Facebook Twitter

№ბს-471(კ-24) 26 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 6 სექტემბერს ნ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 აგვისტოს №IDP 1 22 00200499 წერილი/გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის - 50 000 ლარით უზრუნველყოფის თაობაზე გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 10 აგვისტოს №IDP 1 22 00200499 წერილი/გადაწყვეტილება; მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ნ. ჩ-ის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის - 50 000 ლარით უზრუნველყოფის თაობაზე, გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ვერც სარჩელში და ვერც საქმის ზეპირი განხილვის დროს ვერ უთითებდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ისეთ ნორმას, რომელსაც პირდაპირ დააფუძნებდა საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელეც და საქალაქო სასამართლოც საკუთარ მსჯელობას ავითარებდა ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებაზე - მფარველობა გაუწიოს საკუთარ მოქალაქეს - დაფუძნებით; სამართლის კონკრეტული ნორმა კი, რომელიც მოპასუხეს პირდაპირ დაავალდებულებდა მოსარჩელისათვის - 50 000 ლარის ოდენობით ფულადი კომპენსაციის გადახდას სააპელაციო სასამართლოს მითითებით არ არსებობდა.

რაც შეეხება, მოსარჩელის და საქალაქო სასამართლოს აპელირებას საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის №3ბ/453-12 გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის აქტით, თავის დროზე აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა თანამდებობის პირმა დაავალა მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებს - გამოეძებნათ თანხები კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი ფართების მშენებლობისათვის. მოსარჩელის მოთხოვნას კი წარმოადგენდა ფულადი კომპენსაციის გადახდა, რასაც აღნიშნული ბრძანებულება არ აწესრიგებდა. რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებას, სასამართლოს აქტით რეალურად საქართველოს მთავრობას დაევალა ეკომიგრანტების ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა; საქართველოს მთავრობამ კი არა ნორმატიული აქტით, არამედ - ინდივიდუალური ღონისძიების სახით (მხოლოდ 49 მოსარჩელე პირის მიმართ), 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულების გამოცემით, გადაწყვიტა 16 ეკომიგრანტი ოჯახის კომპენსირების საკითხი, ამ ოჯახთა სპეციფიკური საჭიროებების მხედველობაში მიღებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ეს ინდივიდუალური ღონისძიება არ უნდა გავრცელებულიყო ყველა ეკომიგრანტზე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებაზე, რომლითაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა დაავალა მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებს - გამოეძებნათ თანხები კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი ფართების მშენებლობისათვის და ვინაიდან, არ იქნა შესრულებული აღნიშნული ბრძანება ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების ნაწილში, შიდა შეთანხმების ფარგლებში შეიცვალა კომპენსაციით.

ჩამოსახლებული ოჯახების ნაწილმა მიმართა სასამართლოს. დავა წლების მანძილზე გაგრძელდა და საბოლოოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ფიზიკური პირების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული გადაწყვეტილება აღარ შეცვლილა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, 2017 წლის 9 ივნისის განკარგულებით 16 ოჯახზე გაიცა კომპენსაცია, თითო ოჯახზე 50 000 ლარის ოდენობით.

კასატორი ასევე, მიუთითებს ანალოგიურ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებულ პრაქტიკაზე (ადმინისტრაციული საქმე №ბს-707(კ-20); №ბს-1002(2კ-19); №ბს-921(კ-22)) და მიიჩნევს, რომ სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელე ნ. ჩ-ის ოჯახი შეყვანილი იქნა ხულოს რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სიაში და შესახლებულია ...ის რაიონის ...ის სასწავლო ექსპერიმენტული მეურნეობის ტერიტორიაზე.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით მიღებული იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ...ის რაიონის ...ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის დასახლებული ფართის შეცვლის მიზნით ...ის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს ტერიტორიაზე, ...ის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობის გამოყოფის თაობაზე; ასევე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ამ ოჯახებისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროსთვის საჭირო თანხის გამოძებნა.

ჩამოსახლებული ოჯახების ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის №3ბ/453-12 გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას დაევალა - მოსარჩელეების (49 პირი, რომელთა შორის ნ. ჩ-ე არ იყო) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და კანონით დადგენილი წესით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით.

მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1979 განკარგულება, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა სტიქიით დაზარალებული პირების (ოჯახების) განსახლების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება და გეგმის მიხედვით მათი განსახლება, ასევე - ამ სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, დაევალა საქართველოს მთავრობის წინაშე წინადადებების წარდგენა მომდევნო წლების ბიუჯეტში ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი თანხების გასათვალისწინებლად.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, რომ ,,საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 800000 ლარი მიემართა №1 დანართით გათვალიწინებული სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფისთვის, თოთოეულ ოჯახზე 50 000 ლარის ოდენობით.

მ. ქ-ის (ნ. ჩ-ის ოჯახის წევრის - თ. ჩ-ის სამართალმემკვიდრე) წარმომადგენელმა - ნ. ბ-ემ 2022 წლის 13 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა, რომ გამოცემულიყო განკარგულება და სააგენტოს დავალებოდა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ქ-ის ოჯახის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური სახლის მშენებლობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის - 50 000 ლარის უზრუნველყოფის თაობაზე.

საქართველოს მთავარობის ადმინისტრაციის 2022 წლის 14 ივლისის GOV 4 22 00022776 მიმართვით, ნ. ბ-ის აღნიშნული განცხადება განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სააგენტოს.

სააგენტოს 2022 წლის 20 ივლისის IDP 1 22 00125501 წერილით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეცნობა, რომ მ. ქ-ეს, როგორც თ. ჩ-ის მემკვიდრის მოთხოვნას არა აქვს სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული იყო აწ გარდაცვლილი თ. ჩ-ე და, შესაბამისად, საცხოვრისით ან სანაცვლო კომპენსაციით სარგებლობის უფლება შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ მას. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პირადი ქონებრივი უფლება სამკვიდრო მასაში არ შედის.

ნ. ჩ-ის წარმომადგენელმა - ნ. ბ-ემ 2022 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართა სააგენტოს და მიუთითა, რომ ხულოს რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სიაში ...-ე ნომრად ერთად არიან მითითებულები აწ გარდაცვლილი თ. ჩ-ე და მისი შვილი ნ. ჩ-ე. შესაბამისად, საკითხის ირგვლივ მსჯელობისას, სააგენტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა მხოლოდ მ. ქ-ის, არამედ ნ. ჩ-ის, როგორც მისი ოჯახის წევრის ნაწილშიც.

სადავო აქტით, განმცხადებელს განემარტა, რომ 1990-იან წლებში ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული ოჯახების ჩასახლება განხორციელდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. მათგან გარკვეულმა ოჯახებმა, სამივე ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე მიიღეს კომპენსაცია. ანალოგიური სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საქართველოს მთვარობის განკარგულების შესაბამისად, დღეისთვის კიდევ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ოჯახების განსახლების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტო ნ. ჩ-ის განსახლების საკითხის განხილვის შესაძლებლობად მიიჩნევს ანალოგიური სამართლებრივი გადაწყვეტის არსებობას.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელე - ნ. ჩ-ის მოთხოვნას წარმოადგენს ფულადი კომპენსაციის - 50 000 ლარის გადახდა. ნ. ჩ-ე მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებაზე, რომელიც ცალსახად არ არეგულირებს ეკომიგრანტი ოჯახებისათვის 50 000 ლარიანი კომპენსაციის გადახდის საკითხს. რაც შეეხება, მოსარჩელის მითითებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის №3ბ/453-12 გადაწყვეტილებაზე და საქართველოს მთავრობის №1182 განკარგულებაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2009 წელს საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართა 49 ოჯახის წარმომადგენელმა, თუმცა მთავრობას რეაგირება არ მოუხდენია, რის შემდეგაც დავა გაგრძელდა სასამართლოში. სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 12.09.2013წ. გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება 49 ოჯახის განცხადებასთან მიმართებით.

საქართველოს მთავრობის 09.06.2017წ. №1182 განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 36 ოჯახისათვის კომპენსაციის მიკუთვნების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების გამოყოფის შესახებ. №1182 განკარგულების განმარტებითი ბარათის მიხედვით, 49 ოჯახიდან 22 ოჯახს არ ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, 11 ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი შეძენილი ჰქონდა თავისი სახსრებით, 16 ოჯახს კი საცხოვრებელი ფართი სახელმწიფოსგან ჰქონდა გადაცემული. ამ 16 ოჯახიდან 1-ს ჩამოერთვა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფართი, ხოლო 2-ს საცხოვრებელი ფართი მიღებული ჰქონდა როგორც სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ამდენად, მიჩნეულ იქნა, რომ უნდა მომხდარიყო ჯამში 36 ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილება (22+11+1+2), ხოლო დანარჩენი 13 ოჯახის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მათ სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული ჰქონდა უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.

ამდენად, უდავოა ის გარემოება, რომ კასატორის მიერ მითითებული შემთხვევების შეფასება მოხდა ინდივიდუალურად, კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, ეკომიგრანტთა საჭიროებებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ მთავრობის განკარგულებას ჰქონდა ცალსახად ინდივიდუალური ხასიათი და იგი ავტომატურად ვერ გავრცელდება სხვა ეკომიგრანტ ოჯახებზე.

აქვე, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ მართალია საქართველოს მთავრობის 09.06.2017წ. №1182 განკარგულების თანახმად, თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახს გამოეყო 50 000 ლარი, თუმცა ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით ეკომიგრანტი ოჯახის დაკმაყოფილების მიზნით კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვისთვის ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალური ოდენობა ერთ საცხოვრებელ სახლზე არის არაუმეტეს 30 000 ლარი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 4.3 მუხ.).

ამდენად, საკასაციო სასამართლო კასატორის სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით (მოპასუხისათვის კომპენსაციის - 50 000 ლარის გადახდის დაკისრება) ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი