№ბს-327(3კ-24) 25 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ.ა-ე
მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მესამე პირები - სს ,,თ..." (სასკ 16.2), ბ.გ-ე (სასკ 16.1)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 8 სექტემბერს დ.ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის გამგებლის 2009 წლის 6 მარტის №01-13/76 წერილის ნაწილობრივ, 1000 კვ.მ-ს ნაწილში ბათილად ცნობა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №10/1 განკარგულების ნაწილობრივ, 1 000 კვ.მ-ს ნაწილში ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ, 1000 კვ.მ-ს ნაწილში ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 21 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ, 1 000 კვ.მ-ს ნაწილში ბათილად ცნობა; აჭარის ა/რ ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 ოქტომბრის №01-22/3576 წერილის ნაწილობრივ, 1 000 კვ.მ-ს ნაწილში ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, მ.მ-ემ 2008 წლის 21 იანვარს შეიძინა 1 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში (ს/კ ...). 2008 წლის 27 ივნისის №... განაცხადის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება სს ,, ბ...ის“ სასარგებლოდ. მ.მ-ემ ნაკისრი სასესხო ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც სს „ბ...ამ“ აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 18 იანვრის №02/02–06–11–08 განკარგულების საფუძველზე შეიძინა ხელვაჩაურის რაიონის, სოფ. ...ში მდებარე 1 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
2011 წლის 30 მაისს, სს „ბ...ამ“ №... სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა, ხელვაჩაურის რაიონის, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) უფლების რეგისტრაცია. ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2011 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რადგან დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ზედდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან.
სს „ბ...“ 2016 წელს შეერწყა სს „თ...ს“. 2018 წლის 11 მაისს, სს „თ...მა“ №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2018 წლის 14 მაისს და 16 ივლისს, საჯარო რეესტრმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზე დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ დგინდებოდა ზედდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
2021 წლის 11 აგვისტოს, ერთი მხრივ სს „თ...სა“ და მეორე მხრივ, ბ.გ-ეს და დ.ა-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების მიმართ არსებული მოთხოვნის დათმობის შესახებ. ბ.გ-ემ და დ.ა-ემ მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებაზე დაწყებული წარმოება, არსებული ზედდების გამო შეჩერდა და შემდგომ შეწყდა.
მოსარჩელე უთითებდა, რომ მ.მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 2009 წლის 6 მარტს დარეგისტრირდა ხელვაჩაურის რაიონის საკუთრებად და შემდგომ გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. 2011 წელს აღნიშნული ტერიტორია გადავიდა ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მას გააჩნდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, რომლის რეალიზებასაც ვერ ახდენდა, ამავე მიწის ნაკვეთზე უკანონოდ განხორციელებული რეგისტრაციების გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 1 000 კვ/მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), დაუზუსტებელი სახით, აღირიცხა მ.მ-ის საკუთრებად. 2008 წლის 27 ივნისის №... განაცხადის საფუძველზე, მ.მ-ის სახელზე რიცხულ, ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 1 000 კვ/მ ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება სს „ბ...ის“ სასარგებლოდ. მ.მ-ემ ვერ უზრუნველყო სს „ბ...ის“ მიმართ ნაკისრი სასესხო ვალდებულების შესრულება, რის გამოც ბანკმა აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 18 იანვრის №02/02–06–11–08 განკარგულების საფუძველზე შეიძინა ხელვაჩაურის რაიონის, სოფ. ...ში მდებარე 1 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (დაუზუსტებელი მონაცემებით).
2011 წლის 30 მაისს, სს „ ბ...ამ“ №... სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრს. ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2011 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა №...- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რამდენადაც დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ზედდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან (ს/კ...). 2011 წლის 19 ივლისს, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რამდენადაც, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის №01-13/76 მიმართვის საფუძველზე, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილებით, სოფელ ...ში მდებარე 46 798 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად და უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი .... ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 09 ოქტომბრის №10/1 განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა რიგი მიწის ნაკვეთები, მათ შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 46 798 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ძველი ს/კ ...; ახალი ს/კ ... და ...), რომელმაც მოიცვა სადავო მიწის ნაკვეთიც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის №01-22/3576 მიმართვის საფუძველზე, სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, სოფელ ...ში მდებარე 46 798 კვ.მ მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი) დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ....
2011 წლის 27 ივლისს, სს „ბ...ამ“ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების კორექტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, იმ მიზნით, რომ ბანკს საშუალება მისცემოდა არსებული საკადასტრო მონაცემების გათვალისწინებით თავისი კანონიერი უფლების რეალიზება განეხორციელებინა და საკუთრებაში დაერეგისტრირებინა უძრავი ქონება. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ოქტომბრის №277 ბრძანებით, სს „ბ...ას“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სს „ბ...“ 2016 წელს შეერწყა სს „თ...ს“. 2018 წლის 11 მაისს, სს „თ...მა“ №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა იძულებითი აღსრულება ხელვაჩაურის რაიონის, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე. 2018 წლის 14 მაისს და 16 ივლისს, საჯარო რეესტრმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზე დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ დგინდებოდა ზედდება აჭარის ა/რ საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ... ძველი ს/კ ...). №... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
2021 წლის 11 აგვისტოს, ერთი მხრივ სს „თ...სა“ და მეორე მხრივ, ბ.გ-ეს და დ.ა-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლის ძალითაც „უფლების შემძენზე“ (ბ.გ-ე და დ.ა-ე) გადავიდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული №02/02-06-11-08 განკარგულების საფუძველზე წარმოშობილი უფლება, უძრავი ქონების (მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ..., საკადასტრო კოდი: ...) მიმართ. 2021 წლის 11 აგვისტოს საჯარო რეესტრს №... განცხადებით მიმართა დაინტერესებულმა პირმა, ბ.გ-ემ და მოითხოვა უძრავ ნივთზე (მდებარე ხელვაჩაურში, სოფელი ...ში (ს/კ ...)) საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე. 2021 წლის 17 აგვისტოს, სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება.
სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მ.მ-ე, საჯარო რეესტრში ირიცხებოდა სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, თუმცა მისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი მონაცემებით, რაც არ იყო შესაბამისობაში მოყვანილი ერთიან სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში. ამასთან, აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 18 იანვრის №02/02–06–11–08 განკარგულების საფუძველზე, სს „ბ...ას“ საკუთრების უფლებით გადაეცა სწორედ დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, შემდგომ კი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ გააჩნდა სამართლებრივი უფლება და საფუძველი, სოფელ ...ში მდებარე 46798 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე, საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოეთხოვა, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილი გარემოებებით, მათ შორის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით დასტურდებოდა, რომ არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სასამართლომ მიუთითა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის (საქმე №3-1/12) კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილი იქნა, სადაო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება და განიმარტა, რომ არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძვლები აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უკანონოდ მიჩნევისა, რადგან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან, 2012 წლის მაისის თვიდან სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არანაირი ფაქტობრივი გარემოება არ შეცვლილა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება დ.ა-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის №01-13/76 მიმართვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის - 46 798 მ2-ის რეგისტრაციის შესახებ 1000 მ2 მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელიც მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 ნოემბრის №008286623 ექსპერტიზის დასკვნაში და ამავე დასკვნის დანართი №3-ში სარეგისტრაციო კონტურის კოორდინატების საფუძველზე, რაიონი: ხელვაჩაური, სოფელი ..., კოდი: ...; ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილება, თ.დ-ის განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის - 46 798 მ2-ის რეგისტრაციის შესახებ 1000 მ2 მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელიც მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 ნოემბრის №008286623 ექსპერტიზის დასკვნაში და ამავე დასკვნის დანართი №3-ში სარეგისტრაციო კონტურის კოორდინატების საფუძველზე, რაიონი: ხელვაჩაური, სოფელი ..., კოდი: ...; აგრეთვე, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №10/1 განკარგულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის - 46 798 მ2-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 1000 მ2 მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელიც მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 ნოემბრის №008286623 ექსპერტიზის დასკვნაში და ამავე დასკვნის დანართი №3-ში სარეგისტრაციო კონტურის კოორდინატების საფუძველზე, რაიონი: ხელვაჩაური, სოფელი ..., კოდი: ...; ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის №01-22/3576 წერილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის - 46 798 მ2-ის აჭარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 1000 მ2 მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელიც მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 ნოემბრის №008286623 ექსპერტიზის დასკვნაში და ამავე დასკვნის დანართი №3-ში სარეგისტრაციო კონტურის კოორდინატების საფუძველზე, რაიონი: ხელვაჩაური, სოფელი ..., კოდი: ...; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 21 ოქტომბრის ... გადაწყვეტილება მ.გ-ის განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის - 46 798 მ2 მიწის ნაკვეთის დაყოფის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის - 33 786 მ2-ის რეგისტრაციის შესახებ 1000 მ2 მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელიც მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 ნოემბრის №008286623 ექსპერტიზის დასკვნაში და ამავე დასკვნის დანართი №3-ში სარეგისტრაციო კონტურის კოორდინატების საფუძველზე, რაიონი: ხელვაჩაური, სოფელი ..., კოდი: ....
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტი (მოსარჩელე) მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.11.2023 წლის №008286623 ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ წარმოდგენილი 2007 წელს შედგენილი და აღიარების კომისიის მიერ ბეჭდით დამოწმებულ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის - ადგილმდებარეობა შეესაბამებოდა სს „თ...ს“ დაკვეთით 2018 წელს ი.მ. ,,ლ.ჭ-ის"- მიერ შედგენილ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის და 2023 წელს ი.მ. ,, ი.კ-ის“ მიერ შედგენილ მიწის ნაკვეთის გარდამტეხი საკოორდინატო წერტილების (დაკვალვის) მდებარეობას, ხოლო აღნიშნული ნაკვეთების ფართობი არ იყო იდენტური, ვინაიდან განსხვავდებოდა მიწის ნაკვეთების ფართობი, 38 კვ.მ-ით (იხ. დანართი №4). ზემოაღნიშნულ ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთი, თავისი საკოორდინატო წერტილების თანახმად, მდებარეობდა ქალაქ ბათუმში, დასახლება ...ში, ხოლო საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ მონაცემებთან მიმართებაში, ფიქსირდებოდა ზედდება (ს/კ ...)-ით რეგისტრირებულ და (ს/კ № ...)-ით მყოფ მონაცემებთან. ამავე დასკვნის (20.11.2023 წლის №008286623) გამოკვლევით ნაწილში მითითებული იყო, რომ ექსპერტიზაზე კვლევისათვის წარდგენილი იყო: 19.12.2007 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №0898 და შპს ,,..."-...-ს მიერ 13.12.2007 წელს მომზადებული 1038 კვ.მ მიწის ნაკვეთის აგეგმვითი /აზომვითი ნახაზი; 30.04.2018 წელს სს „თ...ს“ დაკვეთით, ი.მ. ,,ლ.ჭ-ის" მიერ მომზადებული 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი; 01.11.2023 წელს ი.მ. „ი.კ-ის“ მიერ შედგენილი წერტილების იდენტიფიცირების აქტი.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზების და მიწის ნაკვეთის გარდატეხის საკოორდინატო წერტილების გაორიენტირების შემდგომ ექსპერტ დ.ხ-ის მიერ შედგენილი იქნა დანართი №4, სადაც განსხვავდება მდგომარეობა აღმოსავლეთ ნაწილში საზღვარსა და ფართს შორის კერძოდ, მიწის ნაკვეთებს შორის ფართობის სხვაობა შეადგენდა 38 კვ.მ-ს. ასევე, ექსპერტ დ.ხ-ის მიერ შედარებული იქნა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების გარდამტეხი საკოორდინატო წერტილების მდებარეობა საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ მონაცემებთან მიმართებაში, სადაც ფიქსირდება ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ და №... საკადასტრო კოდით წარმოებაში მყოფ მონაცემებთან.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სადაო მიწის ნაკვეთი ნამდვილად იყო ის ნაკვეთი, რომელიც თავის დროზე შეიძინა მ.მ-ემ, მოგვიანებით დატვირთა იპოთეკით და შემდეგ შეიძინა ,,ბ...მ“ ანუ სახეზე იყო ახალი ფაქტობრივი გარემოება. სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, შესაბამისად უნდა გაუქმებულიყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დ.ა-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზების შეუვსებლობის მოტივით, განუხილველი დარჩა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
კასატორი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2012 წლის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ვერ იქნა დადგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა, ხოლო მიმდინარე დავაში მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად მოსარჩელემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს. სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოებაც, რომ მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ 2011 წლის პერიოდში ცნობილი იყო განსახილველი დავის ფარგლებში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
კასატორი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის იმპერატიულ დათქმაზე, კერძოდ მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა ჩანაწერზე, ვინაიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის 01-13/76 მიმართვით მოთხოვნილი უძრავი ქონების რეგისტრაცია მოთხოვნილ 46 798 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში იმ დროისათვის რეგისტრირებული იყო როგორც დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი. შესაბამისად ამ მიწის ნაკვეთში შემავალ რომელიმე 1000 კვ.მ-ზე რაიმე სახით საკუთრების ფლობის დადასტურება უნდა მომხდარიყო საჯარო რეესტრში არსებული და დაცული ინფორმაციის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 1 000 კვ/მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), დაუზუსტებელი სახით, აღირიცხა მ.მ-ის საკუთრებად.
2008 წლის 27 ივნისის №... განაცხადის საფუძველზე, მ.მ-ის სახელზე რიცხულ, ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 1 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება სს „ბ...ს“ სასარგებლოდ. მ.მ-ემ ვერ უზრუნველყო სს „ბ...ს“ მიმართ ნაკისრი სასესხო ვალდებულების შესრულება, რის გამოც ბანკმა აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 18 იანვრის №02/02–06–11–08 განკარგულების საფუძველზე შეიძინა ხელვაჩაურის რაიონის, სოფ. ...ში მდებარე 1 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
2011 წლის 30 მაისს, სს „ბ...მ“ №... სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2011 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რადგან დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ზედდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან (ს/კ ...). 2011 წლის 19 ივლისს, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რამდენადაც, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 6 მარტის №01-13/76 მიმართვის საფუძველზე, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 მარტის №... გადაწყვეტილებით, სოფელ ...ში მდებარე 46 798 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად და უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი .... ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №10/1 განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა რიგი მიწის ნაკვეთები, მათ შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 46 798 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ძველი ს/კ ...; ახალი ს/კ ... და ...). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 15 ოქტომბრის №01-22/3576 მიმართვის საფუძველზე, სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, სოფელ ...ში მდებარე 46 798 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობი) დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება და უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ....
2011 წლის 27 ივლისს, სს „ბ...მ“ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების კორექტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, იმ მიზნით, რომ ბანკს საშუალება მისცემოდა არსებული საკადასტრო მონაცემების გათვალისწინებით თავისი კანონიერი უფლების რეალიზება განეხორციელებინა და საკუთრებაში დაერეგისტრირებინა უძრავი ქონება. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 03 ოქტომბრის №277 ბრძანებით, სს „ბ...ს“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სს „ბ...“ 2016 წელს შეერწყა სს „თ...ს“. 2018 წლის 11 მაისს, სს „თ...მა“ №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს. 2018 წლის 14 მაისს და 16 ივლისს, საჯარო რეესტრმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზე დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ დგინდებოდა ზედდება აჭარის ა/რ საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...; ძველი ს/კ ...).
2021 წლის 11 აგვისტოს, ერთი მხრივ სს „თ...სა“ და მეორე მხრივ, ბ.გ-ეს და დ.ა-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლის ძალითაც „უფლების შემძენზე“ (ბ.გ-ე და დ.ა-ე) გადავიდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული №02/02-06-11-08 განკარგულების საფუძველზე წარმოშობილი უფლება, უძრავი ქონების (მდებარე: ხელვაჩაურის რაიონში, სოფელი ...ში, ს/კ...) მიმართ. 2021 წლის 11 აგვისტოს საჯარო რეესტრს №... განცხადებით მიმართა დაინტერესებულმა პირმა, ბ.გ-ემ და მოითხოვა უძრავ ნივთზე (სოფელი ...ში (ს/კ ...)) საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე. 2021 წლის 17 აგვისტოს, სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.მ-ე, საჯარო რეესტრში ირიცხებოდა სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, რომლის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი მონაცემებით. მისი მიწის ნაკვეთი აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 18 იანვრის №02/02–06–11–08 განკარგულების საფუძველზე, სს „ბ...ას“ საკუთრებაში გადავიდა. სს „ბ...“ შეერწყა სს „თ...ს“ . ამ უკანასკნელმა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული უფლება დაუთმო ბ.გ-სა და დ.ა-ეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი, რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინება საქმე №ბს-459-453(3კ-14)).
განსახილველ საქმეში სადავო საკითხს არ წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი. დ.ა-ემ სადავოდ გახადა ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მისი უფლების რეალიზებისთვის ქმნიან დაბრკოლებას და რომელთა საფუძველზეც, ვერ ახერხებდა საკუთრების ობიექტზე საკუთრების უფლების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციას, საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქონება, რომელზე უფლებაც წინა მესაკუთრემ ბ.გ-სა და დ.ა-ეს დაუთმო, საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო დაუზუსტებელი მონაცემებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება საქმე №ბს-367-363(კ-12)).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) უზრუნველყო განესაზღვრა სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომელზე საკუთრების უფლებაც საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული იყო. აღნიშნულის შედეგად კი დადასტურდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტისთვის, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უკვე იყო რეგისტრირებული საკუთრების უფლება, რაც გამორიცხავდა ამავე მიწის ნაკვეთზე შემდგომ განხორციელებული უფლების რეგისტრაციების კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სასამართლოს სხდომაზე აპელანტი (მოსარჩელე) მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.11.2023 წლის N008286623 ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ მ.მ-ის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი - ადგილმდებარეობა შეესაბამება სს ,,თ...ს" დაკვეთით 2018 წელს ი.მ. ,,ლ.ჭ-ის"- მიერ შედგენილ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის და 2023 წელს ი.მ. ,,ი.კ-ე"-ს მიერ შედგენილ მიწის ნაკვეთის გარდამტეხი საკოორდინატო წერტილების (დაკვალვის) მდებარეობას, ხოლო აღნიშნული ნაკვეთების ფართობი არ არის - იდენტური, ვინაიდან განსხვავდება მიწის ნაკვეთების ფართობი, 38 კვ.მ-ით. ზემოაღნიშნულ ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთი, თავისი საკოორდინატო წერტილების თანახმად, მდებარეობს ქალაქ ბათუმში, დასახლება ...ში, ხოლო საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ მონაცემებთან მიმართებაში, ფიქსირდება ზედდება (ს/კ ...)-ით რეგისტრირებულ და (ს/კ ...)-ით წარმოებაში მყოფ მონაცემებთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა გაზიარებული აპელანტის პოზიცია, რომ 2012 წლის 17 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ვერ ხერხდებოდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება, თუმცა მოცემულ საქმეზე, ახალი დაინტერესებული პირის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სადაო მიწის ნაკვეთი ნამდვილად არის ის ნაკვეთი, რომელიც თავის დროზე შეიძინა მ.მ-ემ და მოგვიანებით დატვირთა იპოთეკით და შემდეგ შეიძინა „ბ...ამ“, შესაბამისად სახეზე იყო ახალი ფაქტობრივი გარემოება, რაც დ.ა-ის მოთხოვნას საფუძვლიანს ხდიდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა