Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1009(გ-24) 22 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სერვისცენტრის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

აღწერილობითი ნაწილი:

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა სერვისცენტრმა 2024 წლის 30 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ნ. ჯ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, ლ. ჯ-ას პირად ანგარიშზე მისი გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული და უკანონოდ აღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) – 505.76 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სერვისცენტრის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს, კერძოდ, ადგენს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ანუ რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ამასთან, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია ისეთი ნორმატიული ელემენტი, როგორიც არის დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

სასამართლომ განმარტა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ასპექტს, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი ხასიათი. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ერთ-ერთ მხარედ საჯარო სამართლის სუბიექტის არსებობა, ვინაიდან შესაძლებელია, აღნიშნული სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც, ან პირიქით. ამდენად, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისა და მისი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის განმსაზღვრელია დავის საგანი და ურთიერთობის შინაარსი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლითაც განისაზღვრა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი და პირობები, ასევე, პენსიის ფულადი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები. აღნიშნული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, დავის საგნის გათვალისწინებით, დაასკვნა, რომ გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან პენსიონერის გარდაცვალების შემდგომ გაცემული თანხების დაბრუნება წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ დავას და შესაბამისად, განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე დაყრდნობით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში აღნიშნული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და მისგან არის წარმოშობილი. ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავად მიჩნევის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნის დაფუძნება ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებზე ანუ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო პენსიის გაცემის წესი და საფუძველი გათვალისწინებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სერვისცენტრის სარჩელი გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და მის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სერვისცენტრის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საგნობრივი განსჯადობის საკითხის გარკვევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის შინაარსს, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამდენად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კანონმდებლობას, რომლის საფუძველზეც დავაა აღმოცენებული, დავის არსს და საგანს, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათს.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. კანონის მე-5 მუხლით მოწესრიგებულია პენსიაზე უფლების წარმოშობისა და წარმოშობილი უფლების შეწყვეტის საკითხი, ხოლო კანონის მე-10 მუხლით - პენსიის ადმინისტრირების საკითხი, რომლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს ერთ-ერთი უფლება-მოვალეობაა პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება. ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავს პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს. ამასთანავე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესით“ განსაზღვრულია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი და პირობები, ასევე, პენსიის ფულადი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები. აღნიშნული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, მოწესრიგებულია ზედმეტად დარიცხული სოციალური პაკეტის დაბრუნების საკითხი. კერძოდ, დასახელებული ნორმის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აღნიშნულ საკანონმდებლო დანაწესთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასკვნას, რომ ზედმეტად დარიცხული პენსიის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგება არ გულისხმობს საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას, ვინაიდან დავა თავად გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, იგი განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რა დროსაც სასამართლოს არ ეზღუდება, მათ შორის, თუნდაც სამოქალაქო კანონმდებლობის გამოყენება. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ თანხის დაბრუნების დაკისრების სამართლებრივ მექანიზმად სამოქალაქო კანონმდებლობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგინდება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არ არსებობდა ლ. ჯ-ასათვის კუთვნილი პენსიის გაცემის საფუძველი.

ზემოთ დასახელებული ნორმატიული აქტები კი ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნაწილია. მოცემული დავის განხილვა, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გარკვევა საჭიროებს მოპასუხის მიერ საპენსიო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის, სახელმწიფო პენსიების შეწყვეტის საფუძვლების არსებობის დადგენას, რაც საჯარო კანონმდებლობის მოწესრიგების სფეროს შეადგენს.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სერვისცენტრის სარჩელი მოპასუხის - ნ. ჯ-ას მიმართ განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე