Facebook Twitter

ბს-640 (2კ-23) 04 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ბ-მა 13.09.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 06.03.2019წ. N4404013 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 12.08.2019წ. N1179 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ქ. თბილისში, ...ის ქ. N293-ში მდებარე ნაგებობაზე კიბის საფეხურების, ფანჯრისა და კარის ღიობების რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით თ. ბ-ის მოთხოვნის განხილვისა და დაკმაყოფილების მოპასუხეებისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.12.2021წ. გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 12.08.2019წ. N1179 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 06.03.2019წ. N4404013 გადაწყვეტილება და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2023წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.12.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 06.03.2019წ. №4404013 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 12.08.2019წ. №1179 ბრძანების შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობასთან, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N293-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული შენობა-ნაგებობის გარე ფასადზე თ. ბ-ის კუთვნილ ფართში შესასვლელის მოსაწყობად პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების - კარების, ფანჯრისა და კიბის მოწყობის შესაძლებლობის დადასტურებაზე უარის მართლზომიერება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების ნებართვის გაცემისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოხდეს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე, საჯარო და კერძო პირთა ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. პალატის მოსაზრებით მშენებლობის განხორციელება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქალაქის იერსახეზე, არამედ გავლენას ახდენს უსაფრთხო გარემოს არსებობაზე. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით: ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება; ბ) უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა; გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; დ) საკუთრების უფლების დაცვა და რეალიზაცია; ე) საჯაროობა; ვ) ერთი სარკმლის პრინციპი; ზ) დუმილი თანხმობის ნიშანია; თ) პასუხისმგებლობის პრინციპი. სააპელაციო პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად სასამართლომ უნდა დაადგინოს სამართლიანი ბალანსის დაცულობა საჯარო ინტერესის მოთხოვნასა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის აუცილებელ პირობას შორის. სააპელაცი სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება არ არის შეუზღუდავი, მას გააჩნია დიდი სოციალური დატვირთვა, რა დროსაც ხშირად თავს იჩენს კონფლიქტი კერძო და საჯარო ინტერესს შორის და აუცილებელი ხდება გონივრული ბალანსის დაცვა.

სააპელაციო პალატამ სზაკ-ის 2.1 მუხლის "ლ" ქვეპუნქტზე, 6.1 და 53.4 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N293-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული შენობა-ნაგებობის გარე ფასადზე თ. ბ-ის კუთვნილ ფართში შესასვლელის მოსაწყობად პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შეუძლებლობა, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე განხორციელებულია მსგავსი სახის სამუშაოები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-7 პუნქტებზე, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, ასევე მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16.02. 2018წ. N13-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურული პროცესების მართვის, სამშენებლო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი პრაქტიკული რეალიზაციის, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს არქიტექტურის სამსახურს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოს განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.

კასატორმა მიუთითა, რომ თ. ბ-ის 28.02.2019წ. NAR1664796 განცხადებაზე დართული დოკუმენტაციის თანახმად, საპროექტო ობიექტის განთავსება იგეგმებოდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს გარეთ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ობიექტის ვიზუალური მხარისა და საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობის მხედველობაში მიღების შედეგად არქიტექტურის სამსახურმა მიზანშეუწონლად მიიჩნია საზოგადოებრივი სივრცის ამგვარი განვითარება. ამასთან, არქიტექტურის სამსახურის შეფასების თანახმად, მსგავსი პრეცედენტის დაშვება ანალოგიური მოთხოვნების წარდგენასა და ამგვარი ფაქტების დამკვიდრებას გამოიწვევდა, რაც არსებითად უარყოფით ზეგავლენას იქონიებდა ქალაქის განაშენიანებასა და იერსახეზე. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, არქიტექტურის სამსახურმა უარი განაცხადა მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება არქიტექტურის სამსახურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა, ე.ი. კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა.

კასატორმა - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16.02.2018წ. N13-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურული პროცესების მართვის, სამშენებლო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი პრაქტიკული რეალიზაციის, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს არქიტექტურის სამსახურს, რომელსაც კანონმდებლობით მონიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოს განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან. სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება ასევე შენობა-ნაგებობის ექსტერიერების პროექტების შეფასება და განხილვა, აგრეთვე ანალიზის განხორციელება იმის თაობაზე, თუ რამდენად დადებით გავლენას იქონიებს დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები ქალაქის განაშენიანებასა და იერსახეზე.

კასატორმა მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურმა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ობიექტის ვიზუალური მხარისა და მისი შემდგომი განვითარების გადასინჯვის შედეგად მიზანშეუწონლად მიიჩნია დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესაძლებლობის დადასტურება მისი ქალაქის მხატვრულ იერსახესთან შეუსაბამობის გამო. ამდენად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა, ე.ი. კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა არ დასტურდება. კასატორის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასების და მსჯელობის გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ სამსახურის უარი განპირობებული იყო საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული კიბის საკადასტრო საზღვრების გარეთ მოწყობით. კასატორმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი სივრცის მსგავსი სახით ათვისება სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა გამომდინარე იქიდან, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არ იყო მსგავსი სამუშოები განხორციელებული, რაც შემდგომში ანალოგიური მოთხოვნების წარმოდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი გახდებოდა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეარჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება და არ დაუშვა პრეცედენტი, რომელიც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებდა ქალაქის და მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით 28.02.2019წ. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს წარედგინა თ. ბ-ის №AR1664796 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N293-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული შენობა- ნაგებობის გარე ფასადზე, თ. ბ-ის კუთვნილ ფართში შესასვლელის მოსაწყობად პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების - კარების, ფანჯრისა და კიბის მოწყობის შესაძლებლობის დადასტურება. სსიპ ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 06.03.2019წ. №4404013 გადაწყვეტილებით №AR1664796 განცხადება არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობდა ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა შენობა-ნაგებობებსა და მათზე განთავსებული კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, ამასთან, წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული კიბის მოწყობა ხდებოდა კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გარეთ, საზოგადოებრივი სივრცის მსგავსი სახით ათვისება კი არ იყო მიზანშეწონილი. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, განსახილველი სამუშაოების დადასტურების პრეცენდენტის დაშვება შემდგომში გახდებოდა ანალოგიური მოთხოვნების წარდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებდა ქალაქის მოცემული ტერიტორიის განაშენიანებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ბ-მა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N293-ში არსებული სახლი მისმა პაპამ 1928 წელს ააშენა, სახლს თავდაპირველად ჰქონდა სარდაფში ჩასასვლელი, იგი მოგვიანებით გაუქმდა და გადაკეთდა ფანჯრად, თუმცა მესაკუთრეს კვლავ გაუჩნდა კარის აღდგენის საჭიროება, რაც უარყოფილ იქნა არქიტექტურის სამსახურის მიერ მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილი რეკონსტრუქცია არ ამახინჯებდა შენობის ფასადს და 7 მ სიგანის ტროტუარიდან ფარავდა მხოლოდ 80 სმ სიგანის ტერიტორიას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე საქმეში დაცულ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 25.11.2020წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც თბილისში, ...ის ქუჩა N267-ში მდებარე ნაგებობის ფასადსა და თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე - ტროტუარზე შესაძლებლად იქნა მიჩნეული კარის ღიობისა და კიბის მოწყობის სამუშაოების განხორციელება. ამასთან, საქმეში დაცული ფოტო-სურათები მიუთითებს, რომ მიმდიბარე ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოები მრავლად არის განხორციელებული, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება თ. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილებით პრეცენდენტის დაშვების თაობაზე საფუძველს მოკლებულია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის და სასამართლოს წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა (სზაკ-ის 4.3 მუხ.) და პირიქით საქმის გარემოებათა არაიდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ იდენტური გადაწყვეტილებების მიღება. ამდენად, მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს განსხვავებულად, ხოლო განსხვავებული - ერთნაირად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული მოტივები არ გამხდარა მსგავს შემთხვევაში იდენტური მოთხოვნის უარყოფის საფუძველი და ამასთან, არ ირკვევა თუ რამ განაპირობა განსხვავებული მიდგომა სადავო საქმეზე. სზაკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონის და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომის მიღება. თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა საჭიროებს დიფერენციაციის მიზეზის დადგენას და შეფასებას. გარდა ამისა, სზაკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილების შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.). სსიპ არქიტექტურის სამსახურის სადავო ბრძანება დაუსაბუთებელია, მიღებულია საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკლვევისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასების გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე, რისთვისაც იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და რის საფუძველზეც შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. სასამართლო კონტროლი ამ პროცესზე მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს, რა დროსაც გასათვალისწინებელია აგრეთვე მსგავს საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანი პრაქტიკა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოებები არ გამხდარა მსგავს შემთხვევებში სხვა განმცხადებლების მოთხოვნათა უარყოფის საფუძველი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ არის დადგენილი და შეფასებული დიფერენციაციის მიზეზი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2023წ. განჩინება;

3. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 25.05.2023წ. N00835 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი