Facebook Twitter

ბს-1008 (3კ-22) 04 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შ. კ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. კ-ემ 10.01.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 25.03.2019წ. N000114 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2019წ. N1850 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2021წ. გადაწყვეტილებით შ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2019წ. N1850 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 25.03.2019წ. N000114 დადგენილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შ. კ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2022წ. განჩინებით შ. კ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 25.03.2019წ. N000114 დადგენილებით შ. კ-ე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით N... (მისამართი; ქ. თბილისი, ..., მე-2 ქუჩა,, გასასვლელი 3, №...) საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის (აშენებულია კაპიტალური ნაგებობები და კაპიტალური ღობე, მოწყობილია რკინის ჭიშკარი და ლითონის კონსტრუქცია. ამასთან, კაპიტალური ღობის ნაწილი და რკინის ჭიშკარი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ლითონის კონსტრუქცია მოწყობილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე). შ. კ-ეს დაევალა აღნიშნულ მისამართზე, N... საკადასტრო კოდზე უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.

სააპელაციო პალატამ საქმეში დაცულ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებაზე მითითებით აღნიშნა, რომ თბილისში, ...ში, მე-2 ქუჩა, მე-3 გასასვლელი, №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობები (ლიტერი ,,ა“, ლიტერი ,,ვ“, ლიტერი ,,ბ“ და ლიტერი ,,ზ-გ-მ-დ-ვც“) რეგისტრირებულია ხუთი ფიზიკური პირის - ვ. გ-ის, ე.ან. ბ-ას, პ. ნ-ის, ტ. მ-ის და ანდ. შ-ოს თანასაკუთრებად. ტ. მ-ი თანამესაკუთრედ აღრიცხულია 1950 წლიდან. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.03.2012წ. (საქმე №2/309-12) გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. კ-ის სარჩელი და ქ. თბილისში, ...ში, მე-2 ქუჩა, მე-3 გასასვლელი, №...-ში მდებარე 8 (რვა) შენობა-ნაგებობიდან აწ უკვე გარდაცვლილი ტ. მ-ის საკუთრებად თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში რეგისტრირებული წილი ცნობილ იქნა უმკვიდრო ქონებად და ის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცა მოსარჩელე შ. კ-ეს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მტკიცებულებების არსებობა უგულებელყოფილ იქნა სადავო აქტების გამოცემისას. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია დასახელებული მტკიცებულებების არსებობის პირობებში, გასაჩივრებული დადგენილების შინაარსის მართლზომიერება და მითითებული ნაგებობების სრულად ან ნაწილობრივ დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით დემონტაჟის დაკისრების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა გამოიკვლიოს დემონტაჟის სრულად განხორციელების საკითხი, უნებართვო ნაგებობის სახელმწიფოს მიწის ნაკვეთზე გადასვლის ფაქტი და შ. კ-ისათვის სახდელის დაკისრების წინაპირობების არსებობა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონით დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (1-ლი მუხ.). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. კანონის მე-2 მუხლში ჩამოთვლილია პირთა კატეგორიები, რომლებზეც აღნიშნული შეღავათი ვრცელდება. ამდენად, საკითხის ხელახლა განხილვისას მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა იმსჯელოს შ. კ-ისთვის (ასაკით პენსიონერი, დაბადების თარიღი ...წ.) კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესაძლებლობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შ. კ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

კასატორმა - შ. კ-ემ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.03.2012წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შ. კ-ის სარჩელი და თბილისში, ...ში, მე-2 ქუჩა, მესამე შესასვლელი, N...-ში მდებარე რვა შენობა-ნაგებობიდან აწ უკვე გარდაცვლილი ტ. მ-ის საკუთრებად თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში რეგისტრირებული წილი ცნობილ იქნა უმკვიდრო ქონებად და ის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა მოსარჩელე შ. კ-ეს. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული გადაწყვეტილება იძლეოდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას არა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, არამედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად. კასატორმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით, არამედ გადაწყვეტილება უნდა მიეღო 32.1 მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე, ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად სცნო გასაჩივრებული დადგენილება და მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ისეთ გარემოებაზე, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოსათვის ვერ იქნებოდა ცნობილი ობიექტური მიზეზების გამო. კასატორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.03.2012წ. (საქმე N0/309-12) გადაწყვეტილება, როგორც რომელიმე შენობა-ნაგებობის კანონიერების დამადასტურებელი, მხარეს მუნიციპალური ინსპექციისათვის არ წარუდგენია. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა მიმდინარე სასამართლო დავის განხილვისას, შესაბამისად, სასამართლოს თვითონ შეეძლო დაედგინა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება და ემსჯელა აქტის კანონიერებაზე. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სამშენებლო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 36-ე, 65-ე და 66-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამართალდარღვევას წარმოადგენს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური ნაგებობებისა და კაპიტალური ღობის მშენებლობა, ასევე რკინის ჭიშკრისა და ლითონის კონსტრუქციის მოწყობა. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე კასატორმა აღნიშნა, რომ კაპიტალური ღობის, რკინის ჭიშკრისა და ლითონის კონსტრუქციის მოწყობას ესაჭიროებოდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე. რაც შეეხება კაპიტალურ ნაგებობებს, მათი მშენებლობისათვის ასევე აუცილებელი იყო ნებართვის გამცემი ორგანოს წერილობითი თანხმობა ან მშენებლობის ნებართვა, იმისდა მიხედვით თუ სადავო ობიექტები რომელი კლასის შენობა-ნაგებობეს მიეკუთვნებოდნენ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მითითებით ზუსტად იყო განსაზღვრული სამართალდარღვევის ობიექტები და გაუგებარია სხვაგვარად როგორ უნდა მომხდარიყო მათი იდენტიფიცირება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელისთვისაც ცნობილი იყო რომელ ობიექტებზე იყო კონკრეტულად საქმისწარმოება დაწყებული. კასატორის მითითებით მუნიციპალურ ინსპექციაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომებზე შ. კ-ემ და მისმა წარმომადგენელმა შ. ძ-ემ განმარტეს, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 1972 წელს შ. კ-ის მამის მიერ. მითითებაში დაფიქსირებული კაპიტალური ნაგებობები, კაპიტალური ღობე, რკინის ჭიშკარი და ლითონის კონსტრუქცია შ. კ-ის სარგებლობაშია. კასატორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.03.2012წ. გადაწყვეტილების მიხედვით ტ. მ-მა შ. კ-ეს მიყიდა სადავო მისამართზე მდებარე ლიტერი "ბ" და ლიტერი "ვ" შენობა-ნაგებობები. აღნიშნული გადაწყვეტილებით აწ უკვე გარდაცვლილი ტ. მ-ის საკუთრებად თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში რეგისტრირებული წილი ცნობილ იქნა უმკვიდროდ და საკუთრების უფლებით გადაეცა შ. კ-ეს. ამასთან, ცნობა-დახასიათებაში ლიტერი "ბ" და ლიტერი "ვ" უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშეა მითითებული. ამდენად, კასატორის მოსაზრებით არც სასამართლოს გადაწყვეტილება და არც ცნობა-დახასიათება არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობას გამორიცხავდა. ამასთან, ზემოაღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა სასამართლოში დავის განხილვის დროს, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო მის რელევანტურობაზე ვერ იმსჯელებდა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" კანონით გათვალისწინებული შეღავათის შ. კ-ის მიმართ გავრცელების შესაძლებლობაზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი იმპერატიულად მოითხოვს სამართალდარღვევის ჩადენას 2019 წლის 15 იანვრამდე, განსახილველ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ სამართალდარღვევა გამოვლინდა 25.03.2019წ., ამდენად, არ არსებობდა ზემოაღნიშნული კანონის მოსარჩელის მიმართ გავრცელების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად გამოიყენა დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება. სასამართლოს წარედგინა ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობოდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. კ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 29.10.2018წ. N000114 მითითების თანახმად, N... საკადასტრო კოდზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..., მე-2 ქუჩა, მე-3 გასასვლელი, N...) შ. კ-ის მიერ აშენებულია კაპიტალური ნაგებობები, მოწყობილია კაპიტალური ღობე, რკინის ჭიშკარი და ლითონის კონსტრუქცია, რომელიც გადადის სახელმწიფო მიწაზე. ამავე მითითებით დამრღვევს განესაზღვრა 25 კალენდარული დღის ვადა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით უნებართვოდ განხორციელებული ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 25.03.2019წ. N000114 დადგენილებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, შ. კ-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით და მას დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად N... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულია ცხრა შენობა-ნაგებობა, ამასთან, რეგისტრირებული უძრავი ქონება შ. კ-ესთან ერთად წარმოადგენს რამდენიმე პირის თანასაკუთრებას, თუმცა წილობრივი საკუთრება დაზუსტებული არ არის. შ. კ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.03.2012წ. (საქმე N2/309-12) გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის თანახმად თბილისში, ...ში, მე-2 ქუჩა, მე-3 გასასვლელი, №...-ში მდებარე 8 შენობა-ნაგებობიდან აწ უკვე გარდაცვლილი ტ. მ-ის საკუთრებად თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში რეგისტრირებული წილი ცნობილ იქნა უმკვიდრო ქონებად და ის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცა მოსარჩელე შ. კ-ეს. შ. კ-ის ახსნა-განმარტების მიხედვით მის საკუთრებაში და მფლობელობაშია როგორც საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, ასევე ეზოში განთავსებული სამი დამხმარე ნაგებობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს ზუსტად განსაზღვროს სამართალდარღვევის ობიექტი. სადავო დადგენილებით ცალსახად არ ირკვევა რომელი შენობა-ნაგებობა იქნა მიჩნეული უკანონოდ და რომელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაევალა შ. კ-ეს. სადავო დადგენილებით სამართალდარღვევის ობიექტი ზუსტად არ არის განსაზღვრული. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.03.2012წ. (საქმე N2/309-12) გადაწყვეტილების არსებობის პირობებში შესაფასებელია კონკრეტულად რომელი უძრავი ქონების მესაკუთრედ იქნა მიჩნეული შ. კ-ე, რა მდგომარეობაში გადაეცა მას უძრავი ქონება და ადგილი ხომ არ აქვს შემდგომ რეკონსტრუქციას, რის შემდეგაც გამოსარკვევია შენობა-ნაგებობების სრულად ან ნაწილობრივ დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, წარმოება მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახლა განხილვისას მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა იმსჯელოს შ. კ-ისთვის (ასაკით პენსიონერი, დაბადების თარიღი ... წ.) კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესაძლებლობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონით დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სადავო დადგენილება შ. კ-ის მიმართ შედგენილია 2019 წლის 15 იანვრის შემდეგ, მასზე არ უნდა გავრცელდეს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის მოქმედება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის პირველი მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე უნდა იყოს ჩადენილი, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ უნდა იყოს აღსრულებული. მოცემულ შემთხვევაში სადავო დადგენილება მიღებულია 25.03.2019წ., ხოლო აღნიშნული კანონი ამოქმედდა 01.10.2019წ., ამასთან სადავო დადგენილება აღსრულებული არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შ. კ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. კ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2022წ. განჩინება;

3. შ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.10.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი