუსტი მდებარეობა და განლაგება საქმეში არსებული დოკუმენტაციით არ დგინდება. როგორც მხარეები მიუთითებენ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 სექტემბრის №1/1-2146 ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ 41769.00 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე განლაგებულია არაერთი შენობა-ნაგებობა (ზოგიერთი მათგანი ნანგრევის სახით), თუმცა სადავო 2014 წლის 25 სექტემბრის №1/1-2146 ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ზემოთ მითითებულ ნაგებობების სააქციო საზოგადოებისადმი კუთვნილების ფაქტი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სს ,,...ის“ სახელზე რეგისტრირებულია 28 028 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ქონება, ხოლო პრივატიზაციის გეგმით დასტურდება საწარმოს განთავსება 7 ჰა მიწის ნაკვეთზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სადავო ტერიტორიაზე არსებული „...ის“ ქონება გადაეცა სააქციო საზოგადოება „...-ს“ და არ დასტურდება, რომ ქონების რაიმე ნაწილი დარჩა სახელმწიფოს ბალანსზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საწარმოს ღირებულების შეფასების 1993 წლის 01 აპრილის აქტით შეფასდა „...ის“ ქონება 1993 წლის 1 აპრილის მდგომარეობით. აქტში, სხვა მონაცემებთან ერთად, მითითებულია ძირითადი საშუალებათა პასიური ნაწილი/შენობა-ნაგებობები (ტ. 1, ს.ფ. 68). საკითხის ხელახალი განხილვისას უნდა დადგინდეს სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ 41 769.00 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე ზემოხსენებული შენობა-ნაგებობების შესაძლო განთავსების საკითხი და ადმინისტრაციულმა ორგანომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების გზით სათანადო მტკიცებულებებით გამორიცხოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 სექტემბრის №1/1-2146 სადავო ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ 41769.00 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე „...ის“ ბალანზე არსებული ქონების განთავსების ფაქტი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილითა გათვალისწინებული რეგულაცია, რომლის თანახმად, ამ ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. ამდენად, დასაბუთებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორების მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივრებს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა
გ. მაკარიძე