საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქმე №ბს-859 (2კ-24) 09 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2024წ. გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი/მ ქ.მ-მა 05.09.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 13.07.2018წ. №18112 ბრძანებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.08.2018წ. №6385/2/2018 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.06.2021წ. გადაწყვეტილებით ი/მ ქ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი/მ ქ.მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2024წ. გადაწყვეტილებით ი/მ ქ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 13.07.2018წ. №18112 ბრძანება ი/მ ქ.მ-ის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.08.2018წ. №6385/2/2018 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2024წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. 02.08.2024წ. საკასაციო საჩივრები დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 18.09.2024წ. და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 04.10.2024წ. განცხადებით მომართეს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი განცხადებით, რომელსაც ხელს აწერს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი - ლ.კ-ა, უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება ხელმოწერილია პირველადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის გ.თ-ის მიერ, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 05.04.2021წ. N73 ბრძანებით მინიჭებული აქვს სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის უფლებამოსილება. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოახდინეს სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე