Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-779(კ-24) 17 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – ჟ. ყ-ა, ო. ყ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 31 ივლისს ჟ. ყ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ ამავე სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის №IDP 9 23 00001956 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე და მოსარჩელეებად მიეთითა ჟ. ყ-ა და ო. ყ-ა.

მოსარჩელეების განმარტებით, ჟ. ყ-ა და ო. ყ-ა არიან დედა-შვილი, ცხოვრობენ სხვის ბინაში, რომლის მესაკუთრე აპირებს ბინის გასხვისებას. შესაბამისად, მოსარჩელეებს ესაჭიროებათ საცხოვრებელი ფართი, რომლის გადაცემაზეც მოპასუხის მიერ უკანონოდ ეთქვათ უარი. მოსარჩელეთა მითითებით, მოსარჩელე ო. ყ-ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ჟ. ყ-ასა და ო. ყ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის №IDP 9 23 00001956 ბრძანება და ამავე სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჟ. ყ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. საქალაქო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია გადაუდებელი განსახლების საჭიროებისა პრიორიტეტულობის ამჟამად არარსებობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას - განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვოს საცხოვრებელი ფართი და მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაკმაყოფილებული იქნეს საცხოვრებლით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მინიჭებულ ქულათა გათვალისწინებით, დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას, ფაქტების დეტალურ შესწავლას და მხოლოდ ამის შემდგომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

კასატორის მითითებით, მონიტორინგის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მოსარჩელე ჟ. ყ-ამ თავად განმარტა, რომ 1993 წლიდან 2000 წლამდე ცხოვრობდა წყალტუბოში, 2000-2022 წლამდე პერიოდი უმეტესად გაატარა რუსეთში, მის შვილს - ო. ყ-ას აქვს ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთი - საქართველო), ხოლო ბინის მესაკუთრე, სადაც მოსარჩელეები საქართველოში ყოფნის პერიოდში ცხოვრობენ, არის მოსარჩელე ჟ. ყ-ას ძმისშვილის საკუთრება. შესაბამისად, სააგენტოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე, არ არსებობს დევნილი ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროება. კასატორს მიაჩნია, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

ხსენებული კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების №1 დანართით განსაზღვრულია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი, კერძოდ, აღნიშნული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №292 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. ამავე „წესის“ №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ჟ. ყ-ამ შვილთან - ო. ყ-ასთან ერთად განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა, მოითხოვა მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ჟ. ყ-ას განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მოსარჩელის განაცხადი და მიენიჭა 5 ქულა (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2 წევრი - 2 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.5 ქულა, ომში მონაწილეობა/ომის ვეტერანი - 1.5 ქულა).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით, ჟ. ყ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს ძმისშვილის ალტერნატიული საკუთრების არსებობის გამო.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №36), სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის №IDP 9 23 00001956 ბრძანებით, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო ჟ. ყ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და, რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის №ბს-199(კ-20) განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, მონიტორინგის სამსახურის მიერ გაირკვა, რომ მისამართზე, სადაც მონიტორინგი განხორციელდა (ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №..., ბ. ...), მონიტორინგისას იმყოფებოდა განმცხადებელი - ჟ. ყ-ა, მისი ბიძაშვილი, რომლის სახელზეც ირიცხება აღნიშნული საცხოვრებელი ფართი, და ბიძაშვილის მეუღლე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, სააგენტოს მითითება მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეს, ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის გამო, არ ემუქრება თავშესაფრის გარეშე დარჩენა, არ ქმნის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. ის გარემოება, რომ მოსარჩელის ნათესავს გააჩნია საცხოვრებელი სახლი, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოსარჩელის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, მოპასუხემ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვითა და მართებული ანალიზის შედეგად ვერ დაასაბუთა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის ფაქტი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას, რის გამოც სადავო აქტი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჟ. ყ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე