Facebook Twitter

საქმე ბს-291 (გ-24) 26 სექტემბერი, 2024 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მ. ვ. ა. დ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ვ. ა. დ-მა 25.07.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მ. ვ. ა. დ-ის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან, როგორც გაუპატიურების მსხვერპლმა, გაუპატიურების შესახებ შეტყობინების მიზნით მიმართა პოლიციას. პოლიციამ გამოიჩინა არასენსიტიური და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. პოლიციამ არ დაუჯერა მსხვერპლს და ვალდებულების მიუხედავად არ დაიწყო გამოძიება საქმეში ორგანიზაცია „...ისა“ და შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ჩართვამდე, ხოლო გამოძიების დაწყების შემდეგ არ უზრუნველყო გამოძიების ეფექტურობა. მოსარჩელის მითითებით დანაშაულის შეტყობინების პირველი მცდელობის დროს არ მიეცა წვდომა მის საჭიროებებზე მორგებულ და განცალკევებულ გარემოზე. მოსარჩელის თხოვნის მიუხედავად, რომ იგი ქალ პოლიციელს გამოეკითხა, მას მაინც მამაკაცი პოლიციელი გაესაუბრა, ამასთან, თარჯიმნის მოსვლამდე მას რამდენიმე პოლიციელი ესაუბრებოდა და უსვამდა უადგილო, ასევე არაპროფესიონალურ შეკითხვებს, რითაც ხაზს უსვამდნენ მის ქმედებას და ჰქონდათ დამცინავი დამოკიდებულება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა სამართალდამცავი ორგანოსათვის სათანადოდ აეხსნა მომხდარი ამბის შესახებ და გაეგებინებინა მისი პოზიცია. პოლიციელების არასერიოზული და უყურადღებო დამოკიდებულების გამო მერილინს გამუდმებით უწევდა ერთი და იმავე ფაქტების რამდენჯერმე გამეორება. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნულმა დამოკიდებულებამ აიძულა, რომ ხელი მოეწერა იმ შინაარსის განცხადებაზე, რომელშიც მისი გაუპატიურების შესახებ განაცხადი არ დაფიქსირდა. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გამოკითხვის ფარგლებში მას არაერთხელ მიანიშნეს, რომ იგი შესაძლოა ტყუოდა და არ ამჟღავნებდა ინფორმაციას სრულად ან არასწორად ჰქონდა სიტუაცია აღქმული. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა სრულყოფილად არ ჩაიწერეს მისი ჩვენება, სურვილისამებრ შეამოკლეს იგი და შეადგინეს მხოლოდ ზეპირი გასაუბრების ოქმი, რაც დგება ძირითადად მაშინ, როდესაც საქმეზე არ იწყება გამოძიება. მოსარჩელის მოსაზრებით, მას როგორც გაუპატიურების მსხვერპლს, არ მიეცა ეფექტურ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება და გახდა მოპასუხის წარმომადგენლების მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისდამი განხორციელებული არახელსაყრელი მოპყრობა ეფუძნებოდა ერთის მხრივ გენდერულ ნიშანს, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ფაქტს, რომ ის იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უცხოელი ქალი. მოსარჩელე თვლის, რომ სამართალდამცავმა ორგანომ ვერ შეძლო მისი, როგორც გაუპატიურების მსხვერპლის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გარანტიების სათანადოდ უზრუნველყოფა, რაც წარმოადგენს სამსახურებრივი ვალდებულებების მიზანმიმართულ უგულბელყოფას და განპირობებულია დისკრიმინაციული მოტივებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.05.2023წ. გადაწყვეტილებით მ. ვ. ა. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ვ. ა. დ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2023წ. განჩინებით მ. ვ. ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2023წ. განჩინებით მ. ვ. ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სასამართლომ მიუთითა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისთვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2016წ. Nბს-224-223(გ-16) განჩინებაში განვითარებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად „სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დამოუკიდებლად სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, ხოლო სადავო სამართალურთიერთობა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - თ. ჭ-ისათვის შენიშვნის გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 16.10.2014წ. №16 ბრძანებისა და მისი გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 20.10.2014წ. №41 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის - 1700 ლარის ანაზღაურების თაობაზე, ატარებს საჯაროსამართლებრივ შინაარსს და ესადაგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის თაობაზე სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე. სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი კერძო-სამართლებრივია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.02.2024წ. სხდომის ოქმის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის ადმინისტრაციული პალატისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე, რასაც აპელანტი მხარეც დაეთანხმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.02.2024წ. განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ სასკ-ის მე-2 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, თავისთავად არ წყვეტს საგნობრივი განსჯადობის საკითხს, არამედ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტული საკითხის მომწესრიგებელი ნორმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განთავსება გავლენას ვერ იქონიებს დავის საგნობრივ განსჯადობაზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. შესაბამისად, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველი სასამართლო არ არის შეზღუდული გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VII3 კარით დადგენილი წესები (იხ. სუსგ. 01.08.2018წ. Nბს-377-374(გ-17); 04.06.2019წ. Nბს-724(გ-19)). საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, დისკრიმინაციის საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა დავის სამოქალაქო წესით განხილვა შედეგად გამოიწვევს იმას, რომ საჯარო მმართველობის კანონიერების ყველაზე აქტუალური საკითხები გამოვა ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველი სასამართლოების იურისდიქციის სფეროდან. განსჯადობის დავის ამგვარი გადაწყვეტა შედეგად გამოიწვევს თავისი ბუნებით ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების გადაცემას სამოქალაქო კატეგორიის დავების განმხილველი სასამართლოების იურისდიქციაში (იხ. სუსგ 07.05.2019წ. Nბს-171(კ-19)).

სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ფაქტს, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს როგორც სამოქალაქო-სამართლებრივ, ისე საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში. აღნიშნულს ადასტურებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია ამ კანონის მოთხოვნების გავრცელების შესაძლებლობა საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნაა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა. მ. ვ. ა. დ-ის მიერ წარმოდგენილი სარჩელის მიზანია მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა. მოპასუხედ დასახელებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოსარჩელე უთითებს მის მიერ პოლიციაში წარდგენილ განცხადებაზე რეაგირების/გამოძიების პროცესში პოლიციელთა მხრიდან გამოვლენილ დისკრიმინაციულ ქმედებებზე. სასამართლოს მოსაზრებით ის ფაქტები, რაც სასარჩელო მოთხოვნას უდევს საფუძვლად უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან თავად საგამოძიებო ორგანოების საქმიანობა, ის, რაც შედის სისხლის სამართლის წესით განხილვის სფეროში, რეგულირდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით, ადმინისტრაციულმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში პოლიციის თანამშრომელთა მოვალეობების დარღვევის, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის და პოლიციელთა მხრიდან გადაცდომის საკითხი. პოლიციელთა საქმიანობას ვერ შეაფასებს სამოქალაქო სასამართლო, ვინაიდან მათი უფლება-მოვალეობები რეგულირდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ საქმე, მ. ვ. ა. დ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით ექვემდებარება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ტაქსაციის მეთოდის გამოყენებით იძლევა ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილით მითითებული საქმეების ჩამონათვალის გარდა კომპეტენციის სფეროს გამიჯვნისათვის გამოიყენება ზოგადი კრიტერიუმი (ენუმერაცია), რომლის მიხედვით სამართალწარმოების წესით განიხილება აგრეთვე სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხ.). აღნიშნული ნორმა ახდენს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას მიკუთვნებულ საკითხთა წრის გაფართოებას, ადმინისტრაციული სამართალწარმოების იურისდიქციის სფეროში ნებისმიერი ისეთი დავის მოქცევას, რომელიც თავისი ბუნებით ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.

დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, თავისთავად არ წყვეტს საგნობრივი განსჯადობის საკითხს, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად უნდა ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. დავის განსჯადობას განაპირობებს არა მხოლოდ მოპასუხის სტატუსი, მოთხოვნის ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ დაყენება, არამედ სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი და საფუძვლები, დავის იმანენტური ბუნება. ამდენად ის, რომ სასკ-ის 2.1 მუხლი სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებში პირდაპირ არ ასახელებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ დავას, მსგავს საქმეებს ადმინისტრაციული კატეგორიის დავებიდან არ გამორიცხავს. ამასთანავე, სასკ-ის 2.1 მუხლის ჩამონათვალი შეიცავს მითითებას აღიარებით სარჩელზე.

მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა. მ. ვ. ა. დ-ის მიერ წარმოდგენილი სარჩელის მიზანია მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა. ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით იგი არათანაბარ მოპყრობას დაექვემდებარა რამდენიმე ფაქტორის კუმულატიურად ურთიერთქმედების შედეგად, ესენია: გენდერი, ასევე იგი იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და უცხოელი ქალი. მოსარჩელე მხარე სარჩელის ინტერესად, ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართ, ასევე რასის ნიშნით დისკრიმინაციული ბარიერების მოშლას წარმოაჩენს, სარჩელზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა დასახელებული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა შეადგენს ადმინისტრაციული პროცესით (სასკ-ის 25-ე მუხ.) გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელის სახეობას. აღიარებითი სარჩელი, როგორც სარჩელის ერთ-ერთი სახე, არის პროცესუალური დაცვის სამართლებრივი ინსტიტუტი, მისი მეშვეობით არ ხდება მოსარჩელის მატერიალური უფლებების უშუალო განხორციელება, რამდენადაც აღიარებითი სარჩელით დგინდება უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა (სასკ-ის 25-ე მუხლით ასევე გათვალისწინებულია აქტის არარად აღიარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება). აღიარებითი სარჩელი დასაშვებია მაშინ, როდესაც აღიარების ინტერესი მიმართულია ურთიერთობის მონაწილის მიმართ და ეს ურთიერთობა მოსარჩელის უფლებას ან კანონიერ ინტერესს არღვევს. აღიარების ინტერესი განვრცობითი აღიარებითი სარჩელის (დასრულებულ სადავო სამართალებრივი ურთიერთობის გამო აღძრული სარჩელი) მიმართ გამოიხატება: გამეორების საფრთხეში, მომავალში მოსალოდნელი დისკრიმინაციის თავიდან აცილებაში, შემდგომში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასმაში. აღნიშნული თავისთავად გულისხმობს უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის მიზანს. შესაბამისად სასკ-ის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრულ სარჩელზე (უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობის დადგენის შესახებ) მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის კონკრეტული შედეგის მომტანია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანია მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, რა დროსაც სასამართლოს მიერ შესაფასებელია პოლიციის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების დამდგენი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განხორციელებისას მოსარჩელის მიმართ თანასწორობის პრინციპის დარღვევის არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის თანახმად ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, კერძოდ, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოება რეგლამენტირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონკრეტულ შემთხვევაში დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხი მოსარჩელეს დასმული აქვს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებთან კავშირში. დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა გულისხმობს იმგვარი გარემოებების დადგენის აუცილებლობას, რომლებიც მიუთითებენ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის ხელშეშლაზე. მოსარჩელე მიუთითებს საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა უკანონო ქმედებებზე, რამაც მოსარჩელის მიმართ თანასწორობის პრინციპის დარღვევა და დისკრიმინაციული მოპყრობა გამოიწვია, კერძოდ მოსარჩელისათვის მიუღებელი იყო საერთო სივრცეში გამოკითხვა, გამოკითხვის წესის დარღვევა, გამოკითხვისას პოლიციელთა ქცევა, გამოძიების დაწყების ვალდებულების მიუხედავად მისი გაჭიანურება და სხვ.. სარჩელის არსიდან გამომდინარე შეფასების ძირითად საგანს სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების დროს შესაძლო დისკრიმინაციის მოტივით განპირობებული უკანონო ქმედებების შეფასება წარმოადგენს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში თუ: დადგენილი ფაქტები ადასტურებენ არათანაბარ, ტენდენციურ მიდგომას, დიფერენცირებული მიდგომა არ არის გონივრული, დარღვეულია ბალანსი მიზანსა და გამოსაყენებელ საშუალებას შორის. დისკრიმინაცია არის კანონიერების უხეში დარღვევა, სასამართლო დაცვა ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დისკრიმინაციად, თავის მხრივ, ითვლება ისეთი პირდაპირი ან არაპირდაპირი ქმედება, რომლის დროსაც ხდება ობიექტის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევა სხვადასხვა ხერხით, იქნება ეს დაშინება, დამცირება, პატივისა და ღირსების შელახვა ან შეუსაბამო პირობების შექმნა. ასეთი ქმედება ამავდროულად უნდა იწვევდეს ერთი პირის უფლებების შეზღუდვას, ან უპირატესობის მინიჭებას სხვა პირების მიმართ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი არ შეიცავს მითითებას იმაზე, თუ რომელმა კოლეგიამ უნდა განიხილოს საქმე, ამასთანავე კანონის მე-3 მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, ამავე კანონის მე-10 მუხლი უთითებს, რომ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. ამდენად, დისკრიმინაციულ ქმედებას ადგილი შეიძლება ჰქონდეს როგორც კერძო-სამართლებრივ, ასევე საჯარო სფეროში, შესაბამისად დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეები შესაძლოა იყოს როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველი სასამართლოს განსჯადი. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, კერძოდ სსკ-ის VII3 კარით. ამასთანავე, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის განხილვისას შესაძლოა გამოიყენოს სსკ-ის VII3 კარის დებულებები, არ ცვლის განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამასთანავე, სასამართლო, რომელიც მის განსჯად საქმეს იხილავს, ფლობს ამ საქმის განხილვის აბსოლუტურ კომპეტენციას, მათ შორის საქმის განხილვის პროცესში შეუძლია გამოიყენოს და განმარტოს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა ნორმატიული აქტი.

საქმის განსჯადობას არ განაპირობებს ის, თუ რომელ საპროცესო კოდექსში არის გათვალისწინებელი დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის მომწესრიგებელი ნორმები. საჯარო მმართველობის საქმიანობის კანონიერების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტის სტატუსის, უფლება-მოვალეობების, სამართალურთიერთობებში კანონით განსაზღვრული თანასწორობის პრინციპზე დამყარებული ქცევის წესისა და სტანდარტების სათანადო ანალიზის შედეგად. ამდენად, დისკრიმინაციის საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლოების იურისდიქციაში მოქცევა შედეგად გამოიწვევს იმას, რომ საჯარო მმართველობის კანონიერების ყველაზე აქტუალური საკითხები გამოვა ადმინისტრაციული კატეგორის საქმეთა განმხილველი სასამართლოების სფეროდან. განსჯადობის დავის ამგვარი გადაწყვეტა შედეგად გამოიწვევს თავისი ბუნებით ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების მნიშვნელოვანი დავების გადაცემას სამოქალაქო კატეგორიის დავების განმხილველი სასამართლოების იურისდიქციაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არამართლზომიერი ქმედების ჩადენა ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მიერ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. დისკრიმინაცია აკრძალულია ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. სზაკ-ის 4.2 მუხლის თანახმად დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. შესაბამისად, დისკრიმინაციის ყველა ფორმის, თვითნებობის აღმოფხვრა, საჯარო მმართველობაში ადმინისტრაციული იუსტიციის უმნიშვნელოვანეს ამოცანათა რიგს განეკუთვნება, თავად ადმინისტრაციული მართლმსაჯულება ეფუძნება კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, საჯარო სფეროში დისკრიმინიაციის აღმოფხვრა საჭიროებს ეფექტურ სასამართლო კონტროლს, უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს, შესაბამისად მასზე უარის თქმა განსჯადობის საკითხის მექანიკური, პროცესუალური ნორმის განთავსებისდამიხედვით მცდარია. აღნიშნული შედეგად გამოიწვევს თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპის საკითხების ამორიცხვას ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სფეროდან, მისი იურისდიქციის მნიშვნელოვან შეზღუდვას, ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უფლებადამცავი პოტენციალის შესუსტებას. საჯარო-სამართლებრივია დავა იმ შემთხვევაში თუ ურთიერთობის მონაწილე და სახელისუფლებო სუბიექტი ერთმანეთის მიმართ სუბორდინაციულ ურთიერთობაში იმყოფებიან, სწორედ ეს ფაქტორი და არა ნორმის ამა თუ იმ აქტში განთავსება განაპირობებს სამართალურთიერთობის ბუნებას და შესაბამისად განსჯადობას, საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილებას, დავის ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით განხილვას (იხ. სუსგ 15.09.2016წ. Nბს-349-345 (გ-16)).

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის მიზანი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მოპასუხე ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებების დისკრიმინაციულობის დადგენაა, რაც სცილდება სამოქალაქო დავების განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას. დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეაფასოს პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილების ფარგლები, უფლება-მოვალეობების დამდგენი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განხორციელებისას მოსარჩელის მიმართ თანასწორობის პრინციპის დარღვევის საკითხი. პოლიციის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები რეგულირდება საჯარო კანონმდებლობით. „პოლიციის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის თანახმად, პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: კონსტიტუცია, საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები, ეს კანონი, სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პრევენციული საქმიანობა ხორციელდება სზაკ-ით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული რეალაქტის გამოყენებით. მე-5 პუნქტის თანახმად, პოლიციის მიერ დანაშაულის გამოვლენის, აღმოფხვრისა და გამოძიების მიზნით განხორციელებულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების სამართლებრივი ფორმები განისაზღვრება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის 8.1 მუხლის მიხედვით პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს საჯარო კანონმდებლობიდან.

საჯარო სფეროში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მოითხოვს ადმინისტრაციული თვითნებობის, სახელმწიფო მმართველობაში დისბალანსის, უფლებამოსილების გადაჭარბების, პასუხისმგებლობის შესუსტების ფაქტებზე რეაგირებას. ასეთ ფაქტებზე ადმინისტრაციული მართლმსაჯულების რეაგირება ამკვიდრებს კანონიერების რეჟიმს სახელმწიფო მმართველობაში. დისკრიმინაცია უკავშირდება თანასწორობის ფუნდამენტური, კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, მისი აღმოფხვრა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ემსახურება, რაც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების კომპეტენციის უმნიშვნელოვანეს სფეროს შეადგენს. თავისთავად დისკრიმინაციული მოპყრობა არ ცვლის დავის ბუნებას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ მოთხოვნა არ აქცევს დავას ავტომატურად სამოქალაქო კატეგორიის დავად და არ იწვევს შედეგად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის განხილვას. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია (2.1 მუხ.) ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან (მე-3 მუხ.). სამოქალაქო საქმეთა განმილველ სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობით არ აქვს მინიჭებული კომპეტენცია შეაფასოს როგორც კერძო პირთა ქმედებების დისკრიმინაციული ხასიათი, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოთა მმართველობითი საქმიანობის გამოვლენის ფორმების კანონშესაბამისობა. აღნიშნული მოცემულობა განაპირობებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ დავათა დიფერენცირებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებად (იხ. სუსგ. 01.08.2018წ. Nბს-377-374(გ-17)).

სარჩელი ეხება პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული ქმედების ფარგლებში დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნას, ხოლო სისხლის სამართლის საქმის დასრულების კანონიერებაზე, დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება სცილდება ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით არ მოწმდება საგამოძიებო ორგანოს აქტების და ქმედების ფორმალური კანონიერება (სუსგ 16.05.2023წ. ბს-1315(კ-20)). სზაკ-ის 3.4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. დევნის განმახორციელებელი ორგანოს ქმედებების კანონშესაბამისობა ფასდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გადასაწყვეტია სასამართლოებს შორის დავა საქმის განსჯადობის (სასკ-ის 26-ე მუხ.) და არა უწყებრივი ქვემდებარეობის თაობაზე, ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან „პოლიციის შესახებ“ კანონითა და პოლიციის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების დამდგენი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განხორციელებისას მოსარჩელის მიმართ თანასწორობის პრინციპის დარღვევა, რაც შესაძლოა პირის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენდეს. დისკრიმინაციის მსხვერპლი პირი შეიძლება გახდეს ნებისმიერ სფეროში, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე. დისკრიმინაციული დამოკიდებულების ფაქტის დადგენა პირის მიმართ არ არის პირდაპირ ხისტად დაკავშირებული გამოძიების შედეგთან, რეაბილიტაციასთან. კანონმდებლობა არ შეიცავს წინასწარი გამოძიების ორგანოების მოქმედებების და გადაწყვეტილებების სრულ, ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც იწვევენ დისკრიმინაციას, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს აგრეთვე იმ პირთა ამომწურავ წრეს, რომლებსაც აქვთ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნის უფლება, რადგან დისკრიმინაციის მსხვერპლი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ სისხლის სამართალწარმოების მონაწილე, არამედ აგრეთვე სხვა პირი, რომელიც არაპირდაპირ ჩაბმული არის სისხლის სამართლის საპროცესო საქმიანობაში (მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად ის დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილი არ ყოფილა).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელის მიზანი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების დისკრიმინაციულად მიჩნევაა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და შესაბამისად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 390-ე მუხლით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე, მ. ვ. ა. დ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე