საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1266(2კ-22) 14 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) - ლ. ბ-ი, ე. ო-ი, თ. ღ-ი
მესამე პირი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
თავდაპირველი მოსარჩელეები - თ. ბ-ე, ა. გ-ა, ს. ს-ე, ი. უ-ი, ლ. ჯ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 30 ოქტომბერს ლ. ბ-მა, თ. ბ-ემ, ა. გ-ამ, ე. ო-მა, ს. ს-ემ, ი. უ-მა, თ. ღ-მა და ლ. ჯ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვეს სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, როგორც დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯის) სამართალმემკვიდრისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის თ. მ-ის მიერ გამოცემული 2006 წლის 4 ივლისის №... ბრძანების იმ ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეებს - ლ. ბ-ს, თ. ბ-ეს, ა. გ-ას, ე. ო-ს, ს. ს-ეს, ი. უ-ს, თ. ღ-ს და ლ. ჯ-ას მიენიჭათ მასწავლებლის კვალიფიკაცია. ასევე, ამ ცვლილების შედეგად მოსარჩელეებისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭება და შესაბამისი დიპლომების გაცემა.
მოსარჩელეთა განმარტებით, დ. გურამიშვილის სახელობის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლების დირექტორის თ. მ-ის 2006 წლის 4 ივლისის N... ბრძანების საფუძველზე, ლ. ბ-ს, ი. უ-ს, ლ. ჯ-ას და ა. გ-ას მიენიჭათ დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია, ხოლო თ. ბ-ეს და ს. ს-ეს მიენიჭათ ...ის მასწავლებლის კვალიფიკაცია. ასევე, 2007 წელს დ. გურამიშვილის სახელობის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის დირექტორის ბრძანებით, ე. ო-ს მიენიჭა ...ის მასწავლებლის კვალიფიკაცია, თ. ღ-ს კი მიენიჭა ი...ის მასწავლებლის კვალიფიკაცია. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათზე კანონდარღვევით, უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად გაცემულია საშუალო-პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომები). ამასთან, მიუთითებენ, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს წერილით მიმართეს სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც დავით გურამიშვილის სახელობის უმაღლესი სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებლის სამართალმემკვიდრეს, მათზე კანონდარღვევით გაცემული საშუალო-პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომების ნაცვლად, უმაღლესი განათლების მიღებისა და ბაკალავრის კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომების) გაცემის მოთხოვნით. მოსარჩელეთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წერილში ისინი უთითებდნენ მსგავს საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 7 ნოემბერს მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3/4824-13) თაობაზე, 2017 წლის 10 ოქტომბრის საპასუხო წერილით უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, ლ. ბ-ის, ე. ო-ის და თ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თ. ბ-ის, ა. გ-ას, ს. ს-ის, ი. უ-ის და ლ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯის) სამართალმემკვიდრეს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის თ. მ-ის მიერ გამოცემული 2006 წლის 4 ივლისის №... ბრძანების იმ ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეებს - თ. ბ-ეს და ს. ს-ეს მიენიჭათ ...ის მასწავლებლის კვალიფიკაცია; სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯის) სამართალმემკვიდრეს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის თ. მ-ის მიერ გამოცემული 2006 წლის 4 ივლისის №... ბრძანების იმ ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეებს - ი. უ-ს, ლ. ჯ-ას და ა. გ-ას მიენიჭათ დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია. ასევე, დადგინდა ამ ცვლილებების შედეგად მოსარჩელეებისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭება და შესაბამისი დიპლომების გაცემა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის ,,ე1”, ,,ვ“, ,,მ“, ,,ნ“, ,,ო“, ,,ჰ15“, ,,ჰ34“ ქვეპუნქტებზე, 46-ე, 48-ე მუხლებზე, 89-ე მუხლის 82 პუნქტზე და აღნიშნა, რომ ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს. განსახილველ შემთხვევაში კი სადავო არაა ის გარემოება, რომ ლ. ბ-ი, ე. ო-ი და თ. ღ-ი ცხრა კლასის ბაზაზე ჩაირიცხნენ თბილისის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში, შემდგომში დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებელში (კოლეჯში) და მათ მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 აგვისტოს №697 ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, ბრძანების მე-3 პუნქტში აღნიშნული სტუდენტების გარდა, იმ სტუდენტებზე, რომელთაც საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულეს 2006 წლის 20 თებერვლის შემდეგ, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომთან. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, ლ. ბ-ის, ე. ო-ის და თ. ღ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, თ. ბ-ის, ა. გ-ას, ს. ს-ის, ი. უ-ის და ლ. ჯ-ას სარჩელთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები - თ. ბ-ე, ა. გ-ა, ს. ს-ე, ი. უ-ი და ლ. ჯ-ა დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის სტუდენტები გახდნენ 2001 წელს და აღნიშნული კოლეჯის უფლებამონაცვლედ სსიპ დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის დადგენამდე, 2006 წლის 20 თებერვლამდე მოისმინეს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი. საქმეში არსებული მასალებით ასევე დადასტურებულია მოსარჩელეების - თ. ბ-ის, ა. გ-ას, ს. ს-ის, ი. უ-ის და ლ. ჯ-ას სახელზე ბაკალავრიატში სწავლის უფლების მოპოვების საფუძვლების, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების (ატესტატების) არსებობა. ამასთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების მიუხედავად, რომ მოსარჩელეთათვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭება და შესაბამისი დიპლომების გაცემის შესაძლებლობა ეწინააღმდეგება მათთვის მასწავლებლის კვალიფიკაციის მინიჭების პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას და კანონიერ ძალაში არსებულ 2008 წლის 11 აგვისტოს გამოცემულ №697 ბრძანებას, მითითებული კატეგორიის სტუდენტთა მიერ გავლილი სასწავლო პროგრამის შედეგების შენარჩუნება და ამ შედეგების შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით მათზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ბაკალავრის დიპლომის გაცემა, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა შემთხვევის ანალოგიურად, ასევე ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერი ნდობა უნდა შეფასდეს, როგორც დაცვის ღირსი, ვინაიდან მას უნდა მოჰყვეს მოსარჩელეთა მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობის პირობებში სასწავლო პროგრამის გავლის შედეგად არსებული შედეგების შენარჩუნების მიზნით, ამ შედეგების შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით მათზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ბაკალავრის დიპლომის გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება ლ. ბ-ის, ე. ო-ის და თ. ღ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ბ-მა, ე. ო-მა და თ. ღ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა მოპასუხე - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, მოსარჩელე ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის განცხადების საფუძველზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატამ უპირველეს ყოვლისა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, რაც დავის განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე, ქმნიდა მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის ,,ე1”, ,,ვ“, ,,მ“, ,,ნ“, ,,ო“, ,,ღ2“, ,,შ“, ,,ჰ15“ ქვეპუნქტებზე, 46-ე, 48-ე მუხლებზე, 89-ე მუხლის 82 პუნქტზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლ. ბ-ი, ე. ო-ი და თ. ღ-ი დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის სტუდენტები გახდნენ 2000 და 2002 წლებში, ანუ ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი (კოლეჯი) არ იყო რეორგანიზებული საშუალო პროფესიულ სასწავლებლად, უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა უმაღლესი პედაგოგიური საქმიანობა და ასევე უფლებამოსილი იყო გაეცა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ აპელანტებისთვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და დიპლომის გაცემის დროს უკვე მოქმედებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის №124-ე ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯის წესდება, რომლის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შექმნილი სსიპ დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯი, სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებდა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას (1.1. მუხლი). აღნიშნული წესდების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგინდა, რომ მოსწავლეს, რომელიც ჩააბარებდა მისაღებ გამოცდებს და გაივლიდა სწავლების სრულ კურსს, მიეცემოდა დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯის დიპლომი. იმავე წესდების მე-15 მუხლით კი განისაზღვრა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯი წარმოადგენდა დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის უფლებამონაცვლეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საშუალო პროფესიულ სასწავლებლად რეორგანიზაციის შემდეგ, აპელანტთა მიერ დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში სწავლების პერიოდი სულ რამდენიმე თვეს შეადგენს, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა კანონიერი ნდობის პრინციპისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი; თუმცა სააპელაციო პალატამ აქვე აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკვანძო საკითხს წარმოადგენს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) დანაწესის პირობებში (ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს), რამდენად შესაძლებელია აპელანტებს მიენიჭოთ ბაკალავრის ხარისხი და მათზე გაიცეს ბაკალავრის დიპლომი, როდესაც უდავოდ დადგენილია, რომ ისინი დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ კოლეჯში ჩაირიცხნენ არასრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია იმის დადგენა, დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯი) კურსდამთავრებულთა შორის, რომელთაც გააჩნიათ აღნიშნულ სასწავლებელში სწავლის შედეგად მიღებული ბაკალავრის ხარისხი და უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, არსებობენ თუ არა ისეთი პირები, რომელთა ჩარიცხვაც ამ სასწავლებელში მოხდა არასრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯი) კურსდამთავრებულთა შორის ზემოაღნიშნული პირების არსებობა, თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპიდან (საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, ძველი რედაქციით მე-14 მუხლი) გამომდინარე, აპელანტებსაც უნდა მიეცეთ მათთან თანასწორად უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი და ბაკალავრის ხარისხი. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს განსხვავებულ მიდგომას, თუ არსებული განსხვავება იძლევა განსხვავებული მიდგომის მართლზომიერების დასაბუთების შესაძლებლობას. განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი პირობების განსაზღვრა განპირობებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით (ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია), დაუშვებელია არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ (დისკრიმინაციული დიფერენციაცია) და პირიქით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ აღნიშნულ საკითხზე სრულყოფილი გამოკვლევის ჩატარების შედეგად, თუ დადასტურდება, რომ არსებობს საბაზო განათლების დოკუმენტის საფუძველზე ჩარიცხულ კურსდამთავრებულებზე დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯი) უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის გაცემის ფაქტი, უნდა გამოირიცხოს აპელანტთა მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. სააპელაციო პალატის აღნიშნული მსჯელობა დაეფუძნება იმ უდავო გარემოებას, რომ საშუალო პროფესიულ სასწავლებლად რეორგანიზაციის შემდეგ (2006 წლის 20 თებერვალი), ლ. ბ-ის, თ. ღ-ისა და ე. ო-ის მიერ დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში სწავლების პერიოდი სულ რამდენიმე თვეს შეადგენდა, აპელანტთა აღნიშნულ სასწავლებელში სწავლების დანარჩენ პერიოდში კი, სასწავლებელი ახორციელებდა უმაღლესი ტიპის პედაგოგიურ სწავლებას და გასცემდა უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელ დიპლომებს, რაც ქმნიდა სწავლის დასრულების შედეგების მიმართ აპელანტთა ლეგიტიმურ მოლოდინს; რწმენას იმისა, რომ ისინიც სხვათა მსგავსად აიღებდნენ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს - დიპლომებს. შესაბამისად, უნივერსიტეტისა თუ სახელმწიფოს მიერ დაშვებულ შეცდომას არ უნდა შეეწიროს სტუდენტის კეთილსინდისიერი ინტერესი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საბაზო განათლების დოკუმენტის საფუძველზე ჩარიცხულ კურსდამთავრებულებზე, დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯი) უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის გაცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, უდავოდ იარსებებს საფუძველი აპელანტთა კანონიერი ნდობის დასაცავად, იმავე მოტივაციით, როგორც ეს დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლომ თ. ბ-ის, ა. გ-ას, ს. ს-ის, ი. უ-ის და ლ. ჯ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისას, რამეთუ სასამართლოს განსხვავებული დასკვნა ზემოხსენებულ სტუდენტებთან მიმართებით ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ლ. ბ-ი, ე. ო-ი და თ. ღ-ი ხსენებულ სასწავლებელში ჩაირიცხნენ ცხრა კლასის განათლებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან გამოსაკვლევია დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (გაცემულია თუ არა საბაზო განათლების დოკუმენტის საფუძველზე ჩარიცხულ კურსდამთავრებულებზე, დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯი) უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი; მოსაძიებელია მეტად ზუსტი და დეტალური ინფორმაცია გავლილი საკონტაქტო საათების, ჩამოთვლილი საგნებისა და საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის შესახებ; რათა სარწმუნოდ დადასტურდეს სწავლის პროცესში მოსარჩელეთა მიერ გავლილი სასწავლო პროგრამის შედეგები თავსებადია საბაკალავრო პროგრამისათვის დადგენილ სწავლის შედეგებთან), რაც მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში ვერ მოხერხდება, სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს არსებობს თუ არა ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობა, რამეთუ სახეზეა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენებისა და მოპასუხე - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, მოსარჩელეების - ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის განცხადების საფუძველზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ასევე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინეს ლ. ბ-მა, ე. ო-მა და თ. ღ-მა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის შესახებ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის N245 დადგენილებით, სსიპ დავით გურამიშვილის თბილისის პედაგოგიური კოლეჯი რეორგანიზაციის გზით შეუერთდა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს) დაცულია მათი სხვადასხვა დროს ჩარიცხვის ბრძანებები და ჩარიცხვის ბრძანებების გამეორების მიუხედავად (დავით გურამიშვილის თბილისის პედაგოგიური კოლეჯის მიერ გადმოცემულ საარქივო დოკუმენტაციაში ხშირია უზუსტობა და ტექნიკური შეცდომები), არ შეცვლილა მათი სასწავლებელში მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა/საფუძველი, ყველა ჩარიცხვის ბრძანება ეყრდნობოდა მათ პირად საქმეში არსებულ საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც მათი ჩარიცხვისა და სწავლის გარკვეულ პერიოდში მოქმედი ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იძლეოდა მხოლოდ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, აგრეთვე პროფესიული განათლების დაწყებით და საშუალო საფეხურებზე სწავლის გაგრძელების უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, შეუძლებელია არსებული და სადავო პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, ლ. ბ-ს, ე. ო-ს და თ. ღ-ს მიენიჭოთ ბაკალავრის ხარისხი, ვინაიდან სამივე პირს გააჩნია არასრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (დასრულებული აქვთ 9 კლასი), ანუ მათ მიღებული აქვთ არასრული სასკოლო განათლება. შესაბამისად, მოთხოვნა ცხრა კლასის ბაზის განათლების მქონე პირის სახელზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის გაცემის თაობაზე, ეწინააღმდეგება როგორც მათი ჩარიცხვის პერიოდში მოქმედ ,,განათლების შესახებ“ კანონს, ასევე, მათი სწავლის დასრულების პერიოდში მოქმედ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონს, რომლის მიხედვითაც უმაღლესი განათლების მიღება შესაძლებელი იყო და არის მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მას მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი მაშინ, როცა იგი იყო ლ. ბ-ის ჯგუფელი, მათ სწავლა დაიწყეს ერთდროულად, გაიარეს ერთი და იგივე სასწავლო კურსი და სწავლაც დაასრულეს ერთდროულად. ლ. ბ-ს კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი სასწავლებელში მიღებული იქნა ე.წ. ცხრა კლასის ბაზაზე. ამასთან, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლო ლ. ბ-ის, ე. ო-ის და თ. ღ-ის სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ მსჯელობს 2005 წლიდან მოქმედი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მათი სასწავლებელში ჩარიცხვისას, კერძოდ, 2001-2003 წლებში მოქმედებდა ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-9 მუხლი ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, დაწყებით და საშუალო სასწავლებლებში განათლების მიღების შესაძლებლობას როგორც დასწრებული, ასევე ექსტერნატის ფორმით. გარდა ამისა, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ლ. ბ-ის, ე. ო-ის და თ. ღ-ის სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანებები კანონიერ ძალაში მყოფი და დღემდე მოქმედი ადმინისტრაციული აქტებია, რომელთა მიმართაც მათ გააჩნიათ კანონიერი ნდობა, ვინაიდან სასწავლო დაწესებულებასთან ურთიერთობა დაიწყეს იმ მოლოდინით, რომ მისი დამთავრების შედეგად მიიღებდნენ უმაღლეს განათლებას და ამ განათლების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი და ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრებით საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ლ. ბ-ის, ე. ო-ის და თ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ. ...ს ზოგადსაგანმანათლებლო №… საშუალო სკოლის მიერ 1998 წლის 21 ივნისს გაცემული ... არასრული საშუალო განათლების მოწმობის თანახმად, ლ. ბ-მა (დაბადებული … წელს) 1998 წელს დაამთავრა ქ. ...ს ზოგადსაგანმანათლებლო №… საშუალო სკოლის ცხრა კლასი.
თბილისის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის 2000 წლის 11 აგვისტოს №... ბრძანების თანახმად, 2000-2001 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების შედეგების შესაბამისად, ლ. ბ-ი ცხრა კლასის ბაზაზე ჩაირიცხა დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე. ამასთან, დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯის) დირექტორის 2001 წლის 26 ივლისის №15ა/II ბრძანებით, 2000-2001 სასწავლო წლის ცხრა კლასის ბაზაზე ჩარიცხული, ... ჯგუფის კურსდამთავრებული ლ. ბ-ი ჩაირიცხა დაწყებითი განათლების ფაკულტეტის პირველ კურსზე. დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯის) დირექტორის 2001 წლის 13 აგვისტოს №16/II ბრძანებით კი, 2001-2002 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების შედეგების შესაბამისად, ლ. ბ-ი ჩაირიცხა დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე. ასევე, დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯის) დირექტორის 2002 წლის 5 ივლისის №9/II ბრძანებით, ლ. ბ-ი გადაყვანილ იქნა დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტის პირველი კურსიდან მე-2 კურსზე; 2003 წლის 30 ივნისის №9/II ბრძანებით, ლ. ბ-ი გადაყვანილ იქნა ამავე ფაკულტეტის მე-2 კურსიდან მე-3 კურსზე; 2004 წლის 30 ივნისის №... ბრძანებით, ლ. ბ-ი გადაყვანილ იქნა დაწყებითი განათლების ფაკულტეტის მე-3 კურსიდან მე-4 კურსზე, ხოლო 2005 წლის 30 ივნისის №... ბრძანებით, ლ. ბ-ი გადაყვანილ იქნა ამავე ფაკულტეტის მე-4 კურსიდან მე-5 კურსზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ლ. ბ-ის პირადი ბარათი, რომლის თანახმად, იგი თბილისის დ. გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებელში ჩარიცხულია 2001 წლის 13 აგვისტოს N16/2 ბრძანების საფუძველზე. ასევე, წარმოდგენილია დიპლომების გაცემის წიგნის ამონაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ ლ. ბ-ი სასწავლებელში შევიდა 2001 წელს, დაამთავრა 2006 წელს და მასზე გაცემულია დიპლომი ნა №....
დადგენილია, რომ დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებლის 2006 წლის 28 ივნისის №1 ოქმის თანახმად, სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ლ. ბ-ისთვის დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე. დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის თ. მ-ის 2006 წლის 4 ივლისის №... ბრძანებით კი, დაწყებითი განათლების ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ლ. ბ-ს მიენიჭა ,,დაწყებითი კლასების მასწავლებლის“ კვალიფიკაცია. საქმეში წარმოდგენილია ლ. ბ-ის სახელზე 2006 წელს გაცემული დიპლომი ნა №... (სარეგისტრაციო №...), რომლის თანახმად, ლ. ბ-ი 2001 წელს შევიდა ქ. თბილისის დ. გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებელში და 2006 წელს დაამთავრა საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი, პროფესიით დაწყებითი კლასების მასწავლებელი. სახელმწიფო საგამოცდო საატესტაციო კომისიის 2006 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით, ლ. ბ-ს მიენიჭა დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მცხეთის რაიონის ...ის არასრული საშუალო სკოლის მიერ 2002 წლის 25 ივნისს გაცემული ნა №... საბაზო განათლების ატესტატის თანახმად, ე. ო-მა (დაბადებული ... წელს), 2002 წელს დაამთავრა მცხეთის რაიონის ...ის არასრული საშუალო სკოლის ცხრა კლასი.
დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯი) დირექტორის 2002 წლის 12 აგვისტოს №... ბრძანებით, 2002-2003 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების შედეგების შესაბამისად, ე. ო-ი ცხრა კლასის ბაზაზე ჩაირიცხა სასწავლებელში. ამასთან, დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯი) დირექტორის 2003 წლის 22 აგვისტოს №... ბრძანებით, 2003-2004 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების შედეგების შესაბამისად, ე. ო-ი ჩაირიცხა ფ...ის ფაკულტეტზე; 2004 წლის 30 ივნისის №... ბრძანებით, ე. ო-ი გადაყვანილ იქნა ამავე ფაკულტეტის პირველი კურსიდან მე-2 კურსზე; 2005 წლის 30 ივნისის №... ბრძანებით, ე. ო-ი გადაყვანილ იქნა მითითებული ფაკულტეტის მე-2 კურსიდან მე-3 კურსზე, ხოლო 2006 წლის 6 ივლისის №... ბრძანებით, იგი გადაყვანილ იქნა ფ...ის ფაკულტეტის მე-3 კურსიდან მე-4 კურსზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია დიპლომების გაცემის წიგნის ამონაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ ე. ო-ი სასწავლებელში შევიდა 2003 წელს, დაამთავრა 2007 წელს და მასზე გაცემულია დიპლომი ნა №....
დადგენილია, რომ სსიპ დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯის 2007 წლის 30 ივნისის №5 ოქმის თანახმად, სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ე. ო-ისთვის ...ის მასწავლებლის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე. სსიპ დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 3 ივლისის ბრძანებით კი, ე. ო-ს მიენიჭა ,,...ის მასწავლებლის“ კვალიფიკაცია. საქმეში წარმოდგენილია ე. ო-ის სახელზე 2007 წელს გაცემული დიპლომი ნა №... (სარეგისტრაციო №...), რომლის თანახმად, ე. ო-ი 2003 წელს შევიდა ქ. თბილისის დ. გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებელში და 2007 წელს დაამთავრა საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი, პროფესიით ფ...ა. სახელმწიფო საგამოცდო საატესტაციო კომისიის 2007 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, ე. ო-ს მიენიჭა ...ის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ...ის ... №2 საშუალო სკოლის მიერ 2002 წლის 1 ივლისს გაცემული საბაზო განათლების ატესტატის თანახმად, თ. ღ-მა (დაბადებული ... წელს), 2002 წელს დაამთავრა ...ის ...ის №2 საშუალო სკოლის ცხრა კლასი.
დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯი) დირექტორის 2002 წლის 12 აგვისტოს №... ბრძანებით, 2002-2003 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების შედეგების შესაბამისად, თ. ღ-ი ცხრა კლასის ბაზაზე ჩაირიცხა სასწავლებელში. ამასთან, დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯი) დირექტორის 2003 წლის 22 აგვისტოს №... ბრძანებით, 2003-2004 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების შედეგების შესაბამისად, თ. ღ-ი ჩაირიცხა ...ის ფაკულტეტზე; 2004 წლის 30 ივნისის №... ბრძანებით, თ. ღ-ი გადაყვანილ იქნა ამავე ფაკულტეტის პირველი კურსიდან მე-2 კურსზე; 2005 წლის 30 ივნისის №... ბრძანებით, თ. ღ-ი გადაყვანილ იქნა მითითებული ფაკულტეტის მე-2 კურსიდან მე-3 კურსზე, ხოლო 2006 წლის 6 ივლისის №... ბრძანებით, იგი გადაყვანილ იქნა ...ის ფაკულტეტის მე-3 კურსიდან მე-4 კურსზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია თ. ღ-ის პირადი ბარათი, რომლის თანახმად, იგი თბილისის დ. გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში ჩარიცხულია 2003 წლის N... ბრძანების საფუძველზე. ასევე, წარმოდგენილია დიპლომების გაცემის წიგნის ამონაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ თ. ღ-ი სასწავლებელში შევიდა 2003 წელს, დაამთავრა 2007 წელს და მასზე გაცემულია დიპლომი ნა №....
დადგენილია, რომ სსიპ დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯის 2007 წლის 29 ივნისის №9 ოქმის თანახმად, სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება თ. ღ-ისთვის ...ის მასწავლებლის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე. სსიპ დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 3 ივლისის №... ბრძანებით კი, თ. ღ-ს მიენიჭა ,,...ის (ი...ი) მასწავლებლის“ კვალიფიკაცია. საქმეში წარმოდგენილია თ. ღ-ის სახელზე 2007 წელს გაცემული დიპლომი ნა №... (სარეგისტრაციო №...), რომლის თანახმად, თ. ღ-ი 2003 წელს შევიდა ქ. თბილისის დ. გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებელში და 2007 წელს დაამთავრა საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი, პროფესიით ...ა. სახელმწიფო საგამოცდო საატესტაციო კომისიის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, თ. ღ-ს მიენიჭა ი...ის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 10 მარტის MES 2 17 00227608 წერილის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის N124 ბრძანებით, დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დამტკიცდა მისი წესდება, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნული კოლეჯი წარმოადგენდა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სუბიექტს. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის №245 დადგენილებით, აღნიშნული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი კოლეჯი მიუერთდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას - სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 აგვისტოს №697 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ,,ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებლის - ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი ტიპის პედაგოგიურ სასწავლებლად (კოლეჯად) გადაკეთების შესახებ“ სახალხო განათლების მინისტრის 1990 წლის 9 ნოემბრის №541 ბრძანება და საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრის 1991 წლის ივნისში დამტკიცებული ,,იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური კოლეჯის დებულება“. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ ბათილად ცნობის შედეგები, დაინტერესებულ პირთა კანონიერი ნდობის საფუძველზე არ გავრცელდება: ა) დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე გაცემულ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომებზე; ბ) დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომელთაც კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამა სრულად აითვისეს 2006 წლის 20 თებერვლამდე (ანუ კოლეჯის საშუალო პროფესიულ სასწავლებლად რეორგანიზაციამდე) და მოიპოვეს უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის მიღების უფლება, მაგრამ არ მიუღიათ იგი. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, ცნობად იქნა მიღებული, რომ დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯის) იმ კურსდამთავრებულ სტუდენტებს, რომლებიც აღნიშნულ სასწავლებელში ჩაირიცხნენ 2004-2005 და 2005-2006 სასწავლო წლებში და გადიან პროგრამას, რომელიც შინაარსითა და მოცულობით საბაკალავრო პროგრამის შესაბამისია, ბაკალავრიატისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შემდეგ მიენიჭოთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ამავე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ასევე ცნობად იქნა მიღებული, რომ ბრძანების მე-3 პუნქტში აღნიშნული სტუდენტების გარდა, იმ სტუდენტებზე, რომელთაც საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულეს 2006 წლის 20 თებერვლის შემდეგ, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომთან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა აღნიშნულ პირებზე გაცემული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ნაცვლად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის - ბაკალავრის ხარისხის შესაბამისი დიპლომების გაცემა.
აღნიშნული განცხადების პასუხად, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის 6 ოქტომბრის №... წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 აგვისტოს №697 ბრძანების თანახმად, იმ სტუდენტებზე, რომელთაც საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულეს 2006 წლის 20 თებერვლის შემდეგ, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომთან. ამავე წერილში მითითებულია, რომ ვინაიდან ლ. ბ-მა, ე. ო-მა და თ. ღ-მა საგანმანათლებლო პროგრამა სრულად შეასრულეს, საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარეს და კვალიფიკაცია მიენიჭათ 2006 წლის 20 თებერვლის შემდეგ (კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შემდეგ), მათზე გაიცა საშუალო პროფესიული განათლების დიპლომი. შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას ამ პირებს მიანიჭოს ბაკალავრის ხარისხი და გასცეს ბაკალავრის დიპლომი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, როგორც დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯის) სამართალმემკვიდრისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის თ. მ-ის მიერ გამოცემული 2006 წლის 4 ივლისის №... ბრძანების იმ ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეებს - ლ. ბ-ს, ე. ო-ს და თ. ღ-ს მიენიჭათ მასწავლებლის კვალიფიკაცია. ასევე, ამ ცვლილების შედეგად მოსარჩელეებისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭება და შესაბამისი დიპლომების გაცემა.
ამდენად, ძირითად სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელეებისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭება და შესაბამისი დიპლომების გაცემა (ქმედების განხორციელების დავალება) კი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მის თანმდევ შედეგს წარმოადგენს. შესაბამისად, ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის სარჩელი არსებითად ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელით პირი სასამართლოს მიმართავს არსებული მდგომარეობის შეცვლის და შესაბამისად, მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევის მიზნით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის პირობებს სასკ-ის 23-ე მუხლი, ხოლო სარჩელის საფუძვლიანობის პირობებს 33-ე მუხლი განსაზღვრავს. აქტის არსებობას, აქტის გამოცემაზე უარის თქმას უკავშირდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანია არა აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა (სასკ-ის 22-ე მუხ.), არამედ არსებული მდგომარეობის შეცვლა (სასკ-ის 23-ე მუხ.) და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა (სუსგ 25.03.09წ. #ბს-1448-1406 (კს-08)).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა მოპასუხე - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, მოსარჩელე ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის განცხადების საფუძველზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის გადასაწყვეტად გამოიყენა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი (მათ შორის მისი მე-4 ნაწილიც) ეხება სასამართლო გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით, ანუ ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრულ შეცილებით სარჩელს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მხარეთა მოთხოვნა ეფუძნება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლს (ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება). შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 33-ე მუხლის ნაცვლად 32-ე მუხლის გამოყენება, არსებით პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეები ითხოვენ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, როგორც დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის (კოლეჯის) სამართალმემკვიდრისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის თ. მ-ის მიერ გამოცემული 2006 წლის 4 ივლისის №... ბრძანების იმ ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეებს - ლ. ბ-ს, ე. ო-ს და თ. ღ-ს მიენიჭათ მასწავლებლის კვალიფიკაცია; თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ე. ო-სა და თ. ღ-ს მასწავლებლის კვალიფიკაცია მინიჭებული აქვთ სსიპ დავით გურამიშვილის პედაგოგიური კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 3 ივლისის ბრძანებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკმარისად დასაბუთებული არ არის. სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული არ არის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სააპელაციო პალატის მიერ განვითარებული სამართლებრივი მსჯელობაც ვერ იქნება მიჩნეული სათანადოდ და დასაბუთებულად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია დავით გურამიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებელში ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის ჩარიცხვის ბრძანებები, რომლებიც თარიღდება სხვადასხვა წლებით. კერძოდ, ლ. ბ-თან მიმართებით წარმოდგენილია 2000 და 2001 წლების ჩარიცხვის ბრძანებები, მის პირად ბარათში, დიპლომების გაცემის წიგნის ამონაწერსა და თავად დიპლომში კი მითითებულია, რომ ლ. ბ-ი სასწავლებელში შევიდა 2001 წელს. ასევე, ე. ო-თან მიმართებით საქმეში წარმოდგენილია 2002 და 2003 წლების ჩარიცხვის ბრძანებები, დიპლომების გაცემის წიგნის ამონაწერსა და თავად დიპლომში კი მითითებულია, რომ ე. ო-ი სასწავლებელში შევიდა 2003 წელს. ამასთან, თ. ღ-თან მიმართებით საქმეში წარმოდგენილია 2002 და 2003 წლების ჩარიცხვის ბრძანებები, მის პირად ბარათში, დიპლომების გაცემის წიგნის ამონაწერსა და თავად დიპლომში კი მითითებულია, რომ თ. ღ-ი სასწავლებელში შევიდა 2003 წელს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია სასწავლებელში ცხრა კლასის ბაზაზე ჩარიცხულ სამივე მოსარჩელესთან მიმართებით რატომ არსებობს სხვადასხვა წლებით (თითო წლის სხვაობით) დათარიღებული ჩარიცხვის ბრძანებები, ხომ არ მომხდარა ცხრა კლასის ბაზაზე სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ ექსტერნატის ფორმით მათ მიერ საშუალო ზოგადი განათლების საფეხურის გავლა და შემდგომ შესაბამისი ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლის გაგრძელება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭებაზე უარის თქმის არსებით საფუძველს სწორედ არასრული საშუალო განათლების საფუძველზე სასწავლებელში ჩარიცხვა წარმოადგენდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის სასწავლებელში ჩარიცხვის პერიოდში მოქმედებდა ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-9 მუხლიც ითვალისწინებდა როგორც დასწრებული, ასევე ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ვინაიდან სხვადასხვა თარიღით დათარიღებული ჩარიცხვის შესახებ ბრძანებები მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში მხოლოდ სასწავლებელში ცხრა კლასის ბაზაზე ჩარიცხულ მოსარჩელეებთან მიმართებით არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა უპირობოდ ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ მართალია არსებობს სხვადასხვა თარიღის ბრძანებები, თუმცა დავით გურამიშვილის თბილისის პედაგოგიური კოლეჯის მიერ გადმოცემულ საარქივო დოკუმენტაციაში ხშირია უზუსტობა და ტექნიკური შეცდომები.
საკასაციო სასამართლო აქვე სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპზე მითითებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. ეს პრინციპი გულისხმობს თანასწორობას კანონიერებაში და არა უკანონობაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება საქმეზე Nბს-576(კ-19)). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის სასწავლებელში ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენდა, რომ საბაზო ზოგადი განათლების მიღება იძლეოდა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, აგრეთვე პროფესიული განათლების დაწყებით და საშუალო საფეხურებზე სწავლის გაგრძელების უფლებას კანონმდებლობით დადგენილი ასაკიდან. ამასთან, 2005 წლიდან მოქმედი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის (მოსარჩელეთა სწავლის პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს. ამდენად, ლ. ბ-ის, ე. ო-ისა და თ. ღ-ის სარჩელის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს არა ცხრა კლასის ბაზაზე სასწავლებელში ჩარიცხულ სხვა კურსდამთავრებულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას და აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელეებთან მიმართებით თანასწორობის პრინციპის გავრცელებას, არამედ იმ გარემოებების დადგენას ლ. ბ-მა, ე. ო-მა და თ. ღ-მა სასწავლებლის შესაბამის ფაკულტეტებზე სწავლა დაიწყეს საბაზო თუ საშუალო ზოგადი განათლების საფეხურის გავლის შემდგომ, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და შეფასებული არ არის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო პალატა არა მარტო უფლებამოსილია შეამოწმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობა, არამედ თავად გამოიკვლიოს და შეაფასოს მტკიცებულებები, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (სუსგ საქმეზე №ბს-985(კ-20), 2021 წლის 24.11.2021 წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი - გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც თავის მხრივ, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ლ. ბ-ის, ე. ო-ის და თ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. სასამართლოს ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე