საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-981(გ-24) 22 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის განსჯადობის თაობაზე სიღნაღის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
აღწერილობითი ნაწილი:სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 9 ოქტომბერს სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონებით, 2018 წლის 7 მაისიდან 2022 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით, არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის - 10894.66 ლარის გადახდა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 აგვისტოს განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავზე, რომლითაც მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის მისი ადგილსამყოფელი. დასახელებული მუხლი განსაზღვრავს საერთო განსჯადობას და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სარჩელი აღძრულია შპს „...ის“ მიმართ და სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს თანხის დაკისრება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ თანხის დაკისრება, რაც სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, წარმოადგენს იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მოპასუხე იურიდიულ პირს. საქმის მასალების მიხედვით დასურდება, რომ შპს „...ის“ ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ...ას ქუჩა №7. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ტერიტორიული განსჯადობის წესის გათვალისწინებით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია და განსჯადობის საგამონაკლისო წესით (ნივთობრივი განსჯადობა) საქმის განხილვის საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აგვისტოს განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლზე, რომელიც ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი აღძრა შპს „...ის“ მიმართ და მოითხოვა მას დაკისრებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა. მართალია, მოსარჩელის მიერ აღძრულ სარჩელში მოპასუხეს წარმოადგენს შპს „...ი“, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ...ას ქუჩა №7, თუმცა დასახელებული სამართლებრივი ნორმებისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით, სახეზეა სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 18.2 მუხლით განსაზღვრული განსჯადობის საგამონაკლისო წესი (ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო), ვინაიდან, როგორც აღინიშნა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ შპს „...ი“ უკანონოდ სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით და სწორედ აღნიშნული საფუძვლით ითხოვს მოპასუხისათვის სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრებას. შესაბამისად, დასახელებული გარემოების მხედველობაში მიღებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამოსავალს უნდა წარმოადგენდეს იმ უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობდა მოპასუხე მხარე და აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს სწორედ იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს აღნიშნული უძრავი ქონება.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე სიღნაღის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ პირი არაგანსჯად სასამართლოში წარადგენს სარჩელს, სასამართლომ სარჩელი განსჯად სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და აცნობოს ამის შესახებ მოსარჩელეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა განხორციელდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, დავის თავისებურებების გათვალისწინებით. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულია განსჯადობის ზოგადი წესები და ამავე კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის - იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე - შპს „...ისათვის“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული ქონებით 2018 წლის 7 მაისიდან 2022 წლის 22 ნოემბრამდე არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის - 10894.66 ლარის გადახდის დაკიდრება. ამრიგად, დავის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აღძრულ სარჩელში სადავოა არა უძრავი ქონება, არამედ ამ ქონებით უკანონო სარგებლობისთვის თანხის დაკისრება, რაც სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, წარმოადგენს იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მოპასუხე იურიდიულ პირს.
საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში იზიარებს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, რადგან თუ მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრის რაიმე სპეციფიკურ წესს არ ითვალისწინებს, სასამართლო ხელმძღვანელობს ტერიტორიული განსჯადობის დამდგენი ზოგადი წესით. სარჩელის თანახმად, მოპასუხედ დასახელებულია შპს „...ი“, რომლის მისამართია ქალაქი თბილისი, ...ას ქუჩა №7. შესაბამისად, საქმეზე მოპასუხედ დასახელებული კომპანიის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავა, განსჯადობის საერთო წესის დაცვით, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ. ამასთან, საკასაციო პალატის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, განსჯადობის საგამონაკლისო წესით (ნივთობრივი განსჯადობა) საქმის განხილვის საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე