საქმე #ბ-1238-8(ა-24) 3 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი (მოსარჩელე) - ვ. კ-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - გ. ს-ი, ხ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის #ბს-465(კს-24) განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის #... გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. კ-მა, რომელმაც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ვ. კ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა. განუხილველად იქნა დატოვებული ვ. კ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების - გ. ს-ი, ხ. ბ-ის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის #... გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ამავე განჩინებით გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება.
2023 წლის 6 მარტს ვ. კ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებლის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რესტორან „...ის“ პრივატიზაციის დროისათვის, მას, როგორც მზარეულს, ეკუთვნოდა სრული საწესდებო კაპიტალის 10%-იანი წილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით ვ. კ-ის განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი და განმცხადებელს განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში დაევალა წარმოედგინა: ა) მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება (სსსკ-ის 422-ე მუხლით ან 423-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით); ბ) თუ განცხადების მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; გ) თუ განცხადების მოთხოვნას წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; დ) მითითება იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობდნენ, რომ დაცული იყო განცხადების შეტანის ვადა. განმცხადებელს დაევალა დაეზუსტებინა რომელი სასამართლო საპროცესო დოკუმენტის გაუქმებას ითხოვდა, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების (რომელიც ისედაც გაუქმებული იყო), თუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინების. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.04.2023წ. განჩინება განმცხადებელს ჩაბარდა 2023 წლის 5 მაისს ფოსტის საშუალებით.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2023 წლის 15 მაისს, ვ. კ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, წარადგინა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ვ. კ-მა მოითხოვა სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის #... გადაწყვეტილების გაუქმება, #3ბ/1565-15 ადმინისტრაციული საქმის წარმოების განახლება, ასევე მოპასუხისათვის და მესამე პირისათვის განმცხადებლის კუთვნილი წილის გადაცემის დავალება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით ვ. კ-ს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 10 (ათი) დღით განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა წარმოედგინა: ა) მითითება იმ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ბ) მითითება იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობდნენ, რომ დაცული იყო განცხადების შეტანის ვადა.
2023 წლის 3 ოქტომბერს განმცხადებელმა, ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ვ. კ-მა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და #3ბ/1565-15 ადმინისტრაციული საქმის განახლება, ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და განმცხადებლისათვის 66.1 კვ.მ ოდენობით ფართის გადაცემის მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ვ. კ-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინება ვ. კ-ს ფოსტის მეშვეობით პირადად ჩაბარდა 2016 წლის 5 დეკემბერს, ხოლო განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მის მიერ წარმოდგენილი იქნა 2023 წლის 6 მარტს. შესაბამისად, განცხადება წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 5-წლიანი ვადის დარღვევით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. კ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით ვ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება.
2024 წლის 13 აგვისტოს ვ. კ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის #ბს-465(კს-24) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ვ. კ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ვ. კ-ი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 19 აგვისტოს ხარვეზის შესახებ განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოთვის წარმოედგინა დასაბუთებული განცხადება, რომელშიც იქნებოდა მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო საქმის განახლება. თუმცა, მიუხედავად სასამართლოს მითითებისა, განმცხადებელმა ვერ შეძლო წარმოედგინა მის მიერ მითითებული საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ამასთან, განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ისეთი ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე, რადგან საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის #ბს-465(კს-24) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ვ. კ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის #ბს-465(კს-24) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. ვ. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს განცხადებაზე 18.09.2024წ. #47182409 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა