საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-857(კ-23) 18 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - გ.კ-ე, გ.მ-ი, თ.ფ-ი, ნ.ბ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.კ-ემ, გ.მ-მა, თ.ფ-მა და ნ.ბ-მა 2022 წლის 05 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისი სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართა და გ.კ-ისთვის 9 900 ლარის ოდენობით, გ.მ-ისთვის 5 280 ლარის ოდენობით, თ.ფ-ისთვის 7 700 ლარის ოდენობითა და ნ.ბ-ისთვის 10 750 ლარის ოდენობით მიუღებელი პენსიის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
გ.კ-ემ, გ.მ-მა და თ.ფ-მა 2022 წლის 21 ივნისს წარადგინეს დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვეს გ.კ-ისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 08 ივნისის №04-00-ი/14447, გ.მ-ისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 08 ივნისის №04-00-ი/14443, თ.ფ-ისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 08 ივნისის №04-00-ი/14450 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და გ.კ-ისთვის 9 900 ლარის ოდენობით, გ.მ-ისთვის 5 280 ლარის ოდენობითა და თ.ფ-ისთვის 7 700 ლარის ოდენობით მიუღებელი პენსიის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ივლისის განჩინებით ნ.ბ-ს, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.კ-ის, გ.მ-ისა და თ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ.კ-ის, გ.მ-ისა და თ.ფ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა გ.კ-ის, გ.მ-ის, თ.ფ-ისა და ნ.ბ-ის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო ფორმალური დასაშვებობის საკითხს წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ივლისის განჩინებით ნ.ბ-ს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებით განემარტა, რომ მას შეეძლო აღნიშნულ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრება, რაც ნ.ბ-ს არ განუხორციელებია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ეტაპზე, სასამართლოს განჩინებას სადავოდ არ ხდიდა. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარის წარმომადგენლისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ცნობილი იყო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
განსახილველ შემთხვევაში, ნ.ბ-ი არ წარმოადგენს მხარეს და არც მე-3 პირს, ვინაიდან მისი სარჩელის მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2022 წლის 07 განჩინებით უარი თქვა, რაც არ გაუსაჩივრებია კერძო საჩივრით, შესაბამისად შესულია კანონიერ ძალაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც არ ეხება ნ.ბ-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა