№ბს-896(კ-23) 26 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე; გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 21 იანვარს მ. ბ-მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, „სამშენებლო სამართალდარღვევის გამო მ. ბ-ის დაჯარიმების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 6 იანვრის №2/ს ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დუშეთში, ...ის ქ. №32-ში №... საკადასტრო კოდზე მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ. ბ-ი.
2020 წლის 25 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლის მიერ, დუშეთში, ...ის ქ. №32 მდებარე მშენებარე სახლთან დაკავშირებით შედგა ადგილზე დათვალიერების ოქმი. გაირკვა, რომ ნ. ბ-ის მინდობილი პირი მ. ბ-ი, მშენებლობის მოწმობის გარეშე, ახორციელებდა მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში.
2020 წლის 03 სექტემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მ. ბ-ის მიმართ გაიცა მითითება №09/17720, რომლის თანახმად, დაევალა 60 დღის ვადაში უნებართვო მშენებლობა მოეყვანა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ამავე მითითებით განემარტა, რომ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ მიღებული იქნებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. მითითების ერთი ეგზემპლარი განთავსებული იქნა მშენებარე შენობის ფასადზე.
მ. ბ-ის მიმართ, სამშენებლო სამართალდარღვევის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, 2021 წლის 06 იანვარს გამოცემული იქნა №2/ს ბრძანება და იგი „საქართველოს სივრცის, დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საფუძველზე დაჯარიმდა 8 000 ათასი ლარით. ამავე ბრძანებით მას დაევალა განხორციელებული უნებართვო მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ბრძანების ერთი ეგზემპლარი განთავსებული იქნა მშენებარე შენობის ფასადზე.
საქმეზე ასევე დადგენილი იქნა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, ნ. ბ-ის მიერ მ. ბ-ის მიმართ გაცემული იყო მინდობილობა, რომლის საფუძველზე, მ. ბ-ს, სხვა უფლებებთან ერთად, ასევე მიენიჭა უფლება მიეღო მშენებლობის ნებართვა და ეწარმოებინა ნ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ნებისმიერი შენობა-ნაგებობის განთავსება, შეეთანხმებინა და წარედგინა ნებისმიერი სახის პროექტი.
მოსარჩელე მ. ბ-მა, როგორც დამკვეთმა, მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს, დუშეთში, ...ის ქუჩა 32-ში ნ. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე. დასაპროექტებელ ობიექტს წარმოადგენდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.
სასამართლოს შეფასებით, სადავო გარემოება იყო, რამდენად არსებობდა მოსარჩელე მ. ბ-ის მიმართ საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის, დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საფუძველზე, სადავო აქტის გამოცემის წინაპირობები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ დუშეთში, ...ის ქ. №32-ში ს/კ: ... მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომლის მესაკუთრეს ნ. ბ-ი წარმოადგენდა, უკანონო მშენებლობა აწარმოა მ. ბ-მა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 06 იანვრის №2/ს ბრძანება, გამოცემული იქნა საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, 2020 წლის 5 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების აქტით, 2020 წლის 25 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლის მიერ დუშეთში, ...ის ქ. №32 მდებარე მშენებარე სახლთან დაკავშირებით შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდებოდა, რომ სადავო მშენებლობა წარმოებული იყო მოსარჩელის მიერ. ამასთან, აპელანტის მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ სადავო მშენებლობა აწარმოა სხვა პირმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მშენებლობის განმახორციელებელი პირი იყო მ. ბ-ი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მ. ბ-ი იყო ნ. ბ-ის რწმუნებული ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, არ არის საფუძველი სადავო გარემოების დადგენილად მისაჩნევად. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებები ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დუშეთში, ...ის ქ. №32-ში №... საკადასტრო კოდზე მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ. ბ-ი.
2020 წლის 25 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლის მიერ, დუშეთში, ...ის ქ. №32 მდებარე მშენებარე სახლთან დაკავშირებით შედგა ადგილზე დათვალიერების ოქმი, რა დროსაც გაირკვა, რომ ნ. ბ-ის მინდობილი პირი მ. ბ-ი, მშენებლობის მოწმობის გარეშე, ახორციელებდა მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში.
2020 წლის 03 სექტემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მ. ბ-ის მიმართ გაიცა მითითება №09/17720, რომლის თანახმად, მას დაევალა 60 დღის ვადაში უნებართვო მშენებლობა მოეყვანა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ამავე მითითებით განემარტა, რომ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გატარებული იქნებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. მითითების ერთი ეგზემპლარი განთავსებული იქნა მშენებარე შენობის ფასადზე.
მ. ბ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, 2021 წლის 06 იანვარს, გამოცემული იქნა №2/ს ბრძანება და იგი საქართველოს სივრცის, დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის საფუძველზე, დაჯარიმდა 8 000 ათასი ლარით. ამავე ბრძანებით, მას დაევალა განხორციელებული უნებართვო მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ბრძანების ერთი ეგზემპლარი განთავსებული იქნა მშენებარე შენობის ფასადზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს (მუხლი 1.გ). მოცემული კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კასატორს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (XV თავი) თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს არა სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, არამედ სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მ. ბ-ის მიჩნევა და მისთვის სახდელის დაკისრების კანონიერება.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთჩამოთვლილი სუბიექტებიდან, კერძო საკუთრებაზე უნებართვოდ წარმოებული სამშენებლო სამუშაოებისათვის პასუხისმგებელი პირის შესაძლოა იყოს მხოლოდ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული - ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოს მხრიდან ცნება - „მშენებლობის განმახორციელებელი პირის“ განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებთან მისადაგება მოხდა ვიწრო გაგებით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი წესით, მიწის ნაკვეთზე მშენებლობის წარმოება, როგორც სამოქალაქო, ასევე საჯაროსამართლებრივი კანონმდებლობის თანახმად, დასაშვებია მხოლოდ მესაკუთრის თანხმობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამასთან, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ მშენებლობა დაგეგმილია სხვა პირის კერძო საკუთრებაში ან საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე, მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შესაბამისი მესაკუთრის/თანამესაკუთრის თანხმობა.
სამშენებლო სამართალურთიერთობისთვის დამახასიათებელი შემთხვევაა, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ნარდობისა თუ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირს უკვეთავს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. მართალია, საგამონაკლისო შემთხვევებში, მესაკუთრე თავადაც შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობის დამპროექტებელი და სამშენებლო სამუშაოების უშუალოდ მწარმოებელიც, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, ზოგადი წესის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია შენობა-ნაგებობის დაპროექტება დაუკვეთოს სამშენებლო საქმიანობის მონაწილე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირს, თუ საქართველოს კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული ასეთი კვალიფიკაციის კრიტერიუმები. ამასთან, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება უზრუნველყოს სამშენებლო საქმიანობის მონაწილე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, თუ საქართველოს კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული ასეთი კვალიფიკაციის კრიტერიუმები (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი; მუხლები - 97.8.-97.9).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების განმასხვავებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ - უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი („ბ“ ქვეპუნქტი) აწარმოებს უნებართვო სამშენებლო სამუშაოებს, შესაბამისად, სამართალდარღვევას იწვევს საკუთარი აქტიური ქმედებით, ხოლო შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მოსარგებლის შემთხვევაში, უტყუარად ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, თუმცა პასუხისმგებელ პირად მიიჩნევა მესაკუთრე/მოსარგებლე, რომელიც ვალდებული იყო თავად არ ეწარმოებინა, არ დაეშვა სხვა პირის მიერ წარმოება ან/და აღმოეფხვრა უკვე განხორციელებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. თუმცა, საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცნებები ყოველთვის არ არის ალტერნატიული შინაარსის, კერძოდ, თუკი მშენებლობის განმახორციელებელი, დაინტერესებული პირი არის ქონების მესაკუთრე, ამ შემთხვევაში, სწორედ იგი წარმოადგენს ერთის მხრივ მშენებლობის განმახორციელებელ პირს, ხოლო მეორეს მხრივ - ქონების მესაკუთრეს. ქონების მესაკუთრე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ხდება მიწის ნაკვეთზე უფლება-მოვალეობების ნამდვილი გადაცემა/დათმობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არ წარმოადგენდეს მის მიწის ნაკვეთზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობაზე სამართალდამრღვევს/პასუხისმგებლობის მქონე პირს, როდესაც ეს სამუშაოები აშკარად წარმოებულია მისი თანხმობის გარეშე, მისი ნების საწინააღმდეგოდ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. ბ-ი დაჯარიმებული იქნა, როგორც კერძო საკუთრებაში (მესაკუთრე - ნ. ბ-ი), კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, უნებართვო სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირი.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2020 წლის 25 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლის მიერ, დუშეთში, ...ის ქ. №32 მდებარე მშენებარე სახლთან დაკავშირებით შედგა ადგილზე დათვალიერების ოქმი, რა დროსაც გაირკვა, რომ ნ. ბ-ის მინდობილი პირი მ. ბ-ი, მშენებლობის მოწმობის გარეშე ახორციელებდა მშენებლობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში.
საქმეზე წარმოდგენილი, ნ. ბ-ის მიერ მ. ბ-ზე გაცემული მინდობილის (22.02.2018 წ.) მიხედვით - ნ. ბ-ი აძლევდა მინდობილობას, რომ მ. ბ-ი ყოფილიყო მისი წარმომადგენელი და მათ შორის, მისი სახელით ეყიდა ნებისმიერი უძრავი ქონება, დაედო სათანადო ხელშეკრულება (მათ შორის საკუთარ თავთან), ხელშეკრულების დადების ფასი და პირობები განესაზღვრა თავისი შეხედულებით. დაერეგისტრირებინა მარწმუნებლის სახელზე უძრავი ქონება, მიეღო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ასევე მიეღო მშენებლობის ნებართვა და ეწარმოებინა მარწმუნებლის სახელზე რეგისტრირებულ ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ნებისმიერი შენობა-ნაგებობების განთავსება/შეთანხმება და წარდგენა ნებისმიერი სახის პროექტის და ა.შ.
ამდენად, საქმეზე უტყუარად დასტურდება, რომ მ. ბ-ი მოქმედებდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნ. ბ-ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში, სასამართლო არ დგას იმ გარემოების შეფასების საჭიროების წინაშე, თუ რამდენად მოქმედებდა მ. ბ-ი გულისხმიერად, მინდობილობის ფარგლებში მარწმუნებლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მის მიერ გაცემული დავალების შესრულებისას. საკასაციო სასამართლო არ აფასებს, მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობა, დავალება, გულისხმობდა ჯერ სათანადო ნებართვის აღებას და სამუშაოების წარმოებას, თუ უშვებდა შესაბამისი ნებართვის მიღების გარეშე მშენებლობის შესაძლებლობას. განსახილველ საქმეში უდავოდ დგინდება ის გარემოება, რომ სამუშაოების წარმოების შესახებ თანხმობა და დავალება მ. ბ-ს მიღებული ჰქონდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მხრიდან. ამდენად, დაინტერესებულ პირად, რომელსაც ჰქონდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი მიჩნეული არ უნდა ყოფილიყო მ. ბ-ი, რამდენადაც იგი მოქმედებდა არა საკუთარი სახელით, არამედ მარწმუნებლის - მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნ. ბ-ის სახელით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია მარწმუნებლის სახელით სამართალურთიერთობაში ჩართვისას წარმომადგენელი იღებს რიგ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, გამოხატავს ნებას, თუმცა მისი ნება თანხვედრაშია მარწმუნებლის ნებასთან, დეტერმინირებულია მისით და ემსახურება სწორედ მარწმუნებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევას, მის ინტერესებს, წარმომადგენელს არ აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების დამოუკიდებელი ინტერესი, იგი თავისი ქმედებების მეშვეობით ახდენს მესაკუთრის/მოსარგებლის ასეთი ინტერესის რეალიზებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.23 წ. განჩინება ბს-1114(კ-20)). საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა თუ ვის ჰქონდა მიწის ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უგულებელყოფილ იქნა ნ. ბ-ის მიერ მ. ბ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის შინაარსი, წარმომადგენლის ინსტიტუტის დანიშნულება, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები და მიზნები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე მ. ბ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ რაიონულ, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 ლარის (100 ლარის, 150 ლარის და 300 ლარის) ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
4. ბათილად იქნეს ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის გამო მ. ბ-ის დაჯარიმების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 6 იანვრის №2/ს ბრძანება;
5. მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ რაიონულ, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 ლარის (100 ლარი, 150 ლარი და 300 ლარი) ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. მაკარიძე